გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ავთანდილ ყურაშვილი - ლექსები




***
შენი სურვილი, ქვეყნის ყაყანით დაღლილს,
ცად არ მეწევა საუკუნეთა ნგრევით...
ბნელი ლახვარი აღმართულია, ლახვრით
განიგმირები მშვენიერების მჩენი.

აღარ არსებობს ლალ-იაგუნდი თლილი,
ჟამმა წაშალა, ჟამმა წათიბა ჟამი...
თმენით განლიე მოგონებათა გრილი,
თვალში ჩაღვრილი ლაჟვარდშერთული შხამი.

უნდა ეწამო, წამებისათვის შთენილს
ვერვინ გიხილავს, სიბრმავისათვის იშვა...
ვინ შემოგიდგა, ვინ განინათლა ბნელი,
ვინ შეეყუდა უდაბნოს ხვატს და ქვიშას!

მისვენებული, ცალკერძ მიწოლით მწოლი,
წამოდგა იგი, თვალი აღაპყრო რიდით...
ვითარცა ლომი, ვითარცა ლეკვი ლომის,
საკუთარ ხორცზე გამარჯვებული მიდის.

კურთხეულ იყვნენ მაკურთხეველნი შენნი,
ხმაი შენდამი გარდმოეშვება, - მწყური!
ჩაოქროვდება წყვდიადთა სიშავენი,
თბილი, მისანდო, ვითა სიასამური.






***

,,მე ვარ სერაფიტი,
ასული ზევახისა“...
სერაფიტებით გამჩატებული ჟამის,
ზურმუხტგარეულ საუკუნეთა ფერილს,
არ ეპკურება ცით გარდმოსული ნამი,
აღარ ეხება შენი მსუბუქი ხელი.

თვალს არ იტაცებს კოშკი ალმასის დარი,
ჩქამ არ აუდის ქვაზე ასხლეტილ ისარს...
ჩამოთეთრდება შენი დალალი, შავი,
ბნელ ქარაფებზე ჩაეკიდება ნისლად.

სინამდვილეში, სხვათა სიკვდილით მკვდარი,
წაეფარები მინდორს, მდინარეს, თოვას,
- ბროლით, ყინულით, ნაცრით, ქარით და ალით,
გლოვას, სინათლის არამქვეყნიურ გლოვას.

სიდიადიდან ბრმად მომდინარი ცრემლი
მე გამინათე სიყვარულისთვის მწუხარს,
მოლაჟვარდდება ცა ვარსკვლავების ქსელით,
ამ სიმაღლიდან - ამ სინაზისთვის სდუმხარ.

სდუმხარ სიმაღლით, სინაზისათვის სდუმხარ,
სევდით ნათელი, სევდით ნათალი ქნარი
და სიბრმავემდე ასე ნატიფი, ტურფა
მზე ედინება შენს მხრებზე ჩამომქრალი.



***
მესიზმრა: ღრუბლის თეთრი ბაღები,
თეთრი ველები, თეთრი ღელენი,
თეთრი იები და ზამბახები,
ჩიორები და ჩიკორტელები.

ჩემი კოშკები, ლურჯი კოშკები,
ალამბულები ელვის ძაფებით,
ღრუბლებს წაეღო თეთრი დროშების
მყინავ ნათელში ნაქაფქაფები.

აღარ მახრჩობდა ცრემლის გორგალი,
არ მემსხვრეოდა, თითქოს არც მქონდა
თიხარეული ხორცი, მოკვდავი,
როს შეიღრუბლა და შეოქროვდა.

შენ არსად ჩანდი, არც ალმაცერი
ბილიკი ზღვიდან ცისკენ გაჭრილი...
ეშმაკს ეჭირა ხელში საცერი
და ვფარფატებდი წვრილად გაცრილი.






უკრაინა

უკრაინა, ძმაო ჩემო,
დობილო ჩემო,
შენი სისხლი და ცრემლებია,
ცას ღრუბლად ეკვრის.
მეც, ბეჩავს,
ფრთები ვინ მომაშავა,
ორივე მხრებით მიმაჯაჭვა
ურჩხულმა მთებზე.
კვნესა, დროდადრო რომ აღმომხდება,
შხამია იგი, გულ-გვამს მწვავს და
ვერაფერს შველის...
უკრაინა, ძმაზე უძმესო,
დობილებში უდობილესო,
აბიბინდება ისევ შენი ოქროყანები;
ღმერთი ინებებს,
ტარტაროზთა ჩამდნარ ძვალ-ხორცზე
ამღერდებიან მზესუმზირები, -
ცას შეჰღიმებენ ასივე კბილით...
უკრაინა,
ძმაზე ძმაო,
დობილებში უდობილესო,
ძველთა ჩემთა სულის ცხონებავ,
შემინდე ჩემი უღონობა,
სისხლში ვცურავ, ჩემო ძვირფასო...
მსოფლიო ყრუა,
ყრუზე ყრუა
და ყურზე სძინავს...
ნუ იფიქრებ, რომ დაგივიწყე,
რომ შენზე ტვინი არ მეკეტება.
უკრაინავ, ჩემო ძმაო,
ჩემო დობილო.





უფლისჩიტა

დიდი ხანია, დავეძებ სიტყვებს,
შენი დახშული კარის შესაღებს,
ერთხელაც გავტყდი და რჩევა ვკითხე
მოფილოსოფო არჯალ მეწაღეს...

მას შემდეგ ვეძებ ვცვლი და ვცვლი სიტყვებს,
ძირი გასცვივდათ ამ ჩემს წაღებსაც.
ვერ მოვესწარი, უბრალოდ, იმ დღეს,
რომ ჩავუთქვი და ცა გადამეხსნა...

არადა, მიდის, ნდომით და ლტოლვით,
რაც კი ამაოდ მინატრია იმის ნატვრაში
სიცოცხლე, თუმცა, ჩვეული თრთოლვით
კვლავ ვარსკვლავები ჟიკჟიკებენ ზეცის კალთაში;

დროთა სამანიც აიშალა, სიკვდილ-სიცოცხლის
შუქი აცელავს შემომდგარ ბნელში
იმ კაცს, შავცელას, ჩემთან რომ იშვა,
ჩემთან რომ კვდება და მე მწვდა ყელში,

რაც ვერ შევიძელ, ვერ მოვასწარ და ვერ აღსრულდა -
მეგონა, რამე უცხო-უცხოს მარგებდა ბედი...
არადა, აგერ, უფლისჩიტა! - მინდვრის ასულთან,
რა გემრიელად ვიქნებოდი და ვიცხოვრებდი.



უდაბნო

უდაბნო შორზეშორს კი არა, აგერ, ჩვენშია
- ტელევიზორის ეკრანის წინ
აქა-იქ რომ მივმსხდარ-მოვმსხდარვართ,
მუჭის ტელეფონს ჩავციცინებთ...
ის ცოდვით სავსე პანდორას ყუთი
კი უბერავს...
ჰოდა, სუყველას,
ბოდიში და ფეხზე გვკიდია
ის სიმართლე-სიცრუეები,
კრიჭაში ჩამდგართ
სახელისუფლო სკამებისკენ
მადას რომ უხსნით...
არადა, მუჭის ტელეფონმა რევოლუცია მოახდინა,
- კაცობრიობა გათითოვდა,
ადამიანი ნახევარიც კი აღარ დარჩა;
ჰოდა, შედგა რევოლუცია:
ნოლი და ხუთი მეათედი ადამიანი
მესიჯის ფრთებით...
იქნებ, სულაც, ნახევარიც კი აღარ არის?!
ის, ვინც პასუხი უნდა გაგვცეს,
ის, ვინც სიმართლე უნდა გვითხრას,
სდუმს - ლოტოსის თეთრ ყვავილზე ზის,
ტუჩთან თითი აქვს მიტანილი...
ცა კი გვანიშნებს ვარსკვლავების მრავალწერტილით...
თუმცა, ეს ჩვენი საწყალი ღმერთი,
შარვალ-ხალათჩამოკონკილი,
აქვე ახლოა...
ანგელოზებსაც უარყვიათ ზედა საცვალი,
მერე კარგად დაფიქრებულან:
ქვედამ რაღა დაგვიშავაო
და უმალ იგიც მოუსროლიათ...
მოკლედ, უფალმა ტანსაცმელზე
ამნისტია დაგვიდო თვალწინ...
და ფეხთა შორის მობიბინე მცირე მდელოზე
მზე და მთვარე
თავისუფლად გადი-გამოდის,
რაღა თქმა უნდა,
ნიავსაც არ აქვს დაბრკოლება არავითარი...
გაუმარჯოს თავისუფლებას!
- გაჰყვირიან მომიტინგენი;
გაუ-გაუ! - დაჰგუგუნებენ ცისიერნი,
ფრიალებენ დაძონძილი ჯინსის დროშები,
ერი და ბერი,
უკაცრავად, ლიბერალიზმით აცრილები
ალილუიას ფრთებს იქნევენ
და დედამიწას ესარტყლებიან...
თეთრი მტრედი კი...
რა რტოს მოიტანს,
მოესწრები და, ყმაწვილო, ნახავ.




***
ვირის სიკვდილი, ანუ ოდნავ ფერნაცვალი ხალხური სიტყვა

ვხედავ ევროპას ჯოხით მხარზედა,
წინ უძღვის ფარას, მიდის გზაზედა,
სალამურს უკრავს ნაირ ხმაზედა,
ცხვარიც მეტი ჰყავს თავის თმაზედა,
ზოგჯერ, ამ საკრავს ანაცვლებს სტვირით,
ჩვენ აქეთა ვართ,
სულ, სულ აქეთ, წაგვექცა ვირი,
მაწვნის ქილები, რაც რომ გვქონდა,
ყველა დაგვემსხვრა,
მაწონი იგი დაგვეღვარა,
სულ მთლად დაგვექცა,
ოცნების ცაც ხომ მოირღვა და
თავზე დაგვეცა...
ბუღი ავარდა, არარა ჩანს, ისე ამტვერდა,
სულ მარტო ვრჩებით
მოუპირავ ამ ჩვენს ხარბ მტერთან...
ის კი, ხან ჯოხით და ხანაც სტვირით:
,,უხ, თქვენი ვირი...ოხ, თქვენი ვირი“,
ბევრჯერ რომ გვტუქსავს,
ზოგჯერ რომ გვტირის:
,,რად ვერ გაიგეთ, არ ვართ სწორნი,
არ ვართ ტოლები,
ასე საყვარლად შორეულნი, ასე შორები:
უხ, თქვენი ვირი...ეხ, თქვენი ვირი...“
კრიჭა შეგვეკრა,
ენა გაშრა, დაგვეხშო პირი,
ის, ის  ბალახიც, წინამძღოლი,
გაქრა, ვით ჩრდილი...
ეხ, ჩვენი ვირი, ოხ, ჩვენი ვირი -
გველმა და გველის წიწილებმაც
როცა დაგესლეს,
ვეღარ გაუძლო,
ის საწყალი გზაზე წაგვექცა...
,,ასე საყვარლად შორებელნი, ასე შორები,
მთლად ჩვენნაირი რომ არა ხართ,
ჩვენი სწორები?!..“
ხან ტკბილი ჯოხით,
ტკბილზეტკბილი სალამურებით,
გვტუქსავს და გვტირის
ყალბი ცრემლის კალამბურებით;
რად ვერ შევიგნეთ,
სჯობს, დავნაყოთ ეგ ვირის ტვინი,
განა პირველად
წაგვექცა და მოგვიკვდა ვირი?!




გლეხი

დრომ ბევრი არა დატოვა,
წაიღო, წაიტანა...
შენ კი, შენ, ჩემო ბატონო,
შეგრჩა ვაზი და ყანა.
შუბლზე გადაგდის ნიავი,
ტრიალებს დროის კევრი...
გამოხვალ, თოხს იღლიავებ
და, ჰერი! სამარგლელი...
ჩამოგღვარღვარებს ყელ-მკერდზე
ოფლი კი არა - ღელე...
მზე დატკვარცალობს შენს ცელზე,
ჰო, ცოლიც მოგამღერებს...
ქალიააა, ჭალის გვრიტივით
ლაღი, ვერ იტყვი ძვირს...
თუ დაიჭირვა ღრიტინი,
იმ ღრიტინადაც ღირს...
მე კი ყორეს ვზი ჩიტივით,
ვიტკბობ ქლიავის ჩეროს...
მარადმყოფობას მივტირი,
სოფელში დავჩენჩერობ.

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge