გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ეკა ოთარაშვილი - გაქცევით შეჩერებულები

                          
     ჭერს მივჩერებოდი. არ იყო კუთხოვანი, როგორც იქ, ჩვენთან, საქართველოში. 
თაღოვანი სახლები ყოველთვის უცნაურ გრძნობას მიჩენს და ფიქრს მივყვები. ვცდილობ, განყენებულ საკითხებზე ვიფიქრო, მაგრამ ეს მხოლოდ წუთით. მზერა ოთახს მოვავლე. ცივ, გაყინულ ოთახში მარტო ვიჯექი. თანმიმდევრული სიზუსტით იყო განლაგებული კათოლიკური რიტუალისთვის საჭირო ნივთები. ჩემს მოპირდაპირე კედელზე ტილოა გაკრული გამოსახულებით - ღვთისმშობელი მარიამი და ჩვილი იესო (Madonna e Cristo). ირგვლივ დიდი კანდელებია შემორიგებული. კედლების გასწვრივ დალაგებული სკამები  შევასწორე. მეორე ოთახში ჩემი მეგობარი მეგულება (დილით სასოწარკვეთილმა დამირეკა სინიორას გარდაცვალების შესახებ).
      სუდარა დაცურებულა. ავდექი და შევასწორე. ცრემლი თავისით მოდის. ნათელში იყოს სინიორა პასკუალინას სული. 
მოხუცებთან თანაცხოვრება თანდათან სიყვარულში გადაგვდის და გვიჭირს მათთან განშორება. მიკედლებულები ვართ მათთან და ვეძებთ იმას, რაც იქ, შინ დაგვრჩა. არც ჩვენ ვიშურებთ მოფერებასა და სითბოს. ვეფერებით შვილის, შვილიშვილის, დედის, მამის წილი სიყვარულით და მათთან ვცდილობთ დავიხარჯოთ და მათგანაც გვინდა, თუნდაც სულ ცოტა სითბო მივიღოთ. მის სულს ვთხოვე, დაგვლოცოს თავისუფლებაგაყიდული ქართველები, სხვისთვის კარგად და ჩვენთვის ტეხილად რომ გამოვიყურებით. დავტირი სხვის ბებოს, სინიორა პასკუალინას, სხვის სისხლს და ხორცს და მგონია, ჩემები საფლავში ტრიალებდნენ. 
     ბავშვობაში ერთხელ დედას გაოცებულმა ვკითხე, რატომ ეძახდნენ მარგალიტა ბებოს ბერძენს. ბერძენი მოვიდა, ბერძენი წავიდა, ბერძენი იძახის... თურმე, მარგალიტა ბებო ბერძენი ყოფილა, საქართველოში სამუშაოს საძებნელად ჩამოსული. აქვე თავისი ბედიც უპოვნია და დაოჯახებულა. სოფელს დავიწყნია მისი სახელი და ასე, თავისებურად მოიხსენიებდნენ ყოველთვის. დედას ნათქვამიდან მაშინ ვერაფერი გავიგე და დიდხანს გაოცებული დავდიოდი, ვიდრე არ დამავიწყდა. დღეს კი, ბერძენი მარგალიტა გამახსენდა...
    გამიგია, დიდი ვნება სიკვდილშიაო. როცა პირთან მისული სუნთქვა გაიყინება, საკუთარი სხეულის ფეთქვით ხვდები, რომ დრო ილუზიაა.
     ადამიანში როცა საკუთარი არსების რაღაც ნაწილს დებ, ვერ ეგუები მის სიკვდილს ისე, რომ თავადაც არ მოკვდე. არა, რა სისულეებს ვფიქრობ?!
    კარის ხმაზე მოვიხედე და იტალიელი წყვილი შემოვიდა სამძიმარზე. მე, როგორც ჭირისუფალი, ავდექი ფეხზე და ჩემი მეგობარიც გამოვიდა მეორე ოთახიდან სამძიმრის მისაღებად.
   საშინელებაა ჩემოდნებით ხელში თავშესაფრის და სამსახურის ძებნა. ამ დროს ჩვენ ორ რამეს ვტირით, გარდაცვლილს და ჩვენს თავს. რა ვიცოდი, რამდენიმე დღის შემდეგ თუ მეც დავიტირებდი ჩემს სინიორას და ჩემოდნებით ხელში, ბაბაიაგასავით, შემოვასკდებოდი ქალაქებს სამსახურის ძებნაში (ბავშვობაში, ზღაპრიდან ვიცოდი, როგორ დაფრინავდა ცოცხზე გადამჯდარი ბაბაიაგა და ვინც ცუდად მოიქცეოდა, გაიტაცებდა ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით. იტალიაში კი მისი სახელობის დღესასწაულია და ამ დღეს ადამიანები ერთმანეთს ასაჩუქრებენ).
      ერთხელ, მატარებელში მეგობარი შემხვდა, მოვიკითხეთ ერთმანეთი. მონაყოლმა არ გამაოცა. სიუხეშე ვისწავლე, რადგან გარემოება მქონდა ისეთი, რის გარეშეც ვერ გადავრჩებოდიო... ეს სიტყვები რაოდენ დასაფიქრებელია.
შეგრძნებები სხვადასხვა განზომილებებს იძენს. გავურბივარ ყველაფერზე მსჯელობას, ვცდილობ ზედაპირულ ფიქრს. ალბათ მეც გადარჩენისთვის.
     კარგია, როცა სიბნელე ავსებს პირდაღებული ოთახის სივრცეს და ცუდია, როცა სველ ხელებს ყოველთვის ვერ შეიმშრალებ.
     ცხოვრებას ბევრი დრო აკერია, ზოგისთვის დიბა ატლასით და ზოგისთვის კი ნაკუწებით აკინძული საკერებლით. მე უკვე ვიცი, ჩემი როგორც გამოიყურება და დუმილს ვარჩევ. ეს მხოლოდ ჩემი ტკივილია.
     ერთხელაც, ვიღაც გეტყვის, შენი თვალები გაუცხოების დღეებით კვდება. დადგება დრო, ამოკენკავ სათითაოდ სულიდან ტკივილს და ეს ტკივილი შენ თვითონ გაგაძლიერებს და განუზომელი რწმენით სამყაროს მაღალ ფეხებზე შედგები. 
    ვინ გაცლის ფიქრს. ცოდვა გამხელილი ჯობია, - ფიქრისთვის და ოცნებისთვის ამდენი დრო ჯერ არ მქონია. შემოვიდნენ ვიტო და მიმა (სინიორას შვილი და რძალი), რომლებიც დაკრძალვის საქმეებს აგვარებდნენ. სინიორას მეორე დღეს ეკლესიაში გადაასვენებდნენ, მესა ჩატარდებოდა და მერე საგვარეულო აკლდამაში მოათავსებდნენ. 
     ამ დროს, ხვდები, რომ თითქოს უმნიშვნელო ნივთს გავხარ და შეიძლება იქვე დაავიწყდე ოჯახს (თუმცა, ოჯახს გააჩნია. მე და ჩემი მეგობარი ნამდვილად არ დავავიწყდით ამ ოჯახს).
    ადამიანი, რომელიც მარგალიტივით ძვირფასი შრეებით არის დაფარული, კეთილშობილ ადამიანს ვუწოდებ. ასეთები იყვნენ ვიტო და მიმა. იტალიელების გულისხმიერებას ქართველი არასოდეს ივიწყებს. მადლიერება ყოველთვისაა ჩვენს გულში და ასევე მათ ყურადღებას გაათმაგებული სითბოთი ვპასუხობთ. ეს ხომ ჩვენი ერის საგვარეულო ნიშანივითაა.
      პადრე მოვიდაო და ყველანი რიტუალისთვის მოვემზადეთ. მოკრძალებით ვიკითხეთ, მართლმადიდებლები გახლავართ და... პადრემ თბილი მზერით თავი დაგვიკრა და დაიწყო ,,Santa Maria, madre di dio...“
     მთელი ცხოვრება თვალებშია მოქცეული. თვალებია, რომელსაც ტყუილი არ შეუძლია და გულწრფელია, როგორც არავინ. მოდით და ჩამხედეთ თვალებში, არც დღესაა გასხივოსნებული, მაგრამ ვგრძნობ, რომ სხვა დროს ასეთიც აღარ იქნება, რადგან ყოველდღე ბევრ საზიზღრობას ხედავს, გამოხედვა კი მოსასხამივითაა.
    ტირილი მომინდა და ავტირდი. ავტირდი და ღვარ-ღვარა ცრემლები ჩამომდიოდა. ეს იყო დაგროვილი ტკივილის ართქმული განცდის, ხვალის და ზეგის დატირება. ეს იყო მონატრებული ჩახუტების, უდარდელი სიცილის, დაკარგული სილაღისა და უიმედობის ტირილი. მეგონა, ფრთებით სადღაც მივფრინავდი და მიღებული შვება მიმაქანებდა არარსებულ სამყაროსკენ, რომელიც თითქოს ჩემთვის შექმნილი მელოდა.
     ჩემს ოთახში შესულმა დაღლილი სხეული გავიხადე და საწოლზე დავაგდე. ემბრიონის ფორმა მიღებულს დავყურებ შეციებულივით, დამნაშავის გრძნობით შეწუხებული. მეცოდება, როგორ გდია დაღლილი ნერვით და დაღლილი ქსოვილით. ამოხედვის თავიც აღარა აქვს, რომ მაგრძნობინოს, როგორ სჭირდება, ამდენი ადამიანის საცერში გაცრილი მზერით და სიტყვით მიყენებული ტკივილის დაამება. მერე ისევ... თავიდან გადავიცვამ სარჩულივით ჩემს სხეულს და sto arrivando-ს (მოვდივარ) ძახილით გავაგრძელებ სუნთქვას წუთიდან წუთამდე, ფანჯრიდან ფანჯრამდე, ოთახიდან ოთახამდე და დიდი-დიდი - ეზომდე... და მივალთ ჩაკეტილი სივრცის აგონიამდე.
     ეკლესიაში მესა დამთავრდა, რამაც გვამცნო სინიორა პასკუალინას დაკრძალვის ცერემონიის დასრულება. მოვდივართ ეკლესიიდან მდუმარედ მე და ჩემი მეგობარი, ერთმანეთის ტკივილწამოკიდებულები. არიდებული მზერით, ცივი რეალობის დანახვის შიშით და ნელი, დაღლილი, მძიმე ნაბიჯით მივუყვებით მარმარილოს ფილებიან ქუჩას. არვინ არაფერი არ ვიცით. ვინ, სად, როდის და როგორ ვიქნებით.
      არ ვიცი, რა დროა გასული, რაც მონტრონეს ბაღში ვზივარ. შადრევნის ხმა აღარ მიშვებს და თავისკენ მიხმობს. თავი მტკივა. რა იქნება ხვალ?! არასოდეს იცი, დღეს რა მოაქვს და ღამეს რა მიაქვს, მითუმეტეს - ემიგრაციაში. 
     შეიძლება, გაიქცე, წახვიდე ათასობით კილომეტრის დაშორებით, ისწავლო უამრავი რამ, მოისმინო უამრავი სიტყვა, ფრაზა და ვერ იპოვო ის, რასაც ეძებ. ყოველგვარი გაცნობიერების გარეშე დაკარგო, რაც გაგაჩნია.
    შეჩერდით, შემოგვხედეთ და გვნახავთ გაქცევით შეჩერებულებს.

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge