გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მიხეილ ქაშიაშვილი - ლექსები

*** 
მე ვწერდი მხოლოდ გულწრფელად მართალს,
ვწერდი ბნელ განცდებს ადამიანურს,
სულს რა განგება, რა ნება მართავს,
რა უხილავი მას ერთვის ანუ;
ვიკვლიე სიღრმე ჩემის არსებით,
გამოცდილებას არ ვენდე სხვისას,
აწ შემიძლია ვთქვა მე სავსებით:
სული მეტია, სხეული - მიწა...



ჩვეულებრივი ღამე 
*
დაჰქროდა ქარი,
ყვითელ ფოთლებს ხეებს აცლიდა,
უმეგობარო
თავის ფიქრში სივრცეს გასცილდა...
ვინ დაგინახოს,
ვინ შეგიცნოს, ქვეყნად მწუხარის
ბნელს ლაბირინთში
სულს უდაბურს ან რა უხარის?!...
აჰ, ამდენ გრძნობას,
ამდენ სევდას ვით იტევ ჩემო,
შეუცნობელო,
შემზარავო,
ტანჯვავ,
ედემო,
მომკლავდე ღმერთო,
თუკი ხედავ,
რა არს ნაღველი,
იქვე უნდა თქვა შენ უთუოდ ჩემი სახელი...
ვიდოდი ღამით,
ცივს ღამეში უცხო სიამით,
ვარსკვლავნი კრთოდნენ მარადისის მთვლემარე წამით,
ოჰ, რაოდენი სიყვარულით ვიყავ ეული,
მიხმობდა როცა გზა შორეული...
მოვარდა ქარი, მღელვარება შემატა არეს,
გამომაცოცხლა, მცა ნუგეში ქუშს და მდუმარეს,
მითხრა: - მიქაილ რაზედ ობლობ, არ იცი განა,
ასე დიოდა ქვეყნად იყო ვინც შენისთანა...
და იგი ფოთოლთ სილამაზეს მოლზე აფენდა,
ჩვენ ვსაუბრობდით და კიდევაც შემოგვათენდა,
ვუთხარ მე ბოლოს: გამაწვალებს კვლავ ჩემი სული,
მისი ღამისებრ უსასრულო ბნელი უფსკრული...
ალიოანოს მზე ამობრწყინდა, დადუმდა ქარი,
შევხვდი ჩემს რწმენას და სხივებში ვიდექი მარტო,
მე მქონდა გრძნობა მრავალთათვის გაუგებარი,
უდაბნოსავით მღვრიე და ფართო...



ია 
*
რად სევდიანობ საყვარელო,
სათუთო იავ,
მეც ცრემლი მილბობს თვალს მალი-მალ როცა შენ სტირი,
მეც ობოლი ვარ, სულით მეტად... ასე მგონია
ჩვენ ერთმანეთის დარდი გვესმის,
ყოველი ჭირი...
*
რად მოწყენილხარ,
რად მდუმარებ, ძვირფასო ჩემო,
ღმერთს არ უკითხავს, ჩემებრ შენთვის, მოსულხარ ქვეყნად,
იქნებ არ გვსურდა ამ სევდისთვის გაგვეგო გემო,
არ გვსურდა იქნებ ბედისა და იღბალის დევნა...
*
იქნებ გვერჩივნა არარაში გვეხეტიალა,
როგორც უფერო ეთერული რაიმე არსი,
არ გვსურდა იქნებ ეს სხეული - სულის ფიალა
ან ვყიფილიყავთ ქვეყანაზე მავანთა მსგავსი...
*
ძვირფასო იავ,
ვინ გაიგოს წუხილი ჩვენი,
დიადი სევდა ჩვენებურად ვინ იგრძნოს ნეტავ?!
სანამ ვატაროთ გაწვალება ჩუმად და თმენით,
თუ განვსხვავდებით, სამწუხაროდ, ყველასგან, მეტად...
*
ნუ ტირი, მე გთხოვ,
- ო, სიღრმემდის ვგრძნობ ამის მიზეზს,
ქვეყნის ჯოჯოხეთს ხომ ოდესღაც დავტოვებთ, წავალთ.
მოგეფერები, მხურვალებით ლამაზო - ისე,
რომ სიყვარულის უწმიდესი გადმოგცე ძალა...


***
გზები უნაზეს ფიფქებს ელიან,
დრო ისე გარბის როგორ მერანი,
ო, რა ცივი და ულმობელია,
ო, რა სასტიკი და რა ვერანი...
*
მთებზე ნებ-ნება დაუთოვია,
იანვრის პირქუშ სისპეტაკეში.
შორს, ჰორიზონტზე თეთრი ზოლია,
შორს გრიგალების მკაცრი თარეში...
*
ღმერთო, სად ქრება ბავშვობის ლანდი,
ლანდი საყვარელ მოგონებათა?
რატომ გვედება, მითხარ, გამანდე:
ნელ-ნელა ნისლი დავიწყებათა...?!
*
დადნება თოვლი და შევიცვლები,
ვერცხლისფერ თმებით და ნაოჭებით,
მაშინ მოგნახავ,
მაშინ მომნახავ,
ჩემო ბავშვობავ,
უძველეს გზებით...


სულის სარკეში
*
აღარვინ არ ჩანს... დაეუფლება
სული - მაღალი გვირგვინთ მშვენებას,
ეს სიგიჟეა, თავისუფლება,
ეს გავს უეცრად ქრისტეს ჩვენებას!...
ამ გრიგალთაგან მიხსნის რომელი,
ვით მოვიშორო მძიმე სხეული,
ვარ უდაბნოში მარტოდ მდგომელი,
ვარ უდაბნოში როგორც რჩეული...
არავინ არ მყავს რომ გული წმიდა
გადააგრილოს ფრთებით მფარველით,
დავრჩები ღამე, ვით პირამიდა,
გრძნობათ ტალღებით, განუქარველით!...
როგორც სარკეში, მე ჩემს წინაშე
ვხედავ მირაჟებს შორეულ ზღვების,
ვხატავ და ვაქრობ სიტყვებს ქვიშაზე,
საფუძვლად ჩემდა სულიერ ძვრების...
ქვეყნად არაფერს ვაგროვებ, არ მწამს,
თუ კი ზეცაში კარი იხსნება,
შემოქმედებამ დე სრულად დამწვას,
დე ნურასოდეს ამოიხსნება
რა ვიყავ ქვეყნად, რა მაცოცხლებდა,
რა მკლავდა ასე ამოუთქმელი;
სიცოცხლე არი მარტოდენ სევდა,
მხოლოდ ღმერთების შუბლზე ღრუბელი...
აჰა, ესა ვარ, დაუნახველი
სატრფოს თვალთაგან, განწირულ ღელვით,
მე გამოვძერწე მისი სახელი,
ცივს აკლდამებში ღმერთების ელვით!
ცრემლი მოება თვალს როგორც მძივი,
ირგვლივ უდაბნო, ირგვლივ ბურია.
იღბალი ბრმაა, იქნებ გულცივი,
ანდა უბრალოდ უგუნურია...







***
გაქრა ყვავილთა ნაზი მშვენება,
გულს შემოერტყა ზამთრის რაზები,
თვალები აღარ მომეჩვენება,
თვალები შენი - ცრემლის თასები...
აჰ, საით გაჰყვნენ ქარებს ვარდები,
შენზე ათასგზის დანადარდები,
რატომ არასგზით არ დაგენანა
იგი შენს ფეხთან დანავარდები?!...
ახლა დგას ჩემს წინ ცივი აკლდამა,
უდაბნოთა ზღვა დაუნდობელი,
მას ეწირება გული მგრძნობელი,
გული ღმერთივით შეუცნობელი!...
გაქრა აწ ჩემში შენი სახელი,
დატოვა კვალი - მხოლოდ ტკივილი,
რაღაც ჩრდილების გამომსახველი,
ამოუთქმელი რაღაც ჩივილი...
და მენანება იგი რაც გაქრა,
ვით წმიდა ცეცხლი, - უეცრად ჩაქრა,
აღარასოდეს გიხილავ, ვიცი,
რომც გნახო, ჩემში ყინული ჩადგა...
და მარტო ვდგავარ, ჩემი ჩრდილები
უდაბნოთა მზეს ელოდებიან,
სევდიან თვალთა ახლო ჭრილები
ყინულის ხაზებს ემსგავსებიან...


შენი თვალებით
*
მე ბედუინებს მივყვები, ქვიშა
ელავს, მი-მოდის ქარით, მზეებით,
ეს ჩემი გული რამ გააგიჟა
უხილავ განცდათ სამოთხეებით,
ასეა ჩემში ადამიანი,
კვლავაც ახლიდან დავიბადები
და სიხარულით თვალცრემლიანი
გნახავ და ძლიერ შემიყვარდები...
უძირო სულმა ბევრი მატარა,
ახლაც სამუმში მებრძვის სატანა,
ადამიაში არის გიგანტი,
ადამიანი არის პატარა...
მე ჩემს აწმყოში ვდგავარ ეული
და თვითეული დღე მცლის წვალებით,
კვლავაც მწამს, მიხმობს გზა შორეული,
შენის უმშვიდეს და ღრმა თვალებით...
აჰ, რამდენი დრო გჭირდება ნეტავ
რომ იგრძნო ჩემი მდგომარეობა?!
ნუთუ ვერასდროს შენ ვერ გაბედავ
იხილო ჩემში ეს უშენობა;
რა უდაბნოა, რა გაუვალი,
როგორ დავეხსნა მე აქ ტიტანებს,
გარეთ ტყე-ღრეა, შიგნით უფალი,
მაგრამ ღმერთებმაც რა მომიტანეს?!...
კითხვისნიშნები არ ილევიან,
დამილევია თასი მრავალი,
ვთქვი რასაც ვფიქრობ,
რაც გულწრფელია,
როგორ გაიგებს ნეტავ მავანი?!
კვლავ ბედუინებს მივყვები, ქვიშა
მღვრიედ მი-მოდის, ოქროსფერდება,
მე დავბედრები... შენთვის ნათქვამი
ერთი სიტყვაც კი არ დაბერდება...


***
აჰ, სითეთრეში ფიფქები ცვივა.
ვერ ეგუები დღეების დენას,
ზანტად მი-მოდის ზამთარი, ცივა,
შენც არ აპირებ მეტის მოთმენას...
მე ჩემი გზებით მივალ, სხვას ვხედავ...
- ოჰ, ნეტავ ასე ხედავდე ჩემო, -
უდაბნოთა ვრცელ ტრამალს გახედავ,
ყოვლად უსაზღვროს და უედემოს,
მაშინ სულშიაც იპოვი ბილოკს,
შენ მოეშვები გესლსა და ქილიკს,
მეტყვი: გიპოვე ძვირფასო მიშა,
გადმოვიარე უდაბნოთ ქვიშა,
შეუჩერებელ სამუმს გამოჰყევ,
შენ დაბადების შეხვდები წერტილს,
მიხვდები ჩემსას, არრას ვამუქებ,
რომ ყველაფერი აღმოჩნდა ერთი...
ფრთები აისხი, აიჭერ მაღლა,
მოვიდა ახლა დრო სხვანაირი,
სთქვი შენი სიტყვა, ძლიერ ხმამაღლა,
ელვით აავსე სივრცე, ჰაერი!...
და სითეთრეში შეიტან სული,
სული მაღალი და უხილავი,
ათასი ცეცხლით შემოგარსული,
და ათასობით ეშმას მყინავი!
ელვა ეცემა... გასხივოსნება
შენ გეუფლება, ჩერდება წამი,
დრო ქედს მოიხრის, შენთან მოდნება,
დაგმორჩილდება დრო-ჟამის ჩქამი!
ბოლოს ხომ ეს გზა მოელის ყველას,
ბოლოს ვეღარვინ ვეღარ ცდუნდება,
წინ მარტო ვლიდე, ნუ ელი შველას,
წვეთი სხვა წვეთებს დაუბრუნდება...
კვლავ სითეთრეში ფიფქები ცვივა.
ვერ ეგუები დღეების დენას,
ზანტად მი-მოდის ზამთარი, ცივა,
შენც არ აპირებ მეტის მოთმენას...




***
ვის არ შეხედავ ეჭვით სახეში;
ვის ნათელი აქვს გული, ვის მრუმე?!
ხანდახან იგებ - მტერზე საშიში
რომ მეგობარი ყოფილა თურმე...
*
მოდის სინათლე, დარდი ილევა,
დღე ოქროსფერი დღეა მზიანი,
აქ ხალხი დადის, ხალხი ირევა,
ვინ არის მათგან ადამიანი?! ...
*
წახვალ... ბიუსტი ცივი, ამაყი, 
ჟამთასვლასგაჰკვეთს, აგაფრთიანებს
და გაყინული შენი ქანდაკი
ფიქრში ჩააგდებს ადამიანებს...


скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge