გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ეთერ ბერიშვილი - ლექსები


ჩემს შვილებს

მე დედა ვარ და გულით დამაქვს თქვენი დარდები,
არ გაიკვირვოთ, თუკი ასჯერ გკითხოთ - როგორ ხართ?
თვალწინ გამირბენს სიყვარულის წამი კადრებით
და მონატრების ცრემლებიც კი თვითონ მოგორავს.
ჰო, დედა ვარ და ვერ ისვენებს უთქვენოდ გული,
არც ერთი წამი თქვენს გარეშე რომ ვერ ვიხსენე,
ეს წლები თითქოს საუკუნედ არის გასული
და ამ სიშორეს თქვენი დარდით ვერ დავისვენე.
მე დედა ვარ და მერე რა, თუ ზრდასრულები ხართ,
ისევ მადარდებს თქვენი დილა, ყველა საღამო,
გაგეღიმებათ წვრილმანზეც რომ ჩაგძიებივართ
და ეს ღიმილი მაიმედებს ყოველ საღამოს.
მე დედა ვარ და არ მიწყინოთ ყოველი კითხვა,
რომ ვერ ისვენებს გული, ღამე ძილიც მიკრთება,
თუ არ გავიგე, რომ ნამდვილად არარა გტკივათ,
მერე კი თქვენი თბილი სიტყვით გულიც მითბება.
მე დედა ვარ და ნუ დამცინებთ დედას „მტირალას",
ემიგრანტობას შევალიე რამდენი წელი,
მე თქვენზე ლოცვით ღვთისმშობელი სულ გზას მიკვალავს,
ამიტომაა, ეს წლები რომ უთქვენოდ ვძლებდი.
ჰო, მე დედა ვარ, ცოტა „გიჟიც", „გადარეულიც",
მსურს თქვენ სიცოცხლეს ავეფარო ყოველწუთს ფარად,
არასდროს ვდარდობ ამ მძიმე გზას, წლებს გალეულის,
რადგან მზესავით გულს ანათებთ ღიმილის დარად.
მე დედა ვარ და ბედნიერი მინდა სულ მყავდეთ,
სიკეთე გდევდეთ, ბოროტება გულს არ გაივლოთ,
სამშობლოსა და წინაპრების სასმისს სულ სვამდეთ
და სიყვარულით... და სიკეთით გული აივსოთ... 


*  *  *
შენ ახლა მარტო, მარტოდმარტო ზიხარ სასმელთან,
თითქოს იღიმი, სევდიანად გაჰყურებ სივრცეს,
ღონემიხდილსაც არც რა დაგრჩა ფიქრთან სათქმელად,
რადგან ყოველი, რაც გაგაჩნდა, ჯოჯოხეთს მიეც.
ჯოჯოხეთს მიეც და რომ ცდილობ გადაივიწყო,
ლამაზი წლები ოცნებით და ნატვრით ნაგები,
ახლა ისიც გსურს, კოკისპირულად ძლიერ იწვიმოს
და ჩამორეცხოს სიყვარულის ყველა ნაშთები.
მე ბევრი ვიცი, შენ კი მრავლის ხარ თვითონ მოწმე,
როგორ ცდილობდი და აგებდი გზად ტრფობის მახეს,
არად გიღირდა მათი ცრემლი, ველი რომ მორწყეს,
უსულგულობა როცა ნათლად შენი რომ ნახეს.
არ ვიცი, გულით რად არ გქონდა შენ ვინმეს დარდი,
რადგან ბოროტად ჩაისახლე სხვისი წამება,
პირველწამიდან სიყვარულის დაგქონდა ვარდი,
რომ უსასრულოდ ტრფობის ალში მწარედ გაგება.
ბოლოს რა დაგრჩა, მოგონება იმ ბარათების,
ისევ რომ ცდილობ, თავიდან რომ გადაათეთრო,
რამდენ ღამესაც სიხარულით კვლავ გაათევდი,
რომ რომელიმემ სიყვარულით ისევ მოგწეროს.
ზიხარ სარკმელთან, ისევ ელი ცისკრის ნათებას,
ცისარტყელებად რომ მოხატო ირგვლივ სამყარო,
არ გსურს იჯერო, შენი ცდები წარსულს ბარდება
და რომ ფარხმალი ახლა დროა უკვე დაყარო.
ხედავ? სუყველა გაგეცალა და დარჩი მარტო,
შურნაძიებმა ვითომ გული ძებნე სხეულში,
მაგრამ ეგ გული არ გასვენებს და იცი რატომ?!
რომ სუყველასგან მარტო დარჩი, მარტოდ, ეული.
შენი ბრალია, თუკი ახლა ხარ სულ მთლად მარტო,
მეც კი, შენს ხელში, ვხედავ, ფერი სულ მთლად ვიცვალე,
შურისძიებამ, მიხვდი, კარგო, რომ არა გარგო
და იცი რას გთხოვ? - ხასიათი გამოიცვალე... 


*  *  *
მინდა, დაგიკოცნო ეგ თვალები,
განა ცისფერი ან თაფლისფერი,
ჩემი გულგონების გზაამბნევი...
ჩემი სიყვარულისფერი.
მინდა, შემოგხვიო მხრებზე ხელი,
გულში ჩაგიხუტო ისე მაგრად,
კოცნით დაგავიწყო ყველაფერი,
ვნება გაგიღვიძო სევდის ნაცვლად.
მინდა, ეგ თვალები სულ ბრწყინავდეს,
დარდი გულს არასდროს გაიკარო,
თუ გინდ, არასოდეს არ გიყვარდე,
არ მსურს, ცრემლიანი დაგინახო.
მინდა, დარდიანი შენი გული
ერთ დღეს წიგნივით რომ გადაშალო,
დარდი, გულს რაცა გაქვს დამარხული,
მითხრა და ქარს ერთად გავატანოთ.
მინდა, მუდამ იყო ბედნიერი,
შენი ეგ თვალები მომანათო,
მერე, საყვარელო, ჩვენი ბედი
ცალკე არასოდეს არ გავყაროთ.
მინდა, რომ იცოდე, როგორ მინდა,
გულზე დარდი მალე გადიყარო,
მერე, სიყვარული ამიხსნა და
ბედნიერმა სახლში წამიყვანო. 


*  *  *
გულით დამაქვს საქართველო,
ჩემი მიწით ვიარები,
აბა როგორ გავამთელო
მონატრების იარები.
თუ მომეცა კიდევ შანსი,
ხელმეორედ დავიბადო,
საქართველოს მინდა საშვი,
რომ არასდროს დავიდარდო.
ჩემი ცა და ჩემი მიწა,
მირჩევნია უცხო მხარეს,
ის აკვანი იქ დაირწა,
ჩემთვის როცა გამოთალეს.
ოდითგანვე გვესეოდა
მტერი, მაგრამ ვერ დაგვძლიეს,
ქართველობა სულ მზეობდა,
ჭიქა ღვინოც მტერს აძლიეს.
კვლავ გვებრძვიან, მაგრამ ვერა,
დაცემული არ დარჩება,
თუ ერთ მუჭად შევიყრებით,
საქართველო გადარჩება!


***
შენ დაგხატავდი თუ ნიკალა მათხოვებს ფუნჯებს,
თვალების ნაცვლად თვალციმციმა მზეს ჩავხატავდი.
შენი ხატება ვერ გაგიმხელ როგორ მამუნჯებს,
ფუნჯს გავავლებ და მხოლოდ ასე გამოვხატავდი.

სმა რომ შემეძლოს სადღეგრძელოს გეტყოდი ისეთს,
გულის გულიდან ამოძახილს გზას დავუთმობდი,
ცრემლმორეული გავხედავდი მერე შორს სივრცეს,
შენს სიყვარულზე მხოლოდ მასთან ვისაუბრებდი.

არ ვარ პოეტი, თორემ ჩვენზე დავწერდი ლექსებს,
ყველა ტაეპში სიყვარულის სხივებს დავრგავდი,
გამოვყვებოდი სიტყვა სიტყვით შენამდე რელსებს
და არასოდეს, აღარასდროს არ დაგკარგავდი.

გამოგიგზავნი ხვალ ამ გზავნილს, მოვახვევ მაქმანს
და რაც გითხარი, ჩვენ ვიცოდეთ... არსად არ გამთქვა.


*  *  *
წვიმს ახლა სულში, მომაშველე შენი ხელები,
სითბოთი სავსე მომახურე ტრფობის ფარაჯა,
თორემ, ძვირფასო, 
გაზაფხულსაც ვეღარ შევხვდები,
დაიხურება სიყვარულის ღია ფანჯარა.
გული კვლავ გიხმობს სიყვარულით, 
თბილი ნუგეშით,
ერთად ვიბრძოლოთ, სიყვარული ისევ ვაშენოთ,
კვლავ დავიგულოთ საგულეში ჩვენი გულები
და სიყვარული არასოდეს გადავაშენოთ.
გლოცავ, ძვირფასო, ხვალ ხომ შენი დღეობა არის,
სულ მინდა იყო ბედნიერი, გხედავდე დღეგრძელს,
სანთელს დავუნთებ ჩვენს სიყვარულს წმინდა ტაძარში,
მერე, მოვალ და მთელი გულით შენ გადღეგრძელებ.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge