გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნინა ნენეა სამხარაძე - ლექსები



***
არ მომწონს, როცა ვერშემდგარ მამებს
ლექსებს უწერენ,
ისინი არც ომში დაიხოცნენ, არც ბავშვის
გადარჩენისას,
უსაძირკვლო სახლებივით მაშინ
დაინგრნენ,
როცა მუხლნატკენს ნაჭრის კატით
ხელში გეძინა.
და როგორც იქნა თუ ფრჩხილების
ჭამას მოეშვი,
სასაყვედურო წერილები ისეთივე
უადგილოა,
როგორც სიტყვა ,,მამიკო“...





***                                                                      
პურის ნახევარს ქუჩის ძაღლი
მალავს მიწაში
(უნდა შემხედოს მისი ნერწყვით
ხელებდაბანილს,
მადლიერების თუ ჯერ კიდევ
არა სწამს ვინმეს),
ადრე დავწერდი, რომ მეც შიშებს
ასე ვმალავდი,
ახლა არ ვმალავ, მე მათ
პეპლის საჭერით ვიჭერ.
დილის შვიდია, რაც ნიშნავს, რომ
უკვე დასრულდა
ლამპიონების ჩაქრობიდან
გათენებამდე მოპარული დრო.




***
ნერწყვის ჭირხლი ადევს ბნელ ქუჩებს,
ღამით არავინ ხედავს და იფურთხება.
დამინახა, ალბათ იფიქრა, რა უნდა...
ნერწყვი შეიკავა, სანამ გავივლიდი...
თავის შეკავება შეუძლია, - ჩემსავით
ამ დროს ამიტომაც ვსეირნობ აქ,
თავს ვიკავებ ტკბილის ჭამისგან,
თავს ვიკავებ სიყვარულისგან,
თავს ვიკავებ ცრემლებისგან,
რომ გავხდე ის, ვისაც იმსახურებ.
მიახლოვდება და მე ვლოცულობ,
ოღონდ ახლა არ გადააფურთხოს...
ასე ვიწამებ თავშეკავების აზრს.
არ გადააფურთხა, მე ვიღიმი,
რადგან მეც შევძლებ გიმსახურებდე.



***
ციკლიდან ,,თოთხმეტი“

შენამდე
საკითხავი არაფერი მაქვს,
არც - საწერი...
ღმერთი ჩემს სულს ვერ ხედავს,
წვიმის დროს გამჭვირვალე მაისურით
ვწვები შუა ქუჩაში,
იქნებ ასე მაინც შემნიშნოს
(კაცები ხომ პირველად ამას ხედავენ...).
მინდა ვკითხო, სად იყო, როცა
,,პასკა პასკა გამოცხვის“ ვამბობდი,
მიწიან ხელებს ლოყაზე ვისვამდი
და ვუცდიდი როდის მოვიდოდა
ღმერთივით კაცი - მამაჩემი
ჩემს საკოცნელად.
არც ის მენახა, მაგრამ მჯეროდა
არსებობის.
ჩემი პასკა არასდროს ცხვებოდა.
დარში წყალს ვისხამ სახეზე და
შუაგულ მზეზე ვწვები,
სანამ ჩემი სახე
შემწვარ პომიდორს არ დაემსგავსება...
იქნებ ასე მაინც დამინახოს.
ვკითხავ, სად იყო,
როცა ნატკენ მუხლებს
საკუთარი ნერწყვით ვირჩენდი.
ქარში არაფერს ვაკეთებ,
რადგან ქარი მშლის,
ქარი მიყვარს და
ღმერთისთვის დრო არ მაქვს.


შენ შემდეგ
ღმერთი მაპატიებს, რომ
დღეს მასზე მეტი შენ ხარ ჩემში.
ღმერთი ხომ სითბო და სიყვარულია...
შენ ხარ ჩემი სითბო და ჩემი სიყვარული.
რადგან წვიმის დროს ჩაცმულს მამჩნევ,
და ქარში,
ქარში ყველაზე მეტად მიყვარხარ,
გაფანტვის ნაცვლად ერთად ვგროვდები
შენს ფერმკრთალ ხელებთან.

ჩემი ღმერთი ლურჯთვალებაა.
და როცა მზეა, ჩემი სახე იასამანს ჰგავს.


***
მკერდზე დამადე თავი,
გაუძლებს შენს მძიმე ფიქრებს,
თავჩამოდებულ ღმერთის სევდას
უძლებენ მთებიც.
ხელებს მოგხვევ და ბიბლისივით
ჩაგიტან ჩემში,
ყველა დანარჩენს თუ შხამში ვკლავ,
შენთვის ვარ ბუდე.
თავი გედოს ჩემს მკერდზე,  
შენი დარდებით გულჩაზნექილიც
არ გავხსნი თითებს,
მავთულხლართივით შემოგახვევ
ტკივილის ზიდვით გადაღლილ ზურგზე.
ნუღარ შეიცვლი ბუდეს,
სანამ შენს თვალებში ერთდება
ცა და ზღვა,
სანამ წამწამებს
ჯებირებივით არ შეკრავ და
ჩემი თითები არ დაგჟანგდება
გაყინულ წელზე.



***
დიდხანს ვუცდიდი სხეულზე თოვას.
და გამუდმებით წვიმდა და წვიმდა...
შენი თითები არის ღობურა,
ხელის მტევნები კი - ფანტელები.
და ჩემს მკლავებზე ჩამომდნარ თოვლს
სუნი აქვს ლურჯი მაგნოლიების.
თოვლში ხეებს ქვეშ შავად დარჩენილ,
სევდის გამომწვევ მიწას ვუყურებ...
სწორედ ასეა შენი თვალებიც
ქანცგამოცლილი.
მიწის სუნი აქვთ მუქ უპეებს...
როდესმე რომ აღარ მყავდე,
რომ გათენდეს და აღარ მყავდე,
რომ დაბნელდეს და აღარ მყავდე,
არასდროს აღარ ჩამომადნება
თოვლი მკლავებზე,
ვერასდროს ვეღარ ვიგრძნობ
მიწის სუნს.
შენი თითები არის საზღვარი
სიკეთესა და ბოროტებას,
სიცივესა და სითბოს,
შენ და ჩემ შორის...



***
ბაფთები შემიყვარდა,
- თეთრი აბრეშუმის ბაფთები.
დატალღულ თმას თითქოს
თითებით მიკრავ.
სიცილის დროს აბრეშუმის
შეხებას ვგრძნობ კისერზე,
თითქოს მეყრდნობი მზეზე
გამთბარი ხელებით მხრებზე.
ზამთრის ზღვასავით მარტო
რომ რჩები, მზე შენში ჩადის...
და მე ნაპირთან შენი თვალისფერ
კენჭებს ვაგროვებ,
თუ ადიდდები, გახსნილ პერანგზე
გადამექცევი,
თუ არ იღელვებ, შენს ტალღებში
ტკბილად ვიძინებ...
კიდევ სიმშვიდე შემიყვარდა,
შენი სიმშვიდე...
და სანამ შენ ხარ, მე გავუძლებ
სიცხეს და გვალვებს,
როგორც შენს გულზე აყვავებული
გაზანიები.



***
შენამდე.
გულზე ხელებს ვიწყობ,
თვალებს არ ვხუჭავ,
ისე ვიძინებ.
ჩემი ფანჯრიდან დანგრეული
შენობა მოჩანს.
ყოველ ჯერზე, როცა ვხედავ,
ძვლები მტკივდება,
ფარდა ვერ ფარავს ხმაურს და ნისლში
ალაზნის ველი კავკასიონს ჭამს.
შენ შემდეგ.
მამლის ყივილი დასრულდა,
კვლავ მშვიდად მძინავს,
მკერდიდან ხელებს ფრთხილად
ვწევ და შემდეგ ფარდას ვწევ
დაუსრულებელ შენობიდან...
სხივების წვიმა
ნაზამთრალ კანზე ტოვებს ნაკვალევს
და იმდენ სითბოს, მთებზე რომ
თოვლი არ დადნეს და ველზე აყვავდეს
მწვანე ბალახში შეხვეული ლურჯი იები.




***
წარმოიდგინე,
თუმცა შენ ჰო ომის ბავშვი ხარ,
წარმოდგენები ჩვენ გვჭიედება
მავთულებს მიღმა...

ბავშვებს რომ ჩვენი ღმერთი
გვყოლოდა,
პირველადქმნილი ფერისა და
თეთრი ხელებით,
არ დაუშვებდა ,,ომობანა“ მეთამაშა,
როცა ბიბლიასავით იზრდებოდა
შენი ნაფეხურებიდან ომი.
არ დაუშვებდა,
სილაში ტანკებით მეთამაშა,
როცა შენ ნამდვილი ლულიდან
გისროლეს, როგორც ბრმა ტყვია,
რომელიც ჩემთან ვერ აფეთქდა.

მინდა გითხრა, რომ ასე გიპოვე,
- მტრედივით, წითელ ნაფეხურებით,
მათ მოვყვებოდი და მაწვიმდა
ნეკერჩხლის წვიმა.
მაგრამ ვერ ვიტყვი,
რადგან ხელებს, თვალებს მოვდევდი.
შენი ხმა მთელი სამყარო ღირდა.
ღმერთი მყავს მოწმედ
(ხმის ამომღები მაინც არ არის...).

მე შემიყვარდი
(ისე ჟღერს, თითქოს ომგამოვლილ ბავშვს
ომობანას თამაშს გთავაზობ...)!



***
🐦
წარმოვიდგინე შენი ხელები,
ბევრი წლის შემდეგ წარმოვიდგინე.
მე ვხედავ ოდნავ დაკუჭულ პერანგს,
მესმის ხმაური ზღვის და ჩიტების.
ხელისგულებით დაიზელ თვალებს,
მაგრამ არც ახლა იცვლება ხედი.
ხედი, რომელიც შენი სახლია,
ბებერი ხით და ბევრი გირჩებით.
წარმოგიდგინე ბევრი წლის შემდეგ
ყველას მშველელი, გადამრჩენელი,
ვხედავ კიბეზე ციტრუსის კალათს,
აღარ აქვს სევდა შენს ბავშვურ სიცილს...
წარმოვიდგინე შენი თვალები,
ბავშვობაში რომ ვაფერადებდი
მზეს ლურჯი ფანქრით
(რადგან ყვითელი თეთრზე არ ჩანდა),
იმ მზედ იქეცი.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge