გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნინა სამხარაძე - ლექსები


წერილებიდან
იმ ყვავილებს კრეფ, 
რომლის სუნიც ვაზამდე ქრება,
შენ ისევ ისე უსულო ხარ, 
როგორც საგანი.
მუცლიდან დამყვა ყველაფერზე
წინასწარ ღელვა,
მერე ნელ-ნელა ერთმანეთზე
გადავამრავლე.
ვაზიდან იღებ დამჭკნარ ყვავილს,
მე რა უნდა ვთქვა - თებერვლის იამ,
ან რაზე უნდა გელაპარაკო.
მათზე ნადირობ, ვისი ხორციც
უვარგისია.
სიტყვები ყრია,
დღეები ყრია,
თვეები ყრია.
მე დავიგრძელე ყურზე საყურე
და ეს ღიმილი ყველგან დავფანტე.
ისევ ჭრი ხეებს,
მაგრამ მათი ალი არ გათბობს...
მათი ტოტები კანის ქვეშ ვერ იხედებიან.


გადაჭრილი ხე
გადაჭრილ ხეზე ვინც მჯდარა, იცის,
რომ არაფერი არ გვარდება ერთხელ გადაჭრით...
მანამდე თუნდაც გაზომო ასჯერ.
ღამით ყველაფერს ორმაგად ამჩნევ,
სხვენში მორბენალ ვირთხების ტანგოს,
წვეთების კაკუნს ფანჯრის მინაზე
და მთავარია არავინ გნახოს
ჩაცმული, როგორ წევხარ დივანთან.
იესოს ლოცვებს ფსკვნილის ნაცვლად
მარგალიტის მძივზე ითვლი და
ვეღარ ხვდები, რა საჭიროა ამდენი გარჯა.
აქ არ დადიან მატარებლები,
რელსებზე ძაღლებს სძინავთ
ყინვაში. უნდა ინატრო,
რომ დაგიფაროს ყინვამ.
ერთხელ გადაჭრილ ხიდან მიათრევს
ასჯერ გაზომილ ბუდეს ფრინველი
და თითქოს სჯერა, რომ მიატანს გაზაფხულამდე.
სამყარო მინდა გაუზომავ-უკაცრიელი,
საკუთარ ლოკვამ ტკივილები რომ დამიამოს.
ხის თეთრ რაფაზე შემომიწყო კვერცხები ჩიტმა
და სანამ ჩაი ორთქლად იქცა დამდნარ ქურაზე,
მეზობლის ბავშვის ტირის თოფის უმიზნო რისხვამ
შემოაწირა... დედა ჩიტი დამპალ ლულას და
ჩემი ცხოვრებაც თვალებს ზუსტად ისე ლულავდა,
ჩემი ცხოვრება ზამთრის ერთი დიდი სიმკაცრე,
ჩემი ცხოვრება ჩემ წინ იწვა და
მე ვიწვოდი მის წინაშე.


ლირიკა
ვხედავ, როგორ უვლი ლერწამს,
ლეწავს ქარი როცა ტოტებს.
მუხის ცრემლების კი მე მწამს,
ყველა რომ მიდის და ტოვებს.
წვიმა შეეხიზნა მთა-ბარს.
მიწა ტკივილისგან ფეთქავს,
ფიქრი მე არ ვიცი სხვათა...
ახლა მთავარია მე მწამს!
ახლა მთავარია მეცვას!
მარტი დედასავით მყუდრო,
მერე მე ვიქნები მესა,
შენ კი ათეისტი მგზავრი -
ხარბად შემოაღებ კარებს,
ხელში თამბაქო და ჩილით.
ისევ შეიბრალებ ლერწამს,
ფიჭვის სურნელია გარეთ,
ახლა რაც არ უნდა მეცვას,
მთელი სხეულით რომ მწამდეს -
(მუხის ცრემლიანი ურდო),
აღარც შენ იქნები მგზავრი,
აღარც მე ვიქნები მყუდრო.


აალება
ახლა ძლიერ მინდა აალება,
ანდა გაქვავება ყინულივით.
მგელიც ვიყავი და სახარებაც,
ავი ეშმაკიც და  ქერუბიმიც.
რადგან თვეც მე მერგო ნაკიანი,
ცივი ნაზამთრალი, უალერსო,
ასე ვერ დაგვტოვებს ნაკლიანებს,
სუნთქვა სიკვდილზეა უარესი.
ასე ვერ დაგვტოვებს უიმედოდ,
ასე ვერ დაგვტოვებს უსახლკაროდ,
ასე ვერ დავტოვებთ ცას და მიწას,
ღმერთიც აღარ დარჩა მოსაკლავი.
ღმერთიც აღარ დარჩა საიმედო...
მხეცთან მიგდებული მომთაბარე.
წუხელ სიკვდილისთვის გავიმეტე...
ზოგჯერ გზა არ არის აღმართები,
ზოგჯერ სახლი ჰქვია ნასახლარებს
და მე ცხოვრებასთან დამარცხებით,
სულ სხვა ცხოვრებასაც დავამთავრებ.
ღმერთიც კაცია და უიმედო,
მხოლოდ ჩვენ გვერჩიან ნაკლიანებს,
ახლა ისე ძლიერ დავიღალე
ყელში ამოსული სახარებით!
სულ სხვა ცხოვრებასაც დავამთავრებ!
სულ სხვა ცხოვრებასაც დავამთავრებ!
სულ სხვა ცხოვრებასაც დავამთავრებ!..


შველა
ყველას უნდა შველა.
მატარებლის მძღოლს,
იმ შავი ძაღლის პატრონს
და ხესთან რომ შარდავს იმ კაცსაც...
ჩემს სხვენში ბინა ვირთხამ დაიდო
ისევ და შველა უნდა მასაც.
მე დღეს ჩიტები არ დავაპურე -
ქარია მეთქი.
ქარია მეთქი! გესმით?
და მერე მე რომ შველა დამჭირდა
და მერე მე რომ მოვლა დამჭირდა,
მე გავუკეთე ჩემს სხეულს ნემსი.
შველა ყველას უნდა!
ისევ გაწვიმდა.
არწივებს მიაქვთ თავისი წილი
ლეში სხვენიდან.
მე მკვდარ ჩიტებზე პურის მარცვლებს
ვაწყობ და მტრედებს
ვეპატიჟები მათ სანაცვლოდ,
იქნებ დავმშვიდდე.
შველა ყველას უნდა,
იმ ქერა ქალსაც, აფთიაქის გრძელი რიგიდან,
შაქარდაცემულს რომ დამიდგა წინ და უსიტყვოდ,
უსიტყვოდ მომკლა,
იმ შავ მამაკაცს გზაჯვარედინზე უნაგირიდან
დედის გინებით რომ წავიდა,
ყველას გზის მოჭრით.
მეც მინდა შველა,
მაგრამ არა, მჭირდება უფრო..
იმ ავტორების ვერ გავიგე, მატარებლებს რომ
უგდებენ ქალებს,
როცა ჩემ სხეულს ყოველ ღამე რელსებზე ვუწყობ
იმ იმედით, რომ ვინმე მნახავს
სიკვდილზე ადრე.
ხვალ ჩემს ფანჯრებთან აღარ მოვლენ
ალბათ ჩიტები
და მზად ვარ, ღმერთო, მოვისმინო ეს აღსარება!скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge