გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გეგი კუხალეიშვილი - კომუნისტური ფორმაცია და კონსერვატიული რევოლუცია

            
                                                          ეძღვნება ვლადიმირ ლენინის ხსოვნას

   კაპიტალიზმი და ანტიკულტურა. კაპიტალიზმი წარმოადგენს ლიბერალური (ანტი) კულტურის ეკონომიკურ საფუძველს. იგია ის ეკონომიკურ-ფორმაციული ჩარჩო, რომელშიც იბადება და თავის უმახინჯეს გამოხატულებას ჰპოულობს ლიბერალური (ანტი) კულტურა.
   ლიბერალიზმის ანტიკულტურული არსის ონტოლოგიური თაურმიზეზი მოიძევება მის გამანეიტრალებელ ბუნებაში, ხოლო თავად ამ ნეიტრალიზაციისკენ პათოლოგიურ მიდრეკილებას, ვითარცა ზედნაშენს, გააჩნია თვისი ბაზისური მდგენელი კაპიტალისტური წარმოების წესსა და კაპიტალისტურ-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
   საქმე იმაშია, რომ კაპიტალიზმი, მისთვის დამახასიათებელი შრომის გასაქონლების საშუალებით, ახდენს შრომა-კაპიტალის დიალექტიკის დეკონსტრუქციას და აღწევს კაპიტალის ონტოლოგიზების სანუკვარ ბურჟუაზიულ ოცნებას; ამასთან ერთად, ნივთებისა და პროდუქტების გასაქონლება, მათი სახმარი ღირებულების საცვლელად გარდაქცევა და ამ უკანასკნელის აბსოლუტიზება, იწვევს იმას, რომ ეკონომიკურ ურთიერთობებში ადამიანები უპირდაპირდებიან ერთიმეორეს, არა როგორც უბრალოდ ადამიანები, არამედ როგორც საქონლის მფლობელი ადამიანები, ხოლო რაკი ამგვარ ეკონომიკურ ურთიერთობებში სწორედ საქონელი და მისი საცვლელი ღირებულება წარმოადგენს კომუნიკაციის ამოსავალ პრინციპს, იგი ნელ-ნელა სრულიად აძევებს ადამიანურ ფაქტორს საზოგადოებრივ-ეკონომიკური ურთიერთობებიდან - სწორედ კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი ეს ბაზისური დეჰუმანიზაცია, დეზინტეგრაცია/დეპერსონალიზაცია და ადამიანი/სამყაროს ნეიტრალიზაციისკენ საბედისწერო მისწრაფება უდევს ეკონომიკურ საფუძვლად ლიბერალურ-კულტურულ შიზოფრენიას. 
   უახლოესი ფულადი მოგება, ვითარცა კაპიტალიზმის სული, წარმოადგენს ეკონომიკურ ბაზისს - მისი პოლიტიკური ზედნაშენია ყბადაღებული პარლამენტარული დემოკრატია, თავისი მარიონეტული, სწრაფად ჩანაცვლებადი უნტერ-პოლიტიკოსებითა და დაქირავებული, ჭრელა-ჭრულა, ქვემდებარე პარტიებით, ხოლო მისი კულტურული ზედნაშენი გამოიხატება თვისი მშობლიური კულტურული წიაღისგან გაუცხოვებულ, ბერწ და უნიჭო ქვე-ინტელექტუალთა უგვანო ნაწარმოებებში, რომელთა მიზანია არა თვისი შემოქმედების უკვდავყოფა, არამედ საბაზრო მოთხოვნილების დაკმაყოფილება და საკუთარი რესენტიმენტის კვლავწარმოება სამშობლოსა თუ ხალხის წინააღმდეგ. საგულისხმოა, რომ სწორედ კაპიტალისტური სისტემა ჩეკავს თავის ბინძურ ინკუბატორებში შიდა ბარბაროსებისა და ლიბერალი ქვე-არსებების ამ ხროვას - ყოველივე ეს, ერთი მხრივ, ორგანულად გამომდინარეობს ონტოლოგიზებული კაპიტალის ლოგიკიდან, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოადგენს ინსტრუმენტს კაპიტალისტთა კლასისთვის. როგორც კაპიტალისტი გიენა, ვითარცა ეკონომიკური ვამპირი იკვებება ცოცხალი შრომით და ახდენს თავისი მკვდარი შრომის კვლავწარმოებას, ასევე, ლიბერალი პარაზიტი, ვითარცა კულტურული ვამპირი, იკვებება ცოცხალი კულტურით და მის ხარჯზე ახდენს თავისი მკვდარი (ანტი) კულტურის კვლავწარმოებას. ამასთან, ნახევრადგანათლებული, რესენტიმენტული ლიბერალი მასხარების დაფინანსებით, კაპიტალისტთა კლასი ახდენს ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო სივრცის ბარბარიზაციას, ვულგარიზაციასა და მეშჩანიზაციას, რაც, თავის მხრივ, ერთობ ნოყიერ ნიადაგს ჰქმნის საბაზრო ფუნდამენტალიზმის დამყარებისთვის. ლიბერალი მიუშვა განათლების სისტემასთან, ეს იგივეა, რაც მაიმუნი დასვა ფორტეპიანოსთან, ან, იქნებ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ინგლისელი - ფილოსოფიასთან. 
    ცხადია, როდესაც ყოველდღიურ ეკონომიკურ ცხოვრებაში ბატონობს კონკრეტული ინდივიდის პირადი გამორჩენის სურვილი და სიხარბე, რაიც გამოიხატება ზედმეტი ღირებულების, მოგებისა და სარგებლის დაქვემდებარებული კლასისგან გამოწოვაში, ცხადია იქ, სადაც დომინანტურია: ოლიგარქების, ბანკირების, მევახშეების, ბაზრის სპეკულანტების, ვაჭრების, ბიზნესმენების - მთელი ამ კაპიტალისტურ საქონელთა ჯოგის გამდიდრების ველური სურვილი, იქ, სადაც ამ საძაგელი კაპიტალისტური ნახირის ხელშია საწარმოო საშუალებანი და ფინანსური თუ ბუნებრივი რესურსები, ვერ იარსებებენ ჯანსაღი პოლიტიკური ელიტები - კაპიტალისტურ სისტემაში პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას წარმართავს ფული - სახეზე გვაქვს კაპიტალის აღვირაწყვეტილი დიქტატურა.
ლიბერალური ტაბუ - აკრძალვის აკრძალვა. ლიბერალური ტაბუ არის აკრძალვის აკრძალვა, რომელსაც რეპრესიულ-კონსერვატიული სისტემისგან განსხვავებით, რომელიც კულტურული ძალების აღორძინებას იწვევს, გააჩნია კულტურისთვის გამანეიტრალებელი,  თვითდესტრუქციული ეფექტი.
   ცხადია, აკრძალვის აკრძალვაც აკრძალვაა, თუმცა აკრძალვის ეს ინვერსირებული ფორმა, კულტურასთან შეპირისპირებით იწვევს პირუკუ შედეგს და ეს სავსებით ბუნებრივია - კონსერვატიული სისტემისთვის დამახასიათებელი პოზიტიური აკრძალვა აცოცხლებს წინააღმდეგობის ძალებს და ნოყიერ ნიადაგს ჰქმნის კულტურული აღორძინებისთვის, ხოლო ლიბერალური (ანტი) სისტემისთვის ნიშნეული ნეგატიური აკრძალვა (აკრძალვის აკრძალვა ან უკეთ რომ ვთქვათ - აკრძალვა თავუკუღმა) განაპირობებს კულტურისთვის სასიცოცხლო ძალების შინაგან მოკვდინებასა და რევოლუციური აღმაფრენის მოთვინიერებას. 
   ლიბერალ-კაპიტალიზმი არის ანტისისტემა, რომელშიც ყველაფერი ნებადართულია და აკრძალულია ოდენ ყოველივეს დაშვებადობისთვის სამანების დაწესება. ცხადია, ასეთს მოწესრიგებულ ანარქიასა და ანარქისტულ წესრიგში, სადაც აღარ არსებობს კულტურისა და რევოლუციის სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელი პოზიტიური აკრძალვა, რამეთუ იგი ჩანაცვლებულია ერთგვარი ანტიაკრძალვით, აკრძალვის სიმულაკრით, აკრძალვის შავი ორეულით, რომელიც თავს გვაჩვენებს როგორც აკრძალვა, მაგრამ არსებითად წარმოადგენს აკრძალვის, როგორც ასეთის თვისობრივ ანტიპოდს, განსაკუთრებული სიმწვავით დგება ჭეშმარიტი რევოლუციის (სოციალისტური) შესაძლებლობის საკითხი. ის, რომ კულტურა ასეთი ფორმაციის პირობებში ვერ გადარჩება, ეს ისედაც სრულიად აშკარაა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავაბრუნოთ კულტურა მხოლოდ სოციალისტური რევოლუციის გზით. საკითხავი აქ ისაა, რამდენად არის შესაძლებელი დღეს ნამდვილი რევოლუცია? ე.წ. ,,ფერადი რევოლუციები“, რომელთა ჟამიც თითქოს უკვე განქარდა, წარმოადგენდნენ რევოლუციის სიმულაკრებს, რომელთაც აფინანსებდა თავად კაპიტალისტთა კლასი. მისი ფუნქცია იყო, მოსალოდნელი და შესაძლებელი ანტიკაპიტალისტური (ანტილიბერალური) რევოლუციის პრევენცია. ხომ არ მოასწავებს ე.წ. ,,ფერადი რევოლუციების“ კრახი და აღსასრული ჭეშმარიტად რევოლუციური ეპოქის გარიჟრაჟს? 
   უმთავრესი, რისი გააზრებაც ჰხამს ისაა, რომ დღევანდელი კაპიტალისტური სისტემა აღარ დგას ტრადიციულ საზოგადოებრივ-კულტურულ ინსტიტუტებზე (ოჯახი, რელიგია და ა.შ.), მეტიც, იგი დღეს ინდივიდის აბსოლუტური გათავისუფლების საბაბით ემტერება კიდეც ,,ძველ მეგობრებს“ (სინამდვილეში, ოდენ დროებით მოკავშირეებს პროლეტარიატის წინააღმდეგ, რომელთაც მხოლოდ მიწის რენტის ცნობილი საკითხის გამო როდი მტრობდა) - დღეს კაპიტალიზმი დგას დეზინტეგრირებულ სამომხმარებლო ინდივიდზე, რომელიც მიისწრაფვის გათავისუფლდეს კოლექტიური იდენტობის აქამდე არსებული ყოველი ფორმისგან. 
   დღესდღეობით, როცა უკვე თავად კაპიტალმა გამოუცხადა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ოჯახის ინსტიტუტსა და რელიგიას, რევოლუციონერის რევოლუციურობა მე-19 თუ გასული საუკუნის ადლით ვეღარ გაიზომება. მეტიც, 21-ე საუკუნის რევოლუციონერს იმის გააზრებაც მოეთხოვება, რომ: ეთნიკური, რელიგიური, კულტურული და სხვადასხვა ჯურის კონსერვატიული ფაქტორები განაპირობებენ რევოლუციური ძალების ორგანულ შემჭიდროვებას, წარმოადგენენ კლასობრივი საკითხის გამწვავების საშუალებასა და შესაძლებელი სოციალისტური რევოლუციისთვის პასიონარული ბირთვის ჩამოყალიბების ინსტრუმენტს. აკი, თავად ლენინი ამბობდა: ,,ჩვენ არ ვიჩემებთ, რომ მარქსმა ან მარქსისტებმა იციან სოციალიზმის გზა მთელი მისი კონკრეტულობით. ამის თქმა უაზრობაა. ჩვენ ვიცით ამ გზის მიმართულება, ვიცით, რა კლასობრივ ძალებს მივყევართ ამ გზით, ხოლო კონკრეტულად, პრაქტიკულად ამას გვიჩვენებს მხოლოდ მილიონების გამოცდილება, როდესაც ისინი საქმეს შეუდგებიან“.
კონსერვატიული რევოლუციის ბრწყინვალება და სიღატაკე. ჩემი ინტელექტუალური მკითხველის პატივისცემის ნიშნად, მიმდინარე წერილში თითქმის არას ვიტყვი ანგლო-საქსურ ,,კონსერვატიზმზე“, რომელიც წარმოადგენს status quo ქვე-მსოფლმხედველობას, სრულიად თავსდება რა ლიბერალური დემოკრატიის საზოგადოებრივ-ეკონომიკური და პოლიტიკური ფორმაციის საზღვრებში, წარმოადგენს, ოდენ ზერელე, რეცესიულ კულტურულ წინააღმდეგობას, ზედნაშენთა ფენების უდღეურ, უსასოო და პასიურ, ხელოვნურ უკუმონაცვლეობას, რომელიც ვერ ეხება ბაზისს.
   ანგლო-საქსური, პოლიტიკური კონსერვატიზმის საპირწონედ არსებობს კონტინენტური კონსერვატიზმის რადიკალური ინტელექტუალური ტრადიცია - ტრადიციონალისტური სკოლა (ევოლა, გენონი, და ა.შ.), თუმცა სულიერ-არისტოკრატიული კონსერვატიზმის ეს ინვარიაცია თითქმის სრულიად მოწყვეტილია რეალური პოლიტიკური ბრძოლის კონკრეტულ მიზანს და არსებობს, როგორც ერთგვარი ინტელექტუალური ასკეტიზმი - არსებითად, ეს არის ფილოსოფიური გლოვა შუა საუკუნეებში დაბრუნების შეუძლებლობის გაცნობიერებაზე. 
   რაც შეეხება კონსერვატიული ინტელექტუალური ტრადიციის საუკეთესო ვერსიას, იგი უდავოდ წარმოჩინდა გერმანიის კონსერვატიული რევოლუციის სახით (მარტინ ჰაიდეგერი, ოსვალდ შპენგლერი, კარლ შმიტი, ერნსტ იუნგერი, არტურ მოლერ ვან დენ ბრუკი და მრავალი სხვა); დადგა რა ანგლო-საქსური პრაგმატიზმისა და ტრადიციონალისტური სკოლის იდეალიზმზე მაღლა, მოახერხა შთასულიყო არა მხოლოდ ისტორიოსოფიის, პოლიტიკის ფილოსოფიისა და პოლიტიკის თეორიის ბნელ ჯურღმულებში, არამედ შეეცადა მოეხაზა კონტურები პრაქტიკული პოლიტიკის განხორციელების მიზანდასახულობით, თუმცა, სამწუხაროდ, თვით კონსერვატიზმის მოცემულმა საუკეთესო ვერსიამაც კი ვერ მოახერხა შესაბამისი ფორმაციული თეორიის სრულყოფილი დაფუძნება, მეტიც, კონტინენტური კონსერვატიზმი, მთელი თავისი სამეცნიერო-ფილოსოფიური ბრწყინვალების მიუხედავად, ფაქტიურად ამოვარდნილია მოდერნის ფორმაციული ლოგიკიდან, ან, უკეთ რომ ვთქვათ, მას არ გააჩნია მკაფიოდ ჩამოყალიბებული სისტემური მიდგომა: პოლიტეკონომიაში, ეკონომიკურ ურთიერთობებსა და წარმოების წესში, საზოგადოებრივ-ეკონომიკური მოწყობის პრინციპებსა და ბაზისური ფორმაციის პერიპეტიებში. სწორედ ამ მიზეზით წარმოიშვა თავის დროზე ნაციონალ-ბოლშევიზმის ჰიბრიდი, რომელიც წარმოადგენს კონსერვატიული რევოლუციისა და რევოლუციური მარქსიზმის ურთიერთშედუღაბების მცდელობას. 
   ცალკე აღნიშვნას საჭიროებს რუსეთის კონსერვატიული რევოლუცია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, გასული საუკუნის 80-იანი წლების ჩათვლით, უდავოდ ჰყავდა გენიალური ფილოსოფოსები (კონსტანტინ ლეონტიევი, ვლადიმირ სოლოვიოვი, ალექსეი ლოსევი, ნიკოლაი ტრუბეცკოი, ლევ ტიხომიროვი, ნიკოლაი ბერდიაევი, დიმიტრი მერეჟკოვსკი, ნიკოლაი დანილევსკი, დანიელ ანდრეევი, ლევ გუმილიოვი, ვასილი როზანოვი, ლევ შესტოვი, პაველ ფლორენსკი, სერგეი ბულგაკოვი და მრავალი სხვა), ევროპელი კონსერვატორების მსგავსად, ვერც მათ მოახერხეს კონსერვატიული რევოლუციისთვის ფორმაციული წანამძღვრების დასაფუძვლება. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ რუსული კონსერვატიზმის პარადიგმა, მრავალი უპირატესობისა და ბევრი მცდელობის მიუხედავად, ეკონომიკურ-ფორმაციული სიმწიფის თვალსაზრისით ვერაფრით ამაღლდა კონტინენტური ევროპის კონსერვატიულ რევოლუციაზე. დიდი რუსი ფილოსოფოსები, ევროპელი ინტელექტუალების მსგავსად, ცდილობდნენ მარქსისტული პოლიტეკონომიისა და კონსერვატიული ღირებულებების სინთეზირებას, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმე ვერ მივიდა ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ თეორიამდე, რომელსაც ექნებოდა მკაცრად განსაზღვრული და სისტემატიზებული საფუძველმდებარე ეკონომიკურ-ფორმაციული მდგენელი და პოლიტიკური თაურგანზომილება. თუმცა, შემდეგ, გასული საუკუნის მიწურულსა და 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე გამოჩნდა ის, ვისაც ყველა დიდხანს ველოდით, კაცი, რომლის მოსვლას საუკუნეთა განმავლობაში ამზადებდა ტიტანური გაქანების რუსული პირველგონება, ადამიანი, რომელმაც თავდაყირა დააყენა არა მხოლოდ ფილოსოფიის ისტორია, არამედ საზოგადოდ აზროვნების ისტორია და საკუთრივ თანამედროვე აზროვნება. 
   ალბათ, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ მარქსის შემდეგ არ ყოფილა მისი დარი пророк-вестник, სრულყოფილი ინტელექტუალი აბსოლუტური რწმენა-ნებითა და არამიწიერი პიროვნული გაქანებით, რომელსაც ხელთ უპყრია მომავალი დიადი რევოლუციის წითელი გასაღები. 
   შესანიშნავია მისი Ноомахия“ და განსაკუთრებით ,,მეოთხე პოლიტიკური თეორია“, რომელშიც ნელ-ნელა იკვეთება ის ეკონომიკურ-ფორმაციული ბაზისი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს დიადი მომავლის ახალი რწმენათა სისტემა - ევრაზიული ნაციონალ-ბოლშევიზმი მთელი თავისი მრისხანე წითელი ბრწყინვალებით. 
   თუ დუგინი არის ახალი დროის მარქსი, მაშ მას უთუოდ სჭირდება თავისი ლენინი - კაცი, რომელსაც ექნება არანაკლები ინტელექტი და კიდევ უფრო ბასრი, რკინისებური ნება, ის, ვინც მოახერხებს შედარებით აბსტრაქტული პოლიტიკური თეორიის უფრო ღრმა და თანმიმდევრულ კონკრეტიზაციას, შემდგომში კი მის პრაქტიკული რევოლუციური მოქმედების გეგმად გარდასახვას. ერთ დღესაც იგი უნდა მოვიდეს...
  ,,მშობლიურო ჩემო მიწავ“ (რაიკომის მდივანი) - მშობლიურ მიწაზე დაბრუნების მითოლოგია და კომუნისტური პასიონარიზმი
   რეზო ჩხეიძის შესანიშნავი ფილმი ,,მშობლიურო ჩემო მიწავ“ (რაიკომის მდივანი), წარმოაჩენს გადაგვარებულ და დეკადანსში შესულ საბჭოთა ბიუროკრატიას, რომელშიც თითქოს არსაიდან იბადება კომუნიზმის ჭეშმარიტი პასიონარი. საგულისხმოა, რომ ეს საბჭოთა წითელი დონ კიხოტე, რომლის დაბრუნება დიდებული თემურ ჩხეიძის შესრულებით, გაცილებით უფრო ნამდვილი და ბუნებრივია, ვიდრე გილბერტ კით ჩესტერტონის მწუხარე სახის რაინდის სიმულაკრისა, ელიტებსა და საზოგადოებაში საბჭოთა პასიონარული ღერძის ჩამოშლის შემდეგ, იძლევა მარქსიზმ-ლენინისტური იდეების მიმართ მისი ეპოქისთვის შეუსაბამო, ანაქრონისტული, მგზნებარე და მოქმედი რწმენის მაგალითს, მაგრამ ტოტალური ურწმუნოებისა და ნიჰილიზმის ქრონოტოპოსში, ამ რწმენას წარმოშობს არა მარქსისტული პოლიტეკონომია, არამედ მშობლიური მიწის წიაღში დაბრუნება, სამშობლოს მადლისა და სიყვარულის მწველი, ცეცხლოვანი განცდა. რეზო ჩხეიძე ნათლად გვიხატავს ქართული ლოგოსის ბრწყინვალებას, რომელშიც საოცარი სინაზითა და სინატიფით ურთიერთგანმსჭვალული და გადაჯაჭვულია მშობელი მიწის მჩქეფარე სიყვარული და აბსოლუტური რწმენა კომუნიზმის ინტერნაციონალური იდეების მიმართ. რეზო ჩხეიძე, კინემატოგრაფიული მეთოდით ადასტურებს ვაჟა-ფშაველას ცნობილი წერილის ჭეშმარიტებას პატრიოტიზმისა და კოსმოპოლიტიზმის ურთიერთმიმართების შესახებ. ქართულ კულტურაში, ისინი არათუ არ უპირდაპირდებიან ერთმანეთს, არამედ პირიქით, ორგანულად ერწყმიან და, მეტიც, ერთის სიჭარბე განაპირობებს მეორის ძალმოსილებას.
   რეზო ჩხეიძის ფილმში, ორგანული ეროვნულ-კონსერვატიული მგრძნობელობა ხდება საბჭოთა ინტერნაციონალური პასიონარიზმის გამოღვიძების ფუნდამენტური თაურმიზეზი. 
სტალინიზმი და კონსერვატიული რევოლუცია. აქ, შემთხვევით როდი გავამახვილე თქვენი ყურადღება რეზო ჩხეიძის დიდებულ ფილმზე. საქმე იმაშია, რომ დღეს, ისე, როგორც არასდროს, მწვავედ დგას საკითხი: ღირებულებითი, ეროვნული და მაკროანთროპოლოგიური კონსერვატიზმისა და კომუნისტური საზოგადოებრივ-ეკონომიკური, ფორმაციული მოწყობის პრინციპების გარდაუვალ ურთიერთთავსებადობაზე - ერთი მხრივ, კონსერვატიზმის პარადიგმას სჭირდება კომუნისტური პოლიტეკონომია, როგორც ფორმაციული ბაზისი, ხოლო მეორე მხრივ, მარქსისტულ ორთოდოქსიას სჭირდება კონსერვატიული ანტისისტემური წინააღმდეგობა, ვითარცა ორგანულ-ფენომენოლოგიური სტიქია და წითელი რევოლუციის გამწევი ძალა, რევოლუციური ბიძგების შემჭიდროვება-გაერთიანების საშუალება. 
   კონსერვატორებს გააჩნიათ ლოგოსი და პასიონარიზმი, მაგრამ არ აქვთ თვითკმარი პოლიტიკური თეორია, შესაბამისი ფორმაციული საფუძვლით, მარქსისტებს აქვთ თეორიაც და ფორმაციაც, მაგრამ აღარ აქვთ პასიონარიზმი. ამიტომაც, კომუნისტური რევოლუციის გამარჯვებისთვის აუცილებელია კონსერვატიული საზოგადოების ძალმოსილი რეაქციონერული იმპულსების იმპლიციტური ინსტრუმენტალიზაცია, რომელიც უნდა მოახდინოს ახალმა, ჭეშმარიტად რევოლუციურმა, მარქსისტულმა ინტელიგენციამ. 
   თავის მხრივ, სტალინიზმი წარმოადგენდა კონსერვატიული რევოლუციის პოლიტიკურ-ბიოროკრატიულ და სოციალურ-კულტურულ გამოხატულებას. სტალინიზმი იყო ერთგვარი პრაქტიკული ნაციონალ-ბოლშევიზმი, რომელიც იმპლიციტურად განხორციელდა მარქსიზმ-ლენინიზმის ინტერნაციონალური ლოზუნგების საბურველ ქვეშ. თუ თავის დროზე სტალინიზმმა ხორცი შეისხა, როგორც კონტრ-რევოლუციის ფორმამ, დღეს ნეოსტალინიზმს, ყოველგვარი გადამეტების გარეშე გააჩნია უზარმაზარი რევოლუციური პოტენციალი, რამდენადაც იგი აერთიანებს ბოლშევიკურ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციონიზმსა და იერარქიულ-პატრიარქალურ პრინციპებზე დაშენებელ კულტურულ კონსერვატიზმს, რომელიც, როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ, წარმოადგენს რევოლუციურ ელემენტთა პასიონარიზაციის ფუნდამენტურ წინაპირობას.
   ღიმილისმომგვრელია ჩვენი სოროსელი ,,სოციალ-დემოკრატების“ მსჯელობანი იმაზე, რომ თითქოს მარქსისტული პარადიგმა და კონსერვატიული კულტურა ურთიერთგამომრიცხავია. სტალინი და სტალინიზმის ფენომენი, თითქმის მთელი ხანმონკლე მე-20 საუკუნის ისტორია და განსაკუთრებით საბჭოთა კულტურული ანთროპოლოგია, რადიკალურად საპირისპიროს ამტკიცებს. ამხანაგებს, რომელთაც ჩემი იდეები მეტისმეტად კონტროვერსიულად ეჩვენებათ, მართებთ იმის გააზრება, რომ თავად ყოფიერება, ისტორია და პრაქტიკული პოლიტიკის მკაცრი ფაქტები ხასიათდებიან მწვავე წინააღმდეგობით. 
   დიდი პოლიტიკა ვერ შემოიფარგლება კულტურულ ლიბერალიზმთან რეაქციონერული ბრძოლით. ეს უნდა გაიგონ კონსერვატორთა ლეგიონებმა სრულიად ამა ქვეყნისა. დიდი პოლიტიკის განხორციელებას სჭირდება ნათლად ჩამოყალიბებული ეკონომიკურ-ფორმაციული ხედვები და ლიბერალ-კაპიტალიზმის აბსოლუტური გადალახვა, როგორც საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და წარმოების წესში, ისე პოლიტიკური მოწყობის პრინციპებში. მხოლოდ კულტურულ ზედნაშენთან ბრძოლა და საფუძველმდებარე ეკონომიკურ-პოლიტიკური ფაქტორების უგულებელჰყოფა, ისეთივე კრეტინიზმია, როგორც ჩვენი სოროსელი ფსევდომარქსისტების მხრიდან ლგბტ ანთროპოლოგიისა და ე.წ. ,,ღირსების მარშის“ კონფორმისტული მხარდაჭერა, რომელსაც როგორც ყველასთვის ცნობილია, უხვად აფინანსებს თავად საერთაშორისო ფინანსური კაპიტალი. 
   კაპიტალისტური კონსერვატიზმის წინააღმდეგ. კონსერვატიზმი წარმოადგენს ერთიანობის (ტოტალურობის) პრიმატისა და კულტურულ-არისტოკრატიული თვითდისციპლინის სინთეზს. პოლიტეკონომიური თვალსაზრისით, კონსერვატიული პრინციპები სრულიად შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ გეგმიური ეკონომიკის პირობებში, ხოლო, თავის მხრივ, გეგმიური ეკონომიკა შეუძლებელია განხორციელდეს სოციალისტური (კომუნისტური) ფორმაციის მიღმა. ამდენად, კონსერვატიზმი, როგორც ღირებულებითი და კულტურულ-ანთროპოლოგიური სისტემა, შესაძლოა დაშენდეს ოდენ კომუნისტური ეკონომიკური ურთიერთობების ბაზისზე. 
   კაპიტალისტური სისტემა და კონსერვატიული ღირებულებები ძირეულად ურთიერთშეუთავსებელია. კაპიტალის დაგროვება გულისხმობს ზედმეტი ღირებულების შექმნას, რაც თავის მხრივ დაფუძნებულია ფუნდამენტურ ტყუილზე, მშრომელი ხალხის ეკონომიკურ ექსპლუატაციასა და სამუშაო ძალების ბოროტად გამოყენებაზე. კაპიტალიზმში ბატონობს ინდივიდის ნება და მორღვეულია ტოტალურობა, ხოლო კონსერვატიზმი წინ წამოსწევს ერთიანობის პრინციპს, საზოგადოების (ერის, ხალხის, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების) ნების პრიმატს ინდივიდის ვიწრო-რაციონალურ, მეშჩანურ და მერკანტილურ აკვიატებაზე - როგორც სოციალიზმი მიიჩნევს, რომ მშრომელთა კოლექტივის საერთო ნება მეტია, ვიდრე ბურჟუა-კაპიტალისტის ეგოისტური მისწრაფება. 
   ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კაპიტალისტური სისტემა ანარქიული, ქაოტური და არასტაბილურია, რამდენადაც მასში გამოხატულია ორი ფუნდამენტური წინააღმდეგობა - გააფთრებული შიდაკლასობრივი კონკურენცია კაპიტალისტებს შორის და, ამავდროულად, კლასობრივი ბრძოლა - ბურჟუაზიასა და პროლეტარიატს (პრეკარიატი) შორის - ერთ მხარეს დგანან ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტები, რომელთა სასარგებლოდ გაუთავებლად ლაქლაქებენ მსხვილი კაპიტალის დაქირავებული ლაქიები - ლიბერალი ,,ინტელექტუალების“ კლოუნადა და მასთან გამიჯნურებული ე.წ. ,,კულტურული ელიტა“, ხოლო მეორე მხარეს დგას ჩაგრული ხალხი, ვითარცა კაპიტალისტთა მიერ მოწყობილი ორგიასტული ეკონომიკური ექსპლუატაციის ობიექტი - გაცვეთილი საგანი, რომელზეც დამანგრევლად ზემოქმედებენ - და, მაინც, ხალხი-პროლეტარიატი, ვითარცა დიადი ერთობა, რომელსაც წინ უნდა წარუძღვეს ახალი ინტელექტუალური კონტრ-ელიტა, ჭეშმარიტად რევოლუციური ინტელიგენცია, რომელიც ძლიერი თეორიულ-იდეოლოგიური მომზადების ხარჯზე მოახდენს ხალხის ულტრა-კონსერვატიული და ანტისისტემური ინსტინქტების კონვერტაციას ახალ, დიად სოციალისტურ რევოლუციაში. 
   კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი უწესრიგობა, გაუთავებელი რყევები და კრიზისები, შინაგანად შეუთავსებელია კონსერვატიზმთან, რომელიც გულისხმობს ჰოლისტურ თვითდისციპლინას, მკაცრად გაწერილ გეგმებსა და რადიკალური წესრიგისკენ მისწრაფებას. კაპიტალისტმა კონსერვატორებმა თავი არ უნდა მოიტყუონ - ნებისმიერი ტიპის კაპიტალისტური სისტემა შესაძლოა იყოს ოდენ რელატიურად დისციპლინირებული ორი გაგებით - ერთი მხრივ, იგი შეფარდებითად მოწესრიგებულია ინდივიდუალურ დონეზე, თუმცა გამორიცხავს ტოტალურ დისციპლინას სახალხო-კოლექტივისტურ ერთობაში, მეორე მხრივ, იგი აგრეთვე, რელატიურად ანარქიულია სახელმწიფო რეგულაციების პირობებშიც - სახელმწიფოს თუნდაც მკაცრი ჩარევა ვერ აუქმებს კაპიტალიზმის უმთავრეს ამოსავალ პრინციპს - ზედმეტი ღირებულების შექმნას, როგორც ფუნდამენტურ ეგოიზმს, ტყუილსა და ბოროტებას, რომელიც უპირისპირდება - ჭეშმარიტებას, ერთსა და ერთიანობის ფენომენს, ღვთაებრივ სამართლიანობასა და ქრისტიანულ სათნოებას, ინტელექტუალურ პატიოსნებასა თუ სულიერ არისტოკრატიზმს. 
   მაშასადამე, კაპიტალისტი კონსერვატორებიც, მხოლოდ შეფარდებითად არიან კონსერვატორები, ან უფრო მხატვრულად თუ გამოვთქვამთ, მათი მარცხენა ხელი შესაძლოა კონსერვატიულია, მაგრამ მარჯვენა კი უთუოდ ლიბერალური - კაპიტალიზმისა და კონსერვატიზმის ურთიერთშეთავსების ყოველი მცდელობა დაიყვანება უბინძურეს ფარისევლობაზე - ანგლო-საქსურ რელიგიურ მჩხიბავობასა და ტეტჩერიზმ-რეიგანიზმის იდიოტურ კლიშეებზე. გასაგებია, რომ ერთ ცნობილ კუნძულსა და ამ კუნძულის ყოფილ კოლონიაში (ინგლისი და აშშ), რწმენა და მოგება ერთი და იგივე მნიშვნელობით ესმით, მაგრამ კონტინენტზე და მით უფრო ევრაზიულ სივრცეში, მსგავსი კრეტინიზმი და ფარისევლობა ყოველთვის მკაცრად ისჯება.
   კაპიტალისტი კონსერვატორებისთვის დამახასიათებელი ჰიპერტროფირებული ყოფით-კულტურული მორალიზატორობისა და ნეოციციკორიზმის მიზეზი მოიძევება, მათ მიერ განზრახ უგულებელჰყოფილი ეკონომიკური საკითხის მიჩქმალვა-გადაფარვაში - კაპიტალისტი კონსერვატორები არაცნობიერად (ზოგჯერ კი სავსებით გაცნობიერებულად) გრძნობენ კაპიტალისტურ ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩადებულ ფუნდამენტურ ტყუილსა და უწმინდურებას, რაიც შეუთავსებელია კონსერვატიულ ღირებულებებთან და საზოგადოდ პატიოსნებასთან (რასაც ეს ვაჟბატონები დაჟინებით ჩემულობენ), შესაბამისად, ისინი ახდენენ საბაზისო ეკონომიკური ფაქტორების სუბლიმირებას ყოფით-კულტურულ ქვე-დონეზე, იქ სადაც ეკონომიკურ ცხოვრებაში არსებულ უპატიოსნებას უნდა ხედავდნენ, გამალებით, თითქოს განზრახ, უყურებენ საზოგადოებრივ-კულტურულ მასშტაბში გამოხატულ უკეთურებას. საინტერესოა, როდის გააცნობიერებენ ეს ამხანაგები, რომ კულტურული ამორალურობის საფუძველი სწორედ კაპიტალისტურ ფორმაციასა და მისთვის დამახასიათებელ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ურთიერთობებშია? 
   კაპიტალისტი არის ნემსისა და აქლემის თანადროული ქურდი, რომელიც პარვით დაგროვილ ნემსებს, მათ მიერ შეძენილი კრებსითი საცვლელი ღირებულების მიხედვით, აქლემზე ცვლის - მაშასადამე, კაპიტალისტი იპარავს აქლემს და, ამავდროულად, სურს დაგვარწმუნოს იმაში, თითქოს ნემსიც კი არ მოუპარავს. 
ევრაზიის ესქატოლოგიური მომავლისათვის - წითელისა და თეთრის შერევა. რადიკალური სეკულარიზმი ყოველთვის გადადის ორგანულ რელიგიურობაში - ბოლშევიკური მშრომელთა კოლექტივი არის მართლმადიდებლური ეკლესიის სეკულარიზებული ვერსია, საბჭოთა სოციალისტური შრომითი ასკეზა კი ევრაზიული სამონასტრო კულტურის, ბერ-მონაზვნური რელიგიური ასკეტიზმის სეკულარული რეინკარნაცია. 
   წითელისა და თეთრის შერევა გულისხმობს, თავად უფალი ღმერთისგან ნებადართულ და სანქცირებულ სოციალისტურ-ზოგადსაკაცობრიო პროგრესს, რომლის სულიერ წარმმართველ ძალას წარმოადგენს არა უგონო და ვულგარული ღმერთმებრძოლობა, არამედ ადამიანის (ხალხის) მიერ გაცნობიერებული თვითღვთაებრივობა - მე (ჩვენ) უკეთესობისკენ გარდავქმნი(თ) სამყაროს არა იმიტომ, რომ შენს არსებობას უარვჰყოფ(თ) და შლეგური აღტყინებით გებრძვი(თ), არამედ იმიტომ, რომ მე (ჩვენ) შენი შვილ(ნ)ი ვარ(თ) უფალო ღმერთო და ამა ქვეყნად შენს კეთილ, ნათელ ზრახვებს აღვასრულებ(თ) - ასეთი იქნება ცივილიზაციურ-რელიგიური ქრონოტოპოსისა და უტოპისტური ფორმაციონიზმის მეტაფიზიკური სინთეზის სახე 21-ე საუკუნეში.
   და, აჰა, ესერა მოიხილა ღმერთმა ქვეყანაი იგი და უაღრეს განჰკვირდა, რამეთუ იხილა თვისი უძღები შვილის დიადი კეთილგონივრული ნამოღვაწარნი - 21-ე საუკუნის ღვთის ქალაქისათვის.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გიორგი გოგუა - პოლიტიკური იდეოლოგიების დაპირისპირება - ისტორიული ექსკურსი გიორგი გოგუა - პოლიტიკური იდეოლოგიების დაპირისპირება - ისტორიული ექსკურსი ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / ისტორია / პოლიტოლოგია / მომხმარებლები გეგი კუხალეიშვილი - ნათელი და ბნელი ლოგოსის ურთიერთმიმართების საკითხისათვის გეგი კუხალეიშვილი - ნათელი და ბნელი ლოგოსის ურთიერთმიმართების საკითხისათვის ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / მომხმარებლები მიხეილ გოგატიშვილი - მტრისა და მოყვრის ცნებათა ურთიერთმიმართება და პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური რეალობა (კარლ შმიტი _ ლეო შტრაუსი) მიხეილ გოგატიშვილი - მტრისა და მოყვრის ცნებათა ურთიერთმიმართება და პოსტსაბჭოთა საქართველოს პოლიტიკური რეალობა (კარლ შმიტი _ ლეო შტრაუსი) ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / მომხმარებლები გოჩა გვასალია-რეცენზია გეგი კუხალეიშვილის ნაშრომზე გოჩა გვასალია-რეცენზია გეგი კუხალეიშვილის ნაშრომზე ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული დავით ანდრიაძე  -  მწერალი — ძალაუფლების ინვესტორი დავით ანდრიაძე - მწერალი — ძალაუფლების ინვესტორი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge