გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნინო უძილაური - ლექსები



გამორჩეული

ვერ აგამღერე, 
ვერ ჩაგაცვი ატმის ყვავილი,
ვეღარც მოგარგე სიყვარულით ნაქარგი ფარჩა,
არ მომიფრთხილდი, 
ვერ მიცანი,
რომ ვარ ნამდვილი
და გრძნობა ჩემი გადააგდე, აღარსად დარჩა...
ბედი ტრიალებს 
დაბადება - გარდაცვალებით,
სამყაროს სული სიყვარულით მოევლინება,
გზად თუ შემოგხვდი, 
გამიღიმე სევდის თვალებით,
ადამიანის თვალებით ხომ სული ვლინდება.
სიცოცხლის ტალღა 
სიკვდილამდე ბობოქრობს ცაში,
სიყვარულს ითხოვს დედამიწაც, დაღლილი ახლა,
გამორჩეულად დაბადებულს იტაცებს რაში
და მიაქროლებს უსასრულოდ, 
მაღლა და მაღლა!..


გადაგიყვარებ

გადაგიყვარებ... 
და შენს მაგივრად სხვა სამყაროს შევეფარები...
გადაგიყვარებ,
და მონატრებას ჩემი აჩრდილით მივეფერები,
დილის მზის სხივებს
მთვარის შუქით უკუნეთად მოვეფარები,
რათა სამყაროც დაღონდეს და
შეიმოსოსმუქი ფერებით.
გადაგიყვარებ,
და შენს მაგიერს ვერასოდეს ვერ შევიყვარებ,
გადაგიყვარებ...
უსათუოდ გადაგიყვარებ!
ვიდრე სიკვდილი მესტუმრება და შემიყვარებს,
ვიცი, შენც მერე მომძებნი და კვლავ  შემიყვარებ
და სწორედ მაშინ, მაშინ მართლა გადაგიყვარებ!
                     

ფრაგმენტი

ეს წამიერი გაელვება რა იყო ნეტავ,
ბახუსის წვეთებს ვერ ელევა ღამე გვიანი,
ცოტაც და, ალბათ მოიტაცებს სამყაროს ფეთქვას,
მოიტაცებს და ... დაღონდება დილაც მზიანი.
დაგდებულ კალამს ახლაც ვუმზერ წარსულის ხედვით,
დაუფლებია ნოსტალგია მუზების მეფეს,
სევდით შეფერილ ღვინოს შევსვამ ცახცახა ხელით
და მერე ღვინოს დავაბრალებ ტირილს და ცრემლებს.
ეს წუთიერი გაელვება ავსებს სიცოცხლეს,
მოგონებებში გადაბარგდა ნეტარი წამი,
სევდით შეფერილ ღვინოში კი მუდამ იცოცხლებს,
მოგონებებში ჩაკარგული ის დრო და ჟამი.
                       
            

ღამის სათქმელი

როდესაც ღამე
ჩამოწვება ფიქრებით სავსე,
როცა სრული დღე 
შეჩერდება წამით სარკმელთან,
ჩამოღონდება ცივი მთვარე ეულად ცაზე,
დამეგობრდება წუთიერად ღამის სათქმელთან.
ჩამოაბნელებს სულის შფოთვა
ღრუბელთ ნაფლეთებს,
სავსე ფიალას სულში ჩაცლის
ღამის წყვდიადი,
შემოაწვება კაეშანი გულის ნახეთქებს,
და აპათია გამეფდება მთვარის ტირადით...
ჩამოახიეთ ღამის წყვდიადს ბნელეთის ფარდა,
დილის მზის სხივით აკაშკაშეთ დათვლილი წამი,
ქვესკნელს ჩაკეტეთ ყველა მითი,
სიცოცხლის გარდა,
დატკბით ყველა დღით,
ვიდრე გასვლის ჩამოჰკრავს ჟამი!
    

უსასრულო ბილიკები

უსასრული ბილიკებით დავალ ახლაც,
სიმრავლეში სიმარტოვე ახლოს მიცნობს,
რა სიბრიყვე წავიკითხე თითქოს ახლაც,
არ მინდა და მაინც სევდა ადგილს მითმობს.
სიყვარულსაც გადავაწყდი ლამაზთვალას,
ცხოვრებამაც მაჯანჯღარა აღმა-დაღმა,
მონატრებამ გამომცალა ვით ფიალა
და სიცოცხლე, სიკვდილს უმზერს გზის გადაღმა.
მიმაქანებს დრო, წუთებად ჩამოქნილი,
პოეზიას ვეფარები წუთიერად,
სიყალბეა ზღვარს გასული და მოქნილი,
გადამღალა ამ ცხოვრებამ სულიერად.
ტაძრად სანთლებს ამინთებენ როგორც ყოფილს,
როგორც ერთდროს სიყვარულად ფერფლილ სტრიქონს,
მტვერს დაადებს დრო ჩემს კალამს და ჩემს პროფილს,
და წარსულიც დამივიწყებს, გავქრი თითქოს!
გზად სიყვარულს ხომ წავაწყდი ვნების ალად,
სიშლეგის და გაფრენების დროც ხომ იყო,
უსასრულო მოგონება მიმდევს კვალად,
უსასრულო ბილიკებით გზაც გაიყო.
სიმრავლეში ისევ მარტო დავალ ახლაც,
დროს ვაჩერებ, არ მინდა რომ იქ არ ვიყო,
ის კონვერტი ვიპოვე და დამრჩა სადღაც,
რომ ეწერა, ჩემი გული ვისთან იყო...


ამიტომ პოეტო

სულით ფაქიზი ხარ და იწვი პოეტო,
სულში ჩამალული დარდით და ფიქრებით,
პოეტნიც ამიტომ, ამიტომ ვპოეტობთ,
ავენთოთ კელაპტრად, სანამ აქ ვიქნებით.  
და მერე საწუთრო ჩვენს ლექსებს მოაბნევს,
ღიმილად, ფიქრებად და დასაფიქრებლად,
ამიტომ პოეტო, უნდა იპოეტო,
უნდა გადმოდინდე ზღვა მარგალიტებად.
               
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge