გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ვეფხია სამსონიძე - ლექსები


***
სული მიჭირავს კბილებით,
სიჩუმე ჩემი ყვირის,
ხიფათს ვერანაცილები,
ჩემში ვერ იშვა გმირი.
სილაჩრე თითქოს დავმარხე,
გულადობასაც ვჩემობ,
მალამოდ ვერ მოგეფერე,
მითმენ, სამშობლოვ ჩემო.
უსუსურობა დამჩემდა,
სიბილწე ვერ წავშალე,
უმანკოება ამ ზეცის,
ვერ დავთმე, ვერ გავცვალე,
თუმცა ბალღამი ჭირისგან
ბოლომდე გამოვცალე.
ცდუნება ისე ჩასაფრდა,
როგორც ძუ-მგელი მთაში,
სული თუ მისკენ გამექცა,
არ მეშველება მაშინ,
ვერ ავიცილებ ჯოჯოხეთს,
დამწვავს ეშმაკის ცეცხლი.
სული მიჭირავს კბილებით,
თვალი ხარბია ვერცხლით,
სიჩუმე ისე გაჰყვირის,
გული გამიპოს ლამის.
უფსკრული განაჩენია,
ამაოებით მთვრალის.
ვერ ვიგულადე ბრძოლაში,
სიმწრისგან ვეღარც ვტირი.
სული მიჭირავს კბილებით,
ჩემი სიჩუმეც ყვირის...


***
მრუში სამყარო ვით ლომია ფაფარაშლილი,
ადამიანი სურს დატოვოს გრძნობებდაცლილი,
ფესვი წარსულთან ისე უნდა გამოაცალოს,
გონზე მოსვლა და სულის მოთქმა არ დააცადოს.
გვიტევს სამყარო უზნეო და ძალზე ვერაგი,
სულის სიმტკიცე დაარღვიოს - ჯაჭვის პერანგი,
ღირსება უნდა ძე უფლისა გააცამტვეროს,
არ არსებულა არასოდეს - სურს დააჯეროს,
წესიერება დაგვიტოვოს, როგორც ზღაპარი,
რომელიც უნდა ანათებდეს ბნელში ლამპარი,
სიკეთის ძალა ეჭვებით სურს გააცამტვეროს,
ადამიანი ადამიანს გადაამტეროს,
მრუში სამყარო ზნეობას ვერ დაამარცხებდა,
საკუთარ ძმას თუ ისევ ძმა არ დაანარცხებდა...
განსაცდელით თუ დაგვიბრუნდა გონიერება,
უზნეობასაც არ ეყოფა კადნიერება,
მრუში სამყარო წინ დაგვიდგეს ფაფარაშლილი,
ადამიანი რომ დატოვოს გრძნობებდაცლილი...


***
რას შემომბღავი ირემო, რა დარდი შემოგწოლია,
შენკენ ვინ იცის ტყვიები რამდენი გაუსროლიათ,
რამდენი ჩამოიტოვე გზაზე მუხთალი მდევარი,
არ შეუშინდი, დაძლიე ქარები დაუდევარი.
არ დამიბერდე, ირემო, კიდევ გაუძელ ტკივილებს,
საწუთრო ვერ გაიგონებს გულით მოვარდნილ ჩივილებს,
ბედისწერას და სიკვდილსაც ვერავინ დაემალება,
განსაცდელია რჩეულებს ხშირად რომ დაეძალება,
ექოდ გაისმის ბღავილი, მხოლოდ მთებს ესმის წუხილი,
იქნებ და ცაც ჩამოიქცეს შენი მწუხარე ქუხილით.
უსაზღვრო არის გულიდან ტკივილი ამოხეთქილი,
ამაყად დადექ, არ გნახო - ბეჩავი, ქედმოდრეკილი.
რას შემომბღავი, ირემო, უბედურ - გამიმწარდები,
ლაღად მქროლავი მთებშია, - შვილივით გამიხარდები!


***
დაგახლიან გულგრილობას,
საბოლოო განაჩენს,
შანსს ერთსაც კი არ ტოვებენ,
წამოდგე და გადარჩე,
ნიანგის ცრემლს გაყოლებენ,
უკვე ცოცხლად დამარხულს,
ბრმავდებიან, ვერ ამჩნევენ,
თუნდაც ახლოს დანახულს,
უხარიათ რომ გიხილონ,
ბეჩავ-წყალწაღებული,
გლოვობენ თუ კვლავ გაფრინდი,
ზეცად გალაღებული,
წუთისოფელს ვერ გაუგებ,
მისი ავან-ჩავანით,
მორევსა და ლაბირინთში,
გითრევს ხშირად მავანი,
დგები მაინც, რადგან გული,
სიკეთისკენ მიგიწევს,
ფარსად ქცეულ დიდ სპექტაკლში,
დე, ნურავინ მიგიწვევს,
კულისებში დგომას ახლავს,
თვისი „მშვენიერება“,
განა იგი, ვინც კი „ბრწყინავს“,
ყველას დაეჯერება,
ველოდები მხოლოდ ღვთისგან,
სამართლიან განაჩენს,
რწმენით ერთ შანსს ის მიტოვებს,
ჩემი სული გადარჩეს!


***
ვიგრძენ უფალო, რატომ მტოვებ ცოდვილ მიწაზე, 
ათას ხიფათს და ქართა ქროლვას გადამარჩინე, 
ნებაა შენი - საკუთარი ჯვარი ვატარო, 
მადლი წყალობად ხილულად რომ წარმოაჩინე, 
სულის წაწყმედას განვერიდო, ვხვდები უფალო, 
ცოდვებით გულის დამძიმება - სატანჯველია, 
იარო მარტომ საკუთარი გოლგოთის გზაზე, 
მოკვდავისათვის ხომ იცი, რომ ძალზე ძნელია, 
ანგელოზები მომივლინე ხსნად და მფარველად, 
ძალა შთამბერე სიბილწისგან რომ არ დავეცე, 
ტაძრისკენ ერთი გზაა მხოლოდ ასე ღვთიური, 
თუმცა კი ბევრი შარა-გზები უკვე დავკეცე, 
გმადლობ უფალო, განსაცდელში რომ არ დამტოვე, 
ქედს მოგიხრი, რომ კვლავ მოგიძღვნა სადიდებელი, 
სიყვარულისთვის, სიკეთისთვის სიცოცხლე ღირდა, 
უღმერთობის რომ წაიშალოს დიდი კედელი, 
ვიგრძენ უფალო, რატომ მტოვებ ცოდვილ მიწაზე...


***
მრუდე სარკეში შლები სამყარო,
ყალბი ღიმილის ნიღაბს ისწორებს,
სულ არ ანაღვლებს, უფლის ტაძრისგან
და ღირსებისგან ახლა სიშორე,
უფსკრულის პირას, მახინჯ სახეზე,
ნეტარებასაც „გადაიგორებს“,
ცოდვებს აგროვებს, ვით ღრუბლებს ცაზე,
ღვთის სასჯელს მაინც ვერ მოიშორებს,
გონიერების საფლავზე მდგომი,
ჭირისუფლობას რომ მოინდომებს,
მრუდე სარკეში შლეგი სამყარო,
ყალბ მწუხარების ნიღაბს ისწორებს.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge