გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნანა მომცელიძე - ლექსები


სევდა გავაქრე

გრძნობას დავლანდავ სადღაც შორეთში,
ტანს აბლაბუდის კაბა მაცვია.
გადავეშვები გრძნობის მორევში
ჩემი ფიქრები უკვე ანცია.
უკვე დახტიან მაჯლაჯუნები,
ცდილობენ სულის ამოხდას ბნელში.
მაგრამ უარით დატანჯულები,
სადღაც გარბიან უდაბურ ტყეში.
დღე ინათებს და უფალი მეძებს,
არ სურს რომ ვიყო გზაარეული.
თეთრი მანდილი უჩემოდ ვერ ძლებს,
მარტოობაზე გადარეული.
ტყის ტევრს დავკიდე ცრემლის ბურთები,
მზის გულს ღრუბელით აღარ ვაშინებ.
სევდა გავაქრე ისევ უთქმელი
და სიყვარულით ვერ შემაშინებ.
თვალებში ისევ ეშმაკუნები,
გულში კი ბუდობს ისევ სიცოცხლე.
სიგიჟევ ,ჩემს ხმას ეხმაურები,
სიმშვიდევ ,მხოლოდ ჩემთან იმორცხვებ.


ჩემს პატრიარქს

საქართველოს შეუცვლელო გულო.
პატრიარქო, დალოცვილო ზენით.
როგორ მინდა ყველამ გიერთგულოთ
და მოგართვათ სინანული ხელით.
პატრიარქო, ფესვმაგარო მუხავ,
საქართველოს დალოცვილო შვილო.
აქ ,ხანდახან, მუმლი ფესვებს უხრავს,
მაგრამ შენით გადარჩენას ცდილობს.
შენ ბურჯი ხარ საქართველოს ღერძის.
შენ ვენახი მსხმოიარე გართობს.
ჩვენი ცოდვა გოლგოთაზე გელის,
მაგრამ გულში ჩვენს სიყვარულს არ თმობ.
პატრიარქო,საქართველოს გულო,
პატრიარქო, საქართველოს ზენავ.
გადამრჩენო უწმინდესო სულო,
შენს იმედად გადარჩენას ვხედავ.
მინდა იყო მუდამ ჩვენი მწყემსი,
მინდა იყო მუდამ ჩვენი ფარი.
შენს მადლს ქვეყნად ვერაფერი შეცვლის,
შენით ქართველთ გვაქვს სამოთხის კარი.
საქართველოს შეუცვლელო გულო,
პატრიარქო,დალოცვილო ზენით.
როგორ მინდა ყველამ გიერთგულოთ
და მოგართვათ სინანული ხელით.


არ დამიხუჭო ოცნების თვალი

"ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე,
ერთი აპრილის ამოფეთქვა ხარ"
დრო მოვა ფიქრის ჩამოთოვამდე
და, ალბათ, გეტყვი,"მე შენ მიყვარხარ".
სულის ქუხილი შემაძლებინებს,
რომ მოვუყარო თავი ნაფიქრალს.
გარდაცვალებას დამაძლევინებს,
ფარვანა სულის მოსდევს ქარიშხალს.
ვიტოვებ იმედს დაღლილი ქალი,
ოდესღაც მოხვალ ჩემთან სიმბოლოდ.
არ დამიხუჭო ოცნების თვალი,
იქნებ სიმშვიდე ერთად ვიპოვოთ.
"ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე,
ერთი აპრილის ამოფეთქვა ხარ".
დრო მოვა ფიქრის ჩამოთოვამდე
და ,ალბათ, გეტყვი,"მე შენ მიყვარხარ".



ხანდახან მიკვირს

ხანდახან მიკვირს,
რატომ გთხოვენ გულით სიყვარულს.
ხანდახან მიკვირს,გულის სითბოს რად არ გაძლევენ.
როცა თავადვე არ გჩუქნიან ოდნავ სიხარულს
და ყვავილებს კი გჩუქნიან და ისევ გართმევენ.
ხანდახან მიკვირს, შეცდომებს რომ შენ გაბრალებენ.
თავის უგულო საქციელზე შენ გთხოვენ პასუხს.
თავის თავს ისე უბედურად წარმოაჩენენ,
თითქოს შენ იყო დამნაშავე ,თითქოს შენ არ გსურს.
სიყვარული კი სულ სხვა ფიქრი, ზრუნვა მგონია.
როცა ყოველ წამს მისით ცხოვრობ, მასზე ფიქრებით.
შენ ჩენზე მეტი გული გქონდეს, არა მგონია.
მაშინ მიხვდები, როცა შენთვის აღარ ვიქნები.


სად ხარ უფალო?!

ჯვრის ფორმის გზაზე ვდგავარ უმწეო.
გზაჯვარედინად წოდებულ გზაზე.
ვფიქრობ, რომ დავრჩი, დავრჩი უმზეოდ.
გაბრაზებული საკუთარ თავზე.
ირგვლივ ირევა ათასი ფერი.
ირგვლივ გაისმის ათასი ლოცვა.
მე კი ვარ ქვიშის მარცვალი, მტვერი.
უფალო, მინდა შენამდე მოსვლა.
გვერდზე გახედვა არ მინდა იცი?
არც უკან დამრჩა რამე გულწრფელი.
ვდგავარ და ვფიქრობ, ვფიქრობ და ვიცი,
მომენატრება ბალახის ფერი.
ატმის ყვავილი მომენატრება.
იასამანი და ვარდის ფერი.
მომენატრება სიო, თავნება.
მომენატრება, თუნდაც,ის მტვერი.
რომლითაც შენ მე შემქმენ უფალო
და თან აღმგავე პირისგან მიწის.
დამტოვე ისევ ყრუ და უთვალო
და გამამზადე საჯიჯგნად მიწის.
მე დავიღალე, სად ხარ უფალო?!


იქნებ წამიყვანო მთაში

თეთრი ტყემლებისფერ კაბას შევიკერავ.
გვირილებს ჩავიწნავ თმაში.
ცელქ და მიუწვდომელ სიოდ დაგიბერავ,
რაშით ჩაგიქროლებ ქარში.
ყაყაჩოს დავკრიფავ სიყვარულისფერად,
ბალახს გაგითიბავ მთაში.
გვირილჩაწნულ დალალს გავშლი ხელისხელად,
მინდვრად სარეცელსაც გავშლი.
სიყვარულს მოვპარავ იქვე ნაკადულებს,
ბაგეს დაგისველებ წამში.
ყვავილთა ფოთლები ცვარ-ნამს დაგაპკურებს,
მეც გულს ჩაგეკვრები მაშინ.
ჩემო ერთადერთო, იქნებ გამიტაცო,
იქნებ წამიყვანო მთაში.
იქნებ ოცნებებში ხელში ამიტაცო
ისე გამაქროლო ქარში.
თეთრი ტყემლებისფერ კაბას შევიკერავ,
გვირილებს ჩავიწნავ თმაში.
ცელქ და მიუწვდომელ სიოდ დაგიბერავ,
რაშით ჩაგიქროლებ ქარში.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge