გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნინო ქანთარია - ლექსები


***
ჩამოვარდება
ორსული მთვარე,
ტანჯვით ღამდება,
ვერ ახელს თვალებს.
ახრჩობს წყურვილი,
თან ცოტას ითხოვს,
ლუკმაპურივით
პატარა სითბოს.
ტკივილი ავსებს,
რთულია მეტად,
იარო ასე,
სულ მარტო,კენტად.
ახლა კი ნანობს,
მოტყუვდა ასჯერ,
სიწრფელის გამო
სულ იხდის სასჯელს.


***
მაქციეს ზურგი,
მესროლეს ტყვია,
ახლა კი უკვირთ,
არაფრად თვლიან.
სულ არ მატყვია
ჭრილობა სულზე,
ახლა ნატყვიარს
შორიდან ვუმზერ.
ზღვა ისევ ღელავს,
დავუშვი ღუზა,
ვერ ვუგებ ყველას,
მაფიქრებს მუზა.
დუმილი ამხელს,
სული კვლავ გოდებს,
ქარი კი არხევს
ნელ-ნელა ფოთლებს.
არ მიკვირს,რატომ?
ტვირთი აქვს პოეტს,
დარდი მას მარტო
არასდროს ტოვებს.


***
არ დამინდო დრომ,
მესროდნენ ისრებს,
არ ეგონათ,რომ
უფალი მისმენს.
მე მტკივა დღესაც
ცრემლით ნაბანი. 
მგონი ,სიტყვებსაც
ვერც კი ვაბამდი.
ვსაუბრობ ღიად,
ხშირად,სულ მარტოს,
ვერ გამიგია,
ასე რას ვნატრობ.
მზეს ვეუბნები,
ახლა უშენოდ
სხვა მზერას ვხვდები,
უნდა ვუშველო.
ვიცოდი ახლა,
ამ ბნელ ღამეში
არ სურდათ მაღლა
მე რომ გამეშვი.
ვაღმერთებ მუდამ
უფუნჯო მხატვარს,
როცა კი უნდა,
სულსაც რომ ხატავს.


***
დარდი ბეჭებით
სულ დამაქვს ეულს,
მკლავენ ეჭვები,
ვერ ვუგებ სხეულს.
სულს ვეუბნები,
ნუ გიყვარს მეტად
და შენი ნებით
ნუ აქცევ ღმერთად.
ბევრ რამეს ვამჩნევ,
ბევრი რამ მესმის,
მადლობა გამჩენს,
მაცოცხლებს ლექსი.
მინდოდა ფრენა,
სულ მკლავდნენ ისრით,
ღალატით ენა
სიბილწეს ისვრის.
მაფიქრებს ლექსი,
მაფიქრებს სუსხი,
ვისაც არ ესმის,
არაფერს ვუხსნი.
ბევრი მომჩივის,
თუმცა არ ვდარდობ,
ისევ მორჩილი
სიმართლეს ვამბობ.
თავს ძალას ვატან,
ვუღიმი ბოროტს,
სიყვარულს ვხატავ
სიკეთით მხოლოდ.


***
ახლა და ამ წამს
ვხედავ ყალბ მარცვალს,
მე შენი არ მწამს,
თვალს აყრი ნაცარს.
ამ სულს ნუ მაცლი,
იქ წადი,მარცხნივ,
იგრძენი მარცხი,
ცხოვრება - მკაცრი.
სასოწარკვეთა
მეტია ჩემში,
ჩრდილი სარკეთა
ვიცი,რომ შემშლის.
სიგიჟის ზღვარზე
რაღაცას დავწერ,
რომ მოვალ აზრზე,
სულ დავხევ ნაწერს.


скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge