გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მონიკა ბულია - ერთი ჩანახატი და ლექსები



ნატკენი ჩრდილი

კომენდანტის საათამდე ზუსტად 23 წუთია დარჩენილი, აუჩქარებელი ნაბიჯებით მივდივარ ნაქირავებ სახლში, ლამპიონების ქვეშ, მხედველობის სიზუსტით ვაკვირდები ჩემს ჩრდილს,  აღელვებულსა და აფორიაქებულს, უცნობი მძღოლები უფრო ჩქარა მიდიან, რომ საათის სისრულემდე მიაღწიონ სახლამდე, ამ დროს კი, შენ, მიდიხარ შენს ჩრდილთან ერთად და ფიქრობ, ზოგს დიდი ჯარიმის გადახდა არ სურს, ზოგს ცოლ-შვილი ელოდება, სადაც ცეცხლი უნთიათ ბუხარში, იქ თბილა, ნათურა ასხივებს ღამეში ბნელ სახლს, მაგრამ მათ მიერ დატოვებული კვალი ჩემს ჩრდილზე ასეთი თბილი არ არის, ეს ტკივილი გსდევს, ჩაგდის სულში და მეტად წიოკდები.
დასრულდა გზა, წინ სახლია, შედიხარ, წვები, ვერ ხვდები ასეთი დაღლილი რატომ ხარ? რთავ მშვიდ სიმღერას და აგრძელებ ფიქრს...
ეს სიცოცხლე, ასეთი ნარნარა, რატომ გტანჯავს ასე?! უგულოდ რომ მიგანდო მარტოობის სასჯელს. მიუხედავად ასაკისთვის შეუფერებელი სიმძიმისა, ღრმად დიდი ხარ.
ლოგინში ვტრიალებ და ბალიშის მოპირდაპირე მხარეებს ვნამავ, თუმცა არ ღირს იწვიმო, ამას ცა უშენოდაც მშვენივრად იფერებს.  
ახლა ათს აკლია თხუთმეტი, თვალს ძილი არ ეკარება... შენ კი ფიქრობ, ფიქრობ იმ ჩრდილზე, რომელიც ასეთი ნაწყენი დარჩა უცხო მძღოლებისგან.
ყური მიგდე ჩემო თავო, შენი დარდი მუდამ იდარდებს, შენი მზე მუდამ იმზევებს და თავად შენ - მარად იგაზაფხულებ, ეს ნაადრევი სევდაც კი ნიჭია, შენს ნატკენჩრდილიან სულს კი, უკან ღვთის წყალობა სდევს ლამპრად...
და ამ სამყაროს უმნიშვნელოვანესი იმედის სხივი ხარ.





დედაჩემო

დედა, ნუ მიწყენ!
სიცოცხლე რომ გაგრძელდა ჩემთვის,
მაპატიე, თუ მზიან ამინდებზე ვერ ვთქვი უარი,
ვარჩიე მზის სხივებით
გაჟღენთილი ჩუმი ცრემლი,
მენამა საფლავი შენი,
ალბათ კარგად ხარ
და მეც არ მიჭირს არაფერი,
როგორია იქ სიცოცხლე?
ვიცი, ბევრს ვერაფერს მეტყვი,
თუმცა შენ გაბედე და
უხმო პასუხებსაც გავიგებ შენგან.
მიყვარხარ, დედაჩემო, მენატრები, გეძებ,
ყოველი მცდელობა არის ტკივილი,
მაგრამ ვიცი, ერთ დათქმულ დროს გნახავ ისევ,
აუცილებლად იწვიმებს ცოტას,
ჩვენ დავსველდებით,
მაგრამ შენს გულში იქნება სითბო!
გელოდები სამუდამოდ, დედაჩემო!








***
შენ მატყუებ პირველი დღიდან,
თითქოს შვილები მოჰყავთ წეროებს.
ფრთებმოღრეცილი გავდივარ
ნააბორტალი მუცლიდან
და სისხლისფერთან ერთად ყველაფერი მკვდარია.
გლოვის ცრემლებს გაატან ჩემს გვამს ნაგვის ყუთამდე,
ხელს მიიჭერ ცარიელ მუცელზე
და როცა იგრძნობ რაღაც გაკლია,
ვეღარ დაგიბრუნდები!
დაუბადებელიც იგივეს გეტყვი, რომ ძალიან მიყვარხარ!






***
შენს ვენებს წამლით დაჟანგული
ბაქანი მისდევს და ვინ იცის,
საკუთარ ცხოვრებას
რომელ მატარებელს გაატან!
არა! არა და არა!
მე ამისთვის მზად არ ვარ,
და დღითიდღე უფრო მძიმედ, უფრო ტკივილით
მიგათრევ სახლამდე,
რომელიც ჯერ არ გვაქვს.
ჩემზე წინ ნუ მიხვალ
იმ გაჩერებასთან!!!
ის მატარებელი
სიცოცხლიდან გადის!
შენ მე მასწავლე
ამ შიშით ცხოვრება,
რამეთუ სიყვარული
არს უფრო მაღლა.
ამ შიშსაც დავთმობ...
ჯერ სუნთქავ, ჯერაც მიმზერ
და თუ მე  ვერ აგარიდე ტკივილებს,
თუკი ჩემზე წინ მიხვალ
იმ გაჩერებასთან, - არ შეგეშინდეს,
მომდევნო მატარებელიც მოდის!



скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge