გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნანა მეფარიშვილი - ლექსები


საქართველოა უპირველესი

მნათობი ნათობს, ხალხის ხედვა მაინც ბნელია,
სიმართლეს მტვერი მორევია, რწმენას ერესი,
საკუთარ თავზე ივიშვიშო ახლა ძნელია,
რადგან სამშობლოს ტკივილია უპირველესი.
რაა სიცოცხლე, გაელვება წუთიერ სიზმრის,
დრო გადაგფურცლავს, ანდა ქარი წაგშლის თავნება,
მისხალის მგვანი რჩება ნატვრა, დასახვა მიზნის,
სამშობლოს იქით ყველა დარდი გეცოტავება.
მემატიანე დღეებს იწერს კარგის, თუ ფუჭის,
გულში და სახლში მზეც რომ გენთოს, გმატებდეს გზნებას,
თუ საქართველოს, მამულს შენსას რაიმე უჭირს,
თვით გამართლებულ სიყვარულშიც ვერ ჰპოვებ შვებას.
ბოროტი კეთილს ვერ დააშთობს, ძალით მწირია,
აღევლინება ცისკრის ლოცვაც, ჟამნი, კვერექსი,
საკუთარ თავზე რომ გოდებდე დღეს სირცხვილია
რადგან სამშობლოს ტკივილია უპირველესი.



***
მე დავიწერდი შენზე ჯვარს და
მერე ამ ხედებს,
გადავუფრენდი,
ვით სჩვევიათ გიჟმაჟ ასულებს,
წვიმების მერე
მზე სველ მინდვრებს წამოახედებს
და სიყვარულის ზღაპარს
აბა, რა დაასრულებს.
დავსახლდებოდით ჩვენს ბუდეში
და მზერით ბარტყის,
იმედიანად დაგიცდიდი
ვით მფარველს ფრთოსანს,
შემოერღვევა ხეებს ტანზე
ქარები მარტის
და შენი მხრის ქვეშ შევხვდებოდი
რიჟრაჟის მოსვლას.
უსასრულოა ჩვენი სივრცე,
გასულს, თუ ამ წელს,
გელოდე,
სულარ დამკარგვია იმედის ღონე,
ვაგროვებ სიტყვებს სიყვარულზე
და ყველა ნაწერს,
რომელიც შენთვის შევქმენი
და გამოვიგონე.
ოდესმე ჩვენიც
გაიხსნება ნატვრების სკივრი,
შეხვედრა წაშლის
უიმედო დღეების ფერებს,
დადგება ისევ გაზაფხული,
სულ ახალ პირი
და ცოცხალ ღმერთთან
სამადლობელს ამოგვამღერებს.


გენაცვალოთ მამა
(ფილმიდან "ჯარისკაცის მამა")


"ქართველი ხარ ბიჭო?"
_ დაჭრილი ხარ განა?
გაახილე თვალი, არ ჩასულა ეს მზე,
შენხელა მყავს ვაჟი, გენაცვალოს მამა,
ადე, ამბავს გეტყვი საქართველოს მთებზე.
ქართველი ხარ ვიცი, მხრები მეცნო შენი,
აღნაგობას თქვენსას ვინ მასწავლის ვინა,
შენს ტკივილებს ახლა, თუ გრძნობს დედაშენი,
ცრემლიანი თვალით რომ მოგელის შინა.
აქ, არ არის შენი სამშობლო და მიწა,
წამო შვილო ადექ, შეგიყენო მხრები,
ის აკვანი შენი სადაც გადაირწა,
წამო გენაცვალე იქ გაშალე ფრთები.
შენი მტრის სისხლს დავლევ, დაუჭრიხარ სამგან,
ქართველს მკვდარსაც იცნობ დაბერილი მყესით,
აბა, ასეთ ოხვრას სად გაიგებ სხვაგან,
ქართველები ომშიც სხვანაირად ვკვნესით.
შემომხედე მოხუცს, შვილს დავეძებ მეცა,
მხცოვანს ნუთუ ახლა მიმატოვებ განა,
ერთი შვილის დარდი ასად გადამეცვა,
სად ამოგდით სული, გენაცვალოთ მამა.
იქნებ ახლა დედის იავნანის ხმაზე,
გებინდება ფიქრი და ბავშვობას ერთვის,
მიუყვები ბილიკს წინაპართა კვალზე,
სად გმირები მიჰყავს საუფლოში ღმერთის.

მომისმინე შვილო, ჩუმად გეტყვი ამას,
ქართველობა მუდამ ვამაყობდით რწმენით,
დედას ვინ აჯობებს, თუმცა იავნანას,
თუ დაგვჭირდა ბიჭო, მამებიც კი ვმღერით.

პ.ს.
გმირთა სხეულებზე ღამე დაწვა მკაცრი,
ისტორიის ფურცელს შლიდა ომის ხანა,
დაჭრილ მკერდზე ჩუმად ქვითინებდა კაცი,
"ქართველი ხარ ბიჭო?"
_ გენაცვალოს მამა.


შენ არ იყავ და


შენ არ იყავ და
ცხრათვალა მზეც ვეღარ მნათობდა,
შენ არ იყავ და აპრილს ფერი დააკლდა თეთრი,
ზაფხულის ცეცხლიც შეციებულ ძვლებს ვერ ათბობდა,
გზა იყო ძალზედ ბუნდოვანი, ტკივილი მკვეთრი.
შენ არ იყავ და
ჩემი მზერა მოჰგავდა მიმქრალს,
ვერც მყვირალობა მაფხიზლებდა, დრო მქონდა მწუხრის,
ბედნიერება რომ ჩაუვლის მოვგავდი იმ ქალს
და გულის კვნესა მიმიგავდა ცის ელვა -ქუხილს.
შენ არ იყავ და
გაზაფხულის ნამიან ბაღებს,
აკლდა ელფერი, სიტკბო აკლდა ხილსა და კენკრას,
ცერებზე მდგარიც ვერ ვწვდებოდი მაღლა ცის თაღებს,
ვერ ვაგონებდი სულს ტაძართა ზარების რეკვას.
მე გადარებდი ყველას თვალებს, გეძებდი, მწამდი,
ყველა გამვლელი მიგამსგავსე და შენ მეგონე,
გეძებდი ქარში, გრიგალებში მიწიდან ცამდი,
გამოგიგონე, ო, რამდენჯერ გამოგიგონე.
შენ არ იყავ და მარტომ ვკვალე ეკალ-ბარდები,
მინდვრის სიმწვანეც გადაყვითლდა, მალე გახუნდა,
თუ ერთხელ მაინც, ასე ვინმეს შეუყვარდები,
ერთი სიცოცხლე გაილიოს მაშინვე თუნდა.


სულს ჰქონდა ღელვა,
ვიდრე კარზე მოდექი გულის,
ვით მიტოვებულ ნავს ტალღები გამორიყავდა
და ახლა მიკვირს ჩემი თავის, ამ სიყვარულის,
რა მამღერებდა ღმერთო
ჩემო, შენ არ იყავ და…


скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge