გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნინო უძილაური - ლექსები


ძველ დღიურს

ვეძებ დაგდებულ კალამს,
ვეძებ გაცვეთილ დღიურს,
ოდეს დავწერე სადაც,
ვისთან ვტოვებდი ჩემს გულს.
გადავასწორო მინდა,
ძველი ნაწერის ბწკარი,
წარსული დამდევს ჩრდილად,
ვერ გამისწორა თვალი.
თუ მივაგენი მელანს,
თუ მეყო ძალა ჩემში,
დავთმობ დახეულ მზერას
და გულს დავტოვებ მკერდში.

       

           „აი ნამდვილი სიყვარულისთვის ყოველთვის ღირს ბრძოლა და არავინ არ თქვას, რომ სიყვარული ომი არაა“...
                               გოდერძი ჩოხელი 

სიყვარულის სტრიქონი

მალე არ ღამდებოდეს,
მალე არ თენდებოდეს,
შენს მკლავებზე მეძინოს,
ტუჩებს კოცნა წვდებოდეს.
შენი ტანი მფარავდეს,
შენი სუნთქვა მესმოდეს,
მზის სხივები ღრუბლებში,
სიყვარულზე მღეროდეს.
ვნების ალში მხვევდე და 
დილის ცვარით მნამავდე,
მარადიულ ტრფობისთვის, 
ხან მთვარესთან მმალავდე,
ზღვას ფეხებთან მირწევდე,
ღრუბელს ტანთ მიფარავდე,
წვიმის წვეთით თვალებს და,
მთელ სახეს მინამავდე,
შენთან ყოფნის წუთები,
არასოდეს ქრებოდეს,
ვნებიანი ჩურჩული,
აღარც მენატრებოდეს.
სიყვარულის სტრიქონებს,
თავად თხზავდე და ჩემთვის,
წნავდე ფერად გვირგვინებს,
სიცოცხლედ რომ ზედ მერთვის.
    

შემომესია ფიქრები

შემომესია ფიქრები,
ღამე გადაწვა საკიდზე,
გულს დარდი როგორ ვაკმარო,
ღმერთო იმედად ამკინძე.
მაკმარე ცრემლი, გოდება,
სიცოცხლე გამიხალისე, 
სადაც ბულბული ვარდს ეტრფის, 
იქ მარტიც გამიმაისე. 
ბოღმას ასწავლე სიტურფე, 
სიყვარულს შეხსენ საკინძე, 
სავალ ბილიკზე ვიტურფე, 
ღმერთო, სიცოცხლე მაღირსე!


მოთქმა სიყვარულისა

სიყვარული მოუნუსხავთ ქალებს,
თვალის ჟუჟუნს სიტყვა მოუპარავს,
ცა და მიწა მოუქროლავთ ქარებს,
სირცხვილი კი ნამდვილ გრძნობას მალავს.
სიყვარული ვერ უნახავთ კაცებს,
ვნების ექო ძვალ-რბილშიაც ატანს,
კაბის კალთა უფრიალებთ ანცებს,
კაბის კალთა თვალს იტაცებს ათასს.
თვალჟუჟნა გოგონების კისკისს,
კუნთმაგარი ბიჭუნების ოხვრას,
ცელქი სიო გზად უგზავნის თბილისს
და მთაწმინდა სიყვარულად მოთქვამს.


სიზმართ თამაში

აფეთქდა მუზა, ახადა ფარდა,
ფიქრთა ჭიდილს და სურვილთა ნუსხას,
აიჭრა ზეცად მზაკვარი განცდა,
ადამიანი მზეს წყალს რომ უსხამს.
დანებდა მთვარე უსახურ ზღაპარს,
შემოაღამდათ მზის სხივებს გზაში,
გაიჭრა ღამის მირაჟი ზღვასთან,
მოგონებად რომ სტუმრობდა მთაში.
დააცხრო დილის სინათლის ფერმა,
ადუღებული ფიქრთა განგაში,
დავარცხნა მუზა კალამმა ჩემმა,
რადგან დამთავრდა სიზმართ თამაში.


ღმერთო

ჩემი სახელი რამ გაგახსენა,
რატომ მეძახი, ღმერთო,
დედამიწა რომ ცოდვით სავსეა,
ცოდვას კაციც რომ ვერ თმობს.
ტაძარში სანთელს რომ აღარ ვანთებ,
გულში ლოცვად რომ ვერ გხმობ,
რომ დამამძიმა ამაოებამ,
ამიტომ მიხმობ, ღმერთო. ,
ჩემი სახელი რომ გაიხსენე,
გამომაფხიზლე, ღმერთო,
მადლიერი ვარ, სული რომ მიხსენ,
შენს გაჩენილს რომ ვერ მთმობ.
  

ტკივილი გულისა

უგულომ რა იცის ტკივილი გულისა,
ტკივილი განცდაა ღრმა სიყვარულისა,
ტკივილი ხვედრია რჩეულთა სულისა,
და ნიჭი - სიკეთის და სიბრალულისა... 
გულია სიმდიდრე, ხსნა კაცთა ცოდვილთა,
დარდის და ვარამის დამტევი სოფლისა,
უგულოდ ყოფნაა სიშიშვლე გონისა,
გულია სიკეთედ გარდაქმნა ცოდვისა.
უგულომ რა იცის ტკივილი გულისა,
ტკივილი მისია, ვისაც სწამს რჯულისა,
ვისაც ეს ცხოვრება სიკეთით უღირს და
აწუხებს ტკივილი სხვა დაჩაგრულისა!


მშვენიერია სამყარო მართლაც

მშვენიერია სამყარო მართლაც
და ეს მშვენება გარემოს ახლავს,
სიყვარულია ირგვლივ და თანაც,
ესალბუნება ამ გულს და ამ თვალს.
ვხედავ, სიცოცხლე მეფრქვევა ამ წამს,
რადგან სამყაროს სიკეთე ხატავს,
ზღაპრად ვკითხულობ რაც ვწერე, რაც მწამს
და მრწამსი ჩემი უფალს და ხატს ჰგავს.
ზედიდებული არის უფალი, 
მისით იწყება აქ დროის ათვლა,
ვარ ლოცვის მადლით თავისუფალი....
მშვენიერია სამყარო მართლაც!
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge