გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლალი (ელენე) ლაზაშვილი - ლექსები

სიზმრად ვნახე საქართველო
სიზმრად ვნახე ერთი ქალი,თმებგაშლილი,საოცარი,
თეთრად იყო შემოსილი,იდგა,როგორც სალოცავი!
ის ისეთი ნაზი იყო,ისე თბილი,როგორც დედა,
მითხრა,უნდა მაპატიო,თუ შორს ვარ და ვერა გხედავ.
გაოცება ვერ დავფარე,მაპატიე,ვერ გიცანი,
შვილო,არა,შენ არ ტყუი,დედად თუ ვერ შემიცანი...
მოდი,უფრო ახლოს მოდი,ხელებს შლიდა საფერებლად,
მე რომ შენ დღეს არ მენახე,მოვდიოდი საძებნელად.
მერე,უცებ აღიღინდა,თან ტიროდა,თან მღეროდა,
გავბედე და ახლოს მიველ,მეც ცრემლები მომრეოდა.
ფიქრმა სადღაც გამიტაცა,არაფერი არ მესმოდა,
თვალები რომ გავახილე,იავნანა ჩამესმოდა...
...და თანდათან ავლუღლუღდი,ქართველი ვარ,ემიგრანტი,
სამშობლოში დამაბრუნე,იქ გავლიო ჩემი მარტი!..
უფრო ახლოს მიმიზიდა,უფრო ახლოს მიმიყვანა,
მე დღეს შენთან რომ მოვედი,სიყვარულმა მომიყვანა.
...მერე,უცებ მომიბრუნდა,შვილო,ჩემო სადარდელო,
შენს წინაშე,ვინ დგას,იცი,შენი დედასაქართველო!..
ვიდექი და ვკანკალებდი,შევიღებე მიტკლის ფერად,
მხრებზე ხელი შემომხვია,დამშვიდდიო,გთხოვ,ამჯერად.
ჩემს კალთაში გამოგზარდე,მე გასწავლე ანა-ბანა,
მითხარ,დედა თავის შვილებს დაივიწყებს ოდეს განა?!
...უცაბედათ შევტორტმანდი,ჩამორეკეს თითქოს ზარი,
მომეხვია,ჩამეკონა და მეც გულში ჩავეკარი...
თან ბავშვივით ავზლუქუნდი,არ წახვიდე,არ დამტოვო,
გინდა ისევ დამივიწყო,გინდა,ისევ მიმატოვო?!
კიდევ ერთხელ,გთხოვ მიმღერო,გამაგონო ეგ ნანინა,
წამიყვანე სამშობლოში,სხვის მიწაზე მე რა მინდა!..
ცრემლი ღვარად მოსდიოდა,თან მლოცავდა გამუდმებით,
შვილო,ცოტაც მაცალე და ყველა ჩემთან დაბრუნდებით!!!
...სიზმრად ვნახე საქართველო,ლამაზი და საოცარი,
თეთრად იყო შემოსილი,იდგა,როგორც სალოცავი!

ფ უ ფ ა ლ ა
მკათათვე...მოდის ოქროქალა,
შავი თათმანები მკერდზე მიცოცავენ,
ესეც სოფელი და სოფლის ჭორი,
ფუფალას ნაბიჯებს წყაროსთან ზომავენ...
მოდის ორღობეში,როგორც მაწანწალა,
მოდის ბერიქალა,ქალი აზნაურის...
მოდის,ცრემლი ახრჩობს,ცოტა ამაყია,
ცოტაც ნაწყენია,მაგრამ გადაუვლის...
ბოხჩაგამოკრული გზაზე მობუტბუტებს,
ერბოხალი მიართვი მამა უცხონდაო...
მერე,ფშატის ხესთან მივა,ჩამოჯდება,
ამბობს,სოფელი გამიუცხოვდაო...
აქეთ ნასახლარი,ესეც ნანაცრალი,
აღარც დედის ხმა და აღარც მამის კვალი,
ბალახმორეული,ღობემორღვეული,
აღარც ჩამიჩუმი,აღარც ბუხრის კვამლი.
...შეხე,ფუფალასაც გული ჰქონიაო,
ცრემლით მოხვევია კალთას გლეხის ქალის,
აღარც შიოლა და,აღარც ქარვახუთო,
აღარც სურნელი ჰკლავს,თურმე,ლახუსტაკის...
მიდის ქოლგით ხელში ბინდში შერეული,
თითქოს დაქოლვილი,თითქოს ნაწამები,
ქარში უფრიალებს დაკემსილი კაბა,
ბოხჩას უმშვენებენ მწვანე ქარაფები.


მ ა რ ი ტ ა
ზეცამ გადიხსნა საკინძე,
გრძნობას გახადა ფარჩა,
ქალს ტანზე შემოახვია,
რაც სილამაზედ დარჩა.
ზაფხულის ნიავს მოჰქონდა,
მთიდან საამო ღიღინი,
მინდორში პეპლებს ათრობდა
მარიტას თბილი ღიმილი.
მაგრამ ბავშვობას შემორჩა,
ის მოჩითული კაბა,
თმებში ჩაწნული გვირილა
და სიყვარულის განცდა...
შორს მიდიოდა მარიტა,
ცრემლი სწყუროდა თვალებს,
თან მიათრევდა სიყვარულს
და გრძნობას ნაიარევს...
სოფლის წყევლა და აუგი,
თითქოს ართმევდა ძალას,
გათელილ გრძნობას ტიროდა
და არა ნასროლ ტალახს...
ზოგჯერ,ლამაზი ზღაპარიც
არა სრულდება ზღაპრად,
ხან საოცრებად მთავრდება,
ხან უჩვეულო ამბად.
...იქნებ,ოდესმე შემოგხვდეთ,
შორით შეავლოთ თვალი,
არ დაუძახოთ მარიტას
თავლაფდასხმული ქალი!

ასე რომ კაშკაშებს ღვთისმშობლის კვართია
ფრესკიდან მიმზერენ კამკამა თვალები,
ასეთი თვალები ჯერ არსად მინახავს,
შენს სახეს,შენს ღიმილს დედაო მარიამ,
ვეტრფი და სათუთად ამ გულში ვინახავ.
ვიცი,რომ ცხოვრებამ რა აღარ გარგუნა,
სევდით და ცრემლებით სად აღარ იარე,
შვილისთვის გარბოდი,რომ გადაგერჩინა,
და თავად ის შვილი,გვიშუშებს იარებს...
ეგ შენი ღიმილი ზეცათა ფერია,
ეს ხიბლი შენშია,ეს მითი როდია,
მე როცა ხატებთან გალობა მინდება,
ანგელოზები ზეციდან მოდიან...
დღეს,ჩემს საქართველოს სჭირდები ძალიან,
მოგვხედე დედაო,მოგვხედე,მადლია,
გავრბივარ სიზმრებში,სიზმრებშიც გეძახი,
ღვთისმშობელ მარიამ!ღვთისმშობელ მარიამ!..
ახლაც მეჩვენება,ვიღაცა ჩამძახის,
შეხედე,ზეცაზე რა ცეცხლი ანთია,
ფიქრიდან ვერკვევი,ვდგები და ვყვირივარ,
ასე რომ კაშკაშებს,ღვთისმშობლის კვართია!

ნამთვარევი ბილიკები
ღამით ცის ფერდობზე
მიყვარს ხეტიალი,
ზოგჯერ ღიღინები,
თუნდაც სევდიანი.
ღიმილ-ღიმილები,
ზეცის თილისმები,
ციცინათელები,
ღამის ყირგიზები.
თავზე მოხვეული
ფიქრთა მარმაშებით,
ზეცა მოქარგული
ვარსკვლავ-მაქმანებით.
გრძნობა არეული,
ცრემლებგარეული,
როცა უძილობით
დახვალ მთვარეული...
ნამთვარ-ნამთვრალევი,
ღამის ბილიკები,
ირმის ნახტომები,
ფოსფორბილილები.
წყრება ფაეტონი-
ბრწყინავს ფაინონა,
ტირის დეზდემონა-
ზეცა დაიმონა.
ქრება სელენა და
ქრება პირეოსი,
მე თან მესალმება
უკვე ჰელიოსი.

მეჩვენება მიკაკუნებ კარებზე
შემოდგომის სუსხი უკვე კართან მოდგა,
ჩვენს ნაკვალევს,სულ წაშლიან წვიმები,
შენზე ფიქრი,ვიცი მარტოს არ დამტოვებს,
სადაც წავალ, კუდში ამედევნები.
დრო თანდათან სიზმარივით გაიპარა,
ხმები მესმის ძველებური დარების,
სიძულვილი სიყვარულში გადავცვალე
და ბავშვივით მჯერა ისევ ზღაპრების.
ახლა სახლში მარტო ვზივარ,ჰო,მარტო
და ცრემლები მოგორავენ თვალებზე,
ფეხის ხმაზე ო,რამდენჯერ ავდექი,
მეჩვენება,მიკაკუნებ კარებზე...
აქ ფოთლები შარიშურით დადიან
და ქარები ირწევიან კარებში,
ფანჯარასთან უცაბედათ შეგნიშნე,
მდარაჯობდი,ალბათ,ამ ბნელ ღამეში...
მე კი ისევ მარტო ვრჩები,ჰო,მარტო
და ცრემლები მოგორავენ თვალებზე,
ფეხის ხმაზე რამდენჯერ წამოვდექი,
მეჩვენება მიკაკუნებ კარებზე...

ტოტებს არწევდა იასამანი
ჩამოვიარე შენს ფანჯარასთან
და იასამნის მწვავდა სურნელი,
მეჩვენებოდა ბაღი სუნთქავდა
მაგ სილამაზის ნაზი სურნელით.
მხრებზე ჩამოშლილ იისფერ მანდილს
შორით ვუცქერდი როგორც მჩვევია
და თითქოს მზერამ ამიწვა მხრები,
მივხვდი,რომ ვიღაც მომჩერებია.
შეიშმუშნე და თავი დახარე,
შენი გრძნობები სულ შენფერია,
ტოტებს არწევდა იასამანი
და მის ფერებში ჩემიც ერია.
სხივებს მარცვლიდა მზე გამალებით,
სახეს ღიმილი გამოგრეოდა,
ვცდილობდი,შენს ჩრდილს მოვფარებოდი,
რომ გულს გრძნობები არ მორეოდა.

მე სიყვარულის წვიმებად მოვალ
მე მოვიარე
გაზაფხულები
და შემოდგომის
კართან შევჩერდი,
გადმოვალაგე
მოგონებები,
ზოგს ვინახავდი
და ზოგს კი ვხევდი.
შორს გაფრენილან
ოცნების წლები,
ვდიე და ვდიე,
ვერ დავეწიე,
ისევ წარსულში
თუ ვიქექები,
გაცრეცილ ფურცლებს
ვერ შეველიე...
ვინ იცის,ნეტავ,
ჩემი ზამთარი,
იქნებ შორსაა,
იქნებ ახლოა,
მე სიყვარულის
წვიმებად მოვალ,
ბედმა თუ მეტი
აღარ მადროვა!

მე უშენობა გადამდებია
შენ შემოდგომის
ფერებს დაითვლი,
როცა დარჩები
საკუთარ თავთან,
მე ფოთოლცვენას
დაველოდები,
იქნებ შემომხვდე
იმ ჩვეულ გზასთან...
გამოფენილან
სევდის ფერები,
მოწყენილობა თანამდევია,
ნეტავ შემომხვდე
გზის გასაყართან,
მე უშენობა
გადამდებია.

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge