გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გეგი კუხალეიშვილი - ღმერთკაცობრიობის მომავალი და სოციალისტური ფორმაცია

            

,,იმ ორს სამოთხეში - მიეცათ არჩევანის საშუალება: ბედნიერება თავისუფლების გარეშე, თუ თავისუფლება - ბედნიერების გარეშე, მესამე - არ არსებობს. მათ, ბრიყვებმა - თავისუფლება აირჩიეს - და რა გამოვიდა: რა თქმა უნდა - მერე, საუკუნეების განმავლობაში, ოცნებობდნენ მარწუხებზე. მარწუხებზე - გესმით, აი, რაზეა სამყაროული სევდა. საუკუნეები! და მხოლოდ ჩვენ მივხვდით, როგორ დავიბრუნოთ ბედნიერება... არა, თქვენ ბოლომდე მოისმინეთ! ძველი ღმერთი და ჩვენ ერთად ! - ერთ მაგიდასთან. დიახ! ჩვენ დავეხმარეთ ღმერთს საბოლოოდ დაემრაცხებინა ეშმაკი - ეს ხომ, მან უბიძგა ადამიანებს დაერღვიათ აკრძალვა და ეგემათ დამღუპველი თავისუფლება, ის იქედნეა, გველი. ჩვენ კი - ბახ ! ჩექმით თავში და მზადაა! ისევ სამოთხე! და ისევ გულწრფელები, უმანკონი ვართ - ადამის და ევასავით.“
ევგენი ზამიატინი  -  ,,ჩვენ“

ეძღვნება ევგენი ზამიატინის ხსოვნას

თვითშენარჩუნების ილუზია და სისტემატიზებული თვითგანადგურება

,,ეკონომიკურ სისტემაში კერძო ჯგუფების ეკონომიკურ აპარატზე ბატონობა ადამიანებს მიჯნავს. ამ სისტემის გაშლის შედეგად კი გონების მიერ იდენტურად ფიქსირებული თვითგადარჩენა, ინდივიდუალური მოქალაქის გასაგნებული ლტოლვა, ბუნების დესტრუქციული ძალაუფლება აღმოჩნდება, თვითგადარჩენის თვითგანადგურებისგან გამიჯვნა კი უკვე შეუძლებელი ხდება. უხეშად შერეულნი, თვითგადარჩენა და თვითგანადგურება ერთმანეთში გადავიდნენ. წმინდა გონება უგუნურებად იქცა, შეცდომებისა და შინაარსისგან განწმენდილ პროცედურად“.
მაქს ჰორკჰაიმერი, თეოდორ ადორნო - ,,განმანათლებლობის დიალექტიკა“.
 
   დისკრეტულ-ატომიზირებული კაპიტალისტური საზოგადოების ექსტრემიზებული ინდივიდუალისტური თვითშენარჩუნების პრინციპი, ვითარცა სუსტი და გადაგვარებული ბურჟუაზიული ცხოველის უმაღლესი თვითმიზანი, რეპრეზენტირებული, როგორც მეშჩანური განმანათლებლობის მიერ აგრესიულად დაფუძნებული სისტემატიზებული უგონობის სიმპტომი, ყოველთვის თვითნებურად გადადის თავისსავე საპირისპიროში - გაუცნობიერებელ და ამდენად, საბედისწერო თვითგანადგურებაში. ბურჟუაზიული განმანათლებლობის სიცოცხლისუნარიანობა მისსავე უგუნურებაში, ან უკეთ რომ ვთქვათ თვითცნობიერების არქონაშია, მაგრამ თვითშენარჩუნების რადიკალიზებულ პრინციპთან დაწყვილებული ეს აგრესიული უგონობა უთუოდ გადაიზრდება თვითგანადგურებისადმი არაცნობიერ, მაშასადამე პათოლოგიურ, აბსოლუტურად საბედისწერო მისწრაფებაში.
    ის, რომ იმპერიალისტური ომი და ნებისმიერი წარმოშობის ბინძური ნაციონალიზმი თავად კაპიტალისტური ელიტების პროექტია, საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა და ამ ზედაპირული ფაქტის კონსტატაციით დაკმაყოფილება, ოდენ აზროვნების სიძაბუნეზე მიუთითებს. უმთავრესი, რისი გააზრებაც ჰხამს ისაა, რომ ომი ვითარცა სტიქია, უპირველეს ყოვლისა მეტაფიზიკის შურისძიებაა ლიბერალ-კაპიტალისტურ ატომიზმსა და ინდივიდუალიზმზე, წვრილბურჟუაზიული და უსისხლხორცო განმანათლებლობის უსიცოცხლო, უსიხარულო და ნეკროფილურ მატერიალიზმზე. 
    თვითშენარჩუნების პრინციპის თვითნებურ და გაუცნობიერებელ თვითგანადგურებაში გადასვლის სიმბოლური რეპრეზენტაციაა ბირთვული იარაღი, რომელიც წარმოადგენდა რა მასიური განადგურების შემაკავებელ მექანიზმსა და საყოველთაო მშვიდობის დამყარების უმთავრეს ფაქტორს, ნელ-ნელა, თვალსა და ხელს შუა გარდაისახა კაცობრიობის საბოლოო თვითგანადგურების ფატალურ საშუალებად. 
   ცხადია, განმანათლებლობა საკუთარი თავის გაცნობიერებით დაასრულებს თავისსავე არსებობას, მაგრამ იგი გააგრძელებს სიცოცხლეს სხვა ფორმით. დაამარცხო ბურჟუაზიული განმანათლებლობა ნიშნავს იმას, რომ ჩააყენო იგი იმგვარ პირობებში, რომელშიც იძულებული გახდება, რომ შეიძინოს და გამოიმუშაოს თვითცნობიერება. 
    განმანათლებლობის გარდაცვალება, ანუ მისი თვითცნობიერების პრინციპულად ახალ საფეხურზე ამაღლება, შესაძლებელია საწყისებთან, მეტაფიზიკასთან დაბრუნებით ან დიალექტიკური მატერიალიზმით, ხოლო აზროვნების ისტორიის ირონია იმაში მდგომარეობს, რომ თვითცნობიერების შეძენის ზემოთხსენებული ორი, თითქოს რადიკალურად ურთიერთსაპირისპირო ხერხი, საბოლოო ჯამში ერთი და იგივე აღმოჩნდა, ან იქნებ, უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით, ერთსა და იმავე შედეგებამდე მიგვიყვანა.
    დიალექტიკური მატერიალიზმი წარმოადგენს სოციალისტური განმანათლებლობის მეცნიერული მეთოდოლოგიის ქვაკუთხედს, მისი უპირატესობა ბურჟუაზიული განმანათლებლობის ზომიერ, ნელ-თბილ და ნაცრისფერ მატერიალიზმთან (ემპირიზმი, პოზიტივიზმი, ნომინალიზმი და სხვა გონების გადაცდომანი) მისივე რადიკალიზმი და სისხლისმიერობაა, რაიც იდეალურად ცნაურდება წითელი ფერის სიმბოლიკაში.
აცნობიერებდე საკუთარ თავს, ნიშნავს აცნობიერებდე საკუთარი თავის საპირისპიროს - მტერს და პირიქით, აცნობიერებდე შენსავე საპირისპიროს (მტერს),  ნიშნავს აცნობიერებდე საკუთარ თავს. ზომიერი და ნახევრად-რელიგიური ბურჟუაზიული განმანათლებლობა ვერ აცნობიერებს საკუთარ თავს, როგორც ასეთს, შესაბამისად იგი ვერ ამჩნევს ვერც თავის საპირისპიროს. ცხადია, დიალექტიკური მატერიალიზმი, ისევე როგორც ყველა სხვა მეცნიერული მეთოდი, წარმოშობით მეტაფიზიკურია, მაგრამ მისი სპეციფიკა და უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ რადიკალური მატერიალიზმის დაფუძნებით, მატერიას უხსნის თვითცნობიერების გამომუშავების შესაძლებლობას, რამეთუ საკუთარი თავის პარალელურად, იგი ამჩნევს და აცნობიერებს თავისსავე საპირისპიროს, მატერია აცნობიერებს სულს, მატერიალისტური პრინციპის სულიერთან დაპირისპირება კი, მათივე ურთიერთშერწყმისა და ჰარმონიული განზავების წინაპირობად იქცევა. ის მტკიცება, რომ ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას, სულაც არ მიუთითებს ცნობიერებისა და საზოგადოდ სულიერების დაქვემდებარებულ, ნაწარმოებ და მეორეულ მდგომარეობაზე, არამედ იმაზე, რომ ყოფიერების პირობების გაჯანსაღებისა და გაუმჯობესების გზით, შესაძლებელია ადამიანისა და კაცობრიობის სულიერ-კულტურული განვითარების უმაღლეს საფეხურებზე ასვლა, რამეთუ აქ,  აზროვნებისა და ნებელობის სიმძიმის ცენტრი გაუმჯობესებისადმი კეთილშობილურ მისწრაფებაში მდგომარეობს და არა ქედმაღლურ-მეშჩანურ ბურჟუაზიულ მითითებაში იმ ნახევარ-ფაქტზე, რომ მატერია პირველადია და სულიერების ანთროპოცენტრული, წარმოსახვითი დაქვემდებარებით შეგვიძლია ღმერთის ყოვლისშემძლეობას დავარტყათ - თვითცნობიერების ზედხედით დანახული ამგვარი წვრილბურჟუაზიული ჰუბრისი უთუოდ ღიმილისმომგვრელია. როგორც ერთი ბრძენი იტყოდა, მთავარი ხომ სამყაროს აღწერა კი არა, არამედ მისი შეცვლაა; ხოლო აზროვნებდე, ნიშნავს იმას, რომ გინდოდეს შეცვალო, ხოლო შეცვლის სურვილი, საბოლოო ანგარიშით უკეთესობისკენ შეცვლისადმი ნებაა.
   ადამიანურ აზროვნებასთან დაწყვილებული ყოფიერების გაუმჯობესებისადმი მისწრაფება, იმთავითვე სულაც არ გულისხმობს ღმერთმებრძოლობასა და ნახევარ-სიკეთის  უფლისგან დამოუკიდებლად კეთებას. სინამდვილეში, ეს ოდენ უნაყოფო ბურჟუაზიული მცდელობანია, რომელთა თანდასწრება თვითცნობიერების არქონითაა გამოწვეული. როცა კაცობრიობა გააცნობიერებს საკუთარ თავს, იგი შეწყვეტს არსებობას, როგორც კაცობრიობა და გარდაისახება ღმერთკაცობრიობად. აცნობიერებდე საკუთარ თავს, საბოლოო ჯამში, ნიშნავს გესმოდეს და გააზრებული გქონდეს შენი ღვთაებრივი წარმომავლობა. მხოლოდ სოციალისტურ განმანათლებლობას, დიალექტიკური მატერიალიზმის მეთოდის გამოყენებით, ძალუძს მატერიის რადიკალური დასაფუძვლება, რომელიც იმთავითვე გულისხმობს სულიერების პრინციპის, როგორც პოლარული საპირისპიროს აღზევებას. ურთიერთსაპირისპირო ელემენტები, აცნობიერებენ რა ერთი-მეორეს, იძენენ თვითცნობიერებას, ჩაღრმავდებიან საკუთარ თავში თუ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ისინი ერთიანდებიან და განზავდებიან, აღწევენ განვითარების გაცილებით უფრო მაღალ საფეხურს. 

მატერიალისტური სისტემა და სულიერების აღორძინება

,,... ტექნოლოგიური რაციონალობის დაგვირგვინება, იდეოლოგიის რეალობად თარგმნასთან ერთად, მატერიალისტურ ანტითეზისს სულიერ კულტურად აქცევდა. ღირებულებების საჭიროებებად თარგმნა ორმაგი პროცესია: 1) მატერიალური დაკმაყოფილება (თავისუფლების მატერიალიზაცია) და 2) საჭიროებათა თავისუფალი განვითარება დაკმაყოფილების საფუძველზე (არარეპრესიული სუბლიმაცია). ამ პროცესში, მატერიალური და ინტელექტუალურ უნარებსა და საჭიროებებს შორის მიმართება ფუნდამენტურ ცვლილებას განიცდის. აზროვნებისა და წარმოსახვის თავისუფალი თამაში რაციონალურ და წარმმართველ ფუნქციას იღებს ადამიანისა და ბუნების მშვიდობიანი არსებობის რეალიზაციის საქმეში. ხოლო შემდეგ, სამართლიანობის, თავისუფლებისა და ადამიანობის იდეები იძენენ საკუთარ თავისუფლებასა და სუფთა სინდისს. მათ მხოლოდ ამ საფუძველზე შეიძლება მიაღწიონ ჭეშმარიტებასა და სუფთა სინდისს - ადამიანის მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, საჭიროებათა სამეფოს რაციონალურ ორგანიზაციას.“
ჰერბერტ მარკუზე - ,,ერთგანზომილებიანი ადამიანი“.
     რატომ ხდება ისე, რომ ულტრა-მატერიალისტური, სოციალისტური სისტემა, რომლის ერთადერთი საბოლოო მიზანი მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა, საბოლოო ჯამში, თითქოს უნებლიედ, უმაღლესი სულიერი კულტურის არნახულ აღორძინებას ახერხებს? აქ, ცხადია ერთი მხრივ ვაწყდებით ღმერთის ირონიას, რომელიც თანაბარი ძლევამოსილებით ვრცელდება როგორც ცალკეულ ადამიანებსა თუ საზოგადოებებზე, ისე მათ მიერვე შექმნილ სუპერ-სისტემებზე. ის ფაქტი, რომ რადიკალური მატერიალისტური მიზანსწრაფულობა სულიერების ამოფრქვევით ბოლოვდება, უკვე წარმოადგენს ღმერთის სრულყოფილ ირონიას კაცობრიობაზე, მაგრამ ჩვენთვის, მეტაფიზიკური სკეპტიკოსებისთვის მსგავსი ინტერპრეტაციები, ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი, არადამაკმაყოფილებელია. ამიტომაც, საკითხს აქ უფრო ფართოდ და ღრმად განვიხილავთ. 
     როდესაც სოციალისტური სუპერ-სისტემა მთლიანად საკუთარ თავზე იღებს საზოგადოების ფართო მასების მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ტვირთს, იგი ამით ათავისუფლებს ადამიანსა და საზოგადოებას, მატერიალურ საჭიროებათა დაკმაყოფილებისკენ მისწრაფებისგან და ამგვარი მისწრაფებისთვის დამახასიათებელი შესაბამისი წვრილბურჟუაზიულ-მეშჩანური და მერკანტილური ცნობიერების სტრუქტურისგან, აგრეთვე საზოგადოდ მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზაზე, თვითდაეჭვებულ-დეზორგანიზებული ჯაფისგან, რომელიც სულიერი ძალების გამოფიტვასა და მოცალეობის, როგორც ფენომენოლოგიური გამოცდილების ანიჰილაციას იწვევს.
    სოციალისტური ფორმაცია, ადამიანისთვის აუცილებელი საარსებო მატერიალური პირობების გარანტირებული უზრუნველჰყოფით, ანთავისუფლებს იმ სულიერ ძალებს, რომლებიც ბინძურ და გადაგვარებულ კაპიტალისტურ სისტემაში, გაუცხოებულ, არამიზნობრივ, წინააღმდეგობრივ, ანტისოციალურ და ანტიჰოლისტურ შრომაში იხარჯება. 
    კაპიტალისტურ სამყაროში ადამიანი მიტოვებული და გადაგდებულია. რამდენადაც სისტემა, მისი თუნდაც მინიმალური საარსებო საშუალებებით უზრუნველჰყოფასაც არად დაგიდევს, ადამიანს უწევს გადარჩენისთვის ბრძოლაში ნახევრად-ველური უნარ-ჩვევების გამომუშავება, ისეთ პირობებში არსებობა, რომელიც წინ წამოსწევს მასში ჩაბუდებულ და თანშობილ ბნელ მხარეს - ანგარებას, შურს, ორპირობას, ფარისევლობას, სიძუნწეს, ლაჩრობასა და პარაზიტიზმს. რამდენადაც ლიბერალ-კაპიტალისტური ანტისისტემა არ (ვერ) უზრუნველჰყოფს საზოგადოების მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, იგი გარდაისახება კაპიტალისტური სოციუმის ობსესიად და უმაღლეს თვითმიზნად. კაპიტალისტურ საზოგადოებაში ფული ობსესიაა, ხოლო შრომა კომპულსია. ისტერიულ-რიტუალური შრომა კი ვერასდროს აკმაყოფილებს აკვიატებულად მომხვეჭელ აზროვნებას. ყოველივე ამის საპირისპიროდ, სოციალისტური ფორმაცია უზრუნველჰყოფს რა ადამიანისა და ხალხის მატერიალური საჭიროებების დაკმაყოფილებას, ქმნის იდეალურ პლაცდარმს საზოგადოების სულიერ-კულტურული განვითარებისთვის, რამეთუ ათავისუფლებს ადგილს ჭვრეტითი გამოცდილებისთვისა და ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებისთვის. 
    საერთო დოვლათის შექმნისა და საყოველთაო-სახალხო კეთილდღეობისკენ მიმართული სოციალისტური ეკონომიკური ურთიერთობების მექანიკა იმგვარია, რომ იგი ადამიანსა და საზოგადოებაში აყალიბებს უმთავრეს პიროვნულ სიქველეთ : უანგარო კეთილშობილებას, სიბრძნეს, სამართლიანობას, კეთილგონიერებას, სიმამაცეს, უბრალოებას, თანასწორთა მეგობრობას (ამხანაგობას), მოყვასისადმი თანაგანცდასა და სიუხვეს.
    კაპიტალიზმში ბატონობს კერძო გამორჩენისა და პირადი ეკონომიკური სარგებლის პრიმატი, რაც საფუძვლად უდევს უხერხემლო და მოსაწყენი ლიბერალი კლოუნის პათოლოგიურ ცნობიერების სტრუქტურას, მისთვის დამახასიათებელ წვრილბურჟუაზიულ პრაგმატიზმს, მერკანტილიზმსა და ეგოისტურ აზროვნებას. 
    სოციალისტურ ქრონოტოპოსში არ არსებობს ცალკეული ინდივიდისა თუ ჯგუფის კერძო ეკონომიკური ინტერესი და მისწრაფება, რადგანაც ყოველივე ერთ დიდ მთლიანობას ემორჩილება. კაპიტალისტური სისტემის ობსესია და აკვიატება ზედმეტი ღირებულების შექმნაა, ხოლო კომპულსია შრომითი ექსპლუატაცია. ამ სისტემას არ შეუძლია და არც სურს ამ მანკიერი, ჯოჯოხეთური წრის გარღვევა, რადგანაც სხვაგვარ პირობებში მისი არსებობა წარმოუდგენელია. ის, რომ კაპიტალისტურ ფორმაციაში საცვლელი ღირებულება ანაცვლებს სახმარს, მონოპოლია თავისუფალ კონკურენციასა და ფინანსური კაპიტალი სამეწარმეო კაპიტალს, სულაც არ არის შემთხვევითი; ეს ფენომენი ბოლომდე აშიშვლებს კაპიტალიზმის ჭეშმარიტად მტაცებლურ ბუნებასა და საბოლოო დანიშნულებას - მხოლოდ რაც შეიძლება მეტი ფული და ოდენ ფულადი ინტერესი, ცალკეულისა მთელის (ყველას) წინააღმდეგ და არაფერი სხვა. 
     საქმე იმაშია, რომ სოციალისტურ სუპერ-სისტემას, მატერიალური საჭიროებების დაკმაყოფილება, სულაც არ ესმის როგორც აბსოლუტური ღირებულება, ან უკეთ თუ ვიტყვით, მატერიალისტური სიკეთე მას გააზრებული აქვს, როგორც დიალექტიკური წინაპირობა სულიერ-კულტურული აღორძინებისა. სისტემის მიერ მატერიალურ პირობებზე მთელი ყურადღების მიმართვა, არ უნდა გავიგოთ, როგორც ობსესია. ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემას სურს შექმნას მაქსიმალური მატერიალური ბაზისი, კაცობრიობის უმაღლესი კულტურის აღზევებისთვის. ჩემს აღნიშნულ მტკიცებას ადასტურებს თავად საბჭოთა კავშირის ეკონომიკის, კულტურისა და პოლიტიკის ისტორია: რადიკალური საყოველთაო განმანათლებლობა, უფასო საშუალო და უმაღლესი განათლება, სახელმწიფოს მიერ შექმნილი და დაფინანსებული არანორმალური რაოდენობის სამეცნიერო-კულტურული ინსტიტუტები, კინო, ლიტერატურა, სოციალისტური ინდუსტრიალიზაცია, კოლმეურნეობა და ა.შ. საზოგადოების აქამდე არნახულად ფართო მასების ჩართულობა საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურულ ცხოვრებაში, რომელიც განაპირობებდა სოციუმში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალურ ექსპლიცირებას.
     დიალექტიკური მატერიალიზმის ფილოსოფია გამორიცხავს გამთიშავ, გამყინავ და აზროვნების მაპარალიზებელ უკიდურესობაში ჩავარდნას, რამეთუ იგი არა მხოლოდ აღიარებს ურთიერთდაპირისპირებულ ელემენტთა არსებობას, არამედ მიჰყვება მათი დაპირისპირებისა და განზავების მკაცრ ლოგიკას. მატერიაზე ფსონის დადება, ოდენ სამყაროსა და საზოგადოების გაუმჯობესებისკენ მიმართულ მძლავრი და ერთობ კეთილშობილური ნების არსებობით უნდა აიხსნას, რაიც თავად ადამიანში თანშობილი ღვთაებრივი ნაპერწკალია. გინდოდეს საზოგადოების გაუმჯობესება ნიშნავს დაეხმარო ღმერთს, რათა გახადოს სამყარო უკეთესი, იმოქმედო ისე, როგორც იმოქმედებდა ღვთის ჭეშმარიტი შვილი - შეასრულო მისი სრულყოფილი ნება, იყო მისი სიყვარულით აღსავსე ინსტრუმენტი ჩვენს მატერიალურ სამყაროში. 
     დღეს, ისე როგორც არასდროს, განსაკუთრებული სიმწვავით დგას რელიგიური და რევოლუციური ქრონოტოპოსების სინთეზირებისა და გაერთიანების საკითხი. აღმოჩნდა, რომ სისტემის მიერ, ხალხის მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უზრუნველჰყოფაზე მთელი ძალების კონცენტრირება, სულაც არ ყოფილა სულიერების უგულებელჰყოფის მაჩვენებელი, არამედ პირიქით, საზოგადოების ფართო მასების ეკონომიკური საჭიროებების რაციონალური ორგანიზებით, შესაძლებელი გახდა აქამდე საბაზრო ევთანაზიას დაქვემდებარებული მაღალი სულიერი კულტურის ტრიუმფალური დაბრუნება. სოციალისტური ეკონომიკური ბაზისისგან და შესაბამისი ეკონომიკური ურთიერთობების პირობებისგან მოწყვეტილი და კაპიტალისტურ სისტემაში ჩავარდნილი, გაუცხოებული სულიერი კულტურა კი (რომელსაც ერთ დროს მარადიულობაზე გააჩნდა პრეტენზია და დღესაც, ერთგვარი ინერციისა თუ ძველი ჩვეულების მიხედვით, ჯიუტად მიუთითებს, მისთვისვე გაუგებარ და მოუხელთებელ ე.წ. "ტრადიციულ ღირებულებებზე"), ერთობ მყიფე და აბსტრაქტული აღმოჩნდა იმისათვის, რათა საბაზრო ფუნდემანტალიზმისთვის, თუნდაც მცირე წინააღმდეგობის გაწევა მოეხერხებინა. 
    დღესდღეობით, ერთობ პარადოქსული სიტუაცია ისახება - როდესაც, ერთდროულად შეუძლებელი ხდება როგორც ძველის შენარჩუნება, ისე რევოლუცია. როდესაც, ერთი მხრივ, ტრადიცია კარგავს ყლორტის გამომღებ სიმკვრივესა და კულტურულ ნაყოფიერებას, გარდაისახება რა უგვანო კონსერვატიულ ქიმერად და შიშველ ფიზიოლოგიურ ექსტრემიზმად, ხოლო მეორე მხრივ, არანაირი ეკონომიკური, კლასობრივი, ინტელექტუალური თუ მორალური საფუძველი არ არსებობს ჭეშმარიტი (სოციალისტური) რევოლუციისთვის, დგება გამანადგურებელი მსოფლიო ომის ჟამი, რომელიც კაცობრიობას საბოლოო დასამარებით ემუქრება.
    კაპიტალისტური სისტემა ისტერიულად ებრძვის წარსულს, წარსულის დეკონსტრუქციით იგი ამავდროულად კარგავს მომავალს. კაპიტალისტურ სამყაროში არ არსებობს ნათელი მომავლის სურათი, აქ მარადიულად გაქვავებულ აწმყოს, ეპიზოდურად ენაცვლება საშინელი დასასრულის დემონური ვიზიონები და აპოკალიპტური ღამის კოშმარები - 21-ე საუკუნის დასავლეთ ევროპული კინემატოგრაფი და თანამედროვე ჰოლივუდი ამის ცალსახა რეპრეზენტაციაა. სახეზეა, პასიურად და დუნედ მიმდინარე აწმყო, რომლის სცენარშიც რუტინულ ჭაობში მძინარე კაცობრიობას არაფრის შეცვლა არ შეუძლია, ხოლო კატასტროფა ჩვენგან დამოუკიდებლად გვიახლოვდება. ნეკროფილურმა კაპიტალიზმმა ადამიანში სრულიად გააქრო წინააღმდეგობის გაწევის თვით სურვილის უკანასკნელი ნაშთი. 
    სოციალისტური ფორმაცია ორგანულად აწარმოებს ნათელი მომავლის სურათს და თანადროულად, დაუღალავად იღვწის აწმყოს გაუმრჯობესებისთვის, მისი წარმოსახულ მომავლის ხატთან მაქსიმალური დაახლოებისთვის. სოციალისტურ ქრონოტოპოსში არსებობს დიდი ესქატოლოგიური მოლოდინი და ქმედითი სასოება, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მშვენიერი მომავლის კეთილშობილურ ვიზიონებში ცოცხლდება. ტექნოლოგიური პროგრესი კი კეთილგონივრული და ნათელი მიზნების მიღწევის დაჩქარებას ემსახურება. აქ, აუცილებლად მეჩვენება ერთად გავიხსენოთ შესანიშნავი საბჭოთა სატელევიზიო მინი-სერიალი - "Гостья из будущего".
     საქმე იმაშია, რომ ტექნოლოგია მეორადი და წარმოებულია. ტექნოლოგიური პროგრესის ბუნება განისაზღვრება იმ ფორმაციითა და საზოგადოებრივ-ეკონომიკური ურთიერთობებით, რომელშიც იგი განიშლება და ვითარდება, როგორც პროცესი. გამაუცხოებელი, დისკრეტული და მიზანთროპულია არა ტექნოლოგოსი, არამედ კაპიტალისტური სისტემა. ატომისტური, ენთროპიული და სოციოპათიური კაპიტალიზმისთვის, ტექნოლოგია აქსელერაციის ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც იგი თავის ბნელ მიზნებს გაცილებით უფრო სწრაფად აღწევს - ტექნოლოგია ამარტივებს ანტისისტემური წინააღმდეგობის განეიტრალების პრობლემას. 
    ადამიანური ბედნიერების უმთავრესი წინაპირობაა, განიცდიდე საკუთარ თავს ერთი დიდი მთლიანობის ნაწილად, ღირსეული შრომის შედეგად გრძნობდე შენივე დაუღალავი ჯაფის კეთილნაყოფიერებას და გქონდეს ნათელი მომავლის ესქატოლოგიური სურათ-ხატი, რომელიც სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური თანასწორობის მკაცრი, აწმყოში მოცემული ხელშესახები ფაქტებიდან, შესაბამისი ფენომენოლოგიური გამოცდილებიდან გამომდინარეობს. ამგვარი ბედნიერების წინაპირობას ადამიანსა და საზოგადოებას, მხოლოდ სოციალისტური ფორმაცია სთავაზობს. 

სოციალისტური განმანათლებლობა და რეპრესიული სუბლიმაცია
   
  შეუძლებელია, რომ ის სისტემა, რომელიც კერძო ჯგუფების ეკონომიკურ ინტერესსა და მათთვის ზედმეტი ღირებულების შექმნას ემსახურება, მშრომელთა ფართო მასების გაღატაკების ხარჯზე, დაინტერესებული იყოს საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებითა და საზოგადოების სულიერ-კულტურული განვითარებით. ბურჟუაზიის მოხალისე თუ დაქირავებული ლაქიების უნიჭო ლიბერალური ლაყბობანი: განათლებაზე, კულტურაზე, მეცნიერებასა თუ საყოველთაო ცივილიზაციურ პროგრესზე, წმინდა წყლის მონაჩმახი და სუსტი, ავადმყოფი გონების ბოდვაა. მკაცრი სინამდვილე რადიკალურად საპირისპიროს ამტკიცებს - ლიბერალ-კაპიტალიზმმა შეკვეცა და დახურა საგანმანათლებლო პროექტი, აქცია რა იგი ერთეული ფინანსური ჯგუფებისა და ხალხის ეკონომიკური ჩაგვრის ხარჯზე გამდიდრებული ინდივიდების პრივილეგიად. რაც შეეხება ხელოვნებასა და საზოგადოდ კულტურას, ბუნებრივია, რომ ნამდვილი ხელოვნების დაფინანსება და კულტურის აღორძინება არ შედის ლიბერალ-კაპიტალისტური (ანტი)სისტემის ინტერესებში - მეტიც, რეპრესიული დესუბლიმაციის მექანიზმზე აწყობილი ლიბერალური კაპიტალიზმი იმთავითვე გამორიცხავს საკუთარ თავში ამგვარი კეთილშობილური მიზანსწრაფულობის თვით შესაძლებლობას. რამდენადაც, კულტურის წარმოშობის ორი ფუნდამენტური წინაპირობა რეპრესია და სუბლიმაციაა, ლიბერალური კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელი რეპრესიული დესუბლიმაცია შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ანტიკულტურის ძალადობრივი, აგრესიული და სისტემური დაფუძნება, მდგომარეობა, როდესაც რეპრესიული აპარატი გამძვინვარებით იბრძვის ძალადობრივი ანტიკულტურის მასობრივი დაფუძნებისთვის, ნამდვილი კულტურის თითოეული ნარჩენის სრული ალაგმისთვისა და გაცამტვერებისთვის. 
    რეპრესიული დესუბლიმაცია გულისხმობს მოთხოვნილებათა ერთჯერად და გადაუვადებელ დაკმაყოფილებას, რაც საბოლოო ჯამში იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნილება ჯერ კიდევ გაჩენამდე კმაყოფილდება, იგი ვერ ასწრებს ავტონომიურ ფიქსირებას და დროთა განმავლობაში სისტემის მიერ თავსმოხვეულ ფეტიშად გადაგვარდება, შესაბამისად იგი ვერ კმაყოფილდება, რამეთუ შეუძლებელია დაკმაყოფილდეს ის, რაც რეალურად ჯერ კიდევ არ არსებობს - არ არის მოთხოვნილება, არ არის დაკმაყოფილება, არსებობს მხოლოდ სისტემის მიერ ხელოვნურად კონსტრუირებული მოთხოვნილება, რომელიც ინდივიდის ნებისგან დამოუკიდებლად კმაყოფილდება თავად სისტემის ეკონომიკური მიზნების კვალდაკვალ. 
    ამხანაგები ფრანკფურტის სკოლიდან მწარედ ან იქნებ სულაც განზრახ ცდებოდნენ, როდესაც ფსონს არარეპრესიულ სუბლიმაციაზე დებდნენ, რამეთუ იგი გადაულახავ წინააღმდეგობას შეიცავს. უმაღლესი კულტურის განვითარების უცილობელი წინაპირობაა არა მხოლოდ სუბლიმაცია, არამედ უპირველეს ყოვლისა რეპრესია. მხოლოდ რეპრესიული სისტემის პირობებში მიისწრაფვის ადამიანი და საზოგადოება სუბლიმაციისკენ, თუ არ არის რეპრესია, არ გვხვდება არავითარი სუბლიმაცია, ხოლო რაც მეტია რეპრესია, მით მეტია სუბლიმაციაც და შესაბამისად მით უფრო მაღალ მწვერვალებს აღწევს სულიერი კულტურა. მხოლოდ ერთმანეთთან დაწყვილებული და ურთიერთგადაჯაჭვული რეპრესია და სუბლიმაცია ჰქმნიან ნოყიერ ნიადაგს უმაღლესი კულტურის დაბადებისთვის. 
     მხოლოდ რეპრესიული სუბლიმაციის პირობებშია შესაძლებელი საკუთარი თავის, როგორც მთლიანობის ნაწილისა და შესაბამისად, საკუთარი რეალური მოთხოვნილებებისა თუ სურვილების მოაზრება. რეპრესიული სისტემა აჩენს თვითცნობიერების შეძენისა და გაღრმავების შესაძლებლობას, ხოლო სუბლიმაციური გამოსავლის შეთავაზებითა და წახალისებით, იქმნება კაცობრიობის სულიერ-კულტურული განვითარების წინაპირობა. 
    საერთოდ, რომ თავი დავანებოთ იმას, რომ არარეპრესიული სისტემა უკვე კონტრადიქცია და ცარიელი აბსტრაქციაა, რომელსაც ვერ ადასტურებს ისტორიის მკაცრი ფაქტები და დასაშვებად რომ მივიჩნიოთ ამგვარი სისტემის არსებობა, გაუგებარია როგორ მოახერხებდა იგი ადამიანსა და საზოგადოებაში თვითცნობიერების ჩამოყალიბების გზით სუბლიმაციური პროცესების წარმართვას. რეპრესიული სისტემა ცალკეულ პიროვნებასა და საზოგადოებაში აჩენს წინააღმდეგობის გაწევის სურვილს, ასეთ დაპირისპირებაში, საპირისპიროს, როგორც განსხვავებული სუბიექტის არსებობის გააზრებით, მიიღწევა იდენტიფიკაცია საკუთარ თავთან და თანადროულად ცნობიერდება ეს პოლარული დაპირისპირება; თვითცნობიერების შეძენა მოასწავებს უახლოესი მატერიალური მოთხოვნილების გადავადებასა და თვითკონტროლის შესაძლებლობას, შედეგად საკუთარი რეალური სურვილების გაცნობიერებასა და მისი გავლით სუბლიმაციას. ნუთუ არ შეიძლება გამოვიმუშავოთ თვითცნობიერება და ამავდროულად სრული თავისუფლება მივცეთ ჩვენში დაბუდებულ უახლოეს მატერიალურ მოთხოვნილებებს? არა, შეუძლებელია, რადგან რამდენადაც არსებობს რადიკალურად საპირისპირო მტრული ელემენტი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ჩემი განადგურება, იგი მაიძულებს საკუთარი თავის სრულ გაცნობიერებას, მუდმივ სიფხიზლესა და ფიზიკური თუ სულიერი ძალების ტონუსში ყოფნას, ბრძოლისადმი პერმანენტულ მზაობას, რაც შეუძლებელია თვითკონტროლის, უახლოესი მოთხოვნილებების გადავადებისა და ორგანიზებული სუბლიმაციის გარეშე. სწორედ ამაში მდგომარეობს რეპრესიისა და სუბლიმაციის ურთიერთგადაჯაჭვულობის მთელი მისტერიის საიდუმლო სული, საბოლოოდ კი, მათი ურთიერთგანმსჭვალვის გზით უმაღლეს სულიერ კულტურასთან ზიარების შესაძლებლობა. 
    ცხადია ისიც, რომ ოდენ რეპრესია საკმარისი არ არის მაღალი კულტურის ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ რეპრესიული სისტემა უმთავრესი წინაპირობაა იმდენად, რამდენადაც მორალური და სულიერი ენერგია, მხოლოდ განსხვავებულ ელემენტთან, როგორც მთლიანობის შემადგენელ ნაწილთან და ამ მთლიანობის განსაზღვრაზე პრეტენზიის მქონე პოლარულად დაპირისპირებულ სუბიექტთან მიმართებითა და მასთან ბრძოლით შეიძინება, სხვაგვარ, ე.წ. არარეპრესიულ პირობებში სასიცოცხლო ძალები დუნდება და კაცობრიობის სულიერი ენერგია იფიტება, ასეთ სიტუაციაში ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ სუბლიმაციურ გამოსავალს, როგორც კულტურის წარმოების უშუალო მექანიზმს, ანაცვლებს ერთჯერადი და მანიპულირებული უახლოესი მატერიალური მოთხოვნილების ობსესიურ-კომპულსიური (ვერ) დაკმაყოფილება.
    ერთი სიტყვით, თუ არ არსებობს ამკრძალავი ინსტანცია, მაშინ არ შეიძლება არსებობდეს არავითარი კულტურა, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ რეპრესიული სისტემა ვერ უზრუნველჰყოფს ამა თუ იმ საზოგადოებაში მაღალი კულტურის დაბადებას, საჭიროა შემდეგი და დამაგვირგვინებელი ნაბიჯი - სუბლიმაციური სოციალური პროცესების რაციონალური ორგანიზაცია და თავად სახელმწიფო აპარატის მხრიდან სუბლიმაციური სამეცნიერო-კულტურული ინსტიტუტებისა და დაწესებულებების შექმნა/დაფინანსება. 
    ინვერსირებული ლიბერალ-კაპიტალიზმი თავისი არსით ანტიგანმანათლებლური და ანტიკულტურულია. ბარბაროსულ-მეშჩანური რეპრესიული დესუბლიმაციით იგი წამლავს და იავარქმნის იმ ნიადაგს, რომელზეც მაღალი სულიერი კულტურა უნდა აღმოცენებულიყო, შედეგად გვრჩება ელიოტისეული უნაყოფო მიწა; ამასთან ერთად, ლიბერალური კაპიტალიზმი არ არის დაინტერესებული საზოგადოების ფართო მასების საგანმანათლებლო პროექტში ჩართვით, მისი ,,განმანათლებლობა“ არის კაპიტალისტური კლასისა და მისი მცირერიცხოვანი ლაქიების ნახევარ-განათლება, არა საზოგადოების უმრავლესობისთვის საკუთარი ნიჭისა და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზაციისთვის ეკონომიკურ-კულტურული ბაზისის შექმნა, არა რეალური საყოველთაო საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბება.
     თუ განმანათლებლობა საყოველთაო არ არის და ქმედით პრეტენზიას არ აცხადებს საყოველთაოობაზე, მაშინ იგი წყვეტს არსებობას, როგორც განმანათლებლობა. ლიბერალურ-ბურჟუაზიული განმანათლებლობა არა მხოლოდ სიყალბე, არამედ ცალსახა, გადაუწყვეტელი კონტრადიქციაა, ისევე როგორც კაპიტალიზმი და დემოკრატია.

ღვთის ქალაქისათვის

    საქმე მარტო ის კი არაა, რომ აცნობიერებდე შენს მტერსა და მასთან დაპირისპირების მოტივებს, არამედ ისიც, ან უკეთ რომ ვთქვათ, უპირატესად ის, აცნობიერებდე საკუთარ წარმომავლობას ამ დაპირისპირებაში. განმანათლებლობა დაუპირისპირდა ქრისტიანობას, მაგრამ თვით თავის ყველაზე რადიკალურ, ნამდვილ და საუკეთესო გამოვლინებაში (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირი), იგი შთებოდა ტიტანურ უგონო ღმერთმებრძოლად, ნახევრად-ინტელექტუალურ ნაბიჭვრად, ბილწ და მოსაწყენ სმერდიაკოვად, რომელსაც არ შეეძლო საკუთარი წარმოშობის ფენომენოლოგიურ გამოცდილებად მიღება/გარდასახვა, რომელსაც არ სურდა საკუთარი მამის აღიარება. პარადოქსულია, მაგრამ სწორედ საკუთარი მამის - ღმერთისა და ქრისტიანობის, უგონო, ისტერიული უარყოფით იღებდა განმანათლებლობა უმთავრეს სასიცოცხლო ძალებს, მაგრამ დემონური ენერგია დროებითი და მილევადია, მარადიული არის მხოლოდ ღვთაებრივი სინათლე. ამიტომაც, დასავლურმა განმანათლებლობამ ჰოლოკოსტის შემდეგ შეწყვიტა არსებობა, ხოლო აღმოსავლური სსრკ-ის დაშლით მობოლოვდა. 
    განმანათლებლობა მოკვდა; თუმცა მას შეუძლია მკვდრეთით აღდგომა თვითცნობიერების შეძენის საშუალებით. განმანათლებლობამ უნდა დაიწყოს საკუთარი თავის გაცნობიერება, რაც მისი, კეთილგონიერებისა და სიბრძნის საფეხურზე ამაღლების წინაპირობა გახდება. გააცნობიეროს საკუთარი თავი, ნიშნავს აღიაროს თვისი ღვთაებრივი და ქრისტიანული წარმომავლობა, დაწვას ეშმაკთან დადებული სისხლიანი ხელშეკრულება. რატომ? იმიტომ, რომ მას ყველგან ხელი მოეცარა, ყველა მისი პროექტი, რომელსაც ათასწლეულების განგრძობითობაზე ჰქონდა ამპარტავნული და ირაციონალური პრეტენზია, ათწლეულებში ან კიდევ უფრო სწრაფად ჩამოიშალა, რამეთუ ღმერთთან უგონო დაპირისპირებით და მასთან დაპირისპირება ყოველთვის პრინციპულად ეწინააღმდეგება ნათელ გონებას, იგი მიწყივ ქვიშაზე აშენებდა, მაშინ როდესაც ღმერთთან ერთად, იგი კლდეზე ააშენებდა. თუ ღმერთი არ აშენებს ქალაქს, მას დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია...
როგორ შეიძლება ავაშენოთ ჩვენი დროის ღვთის ქალაქი? მხოლოდ ობსკურანტული კაპიტალისტური სისტემის საბოლოო განადგურებითა და სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებით. 
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გეგი კუხალეიშვილი - კომუნისტური ფორმაცია და კონსერვატიული რევოლუცია გეგი კუხალეიშვილი - კომუნისტური ფორმაცია და კონსერვატიული რევოლუცია --- გეგი კუხალეიშვილი - კომუნისტური ფორმაცია და კონსერვატიული რევოლუცია გეგი კუხალეიშვილი - კომუნისტური ფორმაცია და კონსერვატიული რევოლუცია ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / მომხმარებლები / გამოქვეყნებული ნანა მომცელიძე - ლექსები ნანა მომცელიძე - ლექსები ჟურნალი / სტატიები / პოეზია / გამოქვეყნებული ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ ანტონ გაგუასთან ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ ანტონ გაგუასთან ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები ევგენი ბლიაძე  -  პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ევგენი ბლიაძე - პირველი ქართული კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების შესახებ ჟურნალი / სტატიები / ისტორია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge