გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ია ჯღარკავა - ლექსები


გამომშვიდობება უგულოდ

“...დიდხანს მესმოდა ყორნის ჩხავილი.
შემდეგ, როდესაც წახვედი ჩემგან,
მიდიოდი და მიგქონდა სევდა -
ჩემგან მოძღვნილი ლურჯი ყვავილი;
თვალს მიეფარე - ვიფიქრე, მორჩა,
დღე დაღამდა და აღარ ინათებს.
თან წარიტანე ვნება-სინათლე.
მზე ჩავიდა და მთვარე გამოჩნდა;
ვიდექი დიდხანს. არ ვიცი, რატომ,
მივლასლასებდი დათოვლილ გზაზე.
შენ ჩემი გული ისე ჩარაზე,
შეგ მზე ვერ აღწევს - სითბოც არ მოდის!
თეთრი თოვლივით მადნება სული.
რა ვქნა, მე ვეღარ დაგედევნები,
ვიცი, რომ მაინც გზად დაგებნევი -
ბედი ურჩია და თავგასული;
მერჩია თავზე ყორნის ჩხავილი,
ვიდრე ის, მაშინ რაც დავინახე -
უმალ დამეცა თავზარი, რადგან
ვერცხლისფერ თოვლზე ეგდო ყვავილი!


ზამთარი

გარეთ თოვს და ფარავს მთა-ბარს,
ატკაცუნებს ცეცხლი მუხას -
დიდ ბუხარში კუნძი გდია,
მოსდებია ალი ბუხარს.
თეთრ მანდილად დადებია
ტყემლებსა თუ ხეებს ალვის,
თეთრ ბუნებას ალამაზებს
ანაბოლქვი ბუხრის ალის.
დიდ ბუხარში კუნძი გდია,
მოსდებია ალი ბუხარს,
გარეთ ხენი დათოვლილან,
თოვლი ადევს ალიბუხარს.
ჩიტები ხან თოვლზეც ისხდნენ
და სციოდათ ყინვის ორთქლზე,
როცა თოვა წამოიწყო,
ნაკვალევი დარჩათ თოვლზე.
ხეებს ზამთრის მოსასხამი
კოჭებამდის მოახურა.
გატრუნული ეს ბუნება
ჰგავდა ნამდვილ ზამთრის სურათს.
გარეთ თოვს და ფარავს მთა-ბარს,
(სახლში იწვის მუხის კუნძი),
ხვავრიელად ფარავს ეზოს,
არ ყოფილა თურმე ძუნწი!


მე - თოლია

დღე ინავლება, ქრება მზის შუქიც.
ცხელ უდაბნოში კვდება თოლია!
მეც თოლია ვარ - სევდის აშუღი,
ვისაც სიმღერაც კი არ ჰქონია!
მზემ იგრძნო დაღლა და მე კი ვერა,
ქარსაც მობეზრდა ქვიშის ჭენება
და ისე, როგორც მზე ჩაესვენა,
მალე ჩემი მზეც ჩაესვენება!
ის დრო არ მოვა, როცა თვალღია
მერნით დავქროდი ჭენებ-ჭენებით
და აწი მიწას თუ მომაყრიან -
საფლავს მორთავენ წვრილი ჭერმებით!
მე დავასწარი თოლიას ლტოლვა -
სიკვდილმა მოგვცა ბევრი სინაზე.
და ისე მოკვდა თოლია, როგორც
ამასწინ მოვკვდი მე ცხელ ქვიშაზე!


მუსიკა ბნელში

უკრავდნენ ბნელში. ცეკვავდენენ სხვები.
მწვანეთვალებას ვაჟი თავს უხრის:
- იცეკვებთ ჩემთან? ამბობდა ვაჟი,
- არა, არასდროს! - იყო პასუხი.
ის თავდახრილი უხმოდ ისმენდა.
თეთრი თითები ამბობდნენ სათქმელს.
დაყოვნებას კი დროც ვერ ითმენდა -
თეთრმა თითებმა სათქმელი გათქვეს...
მათი თვალები ისროდა ელვას.
გარეთ კი იყო ცა უფრო რუხი.
ვაჟმა თქვა ჩუმად: რას ფიქრობთ, ევა?
ალბათ მიყვარხარ, იყო პასუხი.
უკრავდნენ ბნელში. გარეთ კი წვიმდა,
(ძრწოდნენ ხეები მეხის ნაქუხნი),
ამბობდა ვაჟი: მითხარ, რა გინდათ?
დამტოვე შენთან! იყო პასუხი.


ღვინო და სადღეგრძელო

წითელი ღვინო აილეწა თიხის ჯამებში-
თითქოს ჯამებმაც შეწყვიტესო უეცრად სუნთქვა.
ამბობდა ვიღაც, გაუმარჯოს, ღმერთმან, იმ ქართველს,
ვის სადღეგრძელო ამ ღვინით და ამ ჯამით უთქვამს!
მხიარულებას, ღვინით ნათრობს, აგრძელებს ვიღაც
და სუფრის თავში ჯამებს ავსებს, ო, დიონისე! ...
ამბობდა იქაც, არსად თქმულა ნათრობი სიტყვა,
ქართველი კაცი თუ იტყვისო ისევ და ისევ!


დამშვიდობება უგულოდ

მე მზიან დილას მივესალმები,
მივესალმები ყოველ მზის სხივსაც,
მას - ვისაც უყვარს ამქვეყნად ვიღაც,
იმ გულდამწვარსაც მივესალმები!
გეგონა აღარ შემეძლო ოხვრა,
სულ მოღიმარე გენახე რადგან?
რაა ცრემლები, რა მოდის მათგან?
(ამდენმა დარდმა გული გამოხრა!)
მოგესალმები შენც! არ გემდურვი,
არც რა მიზეზით გაგებუტები.
წავალ და ღრუბლებს ჩავეხუტები,
ნუგეშს მოვძებნი მე უბედური!
(მზიან დილას რომ მივესალმები,
მერმე ღრუბლებში დავისადგურებ,
ალბათ ოცნებას გავანადგურებ
ცასაც მოვქარგავ შავი ალმებით!)
მე მზიან დილას მივესალმები,
თუნდაც ავდრიან დილას, მოქუფრულს!
მაინც ვერავინ მომიბრუნებს გულს
და მე უგულოდ გემშვიდობები!
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge