გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ანი ბაღდადაშვილი - ლექსები

   

                  „VERBA VOLANT,SCRIPTA MANET“ (სიტყვები ფრენენ, ნაწერი რჩება)


***
გადამწერი გადაწერილ პალიმფესტზე 
შესრულებულ ნაწერს ძერწავს.
უღიმღამოდ მიაბიჯებს წარწერიდან წარწერამდე ნელა 
სევდა, სიხარული, აღტაცება.
იბერება მისი გული იბერება  სიყვარულით 
და ნელ-ნელა ჩუქურთმდება პირველასო,
სულ მცირედით მიაშველებს ასომთავრულს,
იცის, რომ ეს წარწერები ძვირად ფასობს.
ვერდატეულ ადგილებში სვამს ქარაგმებს,
სულს ნელ-ნელა მიაშველებს ევას ვაშლებს. 
მოწიწებით არჩევს ხელის მოძრაობებს,
ადან ჰოეს, ჰოეს ანის,
სიტყვებს ეძებს, სიტყვა ქრება,
ბრუნდება და შესრულებულ სიტყვებს წონის,
როგორც შაჰი ხორესანის.
იძერწება, სულ ხელებით იძერწება,
პირველწყარო გადაწერილ ასლებს ჰპოვებს 
და სიტყვები გადამწერის ევას ვაშლებს
თავისათვის ინახავენ, ვეღარ თმობენ.
სიტყვა ხორცად გარდიქმნება,
ხორცი სიტყვად,
შეითავსებს ნუსხურ-ხუცურ-ასომთავრულს,
ქარაგმებით, ჩუქურთმებით მოპირკეთდა,
ცოცხალ სხეულს დაემსგავსა,
ტან-ფეხ აყრილს, სულ კოპწიად გამოპრანჭულს. 



***
თოვლის ფანტელებს,
ფანჯრის რაფაზე მუნ მიმოქარგულს
სალოცავ ღმერთს,
ამდენ თხოვნისგან დაღლილ-დაქანცულს,
აკაკტუსებულ ემოციებს ამოქურთნულ,
ნაფლეთებად ქცეულ გულში ჩამალულს,
სეფისკვერებად გამოცხობილ,
უზმოზე საჭმლად გამზადებულ
მიზნებს ვუცქერ და ვერ გამიგია,
რა მეფიქრება,
რა მაშინებს,
რა იწვევს სევდას, მაშინ, როცა
სულში ამოსულ ყვავილებში მიმოვაქცევ ყველა ელფერს
ჩემი სახისას,
სულს მომიწამლავს შიში უცხო მომავალისა,
მოვძებნი კოწიწ-კოწიწ შენაგროვებ,
ნაცნობ ღიმილებს,
სხეულში გამჯდარ ტკივილებს, სევდებს - ივლისებს.
სულ ჩემებურად გადმოვთარგმნი
მიღმურ დაისებს
და სამყაროსაც ჩემეულად გავამაისებ.
თოვლის ფანტელებს,
ფანჯრის რაფაზე მუნ მიმოქანცულს,
ვეტყვი ჩემს სიტყვას, - ჩემეულად დავუდებ ფიცსაც,
იქვე სალოცავ ღმერთსაც შევწევ
ლოცვასაც ჩემსას,
ყოვლად უბადრუკს,
მიმოფანტულს ია-ვარდივით მწვანე მდელოზე,
იქნებ სამყაროს სედვას ჩავწვდე,
მივწვდე გულისთქმას,
იქნებ მრავალგზის განმიმტკიცოს ჩემი გულისთქმა.



***

ორგანიზმში შემოღწეულ ტკივილს ვუსმენ,
კივილს ნელა ემატება ხმაურება,
გამიცოცხლეს, დამეჭიმოს ყველა ნერვი,
ადრინდელად დამეძაბოს მე გონება
და შორეულ ფეთქვას ვისმენ თვალის გუგით,
ვის არ უთქვამს - თვალებიდან იყურება,
ვიცი, ალბათ დიდი დროა მაისამდე,
დარღვეული მოთმინებაც იწურება.
სული სულ ნელ-ნელა აფრქვევს 
ჭიუხვებში მიმოფანტულ ქარიშხალებს,
სივრცეებში გადაბუგულ მემორიალს,
მწერლის გულზე ამოტვიფრულ ჩუქურთმებს და 
ჭიუხებში გადაკარგულ სივრცულ სევდას,
თან გავატან წვიმის წვეთებს,
თან გავატან და შევფიცავ მეგობრობას,
გაუტეხელ სიტყვას მივცემ სამუდამოდ,
გონებაში არ გავივლებ - "გადაგდებას" მწვერვალიდან,
გადაქცევას უკუნამდე,
სიკვდილამდე ჩავიყოლებ წვიმის წვეთებს,
ტკივილისგან დავიბერავ ძარღვეულებს,
მიმოქცეულ სულს გავუშლი გულის დარდებს
და რაც ვიცი - არის ის, რომ
გამუდმებით აღარ ძალმიძს ქარიშხლებთან შებრძოლება,
დაე, კვლავაც დამეძაბოს მე გონება,
დაე, ტკივილს მოემატოს ხმაურება.



***
ნაბიჯები გადავდგი
სულ ცალ-ცალი
კოწიწ-კოწიწ 
ვაკოწიწე მეგობრები,
ვაჰ, რამდენი გავიარე, გაგიგია?!
შენ კი ისევ დგახარ აქ და მეომები. 

გზაა სველი, ნაბიჯები ხშირად სხვაგან,
წავბორძიკდი,
ვაი, ზედ გადამიარე?
არაუშავს, წამოვდგები, მაპატიე.
ვაჰ, ბოდიში, ოდნავ თუ დავაგვიანე.

გამარჯობა, ისევ ისე ამაყი ვარ,
ისევ ისე ვფანტავ სულში ათას აზრებს.
გონებაში სულ ნელ-ნელა შევაჯერებ
იმ გზას, რაც მე აწი უკვე გავიარე.
წავბორძიკდი, ავდექი და ვერ დავლაგდი,
სხეულზე ის დამღა ასე  დამრჩენია,
არ მიხდება? არა, არა, ძლიერ ცდებით.
ეს დამღა სულს ცოტათიც არ შეხებია. 

იცი, ისევ ისეთია ეს თვალები,
თაფლისფერი, ოდნავ დარდით გატენილი,
აწი მხოლოდ სილუეტებს ვამჩნევ ირგვლივ,
იშვიათად მხვდება ხოლმე მეგობრები. 

აწი სულ სხვა ელფერი აქვს სამყაროს და
ათასგვარიფიქრი მე სულ გუნდად თან მდევს,
ხალხში ყოფნას მარტოობა მირჩევნია,
მაგრამ ჩემში უჩემობა ვეღარა ძევს.



***

სამყარო, ფიქრი, ელვა და ღელვა,
ათასნაირი აზრის აღრევა.
აზრებისლტოლვა, სულის ორჭოფი
და ათასგვარი აზრის ორმოში
ჩაიძირები, ჩავიძირები
ამ ატმოსფეროს სულ სხვა სახე აქვს,
ხან უცნაურად სევდისმომგგვრელი
და ხან პირიქით - შენამხარები.
არ ვიცი, სად ან როდის დავძებნე,
მეშენმხარები
მეჩემმხარები,
შენი მხრებიდან მთელი სიმძიმე გადმოვიტვირთე,
იქნებ დამეყრდნო,
ამ აბურდული სულის ჯურღმულში
ბევრი აბსურდი არ ჩააკვეხო,
ოღონდ ეგ არა,
არც ეს ქაოსი,
სრული ნდობა და სინდის-ნამუსი.
რაც იცი - იცი, რაც ვიცი - ვიცი
და არის რაღაც, რაც სულ არ ვიცით,
ხან აქაითი,
ხან იქაითი,
ათასგვარია აზრი აწმყოში
და როგორც უფალს შევევედრები,
ისე გავედრებ ამ ჩემს ნდობასაც,
მეჩემმხარები,
მეშენმხარები,
ატმოსფეროშიც ნდობის სუნია,
კვლავ გადაცვეთილ მწვანე ჭადრებზე
თოვლს რიგიანად დაუთოვლია.


გან-ვ-თავისუფლდი“

ყავა არის ცხელი,
ღმერთი გულთან ახლოს,
ისე დავიბენი, სათქმელს ჩუმად ვამბობ.
დრო, სივრცე და წამი,
იცი?! ხალხი ,,ღელავს“,
აზრი სტერეოტიპებში ჩახლართული მადევს,
როგორც ჯაჭვი,
როგორც დიდი ლოდი,
ვეღარ გავუძელი, უნდა გავქცეოდი! 
გაქცევასაც ალბათ უნდა დიდი ნიჭი,
დიდი სიდიადე,
ხალხმრავლობის შიში.
გავრბივარ და მხოლოდ საკუთარ თმას ვიშლი,
გამოქცევის წამებს ჩუმად ჩემთვის ვითვლი.
ჯაჭვი ისევ აქ მაქვს, თუმცა გავურბივარ,
მთელი ჩემი ძალით, მთელი ჩემი ნიჭით,
უნდა გავიქცე და
წამებს ისევ ვითვლი...
აზრი წყალს ერევა,
წყალში არის იგი,
წყალის ვაკუუმში
ისევ ჯაჭვებს იხსნის...
წყლის სივრცეში მოცულს
მისველდება თმები
მთელ ჩემს აზრებს მოსავს
ბლანტი, მძიმე სითხე. 
განგშორდები, ვკივი,
ჯაჭვებს - უკვე ვიხსნი!
სტერეოტიპებში გახლართული ვიბრძვი,
უნდა გამოვიდე და განვთავისუფლდე,
განთავისუფლებულს მე მჭირდება ფიქრი.
თავისუფალ აზრებს ისევ ერწყმის წყალი,
,,თავისუფლებამდე დარჩა ერთი წამი“.


***

არის ღმერთი ჩემში?
გული რითი ფეთქავს?
სასრულობა ირგვლივ
სულს, უცნაურ სევდას,
ამორალურობას უმკლავდება წამი.
სულშინელა დადის ბლანტი, მძიმე სითხე
ატმოსფეროს ავსებს ათასგვარიაზრი...
არის ღმერთი ჩემში? ნეტავ, გავაღვიძე?
скачать dle 12.1