გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნანა მომცელიძე - ლექსები



ქვეყანა ჩემია

ცხოვრების დაწყება თავიდან ძნელია,
ვყრი ირგვლივ ყველაფერს, რაც უკვე ძველია,
ვიშორებ სიმძიმეს, ცა კი ზღვისფერია
და ასე მგონია, ქვეყანა ჩემია.
ძნელია სიცოცხლე, ცხოვრება ძნელია,
სადღაც შორს ვიტოვებ, რაც უკვე ბნელია,
ცხოვრების ბილიკზე ვჩერდები, მელიან...
ერთ ხმაში, ერთგულად, ჩემს გვერდით მღერიან.
და მე კი ცხოვრებას დავიწყებ თავიდან.
ძველი ჩურჩულები არ მესმის, არ მინდა,
უაზრო ფიქრებში სიცოცხლე გავიდა,
ის წლები, ფერადი, გაფრინდა, წავიდა.
ცხოვრების დაწყება თავიდან ძნელია,
ვყრი ირგვლივ ყველაფერს, რაც უკვე ძველია,
ვიშორებ სიმძიმეს, ცა კი ზღვისფერია
და ასე მგონია, ქვეყანა ჩემია.


თუ წავიქეცი, შენ ამაყენე

თუ წავიქეცი, შენ ამაყენე,
თუ დავიქეცი, მომეცი ხელი,
თუ გავიქეცი, შენ შემაჩერე,
მე, რახანია, რომ ამას ველი.
თუ შემეშალა, ნუ გადამივლი,
მასწავლე, როგორ ვიარო შენთან,
დავრდომილს კარგად თუ არ მომივლი,
მაშინ გამიშვი ზეცაში ღმერთთან.
მინდა, მაჩუქო მთელი სამყარო,
მინდა, გამითბო სული და გული,
ეს სიმარტოვე ჩემგან გაჰყარო,
გამილამაზო ცხოვრება რთული.
თუ წავიქეცი, შენ ამაყენე,
თუ დავიქეცი, მომეცი ხელი,
თუ გავიქეცი, შენ შემაჩერე,
მე, რახანია, რომ ამას ველი.


მინდა, რომ შენი აპრილი ვიყო

ყოველ წამს ვფიქრობ, აპრილებს ვმართავ
ყოველწამს ვითხოვ, წადი, ზამთარო,
ბედის ბორბალზე ვიქსოვ და ვართავ,
ვარ უნაპირო და უსამყარო.
ყოველ წამს მინდა, გაიხსნას ფარდა,
ყოველთვის იყოს ნარინჯისფერი,
შენ დაგინახო, არავის გარდა,
არავის ფერად ჩამონაფერი.
მინდა, ყოველთვის უსახო ვიყო,
გადაზელილი ღია ფერებით,
ღამე სარეცელს მთვარესთან მიყოფს
არარსებით და არდაჯერებით.
მინდა, რომ შენი აპრილი ვიყო
მინდა, რომ მეცვას ნარინჯისფერი,
არ გინდა? მე ჩემს მომავალს გიყოფ,
როგორც ყვავილის ბუტკოდან მტვერი.


ადამიანი, სამყაროში ცნება პატარა

დაბადებიდან სიკვდილამდე ყველა გზას გადის
და ეს გზა-შარა უშეცდომოდ ვერვინ ატარა,
ბევრ შეცდომასაც, ბევრ ცოდვასაც უაზროდ სჩადის
ადამიანი, სამყაროში ცნება პატარა.
ათასგვარ ვნებებს აყოლილი მიდის ასტრალში
და იქ იწყება სინამდვილის აღმოცენება,
ადამიანი დარწმუნდება საკუთარ თავში,
როცა სული და ხორცი ერთურთს არ ეჩვენება.
ეს მიწიერი სინამდვილე სულს როგორ აშრობს,
ფიტავს გონებას და ეფლობა მძიმე ჭაობში,
ზეციურ ხმებში სულს სიმშვიდე ისევე ათრობს
და აღარ ესმის როგორ მოხვდა ასეთ ქაოსში.
იღლება სული და მიჰყვება უსაზღვრო სივრცეს,
იმშვიდებს ტანჯვის აუტანელ, საშინელ წამებს,
ეს დროებითი სინამდვილე დუელში იწვევს
და სურს დაშორდეს ამ დროებას, უმთვარო ღამეს.
დაბადებიდან სიკვდილამდე ყველა გზას გადის
და ეს გზა-შარა უშეცდომოდ ვერვინ ატარა,
ბევრ შეცდომასაც,ბევრ ცოდვასაც უაზროდ სჩადის
ადამიანი, სამყაროში ცნება პატარა.
სული შორდება ამქვეყნიურ სიბილწის მორევს...


ერთი წამისთვის

ერთი წამისთვის შეიძლება სიცოცხლე დათმო, 
ერთი წამისთვის შეიძლება სიცოცხლე გინდა,
ერთი წამისთვის შეიძლება წახვიდე მარტო,
ერთი წამისთვის დაბრუნება იქნება ღირდა.
ერთ წამში შენთვის ამღერდება მთელი სამყარო,
ერთ წამში შენთვის ჩამორეკენ ზეცის ქნარები,
არც კი ეცადო, ერთი წამი სხვა წამს გაჰყარო
და დაუხუჭო ზეცის სიღრმეს ანცი თვალები.
რადგან წამია,,რისთვისაც შენ მოხველ სამყაროს,
ამ ერთ წამში კი ბევრი ფიქრი სადღაც გადავა
და მე არ მინდა, სულმა ხორცი ისე გაჰყაროს,
რომ შენ ვერ მიხვდე, წამის მერე სული სად წავა.
ერთი წამისთვის შეიძლება სიცოცხლე დათმო,
ერთი წამისთვის შეიძლება სიცოცხლე გინდა,
ერთი წამისთვის შეიძლება წახვიდე მარტო,
ერთი წამისთვის დაბრუნება იქნება ღირდა.


მინდა დავწერო ადამიანზე

მინდა დავწერო ადამიანზე,
ვინც ერთგულება რომ იცის გულით,
ისეთ ცოლებზეც მინდა დავწერო,
ვითომდა ქმრები რომ "უყვართ"ფულით.
ან ისეთებზე, ქმრებს უცინიან
და ღალატობენ სხვადასხვა ფორმით,
ან ისეთ ქმრებზე, როცა ცოლები
გადაღლილები არ უნდათ შრომით.
მინდა დავწერო "მოაზროვნეზე"
შეუგნებელი რომ არის თავით,
ან აზრიანზე, რომელსაც წიგნი
სულ არ უნახავს არცერთხელ თვალით.
წიგნგადაშლილი შტერებიც ვიცი
და უდიპლომო გენიოსებიც,
სოფლად გაზრდილი ინტელიგენტი
და მუქთახორა ქალაქელებიც.
კლოუნიც ვიცი, თან არა ერთი,
მთელი ცხოვრება რომ თამაშობდა,
კამათელს ყრიდა და ერთით ერთი
ტყუილი მასთან დათარეშობდა.
და ბოლოს, ვიცი ადამიანი,
ვისი სურვილიც მართლა ასრულდა,
ცხოვრობდა თითქმის არდარდიანი
და "უიმისოდ" სუნთქვა არ სურდა.
ყველანაირო ადამიანო,
სიყვარულია ბოლო ყოველის,
ეს თუ არ იცი, ადამიანობ?
ამის გარეშე შენ რა მოგელის?
скачать dle 12.1