გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

იანელ კოჭლამაზაშვილი - ლექსები



***
მე თავმოკლული მერცხალი ვარ, შენს ფანჯარასთან...
დანარცხებული, გადაღლილი შორეულ ფრენით.
დავყურებ სხეულს, წარკვეთილი მაღელვებს ფრთები,
ეგებ წარმტაციც და ვხედავ, როგორ მიმაცილებენ
ეზოს ბავშვები,
ჩემივე ბუდის წკირებიდან შემოწნული
ცრემლის საკაცით.
პირს შემეყინა ტალახის გუნდა, 
უკანასკნელად ვერ აღმოვთქვი წუხილი ჩემი...
მე თავმოკლული მერცხალი ვარ, შენს ფანჯარასთან...


სანთელი
სანთელო წმინდავ, ჩამოქნილო ტანო მაცხოვრის,
თრთიხარ და სტირი ცრემლს გიჟრჟოლებს ქრისტეს ვნებანი.
თაფლის სანთელი, იწვი, გეწვის ადამის ძენი.
ცეცხლის ენებით იფუფქავ სხეულს,
ალს ედება ცოდვები ჩვენი.
უმძიმეს ხვედრით ჯვარი ჩვენი გიტარებია,
შენ გიტვირთია სამყარო ვრცელი.
საყდარი ჩვენიც დგას შენს სხეულზე,
ცეცხლითა შენით იწრთობოდა უკვდავი გენი.
სანთელო სტირი, იმდუღრები, ჩამოგდის ცრემლი,
ტანს შემოიწვი ცოდვები ჩვენი.
გვინათე მხოლოდ სულიერი თვალების ფსკერი,
განწმინდენ სული მონანიე ცრემლების თქეშში.


მამის კვალზე არ დაიკარგები
წავიდა მამა, შვილო ჩემო, მამა წავიდა.
გაევსო სივრცეს ამბარი სულქმნით.
ამოიღვარა უფსკრულმა სიღრმე,
სულს წაებურა სევდა და მწუხრი.
წავიდა უხმოდ, წუთისოფლის დაუმდურებლად,
ასე მიდიან ერის სინდისნი.
მიწაც ცოდვილი, ნაადრევად შეიტკბობს სიყრმეს,
უხმოდ ასკდება მთის მწვერვალებს ექოთა მრუმი.
ჩარჩო შეკრული რქებით ირმისის,
შეჩვეული წინაპრის პროფილს, იახლებს იერს და
შემოპარულ ნადირივით დაძრწის სიკვდილი.
შემობზარულ კედლებიდან მობერილ ორპირს,
აჩერებს ლანდი გადამქრალი, ნაღველი ბუხრის.
წრებრუნვას ყოფის, ციდან მიწამდე, მიწიდან ცამდე,
ჯაჭვს შემოუგლეჯს შემზარავი სულის კივილი.
რა შორსაა და რა ახლოს დრო და მანძილი,
გულში ვიკრავ მოღალატე გაყინულ ხელებს და
ვსაყვედურობ, ასე მდუმარედ, უხმოდ წასვლისთვის.
გაორებულნი დავრჩით შვილო, მამა წავიდა.
ენა სამებად გალექსილი დაიდუმებს ლოცვას წამებით
და მაინც ასე სიმშვიდეა, უფალო ჩემო, როცა გელიან,
მიწა შენია, თუ გაიჭრა შენი მოდგმის ერთი საფლავიც.
საჩემო მიწას მზის სხივით ავსებს, ავსებს ვარდებით,
ჩამონგრეულ სასახლეებს გამისრულყოფებს,
გამიმთლიანებს რაინდული თავშეკავებით.
ძვლებს თუ მივაყრით დამშეულ მიწას,
სული კი, სული გამითბობს ზამთრებს,
სულს გამილღობს უფლის ნათელით და ჩარჩო ძველი,
ამჯერადაც შეიცვლის იერს,
მოლურჯო სარტყელს გადაივლებს თვალთა ხავერდი.


* * *
ცა არ ვიყავი, შენ რომ გეგონე, არც მიწა ვიყავ, არც წვიმის ცრემლი.
ზღაპარი ვიყავ, ზღაპრის გმირიც, მოთხრობა ვიყავ, დაწერილი, ქალზე ეულზე.
მე ერთდროულად ვიყავ მხეცი, ბეღურა სველი,
გამხმარი ქერქიც ხეს რომ სტკივა ბებერ სხეულზე და ვიდექ ჩრდილი იდუმალების,
ასპიტ ვნებათა ჩუმი სიმძაფრე.
არც ანგელოზად დავბადებულვარ, ვიჭერდი პეპლებს,
ავაზასავით ვასკდებოდი ატეხილ კლდეებს,
მოლეწილ ქარებს ნიშნის მოგებით, ტოლს არ უდებდა ცოდვის სიცხადე
და მონანიე, გამოდევნილ სულზე სნეულზე,
ხელში შემდნარი სიახლოვით ვარჯულებდი მიწას ხორციელს.
ამ კონტრასტების საწყის-სასრულს ვდებდი პინაზე,
გადასწონიდა სიწმინდისკენ ლტოლვა ჩვეული,
მაგრამ ცა არ ვარ, არც მიწა ვარ, სივრცე ვარ რთული,
ველურ ვნებათა ჩუმი სინაზე.
წასაკითხიც არაფერია, სიმარტივით სავსეა მიწა, 
სად მარტივდება ხედვის სიმკაცრეც.


***
გავსავმყაროვდი, დრო და სივრცე მეწვის ძარღვებში.
მესმის ღრიალი ცხოველმყოფელი, ღრიალი მესმის დედაშვილობის.
ჩააქრეთ ცეცხლი!!! ღმერთი მეწვის სისხლის უჯრედში,
ფილტვები ეწვის დედამიწას, სამყარო მეწვის, ჩააქრეთ ცეცხლი!
გავმსავმყაროვდი, წუხელ ღმერთი ვიმშობიარე,
პატარა, თოთო, გადარჩენის პატარა ღმერთი.
ვაჭმევ რძით გამძღარ სამყაროს ძუძუს,
უსასრულობა ვიმშობიარე და პირმშო ჩემი,
მიმსუბუქებს დროს და სივრცის განზოგადებას,
უერთდება სისხლის უჯრედს, 
რომ მუდმივად ვასულდგმულო სამყარო ჩემში.
რომ მუდმივად ახლდებოდეს. დიდხარ შენ ღმერთი!
გავსავმყაროვდი _ მეწვის ღმერთი სისხლის უჯრედში!...


სული
სულს ჩემსას ჰქვია, იანელ.
სულსხეულიან ყოფას ჩვენსას უხარია და იავნანობს.
სული ფაქიზი, მტკივანი სული, მტკივა უაზროდ.
მძულს მე ეს ხორცი, ნატყვიარი, ტკივილიანი.
ხორცი მოკვდავთა, უძლურებად დათალხიანობს.
რომ არა სული, წარმოდგენაც გვზარავს წინასწარ,
გვამი საზარი, მისაბარი საავდარჟამოდ.
ვმალავთ ძარღვებში, სისხლში ვმალავთ საჩუქარს ღმრთისას 
და ავსებს იგიც სულს უსამანოს...
და სული იგი, გონის მწვერვალს ეთამაშება,
მაინც იზიდავს საბოლოო, ვრცელი სამყარო.
ბობოქრობს სული მეამბოხე, აწყდება კედლებს, 
აძინებს სხეულს და დაავშარობს.
ხან სამყაროს იგუბებს ცოდვილს, ხან თვითონ ჩქეფს და დაავქარობს.
ბრუნდება ისევ სინატიფით არეკლილ გზებით, 
შეჩვეულ სივრცეს არა ღალატობს.
სული ვართ მხოლოდ, მხოლოდ სული, 
მხოლოდ უბრალოდ დავათრევთ სხეულს,
საკუთარი გვამების შიშით, არ გვეთმობა ჩვენ ეს სამყარო 
და გვავიწყდება, რომ იგია, მხოლოდ სულია სამარადჟამო.
მხოლოდ სხეულში გამომწყვდეულს თუ ვაღიარებთ
და ვეჭიდებით, რომ არ დავკარგოთ.
საკუთარი გვამების შიშით.
მძულს მე ეს ხორცი, საუკეთესოც და საარაკოც.
უფლის რჩეულნი იძულებენ ამ უძლურებას.


შენ, მე და ღმერთი
მე ჩემი წილი მზის სხივი ვკრიფე.
მზე არ მეყო, არც ჰაერი, უშენო ზეცა.
არც მიწა მყოფნის, მიჭირს სიცოცხლე  _ დაგეძებ ყველგან.
შემოვურღვიე საზღვრები ნებას  _ რას ვეძებ ნეტავ?
ვეფერები სავალ ბილიკებს, მიმაახლოვოს საუფლო გზებთან.
მართლა შენ გეძებ? _ გამოჩნდე ნეტავ,
ჩაგისუნთქო უფალთან ერთად.
მე ჩემი წილი ვიმყოფინო მიწა და ზეცა, 
მეყოს უფალი, ჰაერი და სავალიც ღმერთთან.
თუ არ მეყოფი, ავიშენებ სამრეკლოს ჩემსას,
უსასრულობის დავიდგამ გუმბათს, 
შეძრას სამყარო ზარების რეკვამ.
ჩამოიღვაროს ეს ცა, ეს მზე გავსილი შენგან.
მერე გამიშვით ჩემს სამყოფ ღმერთთან.
შენც თუ გეყოფი, დაგელოდები.
შენ, მე და ღმერთი ვიქნებით ერთად...


მშვიდად მიიძინე, ღმრთისმშობელო 
წადი, მიიძინე ღმრთისმშობელო
ნაწილო უფლის, უფლის გამჩენო  _ ნარჩევო დედავ.
წადი, მიიძინე ღმრთისმშობელო,
ნაშობის ცეცხლით სისხლდამწვარო, დედათა დედავ,
მშვიდად მიიძინე.
ხომ გარდმოგიხსნეს, გეწვინა მკლავზე, იტირე გულით,
სიმწრით დაკოცნე დაფლეთილი ხელ-ფეხს მტევნები,
ხომ ჩამობანე უფლის თვალებს წვეთები სისხლის,
ეკლის გვირგვინი შემოხსენ ფრთხილად, ეკლის ცეცხლები
ცეცხლში დამწვარო, სისხლდამწვარო, დედათა დედავ!
წადი მიიძინე, შენი ნაშობი უფალი გელის,
წადი, ვნებები დაუკოცნე,
ადამის ძენის სიყვარული დაუკოცნე,
ამაღლებულს მამასთან ღმერთთან.
უფალსაცა ჰყავს და უყვარს გამჩენი თვისი,
დედათა დედა.
ვალმოხდილო, სამყაროს დედავ.
წადი, მიიძინე ღრმთისმშობელო.
მშვიდად მიიძინე, შვილთან მიიძინე,
დედათა დედავ!..
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge