გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლალი ასაბაშვილი - ლექსები


ჩემი საქართველო

ჩემი საქართველო სულში ტკივილებად მინთია...
ისე მენატრება, ვერსად, ვერავისთვის მითქვია.
ახლა ფოთოლცვენამ ისევ ამიწეწა ფიქრები,
ჩემი ქვეყნის დარდით, გულში გამიყარა ისრები.
მალე აცივდება, თოვლის ფიფქი თავზე დამათოვს,
თეთრი იანვარი კვლავაც მონატრებით დამათრობს.
ზამთარს რა გაუძლებს, ვიცი, მარტოსული ვიქნები.
ღმერთო, მომეშველე, ჩემი ცოდვებისთვის ვისჯები.
მთვარეს, მერამდენედ, ვთხოვე ჩემთან ღამის გათევა.
მტერმაც არ იკმარა, ჩემი მიწა-წყალის გათელვა.
ყველას მიეზღვება, ვინც შენ გაგიჩინა ვარამი...
შენგან წაღებული, ყელში გაეჩრებათ არამი.
ჩემი საქართველო, უფლის მირონმდენი მდინარე.
ღმერთო, დაიფარე, მტერმა არა ნახოს მძინარე,
ჩემი საქართველო ჩემი ხატია და ჯვარია.
ისეთ წასვლას ვნატრობ, რომ არ გამყვებოდეს ჯავრია.


წუხელ სიზმარში

წუხელ სიზმარში საქართველოს მთებში ვიფრინე
და ჩემი ფრთებით მივაპობდი ქარების ტალღას.
გადმოვყურებდი ჩემს სამშობლოს გახარებული,
ერთი წამითაც არა ვგრძნობდი ფრენისგან დაღლას.
მწვანედ ღვიოდნენ ჩემი ქვეყნის ლამაზი მთები,
არსად, არც ერთ მთას, ცეცხლის კვამლი არასდიოდა.
გახარებული ზურგს ვაქცევდი ძველ მოგონებებს,
ქართველ გლეხ-კაცსაც თვალზე ცრემლი აღარ სდიოდა.
"სამშობლოს მთებო "_ ჩამესმოდა ილიას ხმები,
მთების აჩრდილი ალაზნის ველს ეფინებოდა
და მთების ერთხმად შეძახილი _ "ვაჰ დრონი, დრონი"
ყველა ქართველის გულში წყაროდ ედინებოდა.
მშობლიურ მიწას შევხაროდი უსიტყვოდ, უხმოდ;
მინდოდა, გულსაც ღრმად შეეგრძნო მათი სურნელი.
სამშობლოს მთები დამილოცე, უფალო ჩემო
და ყველა ხალხი მის მომავლით ბედის მსურველნი.


მთვარის შუქზე

მთვარის შუქზე წუხელ ლექსი დაგიწერე,
მთელი ღამე გულში რითმებს ვალაგებდი,
ვარსკვლავებიც თავზე უხვად დამნათოდნენ,
ფიქრით ცაზე მიუწვდომელ კოშკს ვაგებდი...
იცის ღამემ, როგორ უნდა დაგიმონოს,
ალბათ მასაც მარტოობის შიში ზარავს.
შეგიტყუებს, ფიქრში ისე გადაგმალავს,
არ გაგიშვებს, ძილის კარებს ჩაგირაზავს.
მე და ღამემ _ შენზე ბევრი ვისაუბრეთ,
ვიჯექით და ერთმანეთში აზრი ვცვალეთ...
ვუყვებოდი, როგორ ვძლიე უშენობას,
მონატრების ყანწიც ერთად გამოვცალეთ.
მთვარის შუქზე, როცა შენზე დავწერ ლექსებს,
ნათენები ღამე თეთრად გათენდება,
უშენობის მონატრებას ლექსად ვიტყვი,
ვფიქრობ, ამით ჩემს გულს რაღაც ეამება.


ზღვა და ქალი

ზღვის ნაპირზე მზე რომ ღრუბელს მოეფარა,
შევამჩნიე, მის ნაპირზე მდგარი ქალი...
მოწყენილი, დარდიანი ჰქონდა მზერა...
მის თვალებში ელვარებდა ცეცხლის ალი,
ზღვა კი მშვიდად, ისე წყნარად ლიცლიცებდა,
საუბარი იქნებოდა მასთან წრფელი...
ქალი თითქოს მონატრებას დაეძებდა,
დასდებოდა ტკივილების მწველი ფერი.
ბინდდებოდა, ქალი წასვლას არ ჩქარობდა.
მისი ჩრდილი ტალღებს ნაზად ეხებოდა.
სიბნელეში მონატრებაც ელეოდა,
ზღვაში ფიქრი, ოცნებები ეხრჩობოდა.
ზღვის ნაპირზე, ჰორიზონტზე იდგა ქალი,
გულში ძველი ტკივილები შერჩენოდა.
მდუმარებით უგორავდა ღაწვზე ცრემლი,
ზღვის ტალღებში ქალი უხმოდ ეშვებოდა...


მენატრები

მონატრების ლაბირინთში გავეხვიე,
ვერ ვიპოვე, ვერც ბოლო და ვერც საწყისი..
წლებმა ისე მერცხლებივით გაიფრინეს,
ვერ ვიგემე, ვერც აწყმო და ვერც მაისი.
ისევ დადგა ეს ზამთარი ძველებურად,
წლების წინ რომ მომაყენა ტკივილი.
დამათოვა თმებზეც ბევრი ფანტელები,
გულს შემორჩა მონატრების კივილი.
ცოდვის მორევს შემიცურავს, მიგემია,
გულშიც ბევრჯერ ამრევია რითმები...
ცხოვრება ხომ ერთი დიდი ტკივილია,
ცრემლის ზღვაში... მონატრებით დავთვერი.
დრომ წაიღო, რაც გამაჩნდა, რაც მებადა,
სარეცხივით გადმოკიდა კადრები.
დრო შემადნა, ხელის გულზე დამეღვენთა,
თეთრ ფურცელზე გადმოვწერე ტიტრები.

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge