გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლეო ძაკონე - ლექსები

  
*** 
მე და ტირიფი ვსაუბრობდით ერთხელ წყლის პირსა,
მკითხა: ძამიკო, ჩამოგტირის სახე რისთვისა?
მეც მოვუყევი შინაარსი ჩემი ფიქრისა და
მის თვალებში აირეკლა სევდა ნისლისა.
ჩავშტერებოდით ორივენი ჩუმად წყლის პირსა,
წყალზე მდუმარედ მოლიცლიცე ორნის ჩრდილისა...
სთქვა: ეს ცხოვრება მოგონილა გამოცდისთვისა,
ეს არის ბრძოლა სიკეთის და ბოროტისთვისა.
მე მესმი შენი, მესმის შენი მწველი ფიქრისა...
სევდიან თვალთა და დაღვრემილი ცხვირ-პირისა.
რაც მე გითხარი, მოგიყევი ძმაო მისთვისა,
რომ ხალხს გადასცე, დაე ილოცონ ცოდვებისთვისა...
რადგან დადგება განკითხვის დღე მალე მისთვისა,
მიეზღოს ყველას სიკეთის და ბოროტისთვისა.
მე კი ვუსმენდი... მე ვუსმენდი ამ ტირიფის ხეს...
მისგან თქმული ხომ ჩემი ფიქრის ახსნა არიან და
ახლა მივხვდი... ახლა მივხვდი ეს ტირიფები,
თავჩაღუნულნი... გამუდმებით რატომ სტირიან!..


***
ვის რა, როგორ ენატრება,
ვის მშვენება ათრობს რისი...
მე ეს მიყვარს, ეს სიგიჟე,
ჩემი ძველი ქუთაისი...
ეს რიონის მჩქეფარე ხმა,
მისი სმენის გავხდი ღირსი...
თეთრ ქვებზე გადავლებული,
მქუხარება და ხალისი...
ირგვლივ მთები ქედს უხრიან,
სიამაყე აკრთობთ მისი...
გულის სისხლად ძარღვებს დამდის,
ჩემი ძველი ქუთაისი!...
                   

***
სიმარტოვეში დასველდა ჟინი,
თითქოს და ნესტის დაედო ცვარი.
იქ, სადაც ადრე მგელი ყმუოდა,
დღეს მედიდურად ხმაურობს ცხვარი...
თითქოს მთვარესაც აღარ აქვს ვნება,
ღამეც გამხდარა პირქუში ბნელი.
სადაც გულს ჰქონდა სიგიჟის ნება,
ახლა მხვდებიან თვალები სველი.
ნაბიჯების ხმა არღვევს სიჩუმეს,
უკან მომყვება ფიქრების ჯარი.
საიდან ნეტავ... ჩავსძახი ჩემს თავს...
ამდენი სევდა... ამდენი ჯავრი...


***
ვიცი დრო მოვა, შენს სიყვარულს შემიფასებენ,
შენდამი ტრფობას ჩამითვლიან დემონურ ვნებად.
ამილეწავენ კეთილშობილ სახეს ლანძღვისგან,
და ამ ყველაფერს ასახავენ თვით უფლის ნებად...
ვიცი დრო მოვა, ვეწამები ჩემო სამშობლოვ,
თაობებმა კი ეს სიტყვები დროში ატარონ.
სასჯელად ვითხოვ: ამიწონონ შენი ტკივილი
და შიშველ გულზე უმოწყალოდ გადამატარონ...
ვიცი დრო მოვა, შევერევი უსასრულობას,
დროთა, ჟამთა ცვლა დამაბერებს ახალგაზრდულად.
ვიდრე ვიცოცხლებ, შენი შვილი სულს არ გავყიდი,
სიკვდილის წინაც თავაწეულს მნახავ, ქართულად!..
               

***
ჭორები... ჭორები... ჭორები...
დადიხარ, გითვლიან ნაბიჯებს.
სიკეთით გაკვალულ ბილიკზე,
ბოროტი ზრახვები აბიჯებს.
ენები... ენები... ენები...
ამბობენ, რას ღარ ამბობენ.
შენს ამბავს, ჯერ შენც რომ არ იცი,
ვიღაცას გულწრფელად ანდობენ.
ხალხი კი ბრბო არის უძღები,
უნდა, რომ იყვიროს,  გახაროს.
შენს თავზე შეთითხნილ ამბავში,
თავისი სიბილწე დაფაროს.
შენ კი რას აკეთებ ასეთ დროს?
დადიხარ ღიმილით, გულღია.
შენს სულში მთის სუფთა ქარი ქრის,
ჭორი კი ქუჩის მტვრის ბუღია!..


***
ცხოვრება, სულის აჯანყებულის,
პირისპირ მდგარი ბრძოლით გამქონდა.
ბევრჯერ ჩამუხლულს, კვლავაც წამომდგარს,
ყველას ტკივილი გულით დამქონდა.
ერთხელაც დაღლილს, ძალაგამოცლილს,
ძალის მოკრების ძალაც არ მქონდა.
შემომეხვია ნაზი ხელებით და
ქარის მსგავსად ჩემში დაჰქროდა.
ოყო რაღაცა ღვთაება მასში,
რაღაც ისეთი, რაც სხვას არ ჰქონდა.
რაც კი რაიმე მაკლდა და მსურდა,
შემომხედა და... ყველა თან მქონდა!..
                      
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge