გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ჯონ შამანი - ლექსები



შევეწირები

დედის ფასივით გვიან შეცნობილ
ღმერთს ვთხოვ:
სულ
მომცეს
ცუდი
ამინდი
და მომიტევოს, რომ ვარ მიმნდობი
და სიჩლუნგემდე ვარ მიამიტი!..
ფარისევლობას არ ვიმჩნევ ძმათა
და სულში ვიძვრენ იუდიკოებს;
მყვლეფენ და უფრო ეზრდებათ მადა,
რადგან დაბალი ღობე მიპოვეს...
თავს მსხვერპლად ვწირავ,
ბოლომდე
ვაცდი
და მსურს თვალები ამოვინაცრო;
ეგება ჩემი სისხლ-ხორცით გაძღნენ, -
ვინმე სხვაზე არ გადაინაცვლონ...
იქნებ მიკმარონ, - სულ მე წამართვან,
სულ ჩემი ყანა თიბონ და ცელონ;
ოღონდაც უცხოს არა დამართონ
და ბოროტება არ გაავრცელონ...
შევეწირები, - ღირს!.. ვარ მიმნდობი
და სიჩლუნგემდე ვარ მიამიტი!..
დედის ფასივით  გვიან შეცნობილ
ღმერთს ვთხოვ:
მათ
მისცეს
კარგი
ამინდი!..


უფლება არ აქვთ

ნიდერლანდების დედოფალს ვკადრებ,
(ხმამაღლა ვკითხავ პრინცსაც დანიის):
- სად ბრძანდებოდით ძვირფასო ადრე,
როცა მეწვოდა ცა ბეთანიის?!.
მე ბრიტანეთის დედოფალს ვკითხავ
(შვედეთის მეფევ, თქვენც დრო დამითმეთ):
თქვენ, შედარებით თამართან, ვინ ხართ? -
და ან თუ იცნობთ მეფე დავითებს?!.
მე გერმანიის მივმართავ კანცლერს,
(ვიცეც მომისმენს იქავე თუა):
უფლება არ გაქვთ ამ ქვეყნად არცერთს,
რომ საქართველოს არიგოთ ჭკუა!


დაფიქრებულხარ?!

მერე რა თუკი იქ არ ყოფილხარ,
ამით მოხდილი არა გაქვს ვალი;
გოლგოთაზე რომ აჰყავდათ ქრისტე,
რად არ უზიდე ის მძიმე ჯვარი?!
როცა მოადგა შენს სახლს დაღლილი,
რად მიუხურე მას სახლის კარი?!
მერე რა,თუკი იქ არ ყოფილხარ,
რად დაუხუჭე მის ჯვარცმას თვალი?!
რად წაუყრუე მრავალგზის „მცნებანს“
და მარხვას რად არ დაუთმე წამი?!
როცა უფლის ძეს ვინმე ადიდებს -
თუ წამოგცდება ნეტავი „ამინ“?!.
გიკითხავს ოდეს: ვისით გაქვს ეს მზე
ან სულაც სისხლი, ხორცი თუ ძვალი?!
ვინ წარიხოცა ცოდვები შენი?!,
ვინ მოგასხივა იმედი ხვალის?!.
შენ თუ ეცმები ჯვარზე ვინმესთვის?! -
რა გიღირს შენი მაძღარი გვამი?!.
დაფიქრებულხარ? - ფიქრიც კი მოგდრეკს..
დიდი არს ძალა უფლისა! - ამინ!..


უჯარმის მაისი

ბებერ ლოდებთან ნარს არხევს ქარი
და გვირილებიც მოიცვა შფოთმა;
ისევ ამტკივდა უჯარმის ბზარი
და მონგრეული ქონგურის მოთქმა..
ჯვარპატიოსნის ეკლესიიდან
ვუცქერ
ჟამთასვლით
გადახსნილ
კედელს;
ვიცი, შენ შენს ქვას იქ ვერ მიიტან
და ჩემს
წილ ქვასაც,
დღეს მე იქ
ვერ ვდებ..
ხვალის იმედით ვცხოვრობთ ორთავე -
ქართველო, რადგან ხსნა არსით არი;
იქ გვირილები ჩუმად შფოთავენ,
ბებერ ლოდებთან ნარს არხევს ქარი..


ქართველო

შენ რომ არ მყავდე, რად მინდა დილა,
ანდა გაზაფხულს რა თავში ვიხლი?!,
რომ აგიხსნა და, რომ გითხრა რბილად:
შენა ხარ ჩემი ხორცი და სისხლი!.
მე შენით მიყვარს მაისის ნისლი
მთის კალთაზე რომ მოჰყვება ხორხოცს;
შენს დანახვაზე ქუდს ცაში ვისვრი,
შენ ჩემო სისხლო და ჩემო ხორცო!.
სიცოცხლე მხოლოდ შენს გამო მიღირს,
თუ არა - სიკვდილს რა გამიძნელებს?!
შენა ხარ ჩემი ხორცი და სისხლი,
მარად იცოცხლე და იდღეგრძელე!..


იცხოვრე

სული რაც გინდა მაღლა წავიდეს -
ღმერთამდე მაინც შორი იქნება;
ის, რაც ამ ქვეყნად მე ვერ გავიგე,
ვერც შენ გაიგებ: არის ღვთის ნება.
მიწაზე ბევრი მახეს დაგიგებს,
მგელი მგლისთვისაც მხეცად ითვლება;
ვიღაც უთუოდ წესსაც აგიგებს,
ქვეყნად ბოროტი არ დაილევა.
იცხოვრე სადად, ნიღაბს რად ირგებ? -
კაცო, კაცს კაცის სახე გიხდება;
სულ ერთი არის, არსთა გამრიგე
შენს ყოველ ზრახვას მაინც მიხვდება.
იცხოვრე, მახეს ბევრი დაგიგებს,
მისი დღეებიც ციდან ითვლება,
შენგან ის მაინც ვერას წაიღებს, -
მიწიდან გოჯიც არ აითლება.
იცხოვრე, ენდე სიკეთის მითებს:
ავნი ზრახვანი არ მოგიხდება,
თუ გაგიყინავს მადლის ქმნა თითებს -
იგივე მადლით გული გითბება.
იცხოვრე, კაცთან იგი იყავი,
რაც გიკარნახოს გულმა ანაზდად,
გადაივიწყე ყველა იგავი,
ყველა დოგმა და ყველა ანდაზა.
იცხოვრე. კაცთან იყავ უბრალო,
უნდა შეიძლო მისი გაგება;
ბოლოს რომ იტყვი: „მოველ უფალო!“ -
არ დაეზაროს კარის გაღება
და როცა ღმერთი ცის კარს გაგიღებს,
ქმნილი სიკეთე იქ დაგიხვდება..
იცხოვრე სადად, ნიღაბს რად ირგებ? -
კაცო, კაცს კაცის სახე გიხდება.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge