გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მაგდა გოშნიაშვილი - ლექსები


კორიდა

სულსა და სხეულს მოვუწყე კორიდა,
დიდხანს ვფიქრობდი – ეს დღეც მოვიდა.
ვიცი ერთურთში ექნებათ ომი და
სულის გამარჯვება სხეულზე მომინდა.
სულსა და სხეულს მოვუწყე კორიდა,
ავუფრიალე წითელი ნაჭერი,
სული ავქოჩრე, ავბურდე–დავბურდე,
სხეული ხარივით ისრებით დავჭერი.
სხეული ცეცხლს აფრქვევს, გველივით სისინა
ჩამესმის ხარხარი, ტაში და ყიჟინა,
სული კბილებით დავწეწკე, მიჭირავს,
ჭკუიდან ვიშლები, მგონი გიჟიც ვარ.
სხეული დაჭრილი მაინც არ მნებდება,
ტორეადორის ისრებს კვლავ იმატებს,
ისეთი ბრძოლაა სულის და სხეულის
სხვა ჩემს ადგილას ამას არ ინატრებს.
სხეულს არ მივცემ ზეიმის უფლებას,
სული ცდუნებას არაფრით აჰყვება,
სხეულზე ნაბიჯით ყოველთვის წინაა
და გამარჯვებაც სულ თან დაჰყვება.
სული შეძლებს და შემოჰკრავს ტამტამებს,
სისხლად დაცლილი სხეული ლეშია,
შესანიშნავად შედგება კორიდა
და გამარჯვებაც სულის ხელშია.
სულსა და სხეულს მოვუწყე კორიდა,
ავუფრიალე წითელი ლენტები,
სულო ძლიერო შენ ეს შეძელი
სისხლით და ხორცით სხეული გნებდები.


ო, როგორ მიყვარხარ!

ო, როგორ მიყვარხარ, ჩემო ქარბორბალავ,
გადარებ ლაჟვარდებს, გადარებ ცის ტატნობს.
ერთხელაც იქნება უზომოდ დავლევ და
მერე იჩივლე ღვინო რომ დამათრობს.
ო, როგორ მიყვარხარ ჩემო საოცრებავ,
გადარებ ქარაფებს, შლეგიან ზღვის ტალღებს,
უშენოდ მდუმარე დღეებს ვერ ავიტან,
ვერც თავს გავიტან, უშენოდ რა გაძლებს.
გადარებ მზიან და დარიან გაზაფხულს
კვირტებს რომ მოიყვანს ცელქობის მადაზე.
ატმის ყვავილებს დაფანტულს მიწაზე,
რომ ვაგროვებ და ვიკერებ კაბაზე.
ო, როგორ მიყვარხარ ასეთი ცუდიც კი,
სიბრაზით დავლეწავ მზის სხივებს წვივებში,
ნერვებს მოგიშლი და ეჭვებით გაგჟღენთავ,
ხელკავით რომ ვივლი გრძნობებთან წვიმებში.
ო, როგორ მიყვარხარ_ შენ კიდევ არ გჯერა...
ცას ჩამოვიწოდებ შენს გამო ციდანო.
ასე საოცარი რა დედამ გშობაო...
გოგოს შეუყვარდი სულ ერთი ციდასო.


გიშრის ყელსაბამი

გრძნობებს ვეღარ ვებრძვი,, თვალს მჭრის შენი გედის
თეთრი ბროლის ყელზე_ ყელსაბამი გიშრის
და დეკოლტე მალვით სიშიშვლეს რომ ფარავს,
ნიავი ზედ მხრებზე ნაწნავს კვნესით გიშლის.
შავ თვალების ჟუჟუნს ვერ ვუსწორებ მზერას,
მინდა შევეფარო წამწამების ჩეროს.
მერე გაზაფხულზე შემოგეჭრე მარტში
შეყვარებულ ქალზე პოეზია ვწერო.
არ დამცინო თუკი წაგიკითხავ რიხით,
შენს ფეხებთან მკვდარი ფენიქსივით აღვსდგე,
ბროწეულის ბაგეს დაგიმარცვლი კოცნით
თუ არ წახვალ კარგო ამის წინააღმდეგ.
გიშრის მძივთან ყელზე შევაჩერებ ბაგეს,
გაზაფხულის კვირტნი რომ არ გამიხელდნენ,
გადავრაზავ ვნებას, რომ არ გამებუტნონ
და მეორედ მერე ვაი თუ არ მენდვნენ.
გამომწვევად ბზინავს და მატყვევებს ეშხით
თეთრი ბროლის ყელზე ყელსაბამი გიშრის,
დავტკბე თქვენი ცქერით და კვირტების მზერით,
რა გაკლდება ამით ანდაც შენ რას გიშლის.


ღვინო

მითში დიონისე იყო ღვინის ღმერთი,
ღვინო ჩამოასხა მზის საწყაულიდან,
ცაში, მიწაზე ვენახი გააშენა ,
რომელსაც სათუთად ბავშვივით უვლიდა.
მერე სახელები ღვთიური შევარქვით
ძოწი საფერავი, რაჭული ხვანჩკარა,
და იცით?, ვაზების ფესვი დალოცვილი
ჩვენს ღვთიურ მიწაზე არასდროს დამჭკნარა.
მიწამ გვისახსოვრა თიხის ქვევრ_ ჭურები,
ფსკერზე ჩაუფინა სხივები მზეწვია,
როცა მარცვლებით პირამდე ამოვავსეთ
ღვინოს ბახუსები იქედან ეწვია.
აბა, ვინც არ დალევს, როგორ დაითვრება,
ნეტავი ვინ დაწერა ღვინით სათქმელი,
ქვევრის თავზე სანამ კაცი იჭაშნიკებს,
ინთება ცხელ შოთ პურზე თაფლის სანთელი.
ღვინოვ, დალოცვილო , ძოწ_ლალ ფერ შემკულო,
მარჯნის რიფებივით გზა_კვალ არეულო,
სითხევ ღვთის ნაკურთხო, სუფრის სილამაზევ,
თავბრუ დამხვევო და ღიღინ გარეულო.
ჯიხვის ნათალი რქა_ ყანწად წოდებული,
მზის წნულ გვირგვინებით, ხელით მოვერცხლილი,
ისე დაგილევენ, ისე დაგიცლიან,
ქართველმა სუფრაზე არ ჭამოს სირცხვილი.
ხოდა გაუმარჯოს ღმერთ კაცს_ დიონისეს,
ბახუსებისა და ღვინების სულჩამდგმელს.
რაც რომ სიფხიზლეში კაცს ვერ ათქმევინა,
სიმთვრალე ამხილებს ამ კაცის გულსათქმელს.
ძოწი საფერავით , ლალი ოჯალეშით,
ვაზს ფესვებს დავულოცავ რაჭული ხვანჩკარით,
ღმერთო მსხმოიარე ჰქმენ ალადასტური,
არცერთი მანახო გამხმარი, დამჭკნარი.


მძივის ბორკილი

ჩემი ულუფა , ჩემი სიცოცხლე...
ღმერთმა მაჩუქა , თვალის ჩინია.
ძაფზე ამისხა თანმიმდევრობით,
ყელზე ვატარებ ქარვის მძივია.
ცხოვრებამ მიგო მახე ლალების,
მშველოდა ყელზე შავი გიშერიც,
უფლის ხელს ვგრძნობდი ყველგან მაშველად,
იწამეთ, ენდეთ და თქვენც გიშველით.
ყელზე შევიბი მძივი აქატის,
მერე ვარჩიე ასხმა ,,კორალის,,
მაგრამ მძივზე და განძზე ზე მაღლა
მე დავაყენე ღმერთის მორალი.
მწვანე მალაქიტს შევტრფი წლებია,
ფუფუნებაა ატარო მაჯით.
თუ შევუხამე კაბა ფერებში,
გთხოვ, ამისათვის, ღმერთო, ნუ დამსჯი.
ალბად გგონიათ, იპრანჭებაო,
ქალი ცოდვილი ყელზე კონკილით,
ვისთვის ძვირფასი საგანძური და
ჩემთვის ყოველი მძივი_ ბორკილი.
ღმერთო შემინდე, ცოდვის არცერთი
მძივი არ მინდა ყელზე შებმული,
მომეცი ძალა ცოდვის სამხელად,
შენს ხატთან ვდგავარ გაშეშებული.
მე შენ მომეცი ქარვის სიცოცხლე,
მარგუნე ჩემი წილი ულუფაც,
ეს თავად იცი , როდის და რა დროს
გზას სიცოცხლისკენ გადამილუქავ.
მადლობა ღმერთო ჩემში რომ სახლობ,
ჩემში რომ ნახე ცოდვის მორევი,,
მძივის ბორკილებს დავწყვეტთ, დავგლეჯავთ,
მე და შენ_ორნი, კი მოვერევით!


ჩემო მესია

შენ ,ჩემო ღმერთო, ერთადერთო _ ჩემო მესია
ხალხი ჭკუაზე აღარაა_ ეს რა დღეშია,
გადარეულან და მიკლავენ აზრებს წიაღში,
ქუდზე კაცს ვხედავ, ლამისაა თავს დამესია.
გაუცვდათ რწმენა, შეეყარათ მოდის მანია
ვერავინ ამჩნევს, სამწუხაროდ,
დასანანია.
არ მინდა რამე ვთქვა ისეთი, სული ვაწამო,
ან ჩემი სიტყვით ვინმე მავანს ცილი დავწამო.
როგორც იუდა საიდუმლო სერობას გვერდზე
გეჯდა და მერე გადაგცვალა ბრჭყვიალა ვერცხლზე,
რა ვქნა თუ ვხედავ იუდების ჯერი
მოსულა,
არას დაგიდევს ხალხი მცნებებს, სულ თავს გასულა.
არც მე მაქვს ფრთები, ანგელოზად არ გევლინები,
ბიბლიას მეც დღეს გადავწმინდე მტვერი ცრემლებით,
არ ვიცი რატომ ვერ ვბედავდი მასთან შეხებას,
გთხოვ ამისათვის ნუ შემრაცხავ ცოდვილს მკრეხელად.
შენ ამაცდინე ფათერაკს და მომეცი ღონე,
რომ გავარჩიო კეთილის და ბოროტის მქონე.
გთხოვ გამიყვანო ამ ქვეყნიდან, არ გთხოვ სამოთხეს,
თორემ საცაა სიმართლისთვის ქვებით ჩამქოლეს.
არ ვარ სანთელი, თუმც სანთელივით მინდა ვიწვოდე,
დავიღვენთები ბოლომდე და რაც გსურს მიწოდე.
გაგიღე კარი_ შემობრძანდი, სტუმრად მეწვიე
და თუ მიკადრებ სუფრასთან შემომეწიე.
შენი წყალობით უხვადა მაქვს ღვინოც და პურიც,
მინდა გისმინო და შენს რჩევებს მივუგდო ყური.
ტერფებსაც დაგბან, როგორც გბანა მაგდალინელმა
სიძვის ცოდვები მოინანია გულწრფელი ცრემლით.
თუნდ დამიშალონ, შენს წმინდა სინდონს შევეხები ბრმასავით ხელით,
სულით სნეული განვიკურნები მასავით რწმენით.
გლახაკთ დავუვსებ ხონჩებს პურით, ყურძნის მტევნებით
და ფეხშიშველი სადაც წახვალ დაგედევნები.
როგორც მკვდრეთიდან აღადგინე წმინდა ლაზარე_ და ეს გვახარე,
ისე უშველე ჩემს სულს, ვფიცავ, სხეულს არ ვჩივი.
თეთრ მტრედს ირაოდ გაატანე დროულად ცაზე
ანგელოზთ გუნდი ამიმღერე უტკბილეს ხმაზე.
შენ ჩემო ღმერთო, ერთადერთო, ჩემო მესია,
ხალხი რას ჩადის თავად არ იცის_ განსაცდელშია.
ჩვენი სიცოცხლე, დაბადება შენსავ ხელშია,
ხსნა მორწმუნეთა და ურწმუნოთა მხოლოდ შენშია.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge