გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ბაღათერ არაბული - ლექსები


საგაზაფხულო ეტიუდი

თოვლი დაბერდა... და იცრემლება,
ისევ უმატა ირგვლივ ჟინჟვლამაც,
მალე ყვავილი- შუქი ტყემლების
შემოენთება ველს გარიჟრაჟად...
და ბალახების მწვანე ღვართქაფი
გადითქრიალებს მინდვრებზე ისევ,
საგაზაფხულო ციდან ღმერთებიც
კვლავ გადმოფენენ აპრილის ნისლებს...
და აიშლება შავდ მდინარეც,
ბორგვით ჩაუვლის ძილგამკრთალ ნაპირს
და გრძელი ზამთრის ძილით მძინარი
ისევ აავსებს ხეობას ხაფით...
თოვლი დაბერდა... და იცრემლება,
ისევ უმატა ირგვლივ ჟინჟვლამაც;
მალე ყვავილი- შუქი ტყემლების,
შემოენთება ველს გარიჟრაჟად...


ხეები ქალაქში

საკუთარ ზეცის წართმევის შიშით
აშრიალებენ შერჩენილ იმედს
და დგანან მაღალ სახლების ჩრდილში
მონატრულები ქარებს და წვიმებს...
სიზმრად ხედავენ,მზე როგორ ავსებს
ჩიტთა გალობით დახუნძლულ ტყეებს
და ენატრებათ მინდორში გასვლა
მტვრიან ქალაქში დამწყვდეულ ხეებს...


იესოს დაბრუნება

ზეცა გრგვინავს და მიწა ზანზარებს,
ელვით ეშვება მთებზე ავდარი;
მიდის იესო ისევ ნაზარეთს,
ჩვენთვის ჯვარცმული და კვლავ აღმდგარი...
დაბზარულია სივრცის კედლები
და სივრცის იქით მოჩანს სხვა ხედი,
შორს კი ნისლებში ელავს ბეთლემი,
როგორც სამყაროს გადასახედი...
გადაჰკრავს რიჟრაჟს ფერი იოდის,
ღამე დაიმსხვრა და დაიბზარა
და თვით იუდა ისკარიოტელს
თავის ღალატი თვითონვე ზარავს...
მიდის იესო და მრევლი მისდევს,
ციდან მოისმის გუგუნი ზარის,-
ისევ ბრუნდება ნატანჯი ქრისტე,
ო, გიხაროდენ, იერუსალიმ...
ზეცა გრგვინავს და მიწა ზანზარებს,
ელვით ეშვება მთებზე ავდარი;
მიდის იესო ისევ ნაზარეთს,
ჩვენთვის ჯვარცმული და კვლავ აღმდგარი...


სტამბულში

გამოჩნდა ბოსფორი და ვიწრო ყურეში
შევდივართ,
ჩვენს ზემოთ ხიდია გაბმული,
ფერდობი გადაშლილი მოჩანს ყურანივით,
ირგვლივ ილანდება ბებერი ისტამბული...
შენ იყავ პირველი მტერი მოსისხარი,
სხვაც ვინმე ამ ქვეყნად ყოფილა თუკი,
ყაყანებს,ფუთფუთებს ქუჩებში ისლამი,
-სალამ ალეიქუმ!-ხელს მართმევს თურქი...
ქუჩა ჰგავს ამღვრეულ და ფერად მდინარეს,
ჩადრიდან გოგო მიმზერს მომღიმარი,
სად ზეცა უკავია უთვალავ მინარეთს
და კრიალოსანით ერთობა იმამი...
მიპატიებია სისხლი და ტკივილი,
ვივიწყებ წარსულში რაც იყო,რაც არი,
წინ მხვდება მოლების გაბმული კივილი
და თეთრი აია სოფიას ტაძარი...
ტრიალებს ბუღი სულის შემხუთავი,
მზის ცხელი დისკო ჰკიდია მაღლა,
შუადღის ლოცვანს აღავლენს სულთანი
და ხელაპყრობილი უჩოქებს მაჰმადს...
მთების გადაღმიდან მოცურავს ღრუბელი
და ქარი ქუჩის მტვერს სახეში მაშლის;
ისტამბულ,მშვიდობით!
სისხლის აუღებლად,
მარჯვენის მოუჭრელად ვბრუნდები სახლში...


ცხოვრება

არეულია ნათელში ბინდი,
ალერსში-შხამი,შხამში-ცდუნება,
დრო კი თავის გზით მიდის და მიდის,
საკუთარ თავში დასაბრუნებლად...
და სიყვარული, რომ გვწამდა გუშინ,
ჩვენგანვე მოკვდა და გაიაფდა,
შემოგვპარვია მალულად სულში
თვითონ იუდა და კაიაფა...
ლამის მოყვარე გავაკრათ ჯვარზე
ჩვენი გესლის და შურის ლურსმნებით,
დაუსრულებლად გრძელდება ასე,
ბრუნავს და ბრუნავს კვლავ კარუსელი...
არეულია ნათელში ბინდი,
ალერსში-შხამი,შხამში-ცდუნება,
დრო კი თავის გზით მიდის და მიდის,
საკუთარ თავში დასაბრუნებლად...


ფიქრები კრწანისის ველზე

ისევ მიღვიძებს ტკივილი ძველი
მოუშუშებელ დარდს და იარებს,
ყაყაჩოებად სისხლს აფრქვევს ველი
და კოცონივით მზეზე ბრიალებს...
ხმალთა კვესებით, ყიჟინით, გრგვინვით,
შეურიგებელ გუგუნით, ზარით,
ჩემ წინ დაეცა სამასი გმირი,
“ მე ერთადერთი გადავრჩი მგზავრი...”
კიოდა ქარი, ტიროდა ქარი
და ცახცახებდა დაჭრილი არე,
ო, ვერ შევძელი, ვერ მივუსწარი,
ვერ ვუერთგულე, ვერ მივეხმარე...
თავს მადგას მათი მაღალი ჩრდილი
და მავედრებენ მომავალის ღმერთებს;
მე- შერცხვენილი და თავდახრილი,
გადარჩენილი სამასმეერთე...
მამულო ჩემო, არასდროს ვეძებ,
ბედმა ცხოვრება გამიიოლოს,
მე მათ მაგივრად უნდა დავეცე,
მე მათ მაგივრად უნდა ვიომო...
ისევ მიღვიძებს ტკივილი ძველი
მოუშუშებელ დარდს და იარებს;
ყაყაჩოებად სისხლს აფრქვევს ველი
და კოცონივით მზეზე ბრიალებს...


სამასი არაგველი

სამას ცხენს სამასი მხედარი მოაგელვებს,
ფლოქვების თქარუნზე კრთებიან მთებიც,
ბარისკენ ეშვება სამასი არაგველი,
ფშავ- ხევსურეთის ჯვარ- ხატის ყმები...
ქარქაშში წკრიალებს სამასი მახვილი,
ერთმანეთს ჟღარუნით ამხნევებს ფარ- ხმალი
და მთვარე, სამასი ვაჟკაცის მნახველი,
მწვერვალთა გადაღმა ეშვება ფართხალით...
და მზედ ანთებული სამასი გული
ერთად ძგერს მტრის ხილვის და ძლევის ფიქრით,
სამასი რჩეული, სამასი ლომგული
კრწანისის ველისკენ ყიჟინით მიქრის...
რამდენი ხირჩლა და რამდენი ბეწინა
და კიდევ ვინ მოთვლის სხვა გმირი რამდენი,
სამასი გრგვინვა და სამასი თავგანწირვა,
მამულისთვის ანთებული სამასი სანთელი...
სამასი რისხვა და სიკვდილი ურჯულოსთვის,
დღეს ციდან მოგუგუნე სამასი ზარი,
ქვითკირით ნაშენები სამასი ციხე- ბურჯი,
ხსოვნაში ჩაუქრობ სინათლედ მდგარი...
სამას ცხენს სამასი მხედარი მოაგელვებს,
ფლოქვების თქარუნზე კრთებიან მთებიც,
ბარისკენ ეშვება სამასი არაგველი,
არაგვის ხეობის ჯვარ- ხატის ყმები...


შეხვედრა ლომთან

სალამი, ლომო, ჩვენ შევხვდით კიდევ,
მდუმარედ წევხარ გალიის შიგნით,
დაღლილი თავი თათებზე გიდევს,
დამძიმებული დარდით და ფიქრით...
სევდით იხსენებ დროს უნეტარესს,
ტყეებს მოხატულს ფერად ღრუბლებით,
ახლა კი ჩუმად ვუმზერთ ერთმანეთს,
ერთმანეთს ჩუმად ვესაუბრებით...
ჩვენ ერთნაირი გვერგო სვე- ბედი,
მეც მიმაჯაჭვეს დროის გალიას
და ამ დღეების გისოსებიდან
გაქცევას ვცდილობ დიდი ხანია...
შენც შორ სივრცეებს იმედით ზვერავ,
ზოგჯერ მოგივლის ბრძოლის სურვილი,
უდაბნოსავით მცხუნვარე მზერას
კედლებს მიაბჯენ ორლესულივით...
სიბრაზით ბრდღვინავ ფაფარაშლილი
და ელვასავით უვლი გისოსებს,
მაინც არ არის შენი საშველი,
მაინც არავინ არ შეგიცოდებს...
ბრუნდები უკან ლომის აჩრდილი,
ვინ განუგეშებს ბედის მომჩივანს?!
განწირული და მწარედ დასჯილი
ისევ კუთხეში წვები მორჩილად...
სალამი, ლომო, ჩვენ შევხვდით კიდევ,
მე - გარეთ, შენ კი - გალიის შიგნით,
დაღლილი თავი თათებზე გიდევს,
დამძიმებული დარდით და ფიქრით...скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge