გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მაია ხოფერია - ლექსები


***
ტანს მოტკეცილი კაბა,
ღილის აწყვეტა მკერდზე,
სურვილს სევდაში ვმალავ,
ფიქრი გამექცა ბედზე...
ზოგს დაებედა ოქრო,
ზოგს დაებედა  ვერცხლი,
მე შენთან  ვიყო ოღონდ,
ღამეს მზის სხივით შევცვლი...
ახლა ნუ იტყვი  ისევ,
აღარ იქნება მერე,
მე შენს  სიცოცხლეს გივსებ,
შენთვის ბწკარები  ვწერე...
უკვე დავხურე კარი,
უნდა მოვქსოვო წინდა,
მე დაგამჩნიე კვალი,
კვალი, იმ სხვას რომ წყინდა...
ოთახი კრემისფერი,
კოცნა ცხელი და ფრთხილი,
შემოტკეცილი კაბა, 
გულს აწყვეტილი ღილი...
ქარს დაგამსგავსა შეშლილს,
ტუჩებს აკვდება თვალი,
ყველა ნახვაზე შეგშლის,
ის სევდისფერი ქალი...


ვიცი, მთავრდება
ვიცი, მთავრდება ცხოვრებაში რაღაც ეტაპი, 
ჩერდები, ფიქრობ, შეგეშალა როგორ და რატომ,
წარსული გკლავს და გონებაში ისევ ეძახი,
უბრალოდ იცი, არ უყვარხარ და მაინც ნატრობ...
სიყვარულია, რომ გტანჯავს და დაგასნეულა,
უცხო ვირუსმა დაგისუსტა ფილტვები, გული,
ქარი გაგიჟდა,წვიმაც უშნოდ გადარეულა,
გათოშილ სხეულს , რომ გაათბო გარედან უვლი...
კაბას სიშიშვლე,რომ დაფაროს იმიტომ იცმევ,
დაკვირვებული თვალი ხედავს როგორ ეცემი,
მზერაში სევდით ნუ გგონია სიბრალულს იწვევ,
სული აფრინდა და სხეულით ვეღარეწევი...
დაგენანება,ის დრო როცა ფერებით გშლიდი,
ვირუსი ალბათ მე რომ მჭირდა გადამდებია
და თუ სიმშვიდე ფეხაკრებით შემოვა მისით,
ხსოვნის თაროზე ტკივილებიც დალაგდებიან...


***
გარეთ წვიმიანი არის ამინდები,
ქარი ტოტებს ამტვრევს,მგონი შეიშალა,
აწი მოფერებით აღარ დაგიდნები,
გოგომ სველი სახე ხელით შეიმშრალა...
გარეთ ქარიანი არის ამინდები,
ბიჭმა ვერ გაფინა თოკზე პერანგები,
წვიმაც რაღაც ტირის უშნო ახირებით,
თვალებს აწერია,  როგორ მენატრები...
გარეთ თოვლიანი არის ამინდები,
მალე მზე დააჭერს , ტუჩზე დაგიდნები,
აწი ვეღარაფერს ვეღარ დაგპირდები,
აწი არაფერში აღარ დაგჭირდები...
გარეთ სიყვარულის არის ამინდები,
გარეთ განშორების არის ამინდები
და თუ უცაბედად გულში ჩაგიქრები,
ვიცი ჭირისუფლად კართან დამიდგები...
გარეთ უსაშველოდ არის ამინდები...


ოცნების ღამეს
მკლავდა ოცნება და უნდა მეთქვა,
ან მომეწერა გზიდან წერილი,
ვყოფილიყავი მე შენი ცოლი,
ლურჯ  მონასტერში ჯვარდაწერილი...
ჩვენ სიყვარულით ვიყავით მთვრალი,
მზეს გავცქეროდით მუხის ჩეროდან,
მე დაგიტოვე სულში ღრმა კვალი,
თუმც შენ ყოველთვის ჩემი გჯეროდა...
ლურჯ მონასტერში წმინდანის ხატებს,
მირონი ცრემლად ღაწვზე სდიოდა,
ჩვენ ჯვარს ვიწერდით ხსნილობის ღამეს
და ვარსკვლავები ციდან სცვიოდა...
ჩვენ ჯვარს  ვიწერდით ოცნების ღამეს,
ბეჭდიან ხელზე, ხელს არ მიშვებდი
და შენ შემპირდი, ცოდვებით სავსეს,
უზიარებლად არ გამიშვებდი...


***
გამომიზოგე შეხვედრის წუთი,
გამომიზოგე სინათლე ფერთა,
დიდი ხანია მე შენთვის ვდუმდი,
შენ რომ ფიქრები ხმამაღლა გეთქვა...
ცისფერი ფერი ცასავით გშვენის,
შეხვედრა იყო თითქოს უბრალო,
თვალები მქონდა დამფრთხალი შველის,
შენ  კი მკოცნიდი ისევ უბრალოდ...
მინდოდა ფრენა,სიცოცხლეს ვგრძნობდი,
ავყევი სურვილს, შევეხე ტუჩებს,
მერე სისუსტეს ტკივილით ვგმობდი
და მივყვებოდი არეულ ქუჩებს.


***
რასაც დღეს ვხედავ,მე ამ დღის მჯერა,
ყვავილთა თოვა, თეთრად დაღვრილი,
აღარ გაწუხებს უბრალო მზერა,
არც ჩემი ლექსით არ ხარ დაღლილი...
მოწყენილია აპრილი მზეში,
მეც მოვიწყინე,ავად ვარ თითქოს,
სული ჩავკეტე, უბრალოდ ბნელში,
სხეულს უფერო ტკივილი მითბობს...
დაირეკება ცისკრის ზარები
მეც გავუღიმებ წარსულს ალალად,
აღარ იბრწყინებს ჩემი თვალები,
შენ რომ გიმზერდა ასე თამამად...
ალბათ იტირებს, ან არ იტირებს,
გული ბწკარებში სისხლით დაცლილი,
რა ადვილია დაკარგო თურმე,
წლები თითებზე ერთად დათვლილი...
დილიდან ვეძებ თვალებით თვალებს,
ღამით სიზმარში მოდიხარ მარტოდ,
სიცოცხლეს ვატან მე შენთვის ქარებს
და ფიქრიანი იმ დღეებს ვნატრობ...
დღეებს,რომლებსაც ახლდა წვიმები,
დარდმა გაყინულ გულზეც დამთოვა,
თუ გაწუხებდი ზოგჯერ ფიქრებში,
ახლა ამ ფიქრმაც მარტოდ დაგტოვა...
скачать dle 12.1