გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნინო ქანთარია - ლექსები


***
როცა ერჩოდნენ,
ღმერთი უთვლიდა,
რამდენს ესროდნენ
ჩუმად ზურგიდან.
ვერ ვგრძნობდი ხელებს,
წვიმის წვეთებში
საკუთარ ცრემლებს
ჩუმად ვეძებდი.
ვაცილებ ფოთლებს
და დარდმაც მძლია,
იმედი მოკლეს,
ესროლეს ტყვია.
ზოგს ეშმა მართავს
დედამიწაზე,
უფალთან მართალს
აღარ იცავენ.
მართლაც ასეა,
როგორც პოეტი,
დარდით სავსეა
ზეცა ყოველთვის.
აჭრიან მკლავებს
მებრძოლებს მუდამ,
უსიტყვოდ კლავენ,
ღალატით თუნდაც.



***
სულს არაფერი ეცვა,
მაგრამ ვერ იგრძნო კაცმა,
რომ ისევ გაქრა ზეცა,
ისევ არგუნეს ჯვარცმა.
ზღვაში ობოლი იწვა,
ტალღა ეფარა ღამე,
გვიკვდება დედამიწა,
დროა, ვუშველოთ რამე.
მგლები გავიგე უკვე,
ლომებს, აჭრიან მკლავებს,
ღმერთო, რა გამხდის უკეთ,
როცა სიმართლეს კლავენ.



***
ჩამოვარდება
ორსული მთვარე,
ტანჯვით ღამდება,
ვერ ახელს თვალებს.
ახრჩობს წყურვილი,
თან ცოტას ითხოვს,
ლუკმაპურივით
პატარა სითბოს.
ტკივილი ავსებს,
რთულია მეტად,
იარო ასე,
სულ მარტო,კენტად.
ახლა კი ნანობს,
მოტყუვდა ასჯერ,
სიწრფელის გამო 
სულ იხდის სასჯელს.



***

მიდიხარ?წადი,
კარგად მეყოლე
და შენი ლანდიც,
თან გაიყოლე.
თუნდაც ლირივით
სულ მარტო დავრჩე,
არ მსურს ტირილი,
ვუმადლი გამჩენს.
სიზმარში თითქოს
მე ჩემი მზე მაქვს,
არ მტოვებს სითბო,
ფიქრების მძევალს.
ერთს ვიტყვი მხოლოდ,
გეცვლება სახე,
მოგიღებს ბოლოს
შენივე მახე.
მიდიხარ?წადი,
ისევ ნუ მაცდენ,
დავმარხე დარდი,
დავმარხავ განცდებს.



***

ირგვლივ სინაზე
გარეთ ნისლები,
ახლა წვიმაზე,
დავინიშნები.
დრო კვლავ მოვიგე
ფიქრები მცვივა,
სული მოვირგე,
უბრალო მძივად.
დამაქვს ასე
მზე ხელისგულზე,
იმედით სავსე
განთიადს ვუმზერ.



***
არ მითხრა ახლა,
რომ ჩემი გესმის,
მე სევდა მახლავს,
მაწუხებს ლექსი.
არ მითხრა ახლა,
რომ ჩემი გჯერა,
შეხედე, მაღლა
მომრავლდა ძერა.
არ მითხრა ახლა,
რომ გეცნო გემი
და ზღვაში- ტალღა,
ვით სული ჩემი.

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge