გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დავით ახლოური - ლექსები

* * *
მზის საუფლოში დავიბადე, მზისგან მოვდივარ
და ამიტომაც გარიდებდით თვალებს ნამიანს.
ჩემი სამშობლოს ხავსისფერი ტაძრის ლოდი ვარ,
შენი ქონგურის ჩუქურთმა ვარ, ავე მარია!
მე თუბალი ვარ, მესხი ვარ და კოლხთა ბადიში,
დედა ვუტირე, ვინც ჩემს მიწას მტვერი ადინა...
მოყვარეს გული გავუღე და მტერს კი ბოდიში,
თუ დაამიწა ჩემს ედემში ავმა წადილმა.
მე მივულეწე ასურელებს ბედის კარავი,
ვპირველობდი და მომყვებოდა ტომი ხალდების.
ისე მოვედი, არ დავუთმე არსად, არავის...
ღვთის მონა ვარ და სიკვდილითაც უფალს ვბარდები.
გამოვიარე ქვის ხანა და ხანა ოქროსი,
წარსულში დარჩა სიდიადით აქეს რომელიც...
არ გამიცვლია შაჰის ხმალზე ციხის ბოქლომი,
არ შემხვედრია უძლეველი მაკედონელი.
მე დავიბრალე არტაანთან აზოს სიკვდილი,
ჩემი ბრალია ფირუზისფერს დღესაც რომ ჰგავს ცა...
მაწამეს, მაგრამ არ ვყოფილვარ სასომიხდილი,
როცა დასჭირდა, ინდოეთში ვახლდი გორგასალს.
მზეს წვიმა ცვლიდა, ღრუბლისფერი იდგა ამინდი,
ელვა და ჭექა მილეწავდა ზოგჯერ დარაბებს,
ათასჯერ დაჭრილს სისხლიანი მეცვა ქლამინდი,
სამასი წელი გავუძელი იმ ყრუ არაბებს.
მცხეთაც ავაგე, ნიკორწმინდაც, ხანძთაც, ბედიაც...
და ღვთის ტაძრიდან, ღვთის სახლიდან ღმერთს მივესალმე.
მემკვიდრე ვიყავ სამი ტახტის, ესეც ბედია,
აფხაზეთიდან გავამეფე ბაგრატ მესამე.
დიდგორის ველზე დავამარცხე ურიცხვი მტერი,
ვიშამქორე და დავაჩოქე რუმის სულთანი
და როცა მწვერვალს გავუსწორდი, ვითარცა ერი,
თურმე მონღოლებს გვიმზადებდა ბედი მუხთალი.
წახდა ქართლი და გადარჩენა ისევ ვივალე,
ჟამი - ბედკრული ამოსუნთქვას როდი მაცლიდა...
უფლის განგებით მხსნელად მოველ, მოველ ბრწყინვალედ,
ოსიც, მონღოლიც გადავრეკე ჩემი ქართლიდან.
მეთხუთმეტედან კვლავ მესმოდა ხმები ველური,
არაბს და მონღოლს ჩაენაცვლა მტერი ახალი;
არ გვასვენებდა ბარლასელი კოჭლი თემური
და დაგვიტოვა ნასოფლარი, ნავენახარი.
დაგვყვეს, დაგვშალეს ცალკე ქართლად, ცალკე კახეთად,
ცა იქცეოდა, ერთმანეთთან როცა ვომობდით...
იშიშვლა ხმალი სვიმონმა და უფალს გახედა,
თრიაქით მთვრალი დარაჯობდა მამულს ბოლომდე...
ბევრჯერ ჩავხედე წყვდიადისფერ სიკვდილს თვალებში,
მაინც არ დავთმე, ბებერ ქსანზე ციხე ავაგე.
გადავიტანე თურქთა, სპარსთა, ლეკთა თარეში,
რა ვუყოთ, თუკი ბოლო ბრძოლა რუსთან წავაგე...
ისევ ომში ვარ, დაღმართიდან ვეძებ აღმართებს,
ამ ბინდისფერსაც გადაუვლის სხივი დილისა,
დაგვიბრუნდება, უფლის ნებით ის, რაც წაგვართვეს,
ჩემს საქართველოს ხატი იცავს ივერიისა...
მზის საუფლოში დავიბადე, მზისგან მოვდივარ...


* * *
ვუძღვნი ბებიის - ქეთევან პავლიაშვილის ხსოვნას

ჩემს ბებოს ოთახში ეკიდა სურათი
ბრძოლებში დაღლილი, ნაჯაფი პაპისა,
არაყს შემოდგამდა ტაბლაზე სურით და
ჭანჭურის შარბათი მოჰგავდა თაფლისას.
ერბოკვერცხს შეწვავდა პატარა ტაფაზე,
ვიტყოდით ღვთისას და მშვიდობას ყოველთა,
ცრემლივით შემორჩა წარსულის დაფაზე
ტკივილი, რომელიც თან გაჰყვა „პოვლეთ ქალს"...
მე დღესაც მგონია, ღმერთივით უნაკლო
ბებია, ჩუმად რომ თვალებს იოსებდა,
სიკვდილმა წაართვა შვილები უმანკო,
მათ თავს აბარებდა პაპა იოსებას...
ძალიან მიყვარდა ჩემი ქეთო ბაბო,
სურდა, შევხვედროდი ღვთისდარ მზექალასა,
თითქოს, ახლაც ჩემს წინ დგას და მშვიდად ამბობს:
„სულსაც მირჩევნიხარ და მთელ ქვეყანასაც"...
ალბათ, იქაც ჯავრობს, მზეს რომ მეცილება
ის, ვინც ქარჩოხიდან სადღაც გამაძევა,
ჩემი თბილი ბებო... როგორ ეციება,
ისეც ცივი იყო მისი ტაბარძენა.
მაინც მანუგეშებს: „ჩემი არე-მარე,
სხვას ვერ დარჩებაო, გეწამლოს ბებია"...
ღმერთო, მაპატიე, რომ ვერ მოვუარე
მიწას, რომელშიაც წინაპრის ძვლებია!


ქსნის ხეობას

ვეღარ ვიშუშებ ჩემი წყალ-ჭალის ნატყვიარს,
მინდა დავბრუნდე, მაგრამ გზა ჯერაც არ ჩანს...
იქ დედაჩემის ნაფეხურები ატყვია,
იქ საფლავების ცივი ლოდინი დარჩა.
ვფურცლავ დღიურებს - ატირებულებს ბალღივით,
ისევ ვინახავ ქსანზე მოწყვეტილ ყვავილს...
დავეხეტები ხიზნის მანტიით დაღლილი
და მონატრება გულში ხარივით ბღავის!


*  *  *
დილით მეგობარი შემეხმიანა - სოფელში ხომ არ წამოხვიდოდიო...
(ლექსს ვუძღვნი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ
მოსახლეობას და ამასთან ერთად, სრულიად საქართველოს)

ნეტა, ვიყო შენსავით წასასვლელი სოფელში,
ვალაგებდე ჩანთას და მეზედმეტოს „ბოტასი"...
კელაპტრები მიმქონდეს დასანთებად ქოხებში
და სიყვარულს ვუხსნიდე გოგოს ჯინსებმოტმასნილს...
ცოტა მენანებოდეს ქალაქური იერი -
მთის ვნებიან მზეებთან ნებით შესაფიცხები,
იქ, ღრუბლების ჩეროში, რომ არ დავრჩე მშიერი,
რომ არ გამიჯეჯილდნენ ძველ ამბარში ვირთხები,
მქონდეს უკვე ნაყიდი წამალი და ტყვიები,
ოღონდ გადანახული და სადღაცას საძებნი...
ავიდოდი თუ არა, სანთლებს მოვიძიებდი,
გავკაფავდი ხატის გზას, ნაცნობს შავი ძაძებით.
უფალს შევავედრებდი ჩემს საფიცარ ქვეყანას,
დედაჩემის სულსა და მზეგარდასულ ბავშვობას,
ამ გულსა და სიყვარულს მივართმევდი ბეგარად
წარსულს, იქ რომ დავტოვე, დღეებს, აქ რომ დამშორდა.
მტარვალსა და მამაძაღლს ავიკლებდი გინებით,
ისე, მორცხვი იები გასაქცევად იწევდნენ...
სოფლის თავში ტყემლების ტყეში დავიძინებდი,
ვიდრე დილით ირმები რქენით გამაღვიძებდნენ.
ნეტა, ვიყო შენსავით სოფელში წასასვლელი
და ვფიქრობდე სახლის წინ გადასაფენ ჭილობზე,
სულ არ მენაღვლებოდა, ალბათ, საჭმელ-სასმელი,
თუკი წამიკითხავდი ანასა და ჭილაძეს...
მერე ლექსსაც დავწერდი ჩემეულს და უხიაგს,
მზეზე გამოვაშრობდი გადათხაპნილს მიტარბით...
ხშირად ვინახულებდი საწილოს და მუხიანს,
სოფლის სასაფლაოზე ღვინოს გადავიტანდი...
.....
დღეა რაღაც უჟამო, მგონი უფრო შავ-თეთრი,
ვინ დამინთებს კელაპტრებს მიტოვებულ ქოხებში?!
სულ ამ მონატრებით და მოლოდინით გავთეთრდი...
ნეტავ, ვიყო შენსავით წასასვლელი სოფელში...


* * *
ბუდეაშლილი მერცხლებივით ვეძებთ ერთმანეთს
ცხავატელები,
ჭურთელები,
ცხრაზმისხეველნი...
რას მოვესწარით,
ეს რა ბედი დაგვყვა, ღმერთმანი,
საკუთარ ჭერქვეშ ვეღარა ვართ ღამისმთეველნი.
სადღაა ის დრო, მშობლიური და საამური,
როცა ფრესკებზე ვკითხულობდი ლარგვისის სევდას,
ღრუბლებს ვავედრებ, მომიკითხონ ჩემი ჟამური,
ჩემი ბერციხე - ქართველების მოხუცი დედა!..
...სად წახვედიო -
წინაპრები მეკითხებიან,
არსად წავსულვარ, ისევ ქარჩოხს დავეხეტები,
დედის ხელები საჭედილე ქვაბთან თბებიან
და ყველდაბისკენ მივიჩქარი გულისფეთებით...
რა ლამაზი ხარ, ახალგორო, ასე შორიდან,
ახლოს რომ მოვალ,
ალბათ, დამწვავს შენი ალერსი,
ნისლში ჩაფლული მეფერება ჩემი ცხმორი და
სამებისაკენ უფლის მადლი მიხმობს ალევში.
წირქოლისა და ახშადურას ნახვა მწყურია,
კაბენზეც გეტყვით -
მზისდარია,
მაინც სხვა არი...
ჩემს გზა-სავალზე კორინთა და საძეგურია,
სადაც წინაპრებს აღმერთებენ ნავროზაანი.
უნდა შევძლო და გადავლახო დარდის რიკოთი,
მერე მზის სხივი მივახატო ღრუბლის ქულაზე,
სატრფოს გულივით მელოდება ჩემი იკოთი
და ტატუნაანთ „ალავერდი" ყანჩაურაზე.
მე მდიდარი ვარ:
ოსი ძმა მყავს, ოსი ნათლული,
რა მტერი უნდა მოერიოს იმათ სიყვარულს...
ჩვენ ერთად გვზრდიდა ღვთის ნება და მიწა ქართული,
ელამუნება ჯერაც კიდევ თბილი სიტყვა გულს...
წარსულიც გვახსოვს, არვინ იყო ჩვენი მძლეველი,
თუმც არ გვზოგავდნენ,
მოდიოდნენ ხაკის კიტელით...
საქვეყნო საქმეს განაგებდნენ ქვენიფნეველნი,
იერუსალიმს დაიბრუნეს ტაძრის კლიტენი...
ვინ შემაჩერებს,
როცა ქსანზე გული იწევს და
პაპის ნაჯაფარს მედავება ვიღაც ოხერი...
დასაწერი აქვთ ისტორია ბანდაისძეთა,
ნახავენ, როგორ დაამიწებს მტარვალს ოხირი.
ლომისის მადლმა, დაიბრუნებს ქსნის ხევს პატრონი,
ღვთის დედა იცავს ჩემს სამშობლოს ჯვარ-ხედებიანს,
ძველ ციხეებზე ცეცხლს დაანთებს შანშე ბატონი
და ჩვენთან ერთად საფლავებიც ამხედრდებიან!..
ბუდეაშლილი მერცხლებივით ვეძებთ ერთმანეთს...


* * *
მოწყენილია უშენობით ჩემი ოთახი
და ყოველ ღამე ეშინია სიზმარს თენების,
შემოირბინე სიყვარულო, თუნდაც ცოტა ხნით,
თორემ ხელებში მიკვდებიან ქრიზანთემები...
გახსოვს? -
სარკმელთან ატუზული მთვარის პროფილი,
დილით რომ სადღაც დაემალა ღამის ნათებას,
სიყვარული კი, უფალივით, უარყოფილი,
ლექსებს შემორჩა, ვით ამაო თავის მართლება.
ქარიც ხომ გახსოვს,
აშარი და სასომხდილი
(შენს მოსახიბლად რა არ სცადა, რა არ იღონა)...
ახლა ისე ვარ, ვით ედემში სიკვდილმისჯილი,
რომელმაც ევას სიყვარული გამოიგონა...
....
მოწყენილია სიმარტოვით ჩემი ოთახი,
მაგრამ არ მინდა, უშენობამ გამატიალოს...
შემოირბინე, სიყვარულო, თუნდაც ცოტა ხნით
და დედამიწა ჩვენს გარშემო დავატრიალოთ...


შენა ხარ ევა

ჩამოშლილია მხრებზე დალალი,
მუხლს ზემოთ ურცხვად მიიწევს კაბა,
სურვილიც არ გაქვს ვნების დამალვის
და ლამაზ თვალებს მაცდურად ნაბავ.
მზეს მიელტვიან ცხელი წვივები,
და გაურბიან უბეს კერტებიც...
გალუმპული ხარ ვნების წვიმებით...
გვალვისთვის როგორ არ მემეტები
იცი და მიმხელ შეხსნილ გულისპირს,
ალბათ გინდა, რომ კოცნით დამღალო...
აჰა, გავიღე გული გულის წილ,
აჰა, გაჩუქე მთელი სამყარო...
ამ ცისქვეშეთში შენი სადარი
არც თვით მზეა და არც ღამის თევა...
მე ღვთის ხატი ვარ, მე ვარ ადამი
და შენ კი ჩემთვის შექმნილი ევა...


* * *
ვინ იცის, უკვე რამდენჯერ ვცოდე,
რამდენჯერ მწარედ ვინანე მერე,
„მომიხსენიე, უფალო ოდეს" ...
- ვეღარც კი ვამბობ
და ვმალავ ცრემლებს.
ნუ განმიკითხავთ,
თვით განმსჯის ღმერთი,
მძიმე იქნება საფლავის ლოდი...
ათი მცნებიდან რომელი ერთი
გამხსენებია ხორცში მყოფ ცოდვილს.
ათი მცნებიდან რომელი, როდის
იქცევა მერე გზებზე ეკლებად...
ასე ყოფილა კაცთათვის ოდით,
ლიბრი ამ ცასაც გადაეკვრება
და მზე - სამყაროს მხურვალი ცოლი
გაცემის ღამეს მთებთან იწვება...
რაც უნდა თეთრი მოვიდეს თოვლი,
მიწის ალერსით შეიბილწება.


* * *
გაშიშვლდა ხალხი,
რაც აცვია,
იმასაც იხდის,
რა გითხრა, კიკუ,
ეს სიშიშვლე,
ალბათ, არ გსურდა...
ნუღარ გაიხდი,
ე, მაგ გროშებს,
რა თავში იხლი,
მაგათი ფული,
რა ხანია,
გაუფასურდა...
შესცოდეს, კიკუ,
შესცოდეს და
ხვდებიან ვერც კი,
მუცალის ნაცვლად
ჩამოტეხეს
მხარი ალუდას...
კაცობრიობას ოცდაათიც
ეყოფა ვერცხლი,
ქრისტეს ჯვარცმიდან
შეუცვლელი,
მყარი ვალუტა!


* * *
ასე მგონია
შევცვალე ბედი,
ვცხოვრობდი
სადღაც
ღრუბლების ზემოთ,
თუ რამე ვთქვი და
თუ რამეს ვწერდი,
ისევ შენი ხმით,
უფალო ჩემო.
არ დამიკარგავს
იმედი ხვალის,
არა ვყოფილვარ
სხვისი
საშველი,
მხოლოდ ბალახის
მიმყვება ვალი
ჩემს სამარეზე
ამოსასვლელის!
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge