გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თემო ჭახნაკია - ლექსები



* * *
ეს რა დღეში ვყავართ, ეს რა დროში ვცხოვრობთ?!
უკვირთ კიდეც თუკი ვბრაზდებით და ვცხარობთ.
როგორ ვიტანთ ამდენ ცბიერსა და ახვარს,
შენ, ქართველო, ეგრე მწვერვალზე ვერ ახვალ!
მდიდარ ქვეყანაში ხალხი გაღარიბდა,
ვიმყოფებით შორის სცილას და ქარიბდას.
თავისუფლება სძულს სეთურს ორგანულად,
ბევრი ფული აქვს და სულით ბოგანოა.
ჟულიკების სოროდ იქცა პარლამენტი,
ყველას მიზანია, ფულის პარვა მეტი.
ზოგი მოქრთამეს და პროცესს გაერიდა,
დაიბანა ხელი, ანუ გაირინდა.
ეკლესია იქცა ქვაბავაზაკების ბუდედ,
ბულბულობას ცდილობთ ვასაკები.
ქართველისთვის გახდა ყოფა საზიზღარი,
ამიტომ გვსურს წასვლა, სადმე, საზღვარგარეთ.
ჩემო გიორგი და ჩემო ძმაო, ბესო,
გასამარგლი არის ჩვენი ქვეყნის ეზო!
ყველა მხრიდან ავი მტერი მოგვესია,
ბრძოლის ველი ახლა არის პოეზია.
რა ვქნა, ლავირება არ გამომდის, ძმებო
და უცხოა ჩემი პირისათვის წებო.
ჩემო კახაბერ და ჩემო ძმაო, თენგიზ,
ხომ არ გაგვებზარა ფიალები თმენის?!
იყოს ნება ღვთისა, ქრისტე შეგვეწიოს,
თუკი საქართველოს უნდა შევეწიროთ.
უფრო დიდი ზიზღის ქვებსაც დაგვიშენენ,
რომლითაც ჩვენ სულის ტაძარს ავიშენებთ.
როგორ დაგვიჩაგრა, დღეს, ნამდვილი, ყალბმა,
გვეშველება რამე? კი, ოდესმე, ალბათ...



***
რა უშველის ჩემს ტოტალურ უხასიათობას?
იქნებ, საყვარელი ქალის ზარი,
რომელიც არ ჩანს.
იქნებ, ნორმალური სამსახური, რომელიც არ ჩანს.
იქნებ, ამერიკის ვიზა, რომელიც არ ჩანს,
იქნებ, ცოლ-შვილი, რომელიც არ ჩანს.
იქნებ, ძმაკაცი, რომელიც არ ჩანს.
იქნებ, სოფელი, რომელიც არ ჩანს.
იქნებ, ღმერთი, რომელიც არ ჩანს.
იქნებ, საქართველო, რომელიც არ ჩანს.
იქნებ, თავისუფლება, რომელიც არ ჩანს.
იქნებ, სიკვდილი, რომელიც არ ჩანს.
იქნებ, ლექსი, რომელიც ჩანს,
გულიდან რომ დარდი უნდა გადამიყაროს.



ომის პირველი თვე

ისევ მყარად დგას ფეხზე კიევი
და ის არასდროს არ დაეცემა.
შემოგიტიეს რუსმა მხეცებმა,
თქვენ დაუნდობელ მტერს ერკინებით.
რუსებს სურთ, კიევი რომ გახდეს საძვალე,
ერთ თვეში ისროლეს ათასი რაკეტა.
იმედის თვალებით შევყურებთ დასავლეთს,
უკრაინის ზეცას სრულად რომ არ კეტავს.

ვინ მოსრავს ბავშვთა კვლაზე დაგეშილთ?
თითქოს, აღარსად არი უფალი,
თავისუფლება ჰყვება ნანგრევში,
ჩერნიგოვის და მარიუპოლის.
ცივილურ სამყაროს როგორ ეზიზღებით,
მონღოლთა ნაბუშრებს, დაგარქვით ორკები,
იარაღს დაყრით ან სასტიკად მოკვდებით,
იზრუნებს ამაზე გმირი პრეზიდენტი.
ტყდება რუსეთის ბაირაღს ტარი
და უკრაინის ფრიალებს დროშა,
ჯაველინით და ბაირაქტარით
უკრაინელნი გაჩვენებთ კოშმარს.
ტაში სიხარულით დიად გმირებს დავუკრა, მინდა,
გაიმარჯვებენ საქართველო და უკრაინა.



150 წლის სამტრედია

იშლება ფიქრების კოლაჟი,
გზაზე მივაქროლებთ ველოებს.
ჩხენიში და დაბა კულაში,
ნაძვნარი და ჯვარცმის ველობი,
მოგონების ზღვაში ვეფლობი,
სადაც თამაშობენ ლელობურთს.

ფრთამჩატე მტრედების ღუღუნი
და მთებზე ნისლები ღუნღულა.
გულში მონატრება აბორგდა,
ეს ლექსი ზვავივით დასძარი,
გშვენის ოცდახუთი ტაძარი
და ძელქვის ძველი სინაგოგა.

სკვერში, თამარ მეფის გამზირთან,
ძეგლია პირველი ორთქლმავლის.
სექვოია ცამდე გაზრდილა
და ყვავის ხასხასა ურთხმელი,
ჩაივლის ცხენით და ორთვალით,
გლეხკაცი ნინუაკუთხელი.

დარბიან ბაღში პატარები
და მგზავრი ელის მატარებელს.
სიჩქარეს უკლებს მემანქანე,
ნელ-ნელა იცლება ბაქანი
და ლიანდაგების ბილიკზე,
შენიშნავ მიმავალ რკინიგზელს.

ფოტოებმა ფიქრი აღმიძრეს,
ერმაკოვისა და ბერტელოს.
დრო იყო, როცა უმასპინძლე
დიუმას და ემილ ლევიეს
და სტუმრებს, ჩემო სანატრელო,
ადესა თუ დაალევინე?!

სად მიხვალ, სად მიიკლაკნები,
ტალღების რონინით, რიონო?
მშვენებავ, ჩვენი რაიონის,
გჩვევია ჭალების აკლება.
ნაპირთან ირწევა ბორანი,
დაგცქერენ მთები და გორანი.

სავსეა ღრუბლების ჭინჭილა,
შორს ხიდი ჩანს, როგორც დეფისი,
მანქანა, როგორც ჭიანჭველა,
დაგშლია ციხე ტელეფისის.
ჩამორბის მთიდან ხევისწყალი,
დილაა გრილი და ცინცხალი.

ტურისტი სტუმრობდა ერთ დროს აქ,
ქალაქის არნახულ დენდროპარკს,
პანსიონატსა და იპოდრომს
და ძვირფას აბანოს გოგირდის
და ნეტავ ისეთი იყოს დრო,
რომელიც სიხარულს მომგვრიდა.

ვიღაცა მიქრის ფაეტონით,
წკრიალებს ნიკელის ეჟვანი.
ქალაქში არ დადის ტურისტი.
,,მაცნესთვის“ მიმაქვს ფელეტონი
და მხვდება გოგია ბეჟანი,
რჩეული კარიკატურისტი.

დროდადრო სტუმრობენ წყვილები
მუზეუმს დიდ ნიკოლაძეთა.
როცა ხეტიალი სწყინდებათ,
სხდებიან ძელსკამზე ნაძვებთან.
აქ არის ტევრი და ბაღნარი
და გლიცინიების ღაღანი.

შენი ცის თქორმა მნამოს ახლა,
სურნელი მაფრქვიოს ზაფრანამ.
ვნახავ უძველეს ნამოსახლარს,
დაბლაგომისა და დაფნარის,
ათას ხუთასი წლის სამაროვნებს,
წარსულის ხმას რომ გამაგონებს.

ცხოვრება ხომ ლაბირინთია,
დაკარგულს, ვიცი, რომ მომძებნი,
რატომღაც მგონია, რომ ძეგლი,
თითქოსდა, ამ ლექსით დაგიდგი.
მზე ლამპრად ცაზე სულ გინთია,
ცხენისწყალი ძარღვში დაგიდის.




***

სალ კლდეს კიდია თეთრი ჩანჩქერი,
როგორც მამაკაცს ყელზე ჰალსტუხი.
რად გავხარ კალმახს, ქვებში გაჩხერილს,
გაქვს კითხვა, მაგრამ არ გაქვს პასუხი.
სიმართლეს იტყვი, ხარ დაღუპული,
გინდ ყვავი იყო, გინდაც ბულბული
და სულერთია გალობ, ყრანტალებ,
არავის უყვარს სიტყვა მართალი.
როდის გაჩნდა და როდის გამრავლდა,
ირგვლივ ამდენი ქლესა, ლაჩარი,
შენი ცხოვრება არის მარაბდა,
ხან ცრემლში, ხანაც სისხლში დამხრჩვალი.
და საქართველოს რიგით ჯარისკაცს 
განგაშის ზარი ვინც დაარისხა
და ვინც სიმართლის თქმისთვის დასაჯეს
და არა მხოლოდ ასჯერ, ათასჯერ
და ვინც ამბობდა სიტყვას უბასრესს
და ვისაც შრომა არ დაუფასეს,
ვინც არ შეასხა ხოტბა მანქურთებს
და მყისვე მტერთა რაზმს მიაკუთვნეს.
ვინც ვერ ისწავლა ლიქნა, ლაქუცი
და ვინც არ იცის ახლა რას უცდის,
სურს, რომ სამშობლოს რაღაც ეშველოს,
მაგრამ გულს უკლავ ფიქრო, შემშლელო.
გულგატეხილი არის ამ ხალხზე,
არ ელოდება ახლა ახალ მზეს.
ღმერთო, ნეტავ რას გემუდარება,
ალბათ გთხოვს, ერთხელ გამოდარებას.



***

საქართველოს და უკრაინას რომ ჰქონდეთ შუღლი,
აი, თუ რა სურს, რა სწადია ჩრდილოელ დუშმანს,
თავდამსხმელს ტყვიით შევუნგრიოთ ჩვენც უნდა შუბლი,
რომ სახე წითლად შეუღებოს სისხლნარევ დუჟმა.
ვცდილობთ, რომ მწვადი არ დაგვეწვას და არც შამფური,
ომს ავიცილებთ? არ ჩაგვყლაპავს ვეშაპის ხახა?
დიდი ხანია ვართ ყველანი ქაქში ჩაფლული,
გადარჩენის გზა თუ სად გადის, არ იცის ხალხმა.
მეგობრის ჭირში მიმტოვებელს კარგი არ ელის,
მგლის შიშით ცხვარი ვინც გაწყვიტა, დარჩა უფაროდ,
უკრაინელის გვერდით უნდა იდგეს ქართველი,
ბნელი გონება გაუნათე რუსებს, უფალო!
დაპყრობის ჟინი გაუქრებათ მონღოლთ ნაბუშრებს?
ხოლო კუზიანს, რაც ასწორებს, ჩვენ კარგად ვიცით.
რამდენ ქვეყანას შეესივნენ, სისხლი გაუშრეს,
ვის სჯერა რუსის უყალბესი ფიცის და მტკიცის.



ქართველო

კიდევ ვერ ხვდები, ბორენკამ
ესხროვა რისთვის მორეკა?!
ქართველო, ამათ სჭირდები
მოჯამაგირედ, მსახურად!
ცეცხლს, ნეტავ, როდის გაუჩენ,
ამ ქვეყნის ჩალის სახურავს?!
რომ დაგიქციეს ქვეყანა,
ნუ გიჭირს აღიარება!
როდემდე უნდა იარო
მაჩანჩალამ და ღარიბმა?!
უყურებ ამდენ გოთვერანს
და შეგიძლია მოთმენა?!
ქართველო, ნუთუ ვერ ხედავ,
ქვეყანა გახდა ბარდაგი!
საქართველოზე მეტად რომ
სეთური უყვარს პარტაქტივს?!
გარეთ გამოდი, ქართველო,
გეძახის შენი სამშობლო,
გამოდი, რათა ეს ხროვა
საჭირო სიტყვით გაშოლტო!
მოგიხმობთ ყველა პატრიოტს,
მანქურთებს რამდენს პატიობთ?!
რა ბედენაა მშვიდობა,
თავისუფლების გარეშე?!
და ვიდრე შიგნით შემოვლენ,
მტრებს უნდა დახვდე გარეთ შენ!
შენი სიცოცხლით, ღირსებით,
ათი წელია ვაჭრობენ.
გარეთ გამოდი თუ მწვერვალს
არ გირჩევნია ჭანჭრობი!
ამათი სული კაპიკიც არ ღირს,
დროა ამბოხის და დროა ჯანყის!




დემონკრატია

ლაყბობს და პირიდან სიტყვათა ნაცარს გვაყრის,
ტრიბუნა აიკლო ბევრმა ზღაპარიძემ,
როცა გვაქვს სისტემა წლებია დასამარხი,
რატომ არ ვიქცევით ხალხი ზამბარისებრ?!
აქ, სადაც ბავშვები შიმშილით გვეხოცება,
ჯიპებით როგორღა მოძრაობთ, მოძღვრებო?!
ქალაქის ქუჩები სავსეა მოხუცებით
და ჩინოვნიკები მძღნერით ხართ მაძღრები.
ეშმაკის არენა გამხდარა ამბიონი,
მოსრეს ეკლესია, ამ ცრუ დემონებმა,
სულში ჩამქრალია იმედის ლამპიონი,
ქრისტეს სახელით სურთ ხალხის დამონება.
ამ ფსევდოქართველებს, ამ ვაიპატრიოტებს,
ჩვენი საქართველო არ გიღირთ ჩირადაც,
ამდენ გოთვერნობას არ უნდა გპატიობდეთ,
ყოველთვის, ვინც გვიქრობთ სიმართლის ჩირაღდანს.
რა ვერ გამოვფხიზლდით, რა ვერ დავირაზმეთ?!
ბრბო ისევ ტაშს რატომ უკრავს ოლეგარქატს?!
ნეტავ, ის ვიცოდე, როდისღა გავიაზრებთ,
საკუთარ კარში რომ ბევრი გოლი გაგვაქვს.
რეზოებს, გაიოზებს, დათოებს, მაყვალებს...
ვინც ხელი მოითბო ქებით ამ მანქურთთა...
საიდან აღმოცენდით ამდენი ყვარყვარე?
თქვენ ხარობთ და ამ დროს ერი განადგურდა.
დუმილით პირს ივსებთ, რომ არ გაღარიბდეთ,
ბინძური თქვენს გამო არის პოლიტიკა,
ქვეყნის დაქცევაზე ერთ ხმას რომ არ გაიღებ,
რისი მწერალი და რაის პოეტი ხარ?!
скачать dle 12.1