გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნონა ჯანაშია - ლექსები



ვარძია

ღრუბლები ჰგვანან ალბატროსებს, როცა ქარია,
მტკივან მუხლებზე დაიკრავენ ფოლგის ნაგლეჯებს,
ჩვენმა ფიქრებმა გადაკვეთეს დღეს ერთმანეთი,
ჩვენმა ფიქრებმა სამშობლოზე ლექსი დასჭექეს.
ცა ჩამოიღეს ექოებით, მიწა ასწიეს...
რა ერთობაა ჰარმონია ცისა და მიწის!
კლდეში ვიცხოვრე, ვილოცე და წყაროს წყალს ვსვამდი...
ნაკურთხი იყო იმთავითვე სუყველა ნიშით.
წკრიალა ხმები დამყვებოდა ,,აქ ვარ ძია“_თი,
მამას დაწყებულ კლდეთა კვეთას აგრძელებ, თამარ,
რამდენდღეცაა წელიწადში სწორედ იმდენი
სახლი, სათავსო, სატრაპეზო გამოიკვეთა...
და,შუაგულში უმთავრესი შენი ტაძარი,
ჯარს რომ ლოცავდი მუხლმოდრეკით ომში მიმავალს,
გადმოდგებოდი ქურციკივით კლდეზე მაშვრალი,
ლოცვას ატანდი-უძლიერეს სულიერ საგზალს,
ხან წინ უძღოდი ფეხშიშველი ჯვრითა და დროშით,
მტრებს  აოცებდი სილამაზითდა სალკლდეობით,
დუღდა ცხოვრება-ეროვნული სულის ხანძარი,
ცხვებოდა პური,შიშინებდა ქვევრში მაჭარი,
იწერებოდა ოთხთავები და გალობანი,
შავთელმა აქვე რომ შეგვითხზა-ღვთისმშობლისანი,
ჟღერდა ებანი...და სამშობლო სიკვდილზე მეტი
და სიცოცხლეზე მეტი იყო -გვირგვინოსანი.
ოსანა! მოველ ბასიანით გულმოცემული!
ოსანა!მოველ ღვთისმშობელით გაოცებული!
ოსანა!მტრებმა გაიტაცეს პირღიმილმჩენი,
ოსანა!მტრებიც დარჩენილან გაკვირვებულნი!
მესხი მელექსე დადიოდა თვალცრემლიანი,
უშენოდ, თამარ,მიიტაცეს კვლავ ბასიანი,
უშენოდ , თამარ, გაგვიმლაშდა სულის საგზალი,
უშენოდ, თამარ, მოგვაშორეს კვლავ არტაანი...
ღრუბლები ჰგვანან ალბატროსებს , როცა ქარია,
მტკივან მუხლებზე დაიკრავენ ფოლგის ნაგლეჯებს,
ჩვენმა ფიქრებმა გადაკვეთეს დღეს ერთმანეთი,
ჩვენმა ფიქრებმა სამშობლოზე ლექსი დასჭექეს.
ოსანა! ისევ!


დედას

ლექსი დასჭექეო, - მარიგებდი,
ისე მონუსხე მსმენელიო,
თავს არ დაზოგავდეს სამშობლოსთვის,
მისთვის სიცოცხლესაც შეელიოს!
გულში იებს რომ გფენს, მამულია,
ანიდან  ჰაემდე ფრთაგაშლილი,
ზეცაა მწვერვალთა სიმაღლიდან,
ლურჯგუმბათლილიებგადაბწნილი.
ნისლთა გამჭვირვალე სამოსია,
მთათა საპატარძლო ბისონები,
ვაზია რქებგადაგრეხილი და 
რწმენაა მარიამ-ნინოსებრი,
არმაზისხევის ბილინგვაა,
ეპიტაფიაა სერაფიტის,
მხურვალე გულების ერთობაა,
პატარა კახ-სოლომონ დიდისებრი,
გიორგი სააკაძის ხმალია და
გულში მობობოქრე ქარიშხალი,
აშოტის ტრფობაა წამებული
და არტანუჯია ნასისხლარი,
ქვებსაც წინწკლებად შერჩენია
მარადიული... მეწამული...
მეჭიხვინება წარსულიდან
ცხრა ძმის ცხრა ფიცხი ბედაური.
სამშობლო ერთია, როგორც დედა,
მის ბედზე პასუხი უნდა აგო!
,,არ გასწორდებაო ძაღლის კუდი
და არც მორიელი სწორად ვალსო“.
გასწორდი! შენში უნდა მოკლა,
არ გააჭაჭანო შადიმანი,
მანამ ვერ გაბრწყინდება საქართველო,
რომელიც ,,ოთხი დღის მკვდარი არის“.
მეტეხთან მოყვრის ნატყვიარი
როდის მოიშუშებს მწველ იარებს?
მწუხრშიც იმღერება შადიანი,
აღდექ და ახლავე გაიარე!
ლექსი დასჭექეო, - მარიგებდი,
ისე მონუსხე მსმენელიო,
თავს არ დაზოგავდეს სამშობლოსთვის,
მისთვის სიცოცხლესაც შეელიოს.


გიორგობას გილოცავთ!

გიორგობას გილოცავ, სააკაძე გიორგი,
შენ ჩემს სულში შიგნიდან ბორგავდი და მტკიოდი,
ტაშისკარის, მარტყოფის, ქსნის ბრძოლებით იდიდე!
კაცო ძალგულოვანო, მტკივა შენი სიდიდე!
მტკივა შადიმანობა... სანადიმო წავკისი,
ლუარსაბის შავბნელი დამღუპველი ნაბიჯი:
მეფისა და სამშობლოსმოღალატის სასჯელით,
დასჯილიყო მათივე ქედუხრელი დამცველი,-
უნდა ამოეწყვიტათ სააკაძის ჯილაგი!
ო, რა მეტისმეტია! რა ბოროტი სიზმარი!
შემდეგ მოჰყვა ცდუნებას ცდუნებათა ტვირთები-
ქვეყნის თავისუფლების და ერთობის მიზნებით.
გულმა ვერ მოინელა ბაზალეთის ტკივილი
და ტარიგი პაატა, ბრაზით თავწაკვეთილი.
შენ ,წმინდაო გიორგი, საქართველოს მფარველო
წმინდა მარტყოფისაო, წმინდა თელეთისაო,
თევდორე მღვდლის გმირობავ, წმინდა სისხლის დუღილო,
შენ, პატარა კველთაო და, ქართველო დიდგულო.
შენ, წმინდაო გიორგი, დიდგორიდან მომყვები,
რა შორიდან მომყვები და რა დროდადრო ღონდები..
შენ, ლუარსაბ მეფეო, უძეო და ბედკრულო,
ქრისტესათვის უდრეკო, ყელზე საბლით ვნებულო,
თეიმურაზ მეფეო,ბედდავსილო სიმუხთლით,
ჩემო ავკარგიანო,სულის მთით და ჭიუხით...
გიორგობას გილოცავთ,ჩემნო გეორგიანნო!
სამდურავით სოფლისა-ველ-მინდვრებო ცვრიანნო,
ოქროების ბზინვავ და სიუხვეო ფერების, 
ჩემო გულიანებო,ჩვენ არასდროსვნებდებით!
შავნაბადას მთის ძირას ველი წმინდა გიორგის,
რომ მოვიგოთ სრულიად საქართველოს დიდგორი,
სამას სამოცდახუთი ხატით - წმინდა გიორგის,
ერთი სვეტიცხოვლით და უამრავი სიონით, გიორგობას გილოცავთ!
                                  
სონეტი 
ახალ სიცოცხლის სათავესთან მე ისევ ვდგავარ,
ეს მერამდენედ ფენიქსივით ფერფლიდან ვდგები,
როდესაც სულში ტკივილები ვერ ყუჩდებიან 
და ჭრილობიდან გამოჟონავს ახალი ლექსი.
როდესაც სალბად დაგიფინეს გულზე პირშუშხა,
როცა სამშობლოს გიძარცვავენ თვალწინ მსტოვრები,
ცილს რომ გწამებენ უსპეტაკეს, თოვლისმთებიანს,
როცა გირჩევენ, აძლიერო მხოლოდ ლოცვები,
როცა ათასჯერ მოგანატრეს მაშვრალს სიკვდილი,
როცა უღირსებს დითირამბებს უძღვნიან მრავალს,
როცა ვერასდროს გაიხარებ ცამდე მართალი,
სიკეთისთვის რომ პირშავობით გტოვებენ სახტად.
წავალ, მაგრამ ჰე, ვერ წავედი ვერასდროს ვერსად,
ერთგულ ძაღლივით კვლავ გიწვები, მამულო, ფეხთან.
                                                                       
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge