გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თინა გელაშვილი - ლექსები


      
***
შემოასკდა თქეში ფანჯრებს, 
მე კი შენს გზას კვლავ გავცქერი.
ქარი თითქოს კარებს ამტვრევს,
ისევ უჩემოდ გაძელი.
შემოვიხვევ თავზე ფიქრებს,
ტანზე ლოდინს კვლავ მოვისხამ.
გამოვუშვებ ხმობის ისრებს,
ჩემს ამბავსაც ის მოგიტანს.
მერე წვიმაც გადაიღებს,
გარიჟრაჟი დაბრუნდება.
ცისარტყელა გადაირბენს,
მოლოდინიც გაბრუვდება.
მთა აიკრეფს ნისლის გორებს,
თითქოს შეამცივნებს ზეცას,
ვარსკვლავთ, როგორც მოგონებებს,
უბეში ჩაისხამს ზეცა.
ფანჯრის ქვემოთ მომლოდინე
ქარსაც ეხუჭება თვალი.
ახლა, თუნდაც, რომ მოხვიდე,
დაიხურა ფიქრის კარი.

           
ტირიფი

ვინ მოიგონა, ტირიფი ტირის,
ვინ მოიგონა, მგლოვიარეა.
სირინოზივით თმებჩამოშლილი,
იქნებ წყაროს წყლის მოტრფიალეა.
იქნებ მდინარეს ეჩურჩულება,
ან იქნებ ჰანგებს უმღერის ჩუმად,
იქნებ უბარებს თავის გულის სწორს
გულისფანცქალით მოელის სტუმრად.
იქნებ მზად არის მისი ტოტებით
ბუდე შეუქმნას წყლის პირას მოსულთ,
წყლის რაკრაკში და სიოს ჩურჩულში
მიეფერება ტრფობაში გართულთ.
ან იქნებ მართლა ტირის ტირიფი...
იქნებ ასეთად შექმნა ბუნებამ,
მარტოსული და ეულად მყოფი
თავის სატანჯველს წყალს ეუბნება.
   

ნეტავ სადმე

ნეტავ, სადმე წამიყვანა, მთებში,
მომატარა ბილიკები მარტოს.
მოვარდნილ თქეშს რომ შევასწრო ქოხში,
ქოხში სადაც აღარავინ სახლობს.
მივუჯდები მიძინებულ ბუხარს,
გულს გავუთბობ, ვაგიზგიზებ კერას.
მიტოვებულ ამდენ სამოსახლოს,
იმედს მისცემს ერთი გულის ძგერაც.
ტყეს გავივლი, მინდორსა თუ ხევებს,
მარტოობის ჩუმი მაძებარი.
მთის მწვერვალზე მზეს შევახებ ხელებს,
აღმომხდება სიტყვა საქებარი.
ნეტავ სადმე წამიყვანა, სხვაგან,
სხვაგან, თუნდაც მიკარგულ კუთხეში.
შემახვედრა გულალალ ხალხს, მათთან
ვიპოვიდი დაკარგულ თავს ჩემში.


ჩემი კახეთი

მიმიხარია, ჩემს კახეთს ვნახავ ბარაქიანს, 
სურნელს შევიგრძნობ,  შემოდგომის ჯადოსნურ სურნელს.
შორიდან რიდით ვუმზერ ნეკრესს ცოტა დარდიანს,
დაბინდულ ხედვით თითქოს მთავარანგელოზს უმზერს.
ქვემოთ ზვრებია--ვენახები თვალს ვერ გაუწვდენ,
გარბიან უკან სწრაფად, შემხვედრი მწყობრი მარშით.
ვაზებმა მტევნების სიმძიმეს უკვე გაუძლეს,
და ვალმოხდილნი წელგამართულნი დგანან ქარში.
სიმწვანე თითქოს ინარჩუნებს ფერს ძალისხმევით,
მაგრამ სიწითლე შეპარვია ფოთლებს ვაზისას.
კარალიოკმა მიწა მორთა ჭრელი ხალიჩით,
ნაყოფი შერჩენია შიშველ ტოტებს ქარვისფრად.
ესეც სოფლის გზა, გზა სწორი და ზემოთ მავალი,
კავკასიონი ისევ ისე სოფელს დარაჯობს.
მწვერვალებს თოვლი ნაბადივით მხრებზე მოუსხავთ,
ქარი სოფელში შემოდგომის სუნით ნავარდობს.
აქ"ბირჟას" ამაგრებენ კვიმატი კახელები,
სახე გარუჯულთ შრომის კვალი ჯერაც ატყვიათ.
ერთმანეთს დრო და დრო ლაზღანდარით ახელებენ,
ისმის სიცილი, კაფიასაც ერთურთს აცდიან.
სადღაც მაგიდაც კი გაუშლიათ მოწყურებულთ,
სველი ხელადა დაუდგავთ ღვინის სასმისებით.
ერთმანეთს აწონებენ წლის მოსავალს და..
თვალებში ჭინკები ჩასცვივნიათ თავის ნებით.
მეზობელი დიაცების თავშეყრა თონესთან,
ცხელ-ცხელი შოთების სუნი კარმიდამოს ავსებს.
მაგიდა დაუდგავთ იქვე მეზობლის ყორესთან,
ზედ შემოუდგავთ ხელადა საფერავით სავსე.
ნოემბერია, ეს დღეები წავა ზოზინით,
ითოვლიც მთებიდან დაბლა ჩამოვა, აქ სოფელში.
მზეს შესცივდება, აღიჭუევება  ლოდინით,
გზას დაიმოკლებს და აიკრეფს  სხივებს უბეში.
გაზაფხულამდე საბუხრეს ბოლი დაამშვენებს,
იქნებ ამ ზამთარმა თოვლიც მოგვიტანოს დიდი.
ბევრი ბუხართან მრავალჟამიერს დაამღერებს,
თან შემოსძახებენ: ეჰ.. დღეები სწრაფად მიდის.


ვალდებულება

მე გვიან მივხვდი, 
მთელი ცხოვრება
ვალდებულებებს ვიხდი 
და ვიხდი.
აღარ შემცირდა, 
კვლავ მებევრება,
სულ მაღლა იწევს 
ვალმოხდის ნიხრი.
მაგრამ ეს წლები რომ 
აღარ მინდობს,
შემომეპარა თვალში 
სისუსტე, მუხლშიც,
ნეტავ იქამდე მაინც 
თუ მივალ,
სულს შვება მივცე, რომ 
დათბეს გულშიც.
ახლა ვზივარ და 
იმაზე ვფიქრობ 
ხვალ ვისთვის რა მაქვს 
სათქმელი, საქმე,
გულის კუნჭულში 
რაღაცა მიკრთობს,
ჩემს ოცნებებშივერ 
გაშლილ აზრებს.
სული ბორგავს და 
აღარ ისვენებს,
გარეთ გამოჭრას ყოველ 
წუთს ლამობს.
ერთი იმდენი კიდევ 
მამყოფა,
ვალმოხდის შემდეგ 
სულსაც ვუწამლო.


***
დავხატავ მზეს, 
კრიალა ცას,
უამრავ მთებს,
თოვლიანს თან.
მდელოებს ბევრს,
მდინარით ხევს,
ხავსიან ქვებს,
ფოთლოვან ტყეებს.
მდელოზე ყანას,
ყაყაჩოს მრავალს,
ბილიკებს სავალს,
ცისკენ მიმავალს.
მთის ძირში სოფელს,
მასში ხალხს მშრომელს,
სიკეთის მფლობელს,
ბოროტის მგმობელს.
დავხატავ ბავშვებს
ლამაზებს, კარგებს,
ონავრებს, ანცებს,
უზრუნველთ, ლაღებს.
დავხატავ ფერებს
ცაზე, ნაფერებს,
მშვიდობის მწყემსებს,
აფრენილ მტრედებს.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge