ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
გიორგი ბუნდოვანი - ლექსები
ახდა!
დადა ფეხსაცმელია!
დადა ფეხსაცმლის ქუსლია,
დაბრეცილი,
რომელზეც ვდგავარ!
დადა ზუსტია და სველი,
დადა არ არსებობს!
ის არც გამოგონილია!
არც რეალური!
ის ჟანგია და
ისაა ცეცხლიც...
კალიის თვალი და ბაყაყის
ბარკალია დადა!
მოხარშული...
დადა ციყვის კუდია
მისალოც ბარათზე!
დადა სამძიმარია, მასხარის!
დადა ვიტრაჟი და მაკიაჟია!
ისაა თაგვი!
თაგვის ხაფანგია დადა!
მას ჭყლეტ
ის კი არ კვდება!
-როგორ მოკვდება დადა,
როცა არც დაბადებულა?
ანუ დადა დაუბადებელია;
არც დაწყებულა!
არც დასრულდება!
დადა ახტა,
მერე კი ახდა!
ის ზის რაკეტაში
და მიჰქრის არსად!
დადა წარბებია შენი
შეღებილი მაწვნით
და გუაშით;
-ჰო, ის მაკიაჟია
ნავთის...
-დადა ზურაა!
-დადა დადიანია!
-დადა მეც ვარ...
ის ყველაა და არავინ!
დადა გიჟია!
ის ყველაზე ნორმალურია!
ავადმყოფია და სულელი დადა!
რადგანაც გაზეთია და სკაროსი...
ხეა და ლიმონია, დადა!
დადა აქლემის კუზია!
ის ბუზია ასევე,
რომელიც დავკალი გუშინ!...
DA DA-ს ვიტალიზმი
გენდერული ტენდერი და ბლენდერი
-120 ვატიანი!
კლიმაქტოზური ხანდაზმულობა
დატანილი დაფნის დაფაზე,
სადაც დადის და...და
როგორც ფაეტონი ბამბაზიის პროსპექტებზე
ღამით,
მიშრიალებს სირაქლემის კუდზე...
და და-ნაგვიანებულ ქუჩების დეგრადირებული
ანატომია...
დელტა-გეომეტრია, გამა-სტერეომეტრია...
ჭიტლაყი უკანალში, გასიებულ დუმაში,
ჭიტლაყი ულაყის!
ის ფროტაჟს მოკლებულთაგანი იდიოტკაა!
ბომონდია! ბომონდია- ძველ სკვერში...
სექსი არ არსებობს!
ის ფატალიზმშია...
დახოცე და აღხოცე ყველა საგნის ისტორია-
როცა ხარ და-და!
როცა არა ხარ კატა!
-დადა ვატირე შენი!!!
-გადაგატარე უთო თვალზე!
ფონეტიკურად კინეტიკური აბსურდის სუნით
ყარხარ!
კენწეროზე ამხტარა ციყვი, ეს ბრიყვი
ხინკალი, კუჭის გარეშე!..
ეს ფალოსივით ქაბაბი!
დრამატურგიული უჩემობით დაიხურა
ყველა წიგნის აბზაცი...
და და - ზარმაცი!
და და - წარმტაცი!
მახინჯი და წმინდაა დადა!
-ზედნაშენების გარეშე!
დეკორაციების გარეშე, რომ გაფაქიზებულა
უსაშველობამდე
და
ახდენს პოეტების მეტაფიზიკურ ზე-ზონდირებას
საუკუნეებს მიღმა!
მეტეორულ ტალახში...
და ბოლოს - მე შენ იმიტომ ვერ გიტან,
რომ მიყვარხარ მიწით და სივრცით...
ამიტომ მოგკლავ ახლავე!
ჩაის ლამბაქზე დავალპობ შენს კანს...
სულში კი „ქამელი“ ჩაგაფურთხებს
-ორკუზიანი!
ზარბაზანი!
ზარ-თავზარი!
ზარ-ზეიმი...
მოვტყან ის ზნეობა, რომელიც შირმაა
შენთვის!
ძირმაგარა გავხეთქე და ჩირქის მაგიერ
ამოხტა მუმია
-ხელ-ფეხ დაუკრეფელი,
სახელად დადასტანი...
ავღანისტანი...
ანარქისტანი...
კაბალისტანი...
მე-7 ავენიუზე!...
და-და კი კურნავს კიბოს!...
ბოლო საყრდენი
კნინი ემოცია ცად ისვრის ფიქრებს,
სად ვარსკვლავები ბიჟუტერიობს
და შემოდგომის ფერმკრთალ სერიებს,
სხეული ჩემი ძონძებად ირგებს.
ყრია ასფალტზე სხვების დღეები
-ყვითელ ფოთლების ნაყარ-სანაცვლოდ;
მინდა სიტყვებში სული ჩავმარცვლო,
როგორც ციდ-ციდა სამოთხეები.
დაგუბდა პირზე სუნთქვა ნაწყენი,
თვალებში ჩადგა სუსხი დილების.
ამიძაგძაგდა მზრალი კბილები,
ამიყირავდა ბოლო საყრდენიც...
რომ აზიდულან ხეები ურცხვად,
რომ უკითხავად ფესვები ხლართეს,
ვგავარ ბუდეში მიგდებულ მართვეს,
რომელსაც შია და ფრენა უნდა!
წავაგე მთანგველ, მქისე მეწყრებთან,
განძარცულია, რაც რამე შევქმენ...
დაველოდები საკრალურ ვერტმფრენს, -
ის გადამაფრენს შავტუხ მერცხლებთან.
დადუმდა, დაშრა ლოცვაც და ცრემლიც,
მე სულ ასე ვარ შემოდგომობით;
ვის გავაოცებ ჩემი მორცხვობით?
უჰორიზონტო ლექსების მთლელი...
კნინმა ემოციამ ცად იფართხალა,
იქ ვარსკვლავები ხატავენ ფერიებს...
ამ შემოდგომის შავ-თეთრ სერიებს
ინტიმი ჩემი ძონძებად ირგებს.
ძალა სიტყვაში
ვარ მოწოდებით მე პაციფისტი,
თუმც საკუთარ თავს სულ ვეომები,
ეს ბრძოლა ჩემთვის მხოლოდ წმინდაა,
რადგან დავლეწე ყველა დოგმები.
ირგვლივ ომია და კრატერები
სისხლით ივსება მთელ პლანეტაზე...
ღმერთო მომეცი ძალა სიტყვაში,
მალაპარაკე ყველა ენაზე!
-რომ გასაგებად, აზრი თუ ფიქრი
ჩემი ვაფრინო ლექსის აფრებით;
პოეტის ტონი გრგვინავდეს მეხად
ნაგვირისტები თეთრ იალქნებით!..
ვერ მასვენებდეს სიმართლის წერა
და ბედისწერად მერგოს ხმაური,
დასრულდეს ჯახი, იშვას სიმშვიდე,
შეჩერდეს გულში აურ-ზაური!
ვარ შინაგანად ის პაციფისტი,
ვინც საკუთარ თავს სულ ეომება...
ეს შეტაკება ისე წმინდაა,
რომ სულში, ვიცი, ხვალ გამოთბება!
ძველი კაქტუსი
ცა მოიქუფრა შავრაზმეულად,
ნისლმა იწვეთა სივრცის ნოტებზე,
ფიქრმა წამიღო ანაზდეულად,
გადამატარა სევდის ბორცვებზე.
ამ უდარობამ გულში მარწუხად
შებოჭა სუნთქვა, სუსტი ისედაც,
ხველამ ულმობლად დღეს შემაწუხა,
ფილტვში საკანი გამომიჭედა.
გაყინულ ფერფლით სახე ქვავდება
აღარც თოვაა, აღარც ქარია...
რიჟრაჟის სუსხი ამოზვავდება,
ისმის გარედან ავე-მარია.
ხალხში გარევა ძალზედ რთულია,
როცა ზამთარი გბორკავს საბნებით,
-გონება სულის საბარგულია,
წარსული გკურნავს ტკბილი აბებით.
მაგრამ დადგება ჯერი სითბოსი,
ძველი კაქტუსიც აყვავილდება...
და მეზობელი ჩემი, ინდუსი
დიქტატს სიცხისას დამორჩილდება!..
ელესდე
დიხლოფოსი-მწერთა ბოსი; მტვერსასრუტი-„სამა-სუდი“
სილაბუსი-ნატრიუმი; ემაუსი-გზა, დიუმი
კონტრაბასი-ანანასი, ექზარქოსი-ნაცი/ქოცი
ვიქტორინა-ვიქტორია, ჯერონიმო-ირონია,
ბლიც-ბაცილა, ინექცია, აგვაცილე-ინფექცია
კანტი-კუნტი, სველი კნუტი; ამარკორდი, Vip-თა ბორდი
ელესდე თუ ემ-ემესი
Magic – фოკუს, კაიф - სტრესი
იმარხულე-იმსახურე; ფარადეი - ამადეო
მეტა-ფორა, ვარდი, სკორე
დის-ფუნქცია, ინსტრუქციით
ხეროსიმა-ფუკოსიმა, ინსტანცია-დინასტია
გამა-სხვივი, დაგვასხივა, ანტრაპეზამ-ანამნეზით
პოლინდ-რომი, China-რომი
რა მადლია - გრელანდია,
ვისკი ძველი - ჭაჭა მკვლელი,
Johnnie Walker - ალან პარკერ
კიმ უაილდი-ბასილ დიდი, ზღაპრის დევი და ბრეჟნევი...
ელესდე - 2
გენოციდი, მაო-დიდი,
ანტრაციდის ქვანახშირი;
გამა მშვიდი, ანარიდი,
ტყვიისფერი სანაპირო.
ჰერალდიკა, ეროტიკა,
ავანტიურა, დიქტატურა;
კინეტიკა, როგორც პიკი-
თავფურცელის სიგნატურა.
სისა ტურა, იფსამს ტურა,
ჯაპონური მინიატურა;
ლამა ლამობს კამა-სუტრას,
იზეპირებს ლოცვით უსტარს.
არლეკინი დახტის კნინი,
სკრიპკას ხერხავს პაგანინი;
-არც მარტინი! არც ნაყინი!
გაეყინა გაჯეტს ტვინი.
მაკნატუნა, ვაკანტური,
ვაკანსია-გიდი ტურის;
სათვალთვალო ამბრაზურა,
თუ პირსინგი ზედა ყურის.
სამოკატი, ავტოკრატი,
მაკარონი ანაწონი;
ისევ წნევის აპარატი,
ანალგინი და მაწონი.
უწონადი, ადვოკატი,
ისტერიკა, მასკარადი...
-სწორდი! სმენა! კონკორდატი-
ყუმბართ-ცვენა კონონადის.
ეპიგონი, მეთადონი
ჩანაცვლება, მარათონით;
აღარც ანი! აღარც დონი!
აღარც განი! ვეღარც კლონი...
ელესდე -3
გადაუარა ქარმა სუდარად, ამურდარიის ისმის მუდარა,
ხავერდით ევფრატს ფატრავს ფანტომი, მოწყდა ნახტომით
და ჩაიკარგა კენგურუს თვალში,
არა ჯიბეში! რადგანაც ვალში არ წაუღია სხვისი წყვდიადი...
და დადგა ჟამი დიდზე-დიადი, ციცაბო კლდეთა პაემანების,
სხვა ნეტარების, სხვა კენტავრების,
დინოზავრების ხელა ხარების.
ლაზღანდარების ხორხოცმა შთანთქა
მიზანთროპების გადაგვარება.
ავ ზღაპრულ ფანდებს აწყობდა ბუდა, სიზმრების ხურდად,
ყრიდა ფარფატით ლოტოსის ფურცლებს.
კომპილაციით აგებდა სუტრებს, ნოოსფეროდან
იწერდა უსტრებს...
დაწყლულდა გული ბნელი მუმიის, გადაიკოჟრა
ბებრებად სოკო; მის დახავსებულ სხეულზე როკავს,
ცეკვავს ეონთა ესკადრილია...
და მინავლებულ, კრიალა ტბორში
ასტრალურ ალმასს მოჰგავს ლილია,
სულ ბათილია ირგვლივ სამყარო,
გრანდიოზულად -
სულ ბათილია...
გამგავე
ყოველდღე გამაქ სახლიდან ნაგავი!
ხანდახან დღეში ორჯერ,
ზოგჯერ სამჯერაც...
და სულ მიკვირდა დამიკვირს, საიდან ვქმნით ამდენ ნაგავს,
ადამიანები?
ყოველ ნაბიჯზე ნაგავს ვეჯახებით ცხოვრებაში,
პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით...
ადამიანი არის ნაგვის წარმომქმნელი მუდმივი მანქანა
-ნაგვის პერპენტუმობილე!
ვეღარ ავუდივარ ნაგვისთვის შავი ცელოფნების ყიდვას.
მათ ჩემი, ისედაც მწირი ბიუჯეტის მეოთხედი მიაქვთ!
არიან მსოფლიოში არტისტები,
ვინც ყოველგვარი ნაგვიდან შედევრებს ქმნიან!
მერე ამ შედევრებს მსოფლიო გალერეებში ფენენ, როგორც
იდეალურ არტეფაქტებს-არტ ინდუსტრიის ნარჩენობის!
-არა ნარჩენების ოღონდ!
-გამგავე ღმერთო, გამგავე,-
იხვეწება უსახლკარო მოხუცი;
-გამგავე, უფალო, გამგავე,-
იხვეწება სიკვდილმისჯილი სნეული
თავის ბოლო სარეცელზე!
-გამგავე, დედა, გამგავე,-
იხვეწება მათი სული...
-ცოცხები ჩქარა!
ნაგვისგან უკვე ქოხებსაც იშენებს ხალხი,
მანქანებსაც კი აპირკეთებენ ნაგვით,
ეზოებს, ღობეებს, ისტორიას...
ჩემი ნაგავი განსაკუთრებული და განუმეორებელია!
მისი ისტორია იწყება 1969 წლის 12 აპრილიდან,
როდესაც კოსტავაზე, სამშობიაროში, მე, პირველად ჩავისვარე!
მაშინ არ არსებობდა პამპერსები და ჩემი პირველი
ნაჭრის „კლეჩატი პილიონკა“
თოთო ექსკრემენტებით, იქაურმა სანიტარმა ქალმა
ჯაჯღანით გადაუძახა ნაგავში...
რომელიც შემდგომ, დანიშნულ დროს,მტკვარს შეუერთდა
და დააპურა მშიერი თევზები...
რომლებიც მერე მტკვრის მეთევზეებმა დაიჭირეს
და ოჯახებს აჭამეს...
ხოლო ჩემი უკანასკნელი ნაგავი, ჩემივე ცხედარი იქნება,
რომელიც რომელიმე სასაფლაოს მიწას
რაფინირებულად დააბინძურებს...
ან გააპოხიერებს, პირიქით;
ყოველ ადამიანს თავისი პირადი ნაგვის ინდუსტრია გააჩნია!
ყოველი ადამიანი თავადაა, ჭეშმარიტად, ნაგვის მანქანა;
ოღონდაც მისი ნაგავი, ზოგჯერ ყარს, ზოგჯერ ღვივის,
ზოგჯერ ტოქსიკურია, ზოგჯერ სასარგებლოც,
ზოგჯერ კი
-კონცეპტუალურია ზედმეტად.
პოსტ-სიურეალისტურიც კი...
სადაც კი არ მიცხოვრია, რამდენი სახლიც არ გამომიცვლია,
უმეტესი დრო მიმდიოოდა და მიმდის ნაგვის წარმოქმნა-გატანაში!
ეს იმდენად უწყვეტი პროცესია, ვერც ვამჩნევთ ამას...
ეს ჩემი თანამდევი პროფესიაა!
ეს ყველას თანამდები პროფესიაა!
გარდაუვალი, როგორც სუნთქვა!
ეს ჩვენი გენეტიკაა, დაყოლილი ქრომოსომებიდან!..
ჩვენი მამები, სპერმასთან ერთად, ჩვენს დედებს
ჩვენს ქრონიკულ მენაგვეობასაც გადასცემენ!
(ცხონებული მამაჩემი მეხვეწებოდა სულ - „შვილო, როცა ჩავძაღლდები
ნაგვის მანქანას გამატანეო...“)
ჩვენ ვაწარმოებთ ნაგავს,
ეს ჩვენი უსასრულო და უხსოვარი ბიზნესია!
ჩვენ გაგვაქვს ნაგავი, ამაყად! ჩუმად! ალალად და ზანტად...
-ნაგვის გატანის მაგიური პროცესი ჩვენი აღლუმია!
ჩვენ არ ძალგვიძს უნაგვოდ არსებობა,
ისევე, როგორც ჟანგბადის, ან გამრავლების გარეშე!
ნაგავს ვაწყდებით ყველგან და ყოველმხრივ:
-ურთიერთობებში, სამსახურში, ქუჩასა თუ ფიქრებში...
გულშიც კი ნაგვის საყრელებია აჩონჩხილი...
რაც გულს ხეთქავს და აჩერებს საბოლოოდ!
სიხლძარღვებს ჩვენი ნაგავი გადააქვს, ლიმფას ჩვენი
ნაგავი გადააქვს, ტვინის ხვეულებში ნაგავი ჩაბუდებულა,
სკლეროტულ ბარიკადებად...
ლოცვის დროსაც კი ნაგავი იმარჯვებს ჩვენში!
სექსის დროს, ჭამის თუ ძილის, დანაგვიანებულ სიზმრებად...
--„მე სანაგვეთის მოქალაქე ვარ!“--
ესაა ციტატა, ჩემი 30 წლის წინანდელი ლექსიდან!
მე დღესაც ასეთ მოქალაქედ ვრჩები!
ნაგვის ბუნკერია ჩვენი იდილია!
მე ვამაყობ ჩემი ერის და გენის სინაგვით და სანაგვით!
და დღესაც, აი ამ წუთასაც ვაპირებ ნაგვის გატანას,
თავაწეულად, თავდაჯერებით და აღფრთოვანებით!
მე გამაქვს ნაგავი, როგორც პირადი მდგომარეობების
და პოზიციების მარადიული გრადაცია!
გამოანათე
გამოანათე, ახსენი ფარდა,
გამოასხივე შენი იერით,
ისუნთქე მშვიდად, იფიქრე სხარტად,
ხარ გარიჟრაჟი პირმშვენიერი.
ამოშრიალდი ჩრდილიდან მზეში,
მიმოაპნიე უცხო აზრები,
დათესე ქვაზე, ახარე მკერში-
სხვა სიყვარულის ამარანტები!
გამოაფხიზლე ლექსებით მასა,
მასა, რომელიც ძილმა დაკოდა!
ამოქათქათდი მკვეთრად და ნაზად-
შენით სამყარო უკვე გატოკდა!
გამოანათე ისევ და ისევ...
ელვა-სხივოსან ფრთებად იბნიე!
გრძნობების აღლუმს რითმებით მიყევ,
რადგან პოეტის კარმა იწვნიე!
ახალი სტატიები
დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56გია ხოფერია - წარსულის ღია ფანჯრები 04:52ნანული კაკაურიძე, ირაკლი ცხვედიანი - მხატვრული აზროვნების რემითოლოგიზაცია: მეთოდოლოგიური პრობლემები 04:50ვალტერ ბენიამინი - დოსტოევსკის „იდიოტი“ (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 04:45ფისო ნავროზაშვილი - ვინ დაწერა „დათა თუთაშხია“ და ფიესტა ქუთათურად 04:39
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
სოფიო ღლონტი - ლექსები
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე