გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

თეიმურაზ ლანჩავა - ზამთრის თეთრი მერცხლები



ზამთრის თეთრი მერცხლები



- ვაშაა! - ხელი ხელს შემოჰკრა ტერეზამ.
ჭოგრიტი მკლავებს შორის გაუსხლტა, ხმაურით დაეცა ფილაქანს და დაიმსხვრა.
- რრა მმოხდა ტტ ტერეზა? - ზურგს უკან აესვეტა გოგოს მოახლე ქალი.
- კაცი მოდის, კაცი!
- კაციი? ნნ ეტავ ვინ უუნდა იყოს? - შუბლი მოიჩრდილა მოახლემ და გზას გახედა.
- ნამდვილი ტყისკაცია, გაბანჯგვლული!
- გავაღვიძოთ მ აამაბატონი, - უარესად დაება ენა შიშით თვალებდაკარკლულ მოახლეს.
- უცნობს მე შევეგებები! - უშიშრად განაცხადა ტერეზამ.
- ტტ ერეზა, შვიილო, სსიფ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, იიქნებ?..
- დამრთეთ უფლება, ძაღლებისა და თოფიანი კაცების გარეშე თვითონვე მივეახლო სტუმარს, - გაწიწმატდა გოგო.
- მმ ტერი რომ გამოდგეს?
გადაიკისკისა ტერეზამ, სათვალთვალო კოშკის ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა, გრძელი დერეფანი მარდად გაირბინა, მამის საძინებელ ოთახს ცერებზე შემართულმა ჩაუქროლა და მიხვეულ-მოხვეული კიბეებით ეზოსკენ დაქანდა.
თითქოს მიფრინავდა გოგო, ცისფერი, ფოფოდია კაბა ჰაერში უფრიალებდა, თმაზე დაფრენილი ბაფთები ცისკენ ექაჩებოდნენ.
უცებ, ქვას წამოჰკრა ფეხი. თავი ვეღარ შეიმაგრა და ყვავილებით დაწინწკლულ მოლზე გაიშოტა.
დიდხანს იყო ყვავილებში ჩამხობილი, მერე თავი ასწია, წამოდგომა დააპირა, რომ ის დაინახა, ვისკენაც გარბოდა.
უცნობი თავაღერილი გარშემო უვლიდა ხეს, მერე შეჩერდა გადაღლიავებული თოკი გაშალა, დაიხარა, რიყის მოგრძო ქვა აიღო, თოკის ცალი მხარე გამოაბა და დაიქნია.
ქვამ ჰაერში გაიშხუილა, თოკი მიიყოლა და ხის მსხვილ ტოტს გადაეკიდა.
„საქანელას აკეთებს, ეტყობა, ჩემზე უსაქმურია“, - გაიფიქრა ტერეზამ, რომ არ გადაეკისკისა,  პირზე ხელი აიფარა, თავი ისევ ბალახებში ჩარგო.
უცნობმა თოკი დაამარყუჟა, ყულფი თავზე გადაიცვა, ცას ახედა და... უცებ გველნაკბენივით შეხტა ჰაერში.
ცხვირდაჭორფლილი, ცისფერთვალება გოგო სახელოში ექაჩებოდა, გაოცებული შეჰყურებდა.
- ეს ტყე ჩემია, - უთხრა ტერეზამ.
- სულ შენი? - გაეღიმა ყულფში თავგაყოფილს.
- დიახ! - ამაყად თქვა გოგომ და დოინჯი გაიკეთა.
- თუ ეგრეა, მაშინ ეს ხეც შენი ყოფილა.
- კალია რომ კალიაა, ამ მინდვრებზე რომ დახტის, ისიც ჩემია, - თვალები უციმციმებდა გოგოს.
- ოჰო,  ეს ვინ ყოფილა?! - გაიკვირვა უცნობმა.
- წვიმაც შენთვის მოდისო, მამამ მითხრა, პეპლები ფრთებით ჰაერს გინიავებენ, მზე მიწას გითბობს, რომ არ შეგცივდესო.
- ყოჩაღ მამაშენს! - აღფრთოვანება ვეღარ დამალა წვეროსანმა.
- მამაჩემს სძინავს! - გულუბრყვილოდ ჩაიქსუტუნა გოგომ.
- შენ თვითონ რა გქვია? - კიდევ უფრო შეუშვა თოკს კაცმა და თითისწვერებზე შემართულმა, მთელი სიმძიმე ქუსლებზე გადაიტანა.
- როგორ, ჩემი სახელი არ იცი? - გაიკვირვა გოგომ.
- ვიცოდი და დამავიწყდა, - იეშმაკა უცნობმა.
- ტე რე ზა, - დამარცვლა გოგომ.
- ჰოდა, ჩემო ტერეზა, თუ ყველაფერი შენია, ცოტა კიდევ რომ გეცლია, მეც შენი ვიქნებოდი.
- რანაირად?
- ამ ყულფის წყალობით სულს ცისკენ ავაბოლებდი, გვამს კი ხის პატრონი მიითვლიდა.
- წამოდი ჩვენთან, - მკლავზე შეახო თითები ტერეზამ. მერე ყულფიდან გამოხსნილ წვეროსანს ფეხებთან ჩაუცუცქდა, თოკის ცალ მხარეს დაქაჩა, მიწისკენ ჩამოაცურა და მისი სითამამით გაოცებულ უცნობს ღიმილით ჰკითხა:
- რას აპირებდი?
- შენ რომ არა, ამ ძონძებს სითბოს დავუკარგავდი.
- ღარიბი ხარ? - შეიცოდა გოგომ.
- რაც თან მახლავს, ესაა ჩემი ავლა-დიდება.
- წამოდი ჩვენთან, - მკლავზე შეახო თითები ტერეზამ.
- სასახლეში ასე ჩამოძონძილს ვინ მიმიღებს.
- ახლებს შეგიკერავთ, ისე მოგრთავთ და მოგაწყობთ, თავს ვეღარ იცნობ.
- თქვენს ტანსაცმელს რომ მოვირგებ, თქვენი უნდა გავხდე, ხომ სწორია? მე კიდევ ძალიან მეჯავრები ისეთი კაცი, ტანსაცმლისა და ჩინის გამო რომ საკუთარ თავს ვეღარ სცნობს.
- ვისაც კარგად ჩავაცვით, ყველა გაგვექცა, - გულისწყვეტით თქვა ტერეზამ.
- აბა, კაცი კარგად რომ ჩაიცმევს, თავი ვისმეს ხომ უნდა მოაწონოს, დაანახვოს, - გადაიხარხარა უცნობმა.
- მე მინდა, ვისაც მოვრთავ და გავაკოხტავებ, სულ ჩემი იყოს. - დანანებით თქვა ტერეზამ.
- რადგანაც ამ ქვეყნისკენ ისევ შემომაბრუნე, უკან რომ დავბრუნდები, უთუოდ მოგინახულებ. - უთხრა უცნობმა.
- მაინც, სად მიდიხარ, აღარ იტყვი? - გაჯავრდა გოგო.
- ოცნების ქალაქში.
- ოცნების ქალაქში? მეც წამიყვანე!
- რომ დავბრუნდები, აუცილებლად თან წაგიყვან.
- მზეს გაფიცებ, თუ მომატყუილო, ხომ გიყვარს მზეე? - გულზე ხელები გადაიჯვარედინა ტერეზამ.
- მზე ყველა სულდგმულს უყვარს.
- ჰოდა, მზე მოგიკვდეს თუ მომატყუილო.
უცნობმა თმაზე ხელი გადაუსვა, დაემშვიდობა, კარგა მანძილი რომ გაიარა, შეჩერდა. უკან მოტრიალდა და აცრემლებულს ხელი დაუქნია.
- ეჰეი, რა გქვია,რაა! - ძლივს მიაწვდინა გოგომ ხმა.
- ბექირი ვარ, ბექირი! - ხელები ფრთებივით გაშალა, აიქნია და ტყის სიმწვანეში ჩაიკარგა უცნობი.
*
თვალმარღმა დედაბერმა ფრთხილად გადმოსვა კატა კალთიდან, ვინ ეშმაკი მესტუმრა ამ შუაღამითო, უგემურად წაიჩიფჩიფა და კარებისკენ წაფლატუნდა.
უეცრად შემოვარდნილმა ქარმა ბდღვირი და ფოთლები თან შემოიძღოლა. კარებთან ატუზულ ბექირს მწყრალად ახედ-დახედა დედაბერმა, ამ მეორედ მოსვლის დღეს აქ საიდან გაჩნდიო, გაუწყრა და არაქათგამოცლილი შინ შეიპატიჟა.
- დილამდე შემიფარე, გავიგუდე, მეტი აღარ შემიძლია, - სთხოვა ბექირმა, ქოხი მიათვალ-მოათვალიერა და კარებს მხრებით აეკრა.
- დაკონკილი საბანი მე და ჩემს კატას ძლივს გვათბობს, - უგულოდ ამოიკნავლა დედაბერმა და სოროში ჩამძვრალი ხვლიკის კუდივით აახვანცალა ენის წვერი.
- საბან-ბუმბულს რა ხანია გამოვექეცი, იატაზე მივეგდები, თვალს მოვასვენებ. - ჯორკოზე ჩამოჯდა სტუმარი, ფეხები გამართა.
- ხუთი წლის წინათ, ერთი შენნაირი უმწეო შევიფარე. გამდიდრებას დამპირდა, დილით ცინდალი მისახსოვრა, - ჩაცვენილ ფერდებზე ძვალტყავადქცეული თითები გადაუკანკალა კატას მოხუცმა.
კატამ კუდი აპრიხა, ზარმაცად გააზმორა და ყვითელი თვალები უღიმღამოდ შეაშუქა ბექირს.
- წყალი გექნებათ, ყელი მიშრება, - ისევ ითხოვა ბექირმა მოწყალება.
- დილამდე მოითმინე, საღამო ჟამს წყლის დალევა სასტიკად გვეკრძალება - გამწლეულ ყანყრატოდან ძლივს ამოიხიხინა დედაბერმა.
- ვითომ რათაო, - გაოცდა ბექირი.
- ამ სოფელს ჯოჯოხეთი ჰქვია. წყალი ჭირს, ფრინველი არ გალობს, მამაკაცი სანთლით საძებარია. - აჩიფჩიფდა ბებრუხანა.
ბექირმა თავი დახარა, დაღლილ-დაქანცულს ძილმა თვალები დაუვიწროვა.
- ვიცი, მოშივებული იქნები, მაგრამ, საუბედუროდ ვერაფრით გაგიმასპინძლდები, ერთადერთი დედალი მყავს. ისაა ჩვენი მარჩენალი. მზის გადახრისას დაიკაკანებს, ერთ კვერცხს გადმოაგორებს მარგალიტივით, თუ კატამ დამასწრო და დედალი საბუდრიდან ამოაგდო, მეორე დღემდე მშიერი ვრჩები, - დაიწუწუნა დედაბერმა.
- წყალწაღებული ხალხი მინახავს, თქვენ კიდევ რიყეზე გარჩენილ თევზებს უფრო გავხართ, - ჩაეცინა ბექირს.
დაქინქული თხის ტყავი მიუგდო დედაბერმა, - თავზე ეს ჯვალო წაიფარე, კატამ ყურები არ მოგაკვრიხოსო, - გააფრთხილა და სანთელს სული გაუბერა.
ქარის სისინ-ღმუილში მაინც ტკბილად ჩაეძინა ნამგზავრს. დილით პირისახიდან ტილო რომ მოიხსნა, პირველი ვინც იხილა, ჭრელი კატა იყო. გულზე დაკუპებოდა, თათებს ილოკავდა.
ხელი აუქნია ბექირმა, წამოდგა, იქაურობა მოათვალიერა და ვიწრო სარკმელში გაიჭყიტა.
სადღა იყო ქარი და სუსხი, ცა მოსარკულიყო, სამზეოდ ემზადებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ჟრიამული შემოესმა. ისევ მიადგა სარკმელს. თვალებს არ დაუჯერა. ნახევრად შიშველი ქალები ქოხს შემოსეოდნენ, წრე შეეკრათ, დედაბერი შუაში მოექციათ და რაღაცას ეთათბირებოდნენ.
„ლამაზი ქალები ყოფილან ჯოჯოხეთში“, - ჩაეცინა ბექირს, კართან მივიდა, სახელურს წაეპოტინა, მოსწია, ამაოდ. გარედან იყო დაურდულებული.
ცოტა ხნის შემდეგ დედაბერმა კარები თვითონ გააღო, ხმაურით. ბექირს ხელი დაუქნია, აქ მოდიო.
ბექირი თითისწვერებზე შემართული გაძვრა ღრიჭოში, სახტად დარჩენილი მხრებით აეკრა სახლის ბოძს, თვალები გაუფართოვდა.
ერთმანეთზე ლამაზი ქალები ჩამწკრივებულიყვნენ მის წინ. მკერდმოშიშვლებულებს, მოდგმისსაბადს ძლივს უფარავდათ თხელი, აბრეშუმის ქსოვილი.
წელამდე ჩამოშლილ თმებში ყვავილები ჩაეწნათ. გაფართოებული ნესტოებით, ველური ცხენებივით, ხარბად ისუნთქავდნენ ჰაერს.
წამით შეწყდა მათი შეუცნობელი გმინვა, ჩაიმუხლეს და თავის დაკვრით თაყვანი სცეს მამაკაცს.
ბექირმა თვალებში ხელი ამოისვა, მოჩვენებას ჰგავდა ყოველივე.
- შენს სანახავად მოვიდნენ, ყვავილები მოგართვეს. სურვილს გამოთქვამენ, ჯოჯოხეთში მათთან ერთად დარჩე. ტკბობისათვის თავის დროზე ყველაფერს შეელიენ, ავხორცობამ უქმროდ და უშვილძიროდ დატოვათ. ახლა შენ ხარ მაგათი იმედი...
გაოგნებული ბექირი, დაძაბული ისმენდა დედაბრის ჩიფჩიფს. ხედავდა, როგორ თანდათან ვიწროვდებოდა წრე მის ირგვლივ.
დაჩოქილი, შიშველი ფერიები შეუმჩნევლად მიცოცავდნენ მისკენ.
- შენ გგონია, გიცქერენ? - ისევ წასჩურჩულა დედაბერმა და წირპლიანი თვალები აახამხამა.
- მგონია კი არა, ეგრეა, - დარწმუნებით თქვა ბექირმა.
- თვალხილული ბრმები არიან, სიყვარულმა იმსხვერპლათ, ახლა, ყველას იმად წარმოუდგენიხარ, ვისთვისაც დაბრმავდნენ, უფრო საცოდავები მაშინ იქნებიან, შენც რომ გააწბილო, - ხელით უბიძგა ბექირს დედაბერმა.
თითქოს ღმერთის ბრძანებას ელისო, ცას ახედა ბექირმა.
- როცა მზე ველის ნარჩიტებს ააბოლებს, მხოლოდ მაშინ დაითვრებიან დიაცნი. თუ შესძლებ, უნდა მოუსვა უკან მოხედავად. ეცადე არ შეგიპყრონ, თორემ, მჩვარივით გაგხდიან, - გააფრთხილა ბექირი დედაბერმა. ფოფოდია, ბოლოებშემოციცხული კაბა აიკალთავა და ქოხისაკენ წაჩლატუნდა.
მაისის თბილი ნიაი ზღვის ტალღებივით წეწდა და ფოფრავდა ფერიათა ხავერდოვან თმებს. საალერსოდ გაცისკროვნებულ მათ თვალებიდან უხვად იღვრებოდა ნეტარებისთვის გამოხმობილი შუქი.
მზის სხივები თვალთამომჭრელად ციმციმებდნენ ძუძუებზე და ყვავილთა სურნელში შეზავებული, შიშვლ დიაცთა ფერადოვანი სხეულის საამო სურნელი თანდათან თენთავდა და ბანგივით ეკიდებოდა თვალებამღვრეულ ბექირს.
შუადღის მზემ მცხუნვარება რომ გააორკეცა, სიმღერა წამოიწყეს ფერიებმა.
სიმღერა სირინოზთა სამოთხისეულ გალობას წააგავდა, მიწისა და ცის სიღრმიდან თანაბრად რომ ამოჰქონდა უხილავ ძალას. ეს უხილავი ძალა მთელ ტანზე აბლაბუდასავით ეხვეოდა ბექირს, სიფხიზლეს ართმევდა და თავდავიწყების ბურუსში ხვევდა.
მოგალობენი მადააღძრულნი აფახულებდნენ სხივჩამდგარ თვალებს, ითხოვდნენ ბექირისაგან კაცურ მოწყალებას, სიცოცხლისაკენ ლტოლვის ერთი წამით გახანგრძლივებას.
ლომივით ფაფარაშლილ მამრს კუნთები არაადამიანურად დაჰბერვოდა, უკან გადადგმულ, ოდნავ ჩაკეცილ მარჯვენა ფეხს ისე მყარად დაყრდნობოდა, თითქოს, საცაა ჰაერში ირაოს შეჰკრავს და მსხვერპლს დააცხრებაო.
ადამის ძეში ერთმანეთს შეჭიდებოდა წამიერი და მარადიული, გონება და სისხლი ერთმანეთის საპირისპიროს კარნახობდნენ ხორცს.
მზის სხივებით აბოლებული ყვავილები, მის ფერხთით რომ ჭკნებოდნენ, მძაფრ სურნელს ბანგივით უზავებდნენ ჰაერს.
სულ ახლოს მიუჩოჩდა ერთი ცისფერთვალა, შიშველ ბარძაყზე ხელი შეუცოცა, ბექირის მუხლისთავი ძუძუებს შორის მოიქცა და არაადამიანური ხმით იწივლა: - ჩემია!
- ჩემია! - შეჰკივლეს დანარჩენებმაც, შემოეხვივნენ და თითებით მოქსოვილ მგრძნობიარე ბადეში თევზივით ასხარტალდა ბექირის სხეული.
*
არაქათგამოცლილი მიახოხებდა ბექირი ფეხებს. მალიმალ უკან იხედებოდა, ხომ არავინ ამდევნებიაო. როცა ხრიოკმა ბორცვმა გადაფარა თვალსაწიერი და ბურუსმა შთანთქა თვითონ ბორცვიც, გულდამშვიდებულმა ხის ძირში შეისვენა. გველივით დაკლაკნილ ბილიკს, ტყისკენ რომ მოემართებოდა, მზერა გაადევნა, მზერას მალე ფეხიც მიაყოლა და უღრან ტყეში შეაბიჯა.
ხეების სიმაღლის გამო მზე ვეღარ აღწევდა მიწამდე. ხავსი მოსდებოდა აქაურობას. სოკო გამრავლებულიყო ნოტიო მიწაზე. ფრინველი გაიჭახჭახებდა ხანდახან, ფრთების ფათქუნით წამოუფრინდებოდა ცხვირწინ, გამომწვევად დაიყივლებდა და რომელიმე ჩაძეძვილ ბუჩქში ჩაიკარგებოდა.
ეკალბარდებში კარგა ხნის ძრომიალის შემდეგ, როგორც იქნა, თავი დააღწია ტყეს. ცას გახედა და ნაბიჯი უფრო დააგრძელა.
ხასხასა ბალახით აბიბინებულ გორაკიდან, სახნისს ადევნებული კაცი შენიშნა. უღელში შებმული შავი ხარები ფეხს ითრევდნენ და გაბმულად ზმუოდნენ.
თეთრპერანგა კაცი სახრეს წამდაუწუმ ჰაერში იქნევდა, გაჯიუტებულ პირუტყვს ფერდებს უჭრელებდა.
მხვნელ-მთესველს გაუმარჯოსო, მესამედ რომ შესძახა, მაშინღა მოუხედა კაცმა, ხარები შეაჩერა და შუბლი მოიჩრდილა.
- ეს რა ლოდებით სავსე მიწა შეგირჩევია სამუშაოდ! - ჩამოსძახა ბექირმა და თავდაღმართზე სირბილით დაეშვა.
- საფლავებს ვხნავ, საფლავებს! - მიწით მოსვრილი ტორები დაიბერტყა კაცმა.
- რას კაცო?! - ყურებს არ დაუჯერა ბექირმა.
- ამ ხავსიან ლოდებს ხედავ? - თითი გაიშვირა კაცმა.
- ვაი, ვაი, რომ ვხედავ, - ამოიხვნეშა ბექირმა.
- ის ქვები, ჩემს მამა-პაპას ედო თავსასთუმლად. ავდექი და მივფანტ-მოვფანტე. - პერანგის სახელოთი ოფლით დაცვარული შუბლი მოიწმინდა კაცმა.
„უმადურობაც ამას ჰქვია“, - გაიფიქრა ბექირმა, კიდევ ერთხელ გულდასმით აათვალ-ჩაათვალიერა უცნობი, სრულ ჭკუაზე ხომ არისო.
- ჩემი საქმისა მე ვიცი, შენ რა გადარდებს. წამო, პური გავტეხოთ, - მიიპატიჟა სტუმარი მხვნელ-მთესველმა.
- ვერა, ძმაო, შენთან პურს ვერ გავტეხ, ღმერთი გამიწყრება, - იუარა ბექირმა.
- ვითომ, რათაო, - გაიკვირვა დამხვდურმა.
- რათა და, ეგ პურიც ცოდვით გექნაბა მოყვანილი, ცოდვის პურს კი ჩემი საბრალო კუჭი ვერ მოინელებს.
- გულჩვილი ყოფილხარ, ჩემო ძმაო, - ღიმილით უთხრა მასპინძელმა, ხარები უღლიდან გამოხსნა, სახნისი იქვე, ბელტებში ჩატოვა და სტუმარი ლაპარაკ-ლაპარაკით ტოტებდაჯღარკულ ხისკენ გაიტყუა.
- თურქი, ლეკი და თათარი წარამარა გვჯიჯგნიდა, ტყვე ვიყავით თუ მეომარი, უკანალზე ხელს ვიფარებდით, სარჩო-საბადოს რომ წაგვართმევდნენ, ჯიშიანი ქალები გყავთო, ნამუსსაც გვხდიდნენ.
ყავრით დახურულ სახლში ნაცხოვრებ კაცს, მუხის კუბოში გამოვამწყვდევდით და მიწაში ვფლავდით. ამპარტავნები ვართ და ულვაშს გადაყოლილნი. არ მინდა, ძმაო, უნდა წავშალო ყველაფერი, ახალს ვიწყებ, - გულზე ხელს იბრაგუნებდა დამხვდური, ბელტებში ბაყაბუყით დგამდა არშინიან ფეხებს.
- სახელი რა გქვია, ძმობილო! - ჰკითხა ბექირმა.
- ქიტესა ვარ, ახლობლები ოფოფაფრენილსაც მეძახდნენ. ზოგი მოკვდა, ზოგი მოკლეს, ვინც გადარჩა, სოფელი მიატოვა. ახლა სახელის დამძახებელიც მენატრება, მარტო შევრჩი ამ რჯულძაღლსა, - ქუსლი დაჰკრა მიწას.
- ბიჭო, ქიტესა! სული რომ ეშმაკს მიჰყიდე, არ გეშინია?
- რისა, კაცო?
- აი, ამ საფლავების!
- საფლავების რად უნდა მეშინოდეს?
- ყველამ რომ ერთად ამოიგმინოს, სად წაუხვალ, ა?
- თავისას ამომძახებენ? ჩემსას ჩავძახებ!
- ვინმე გადამთიელი რომ გესტუმროს, თავს რით მოიწონებ.
- ჩემი ბიჭობით.
- ძირი და ფუძე თუ მოსპე და ამოძირკვე, ცაში გაკიდულს, მარტო შენი ბიჭობა რაღას გიშველის.
- ბრძენივით მესაუბრები, ძონძებს კი შეჰფარვიხარ, - გაიკვირვა ქიტესამ.
- უგნურთან ბრძენი ვარ, ბრძენთან - უგნური, - ჩაიცინა ბექირმა. ნიკორა ხართან მივიდა, ქედზე ხელი გადაუსვა, მოესიყვარულა.
- თვითონ საით გაგიწევია! - გვერდში ამოუდგა ოფოფაფრენილი.
- სიყმაწვილე ოცნების ქალაქის ძებნას შევალიე, ახლაც იქით მიმეჩქარება, წამოდი, ერთად ვიაროთ, შენც გაერთობი და საფლავებიც მოისვენებენ.
- მიწას ვერ ვუღალატებ, - გულდაწყვეტილად თქვა უარი ქიტესამ.
- შენ, რა ძლიერ გყვარებია ეგ შენი მიწა.
- ვისაც მიწა არ უყვარს, ცას ვერ შეიყვარებს. სულ იმას ვფიქრობ, რომელი უფრო საჭიროა-თქო, ცისკენ რომ თვალი გამექცევა, მიწა დამქაჩავს, მიწას ჩავცქერი და ცა მექაჩება.
- ამათ რაღას ერჩოდი, ცას რომ თვალი მოუხუჭეს და მარტო მიწა იკმარეს?
- შენ გგონია, ესენი არ მიყვარან?
- ეტყობა კიდეც, შენს ნასაქმარს.
ოფოფაფრენილმა აღარაფერი უპასუხა, ხის ტოტზე დაკიდებული, ტილოგადაფარებული კალათი ჩამოხსნა, იქიდან მჭადები, ჭყინტი ყველი და მოხარშული ქათამი ამოალაგა. სუფრა საფლავის ლოდზე გააწყო, იქვე, წყაროსთან ჩაირბინა, წყალში ჩაყვინთული ხელადა ამოაცოცა და მარდად მოარბენინა.
ბექირს ნერწყვი მოადგა. ნაშიმშილებს კუჭი აუწრიალდა, ხარბად წაეტანა საჭმელს. ქიტესამ სასმისი ღვინით შეავსო და ჰაერში გაშეშებულ ჭიქას გალანდა ჩამავალ მზის შუქზე.
- ეგრე რომ კიაფობს, რა ჯიშია? - დაინტერესდა ბექირი.
- ღვთის ცრემლია, მარტო ამ სოფელში ხარობს.
- მალე ათრობს?
- მსმელს გააჩნია.
- ღვთის ცრემლს რისთვის ეძახით?
- სხვა ყურძნიდან დამდგარი ღვინო, კაცს აამღერებს ხოლმე, ეს, პირიქითაა, ცრემლს მოჰგვრის და დაასევდიანებს.
- კაცის მარჯვენას და დედამიწის მადლს გაუმარჯოს, - თქვა ბექირმა.
- მზესაც გაუმარჯოს. ეგ რომ არა, ცოდო ვიქნებოდით. დალოცვილი სულ მისკენ ეზიდება მიწის მადლს, ამოწვერავს, გააღვივებს, ნაყოფით დახუნძლავს, მერე თვითონაც იმ ნაყოფში მოექცევა. ამიტომაცაა, რომ შესვამ, შეგახურებს, გაგათბობს და კარგ ხასიათზე ხარ.
- სოფელი დიდია? - ჰკითხა ბექირმა, თვითონაც რომ სასმისი გამოწრუპა.
- არც ისე.
- მიწის მუშაკნი?
- შუკა-შუკა სულ დედაკაცები დატანტალებენ. თუ სადმე შარვლიანი დაიხელთეს, ბუხარივით შორიახლო ეფიცხებიან.
- გაგმართლებია და ეგ არი, - თავი ვეღარ შეიკავა ბექირმა, ახარხარდა.
- ცოლი მყავს, სანამ ხურჯინივით არ დამბერტყავს, ვერ დაეხსნები, - სახე მოუნაღვლიანდა ქიტესას.
- ახალს რას მეტყვი, რას გაუმარჯოს? - გაუღიმა ბექირმა, როცა ქიტესამ ისევ შეავსო სასმისები.
- გზაზე დამდგარ კაცს გაუმარჯოს, თვითონ გზას, დამხვდურს და ამბის მიმტანს,- ისევ ჩაიწურა პირში ღვინო ქიტესამ.
- საცაა დოქი დაიცლება, ჩვენ კიდევ ეგ ღვთის ცრემლი არც ერთს არ გვატირებს, - პირგაბადრუი მიესიყვარულა მასპინძელს ბექირი.
- კაცს თუ დამლაპარაკებელი ჰყავს, ცრემლს რა მოგვრის, ეგ ღვინო მხოლოდ თავის საწუხართან დარჩენილს აწკმუტუნებს მუცელტკივანი ძაღლივით.
- ეჰა, შენ რა არაკები გცოდნია, მე კი მეგონა, რომ დავსევდიანდებოდი მაინც.
- სტუმარი ატირებული ვის გაუშვია, მე რომ ეგრე ვქნა, - თოხივით კბილები გამოაჩინა ქიტესამ. - რაო, სად მივდივარო, როგორ თქვი? - მზერა შეანათა ბექირს და დაცლილი დოქი დააპირქვავა.
- აკი გითხარი, ოცნების ქალაქს ვეძებ-მეთქი.
- დიდი ხანია მისკენ მიისწრაფი?
- ბავშვობიდან.
- ამაოდ გარჯილხარ, ეგეთი ქალაქი ზღაპარშიც არ გამიგონია.
- პაპაჩემი ქვიქვირინე იტყოდა, რასაც ეძებ, იპოვი კიდეცო.
- რა ხნის იყო, ეგ შენი ქვიქვირინე.
- რომ დაბრმავდა ოთხმოცის სრულდებოდა. დარჩენილი ორმოცი წელი თვალისჩინწართმეულმა მოგონებებში გაატარა. სიკვდილის წინ დაუბრუნდა სინათლე. თვალებახელილმა აგვათვალ-ჩაგვათვალიერა, ვერც ერთი რომ ვერ შეგვიცნო, არ მინდა, არაო, - ამოიგმინა და მზისკენ ხელებგაწვდიდი გაშეშდა.
ბექირი წამოიმართა, პურ-მარილისათვის მადლი მომიხსენებია, თქვა და დასამშვიდობებლად ხელი გაუწოდა ქიტესას.
- ჩემი სურვილია ეს ღამე ჩემთან გაათიო, ბუხარს ავაკვამლებთ, კედელ-ყურეს შევაფხიზლებთ, - სთხოვა სტუმარს ქიტესამ.
- იქიდან ჩამოვლილს მოსაყოლი და სალაპარაკოც მეტი მექნება, დააიმედა ბექირმა მასპინძელი.
- ახლა კი ნამდვილად მაბრიყვებ! - დოინჯი გაიკეთა ოფოფაფრენილმა.
- ტყუილისთვის რა მრჯის? - გაიკვირვა ბექირმა.
- კაცი შენი დღე და მოსწრება, რასაც ეძებ, იმას რომ იპოვი, უკან ვისღა მოუხედავ, ვინღა გაგახსენდება.
ბექირმა არაფერი უპასუხა, ბეჭზე ხელი მოუტყაპუნა, გამოემშვიდობა და გზას დაადგა.
ხარებმა დაიზმუვლეს, ხეზე შეპორტყებულმა ვასაკა ბაყაყმა დაიკრუალა. სიბნელე ჯერ ხის ტოტებში ჩაიღვენთა, მერე თანდათანობით მოედო ყველაფერს. ვარსკვლავებით დაიწინწკლა ცა. აბორიალდნენ ლანდები.
*
მდინარის ჩხრიალი მომაკვდავის ხროტინივით ისმოდა მიყრუებულ ხევში. მთის ფერდობზე ამოზრდილი, ცამდე აზიდული კოშკები სვეტებივით შეშენებოდნენ საავდროდ მოქუფრულ ცის გუმბათს.
ბექირი ციცაბო ნიაღრვისგან აჩორკნილ გზას ფრთხილად ჩაჰყვა. ვეება ლოდებს შორის ჩაიმუხლა, პეშვი წყლით აივსო და სახე მოიგრილა.
ხმაურმა შეაკრთო წყლისკენ დადრეკილი. უკან მოიხედა, თოფ-აბჯარასხმული, სახენაიარევი ახმახი თავზე წამოსდგომოდა.
- აქ რას დაბობღავ, - შეუღრინა ახმახმა და თვალებზე ჩამოჩლარჩულ თექის ქუდში თვალ-წარბი სულ შეემალა.
- მგზავრი ვარ, ყელი გავიგრილე. - ისევ ამოხაპა პეშვით წყალი ბექირმა.
- ვინც ამ გზით ჩაიარა, რაღაც თან წაიყოლა, სოფელი ისედაც ღარიბია, ყველამ რომ თითო კენჭი წაგვტყუოს, სულ გავღატაკდებით, - კბილებში გამოსცრა სახენაიარევმა, მხარზე მოგდებული თოფი შეათამაშა და ყრუდ ჩაახველა.
- წყალი ბუნების საკუთრებაა, ასეც არ იყოს, ორიოდე ყლუპი, მე რომ სული მომათქმევინა, არც მიწას დაჰკლებია და არც ცას.
- იქ, სადაც ეგ მდინარე იბადება, ჩვენი მტრები სახლობენ. შენ საით გაგიწევია, ვისი სტუმარი ხარ!
- სტუმარი არავის, თუ ბუნებამ მიერთგულა, წინ დიდი გზა მიდევს, - თავი არ აუწევია, მშვიდად უპასუხა ბექირმა.
- ბუნება გიერთგულებს, კაცია მხოლოდ ორგული, ფლიდი და გაუტანელი, - შხამივით გადააწიტა ახმახმა.
- თუ ეგრეა, ქვეყანა დაქცეულა და ეგ არის.
- შენ ამშენებელი მითხარი, თორემ...
- მტერი არასდროს მყოლია, - ამაყად თქვა ბექირმა და ახმახს თვალი თვალში გაუყარა.
- გლახა ყოფილხარ! - ჭროღა თვალები ბოროტად აუციმციმდა სახენაიარევს.
- გლახა მაშინ ვიქნებოდი, თოფ-აბჯარასხმულს რომ მევლო და შენსავით თაგვის გაფაჩუნებისა მშინებოდა.
ხანჯლის ტარს ხელი ჩაბღუჯა სახენაიარევმა, კბილები გაახრჭიალა.
- რაც მაშინებს, ქალი და ცეცხლია, სხვა არაფერი, - უდარდელად თქვა ბექირმა, დაიხარა, კენჭი აიღო და შორს მოისროლა.
- ცეცხლს წყლით დავაქრობ, ქალს - ხვევნა-ალერსით,  - თავმომწონედ გაიყინჩა სახენაიარევი.
- კაცი შენ ყფილხარ და ქუდიც შენ გხურებია, - გაუღიმა ბექირმა.
- აბა, ამას შეხედე, თავიდან ქუდი მოიშვლიპა სახენაიარევმა, წყლით აავსო და ხელი ჰაერში შეაჩერა. ნატყვიარებიდან წურწურით გადმოწანწკარდა წყალი.
- ტყვიის მსროლელი სადღაა? - დაინტერესდა ბექირი.
- ზის ახლა და ჩემს ნაჯაფ-ნაამაგარს მიირთმევს, - ბოროტად ჩაიქირქილა ახმახმა.
- მონად გაგიხადა?
- პირიქით!
- ვერაფერი გავიგე! - მხრები აიჩეჩა ბექირმა.
- გამიძეხ, ყველაფერს შენი თვალით იხილავ! - შეუძახა სახენაიარევმა.
გაორჭოფებული ბექირი ადგილიდან არ იძროდა. არ იცოდა, სად ეპატიჟებოდნენ, რა უნდოდათ. ესეც არ იყოს, წინ დიდი გზა ედო. იქნებ აქ, ამ ახმახის თოფქვეშ მთავრდებოდა ყველაფერი?..
- ცუდსარაფერს შეგყრი, ტიტველი მოხველ, ტიტველსვე გაგიშვებ, - მხარზე ხელი მოუთათუნა ახმახმა.
ხევ-ხევ იარეს! ციცაბო ბილიკზე წამდაუწუმ სხლტებოდა ფეხი. თვალუწვდენელი უფსკრული ამოსჩერებოდათ ქვემოდან.
დროდადრო არწივი გადაუქროლებდა მწვერვალებს, გულგაგმირავად დაიყივლებდა და სადღაც, უსასრულობაში გაუჩინარდებოდა.
წამით შეწყდა სახენაიარევის ქშინვა, უკან მოუხედა ბექირს, თოფის კონდახს დაყრდნობილმა თითი უფსკრულისკენ გაიშვირა.
გადაჩეხილ, ლეშადქცეულ ცხენს სვავები მისეოდნენ, ნაბადი ფრიალებდა იქვე ასკილის ტოტზე გარჩენილი, დაფლეთილი.
- ერთი მცდარი ნაბიჯიც და ერიჰაა, - ამოიხვნეშა ბექირმა.
- მუხლი და თვალი, აი, რა არის მთიელისათვის აუცილებელი, - ღიმილით უთხრა სახენაიარევმა ხასიათწამხდარს.
- სისხლზე რას მეტყოდი, - ოფლით დაცვარული შუბლი მოიმშრალა ბექირმა.
- უსისხლოდ ქვაც არ გორავს, - მედიდურად თქვა სახენაიარევმა.
უცებ ქვა-ღორღზე ფეხი მოუცურდა ბექირს, წაბორძიკდა და განწირული კუნელის ტოტს დაებღაუჭა.
სახენაიარევმა ღონივრად წამოსდო ლაჯებში ფეხი. თვითონაც ლოდზე ჩაჭიდებულმა ბექირი თავისკენ მოითრია და შიშით ფერმიხდილს თვალი მოუჭუტა.
- შენ რომ არა, ალბათ, ცოტა ხანში ჩემკენ გადმოინაცვლებდნენ სვავები. შიშით ჩახედა ბექირმა უფსკრულს.
სახენაიარევი დუმდა.
გაივაკეს თუ არა, შხაპუნა წვიმაც წამოვიდა.
თავკისერწაყინცულნი მგლებივით მიძუნძულებდნენ.
- ცას რომ შეჰყინვიან, ჩემი კოშკებია. - შორიდან დაანახვა ბექირს ხავსმოდებული ციხე-კოშკი სახენაიარევმა.
მწვანე ბალახით ახასხასებული, გალავნით შემოსალტული ეზო მუხებს გადაეხურათ ტოტებით. რკინის ბოძზე დათვი მიებათ ჯაჭვით.
ადამიანის დანახვაზე დათვი უკანა ფეხებზე შედგა და წამობაჯბაჯდა.
- მოერიდე, არ დაგტოროს! - გააფრთხილა ბექირი სახენაიარევმა, თვითონაც შორიდან მოუარა ტუჩებზე დუჟმომდგარ ცხოველს, დაწინაურდა, ხაკისფერი ჯუბის ჯიბიდან გასაღებების აცმა ამოაცოცა, პიტალო ქვით ნაგებ სახლის პალატის დაურდულებულ რკინის კარს ბოქლომი შეხსნა, კარი ჭრიალით შეაღო და ბექირი შიგ შეიძღოლა.
სიბნელე და მდუმარება სუფევდა ირგვლივ.
სახენაიარევმა კვეს-აბედს გაჰკრა, კედლის ბუჯერიდან კვარი დაითრია, ცეცხლი მოუკიდა და პალატის ერთ მხარეს მიაშუქა.
ლანდები გამოიკვეთნენ სინათლის მკრთალ შუქზე, ცოტა ხნის შემდეგ ეს ლანდები საკუთარ თმა-წვერში ჩაკარგულ ადამიანებად იქცნენ.
- გამარჯობათ, მტრებო! - გამომწვევად მიესალმა მათ სახენაიარევი.
ფეხებში მიაფურთხა რომელიღაცამ და გულშემზარავად შეუკურთხა.
- ენა დაიტკბე ბათანთქარ, თორემ თვალებს დაგთხრი და ლუკმა პურს მოგანატრებ, - ბოროტად ამოიღმუვლა სახენაიარევმა.
- თვალები რისთვისღა მინდა,  როცა დღე და ღამე ბნელში ვზი, შენს ცქერას ასპიტს ვხედავდე, მიჯობს, - თითქოს სადღაც უფსკრულიდან ამოიღნავლა ვიღაცამ.
- რა ამინდია გარეთ? - ისე, სხვათა შორის იკითხა თმაწვერდათოვლილმა ტყვემ, ტყირპი ლოყაზე წურბელასავით რომ გასწოლოდა.
- ჩამოშალა ღრუბელმა ნაწნავები და ჩამოალპო ხე და მიწა, - უგულოდ გაეპასუხა სახენაიარევი.
- ჩემი ბათულიკი მენატრება, დიდი ბიჭი იქნებ უკვე, - სათქმელს გული თან ამოაყოლა ტყირპიანმა.
- წყაროსთან შემხვდა ამას წინათ, წვერი წამოღინღლია, თვალებში სევდა შევამჩნიე, დამენანა, იქნებ შენი გვარის გამგრძელებელი რომაა, იმან შემაწუხა.
- ამხსენი ზეზვა ბორკილი, გუდა-ნაბადს ავიკრავ, უკან არ მოვიხედავ, ისე გავეცლები აქაურობას.
- ახლა შენ რომ გენდო და გაპატიო, ბათულიკი არ მაპატიებს, ცოლ-შვილს დაკარგული ჰგონიხარ, რა ხანია გამოგიგლოვეს. ასე ჩახლინწული და ნირწამხდარი ჭიშკარს რომ მიადგე, ჯალაბს სირცხვილით თავი მოეჭრება. ჩემთვის კი დიდი იმედი ხარ.
- ჩემი მაკინეი რასა იქმს, ის ვიცოდე, მაინც, - ჩაიღურღულა სვავივით ცხვირნისკარტა წითურმა, გადააწიტა და თვალამღვრეული მიაშტერდა სახენაიარევს.
- მაკინეი მოკვდა. - ისე მშვიდად თქვა ზეზვამ, თითქოს ეს-ესაა დიდი საქმე მოილიაო.
- მოკვდა?
- ორი დღის წინ მივაყარეთ მიწა. ჩაიღმუილა წითურმა, თავი ჩაღუნა, ანთებულ კვარს თვალი მოარიდა.
- გამიშვი ზეზვა, სიკვდილს ჩემი ფეხით ვეახლები, - მუდარა გაურია ხმარი.
- ცოლ-შვილი ამომიწყვიტეთ, ბნელი ღამე შემირჩიეთ და თოფს რომ არ ემტყუნა, მეც ზედ მიმაყოლებდით, ახლა მოწყალებას მთხოვთ და გავლა-გამოვლა მოგინდათ, არა? ეგრე თუ გსურდათ, გულს არ დაიღამებდით,  სისხლს არ დაიბალღამებდით, - სახეზე წამოენთო ზეზვა, შუბლზე კოპი დააჩნდა.
- მზის სხივი მოგვენატრა, ცის ხილვა, მიწაზე სიარული, - აღურღულდა ტყირპიანი, თავი ჩაქინდრა, საკუთარ დაუძლურებულ მუხლებს დააშტერდა.
- მომენატრეთ თქვენ რჯულძაღლებო, ისეთები მომენატრეთ, თოფს რომ მიმიზნებდით! - ცხენივით ჩაიხვიხვინა ზეზვამ, შემოტრიალდა, კვარი ჩააქრო და ბექირს მკლავში ხელი გამოსდო.
საგულდაგულოდ დააურდულა რკინის კარები, გასაღებების აცმა ძველ ადგილს დაუბრუნა, გალავანს მზერით ჩამოურბინა, - არა, რაღაც უნდა ვიღონო, მგონი მტრებსაც შევეჩვიე! - დადარდიანებულმა თქვა და ჩაფიქრებულ ბექირს მზერა მოარიდა.
*
დიდხანს არ დაეძინა ბექირს. იმაზე ფიქრობდა, იყო თუ არა ზეზვა მართალი, ჰქონდა თუ არა ღვთის მიერ გაჩენილ კაცს იმის უფლება, ბნელ დილეგში გამოემწყვდია მეორე მისნაირი და ადამის ძის ისედაც ხანმოკლე სიცოცხლე საკუთარი უსუსურობის ცქერაში დასრულებულიყო.
ალბათ, ეს იყო პირველი ღამე, როცა ფერად სურვილებს და ოცნებებს ადევნებული ბექირი სერიოზულად ჩაუღრმავდა ცხოვრებისეულ ფილოსოფიას.
ახლა იგი ღამეს იმ კაცის ჭერქვეშ ათევდა, ვისი ყოველდღიური საქმიანობაც ყველა დანარჩენი მოკვდავისას ჰგავდა, ოღონდ ერთის განსხვავებით, საკუთარი მტრები სახლში უჯდნენ, მის ყოველდღიურ, საულუფო ჯასიდან საჭმელს მიირთმევდნენ და ყოველ კერძში საწამლავგარეულ ლუკმას ხედავდნენ.
იქნებ, ყოველდღიურ შიშს, დღეს თუ არა - ხვალ მაინც შხამიან ლუკმას მოგვართმევენო, მართლაც სჯობდა სიკვდილი, ტყვეები რომ ყოველ წამს ელოდნენ.
ტყვია ან საწამლავი ერთი დღის ულუფა იყო, ხელიდან რომ გამოსტაცებდა საკუთარ მტრებს ზეზვას, თვითონაც მოადუნებდა და სიცოცხლეზე ხელს ჩააქნევინებდა.
მტრის ხელით მოკლული შვილის ხატება გულში ჩაჰკირვოდა ამ რკინის მკვნეტელ კაცს, გამოეთიშა და ვეღარც გამოეთიშა, საიქვეყნოდ გადადგმულ ფეხს ძალაუნებურად უკანვე მიითრევდა.
ძილგამკრთალ ბექირს ბურდღუნი შემოესმა. მიაყურადა, დათვი ამოჰყოლოდა კიბეებს, აივანზე დააბიჯებდა და რაღაცას ღრღნიდა. ნაბადი წაიფარა, გაილურსა.
დილით ცისკრის ვარსკვლავს დაასწრო ბექირმა ადგომა. მასპინძელი რომ ვერსად დალანდა და დათვიც თავის ჯაჭვზე იხილა მიბმული, ძალა მოიკრიბა, კიბეები ჩაირბინა, ჭიშკარი უხმაუროდ გამოაღო და გზას გაუყვა.
სოფლის ბოლოში გასულს, ცხენის ფლოქვების ხმა მოესმა. მოიხედა, ზეზვა მოაჭენებდა ყორანივით შავ ბედაურს, გაუთანასწორდა თუ არა ბექირს, სადავეები მოზიდა, ცხენი ადგილზე გააქვავა და ჩამოქვეითდა.
- მეგონა დაძინებულს მოგისწრებდი, აჩქარებულხარ, რაკი აგრეა, ჩემი ბედაურიც თან იახლე, - აღვირი გაუწოდა ბექირს.
იუარა ბექირმა.
- სანამ გსურდეს, იმსახურე, თუ თავი შეგაწყინოს, მოსართავი მოხსენ, თვითონვე მიპოვის, - თქვა ზეზვამ და ცხენს ფაფარზე ხელი გადაუსვა.
ბექირმა უზანგზე ფრთხილად შედგა ცალი ფეხი, ტანი აიმჩატა და მარდად მოევლო ბედაურს ზურგზე.
იუხერხულა უცხო კაცი ცხენმა. დაიჭიხვინა, ყალყზე შედგა, აღვირს და ფაფარს ჩაფრენილი ბექირი ძლივსღა იმაგრებდა თავს.
- ფერდებზე შემოასალტე ფეხები, ძალას რომ იგრძნობს, დაგმორჩილდება, - შეუძახა ზეზვამ. ამასობაში ცხენიც ადგილიდან მოსხლტა და ბდღვირმა დაფარა თვალსაწიერი.
ოფლად გახვითქული ცხენი და კაცი საღამო ჟამს ერთ მდინარეს მიადგა. მდინარე ირგვლივ უვლიდა უზარმაზარ ამწვანებულ კუნძულს. ერთადერთი გზა კუნძულზე შესვლისა ბონდის ხიდი იყო, რომელსაც ფერადსამხრეებიანი ჯარისკაცები დაპატრონებოდნენ.
ბექირმა ვერცხის მოსართავი შეხსნა ცხენს, გავაზე ხელი დაჰკრა, ცხენმა დაიჭიხვინა, ადგილიდან მოსწყდა და უკანვე გაქანდა.
ბედაურის ძვირფასი მოკაზმულობა ხიდის მცველთა მეთაურს უფეშქაშა ბექირმა და ხიდზე გამწკრივებულ ხალხს უკან აედევნა. ჭრელაჭრულაში გამოწყობილი ათასი რჯულის ადამიანი ირეოდა ქვიტკირის გალავლის ირგვლივ. აქა-იქ კოცონი დაენთოთ, ირგვლივ შემოსხდომოდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ყურთასმენა აღარ იყო.
პატარა გოგო-ბიჭები ჟივილ-ხივილით დაჰქროდნენ ერთი კუთხიდან მეორეში. კუდბომბორა ძაღლები ძუნძულით აედევნებოდნენ მეპატრონეებს.
ხავსივით აჰკვროდა ბექირი უზარმაზარ ხეს, ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა, რა ზარ-ზეიმი იყო, რას დღესასწაულობდნენ.
პირმშვენიერმა ასულმა ტანის რხევით ჩაუქროლა, აბრეშუმის გამჭვირვალე კაბაში გამოკვართული სხეულის ყოველი ნაკვთი იმდენად გამაღიზიანებლად ტოკავდა, რომ ბექირმა ვეღარ გაუძლო და თვალები მოხუჭა.
უცებ ქვა მოხვდა ბეჭში, ხელი იტაცადა სიმწრით დაიღმიჭა ბექირი. სიცილი მოესმა, შენიშნა, ბიჭები იჭაჭებოდნენ ბუჩქებს იქით.
- აქ მოდით! -ხელი დაუქნია ბექირმა.
ერთი, შედარებით ყველაზე ჩხინკორა ბიჭი, გამოეყო დანარჩენებს, მისკენ წამოვიდა.
- არ მიეკარო, გცემს! - გააფრთხილეს თანატოლებმა.
- მოდი, ნუ გეშინია! - დაუყვავა ბექირმა.
ბიჭმა კიდევ გადმოადგა რამდენიმე ნაბიჯი, მერე ენა გამოუტლაკა, შებრუნებულმა უკანალზე ხელი დაიტყაპუნა და მოუსვა.
- რა ხდება, გამაგებინე თუ კაცი ხარ, - შეაჩერა ერთი ხეიბარი ბექირმა.
- ცოდვების მონანიების დღეა, ცოდვების! - ახედ-დახედა ბექირს ხეიბარმა, გაკვირვებელმა ვითომდა ეს თუ არ იცოდი აქ რამ მოგიყვანაო, თვალებზე ქუდი ჩამოიფხატა და წაბაკუნდა.
მზის ჩასვლისას ერთ ადგილზე შეჯგუფდა დიდი და პატარა. აჭრიალდნენ ანჯამები, ხმაურით გაიღო მძიმე კარები, ბროწეულისფერ ატლასის მბრწყინავ სამოსში გამოწყობილი ჟღალწვერა მოხუცი დიდი პატივით მიაცილეს შემაღლებულ ადგილამდე შეიარაღებულმა მხლებლებმა. მოხუცმა ხელის აწევით ანიშნა აყაყანებულ ბრბოს, დაწყნარდითო. როცა სამარისებური სიჩუმე ჩამოდგა, ვეება პერგამენტი გაშალა და სულის განმწმენდელი ლოცვა ღავლინა ცათა შინა. ჩაათავა რა პერგამენტის კითხვა, გრაგნილი იღლიაში ამოიდო მოხუცმა, უკანვე გაბრუნდადა თვალუწვდენელი გალავნის კედლებს შიგნით ჩაიკარგა.
რამდენიმე წუთის შემდეგ მეხივით დაიგრგვინეს გალავანზე გადმომდგარმა ზარბაზნებმა და ყვავილები გადმოაფრქვიეს.
ცისკენ თავაღერილ ადამიანებს ფიფქებივით მხრებზე აცვიოდათ ყვავილები, მიწა მოიფარა და აჭრელდა თვალის გასახარად.
ცოტა ხანში ოქროთი მოვარაყებული გალავნის ვიწრო კარი გააღეს. ხალხი ერთ რიგად გაემწკრივა ამ კარებისაკენ.
გაოცებული და თვალებადქცეული ბექირი რიგში ჩადგა. ქალაქში შემსვლელთა ერთ ჯგუფს შეუერთდა.
შესასვლელში ცალთვალა მისანი იჯდა ტახტზე, აეტუზებოდი თუ არა ცხვირწინ, საღ თვალს ციკლოპივით მოგაშუქებდა, მისი თანხმობით წყდებოდა ქალაქში შემსვლელთა ბედი.
- მარჯვნივ, ნიღბების ოთახში! - უბრძანა ცალთვალამ ბექირს, ერთხელ კიდევ ახედ-დახედა, მზერა მომდევნოზე გადაიტანა.
ბექირმა ფრთხილად შეაღო ოთახის კარები.
საშინლად ბნელოდა. მხოლოდ მოვარაყებულ ვეება სკივრს დასთამაშებდა ათინათი. ბექირმა ხელი ჩაჰყო სკივრში, ნიღაბი ამოიღო და სახეზე მოირგო.
- ხვალ, ცისკრის ვარსკვლავის ამობრწყინებამდე დაივიწყე შენი სახელი, - წასჩურჩულა ვიღაც უხილავმა, კარი გამოაღო და სიბნელიდან მწვანედ ახასხასებულ ეზოში გამოისტუმრა.
ოქროსფერი შადრევნები ზეცამდე აფრქვევდნენ ამბოხებულ წყლის წვეთებს. ყვავილთა სურნელებით დაჭაშნაგირებული ფარშავანგები გულისწამღებად შეჰყიოდნენ ცას, მარაოსავით გაშლილ-გაფოფრილ კუდებს თვალისმომჭრელად აელვარებდნენ.
ვარდისფრად მოკირწყლული, საცალფეხო ბილიკები შეუმჩნევლად მიიპარებოდნენ ტყისკენ, თანდათან ვიწროვდებოდნენ, დნებოდნენ.
ბექირი ნელი ნაბიჯით გაჰყვა ასპიტივით დაკლაკნილ ბილიკს, ბილიკმა ცისფრად მოლივლივე აუზთან მიიყვანა.
წყალში ოქროსფერი თევზები ირეოდნენ, ბზინვარე სხეულს ათასფრად აელვარებდნენ, დაკარკლულ თვალებს ნაბავდნენ. აუზი გარშემორტყმული იყო ვარდების ტყით. ტყე სავსე იყო პეპლებით, ფრთებდაწინწკლული ჭიამაიებით.
ბექირი მორზე ჩამოჯდა. სასწაულების ცქერით გართული ვეღარ გრძნობდა სახეზე ნიღბის არსებობას.
უცებ, მხარზე ხელის შეხება იგრძნო.
- მგელო! რას დაფიქრებულხარ, დაედევნე ბატკანს, - ყურთან საამოდ წასჩურჩულა ფაფულთითებიანმა არსებამ და კაბის ფრიალით ტყისკენ მოუსვა.
ბექირი წამოდგა, მიიხედ-მოიხედა და ძუნძულით აედევნა. ბუმბულივით მსუბუქად „მიფრინავდა“ მაღალკანჭებიანი „ბატკანი“.
თანდათან გამეჩხერდა ტყე. წელამდე ბალახში ძნელი გახდა სირბილი. როგორც იქნა დაეწია „მგელი“ „ბატკანს“, მკლავში ხელი სტაცა და ორივენი ბალახებში გაიშხლართნენ.
- სანამ შემჭამდე, ცოდვები მოინანიე, - შეახსენა „ბატკანმა“.
- ბავშვობისას მერცხალს ბუდე დავუნგრიე, მას შემდეგ მეც უსახლკაროდ დავრჩი, სხვის ლანდს ადევნებული, - ალაპარაკდა „მგელი“.
- გაწამებულხარ, - შეიცოდა „ბატკანმა“, - სულ ეგ არის? - მუცელზე მოუღიტინა.
- არ კმარა? - გაიოცა „მგელმა“, - შენ ვინა ხარ, რა ცოდვები გადევს!  - შეუბრუნა კითხვა „ბატკანს“.
- ხუთი ქმარი დავასამარე, ხუთივესთან უცოდველი დავრჩი. მეორეს იმიტომ წავყევი, პირველი რომ აღარ მყავდა, ასე გაგრძელდა თითების დათვლამდე. მეექვსემ ხუთივეს ჟინის ამოყრა მოინდომა, ვნებით დავახრჩვე, ვინც მიყვარდა ახლაც მიყვარს, შემინდე! - დაიჩოქა „ბატკანმა“. სავსე მუხლისთავებმა მთვარესავით გამოაშუქა კაბიდან.
- შეგინდოს უფალმა! - წაიჩურჩულა მადააღძრულმა „მგელმა“ და წელზე ხელი მოჰხვია.
- დავიპეტელო? - გადაიკისკისა „ბატკანმა“ და ყელზე შემოეჭდო.
ვარდები დიდხანს ირხეოდნენ არაბუნებრივად.მოტკეპნილ ბალახს ყვითლად დაესრისა მთვარის შუქი.
- აქეთ, მომყევი, მდინარისკენ, უნდა განვიბანოთ, თავისკენ მიათრევდა ბექირს ქალი.
წყალი სავსე იყო შიშველი ადამიანებით, ერთმანეთში არეულიყო ქალი და კაცი. ბექირი თავით გადაეშვა მოლივლივე ტალღებში.
წყლიდან ამოსული აშკარად გრძნობდა სახეზე მიკოფსებული ნიღბის არსებობას. აწუხებდა საღებავჩამორეცხილი სხვისი ტყავი, რამდენიმეჯერ ხელი წაიღო კიდეც ჩამოვიხსნიო, მაგრამ რაღაც უხილავმა ძალამ შეაჩერა. ახლა იმასღა ეძებდა მზერით, სად დაპეტელობდა მისი „ბატკანი“.
ვიღაცამ თვალებზე ააფარა ხელი.
- გიცანი! - უთხრა ბექირმა.
- ვინა ვარ?
- ისა ხარ, ჩემი „ბატკანი“, - ხმა დაითაფლა ბექირმა, უკან შეტრიალდა, მაგრამ ნიღაბჩამორეცხილი ქალი მაინცდამაინც რომ ვეღარ შეიცნო, ნირწამხდარმა მხრები უხერხულად აიწურა.
- წყალში ჩაყურყუმელავებამდე ყველას სხვადასხვა გემ და სახე გვქონდა, ახლა ყველა ერთნაირები ვართ, - ნაღვლიანად თქვა ქალმადა გვერდით მოუსკუპდა.
- ძალიან მინდა, დაგიმახსოვრო, - მკლავზე ხლი მოუცაცუნა ბექირმა.
- გალავანს გარეთ საქმრო მელოდება, ესეც არ იყოს, იქნებ ისევ შევხვდეთ სადმე ერთმანეთს. ნაცნობობა ელფერს დაუკარგავს ჩვენს ლტოლვას. რაც უფრო უცხოდ ვეჩვენებით ერთმანეთს, ინტერესიც მეტი იქნება, - სველი თმები მხრებზე ჩამოშალა ქალმა.
- აქ შემთხვევით მოვხვდი, პირველად ვარ, - თითქოს რაღაცის გამო თავი იმართლა ბექირმა.
- კარებში გახირული მისანი თვალებში კითხულობს ყველაფერს. გარდა შეყვარებულისა ამ ეზოში ვერავინ შემოაღწევს. შეყვარებულებს კი ყველაფერი ეპატიებათ.
- ეს ხომ ღალატია, რასაც ჩვენ ჩავდივართ?
- მთავარია გიყვარდეს... - ფეხზე წამოიმართა ქალი, დაიხარა, ბექირს შუბლზე აკოცა და უკან მოუხედავად ტყისკენ მოკურცხლა.
გაწბილებული, გალავნის გარეთ დარჩენილი ადამიანები ჟინს იყრიდნენ მიმტოვებლებზე.
ქალი და კაცი პირველსავე შემხვდურს სთავაზობდა ხელს, მთელი ღამე ვნების ცეცხლში იწვოდა მთვარის შუქით ჩაყვითლებული ჭალა. დგებოდა ჟამი ჟინის დაოკებისა.
გამთენიისას კი, როცა ორი მაძღარი სხეული უკვე განიზიდავდა ერთმანეთს, იწყებოდა წყევლა-კრულვა და ხმამაღალი გინება პირზე რძეშეუშრობელ  ნაშიერთა მიმართ, რომლებიც მთელი ღამე კოცონზე აყრიდნენ ყველაფერს, ცეცხლი რომ არ ჩამქრალიყო, მათ შორის, მშობლების ტანსაცმელ-საცვლებსაც.
დღის შუქით განათებული, შიშვლად დარჩენილი, სირცხვილით თავჩაღუნული ადამის მოდგმის ნაშიერნი, საგამოფენო ექსპონატებივით იდგნენ შვილების წინაშე და ხელს მორცხვად იმ ადგილზე იფარებდნენ, რომლის ახურების გამო ნამუსი ვნებას შეაჭამეს.
მამალმა ფარშავანგმა რომ ცას შეჰყივლა, ბექირმა სწორედ მაშინ ჩაათავა ბონდის ხიდი. მაღალი ხეების ჩრდილებში ჩაძირლი ციხე-გალავნით შემორტყმულ საოცარ ქალაქს კიდევ ერთხელ მოუხედა და გზა განაგრძო.
*
- მამაშვილობის მადლმა, იქნებ დამეხმარო, - წინ თეთრწვერა მოხუცი გადაუდგა.
- რა გაგჭირვებია! - თვალი შეავლო მოხუცის შეცბუნებულ სახეს ბექირმა.
- ბიჭი ქვევრიდან ვერ ამომყავს, - შესჩივლა მოხუცმა და ჯოხს დაეყრდნო.
- რაო, იქ რა მინდაო?!
- ხვლიკივით შიგ მოიკალათა და მზეს აღარ ეჩვენება.
- მოშივდება და თვითონვე ამოვა.
- სამი დღეა, ეგრეა. ჩავძახი, არას ამომძახის. ეგ თუ მომიკვდა, გვარის გამგრძელებელი აღარავინ დამრჩება.
- სარკით უნდ ვუმკურნალოთ, - მშვიდად თქვა ბექირმა და ქვევრში ჩაიხედა.
- რა უნდა ვქნათ?
- სარკე მზეს მივუშვიროთ. სხივების ანარეკლი შიგ პირდაპირ შუბლში ვსტყორცნოთ.
- მერე! კაცო?..
- სინათლეს ამოჰყვება.
- ეგ, რა ხერხი გცოდნია, დალოცვილო, - გაიხარა მოხუცმა, სახლისკენ წაბაკუნდა, წამით შეყოვნდა, უკან მოიხედა, - რომ არ ამოჰყვეს, ა? მაშინ რა ვქნა? - თქვა დაეჭვებულმა.
- ჭია რომ ჭიაა, სინათლისა და სითბოსთვის მიწას ამოარღვევს და ზედაპირზე ამოცოცდება, ეგ კიდევ, კაცია, ადამიანის შვილი, - დაამშვიდა მოხუცი ბექირმა.
- ეგრე, შენი ჭირიმე, იმედი ნუ მოგიშალოს გამჩენმა, - ეს რა ხერხი გცოდნია, კაცო, - ბუტბუტებდა გახარებული მოხუცი და სახლისკენ მიფლატუნებდა.
- ბიჭო, გუჯუ! მოხუცს რად აჯავრი, ახლავე მანდედან ამობრძანდი, თორემ ქვევრს წყლით ავავსებ! - ჩასძახა ქვევრში მოკალათებულ ბიჭს ბექირმა.
- არ ამოვალ! - დაიგუგუნა ქვევრმა.
- რაო, ვითომ, ვის ვემალებიო?!
- ეგ მე ვიცი!
- მაინც რა მოხდა ასეთი, რა ჩაიდინე, აღარ გვეტყვი?!
- ჩემი საქმის მე ვიცი, თქვენ, თქვენსას მიხედეთ.
- ამაზე ჩემი წამალი აღარ გაჭრის, - უიმედოდ თქვა ბექირმა, როცა მოხუცმა ხელში სარკე მიაჩეჩა და სასწაულის ხილვას გვერდზე გამდგარი დაელოდა.
- სარკე აღარ უშველის ამას, ცუდადაა საქმე, ისევ გაიმეორა ბექირმა. უიმედოდ დარჩენილ მოხუცს მხრები აუცახცახდა, თვალებზე კურცხალი მოადგა.
- ცრემლი დააწვეთე, იქნებ ცრემლმა უწამლოს, - ურჩია ბექირმა.
- სიმწრის ცრემლი მაგას არ უშველის, თუ თვითონ სიხარულის არ მოვგვარეთ, - გამოესარჩლა ქვევრში ჩამძვრალს იქვე, ხის ძირში ატუზული, თმახუჭუჭა ყმაწვილი.
- ვუშველოთ მოხუცს, თუ რამე შეგიძლია, დაგვეხმარე, - შეეხვეწა ბექირი.
ბიჭი ადგილიდან მოსწყდა და მოკურცხლა. ცოტა ხანში უკანვე დაბრუნდა, ხელჩაკიდებული მოჰყავდა თვალებბრიალა გოგო.
გოგომ თვალი მოარიდა მოხუცს, ქვევრთან მივიდა და ნაწნავები თოკივით ჩაჰკიდა შიგ.
ცოტა ხანში გუჯუმ ფრთხილად ამოჰყო თავი ქვევრიდან, მერე თანდათან ამოიზარდა.
- ჩვენ აქ ზედმეტი ვართ, - მკლავზე ხელი მოჰკიდა სახეგაბრწყინებულ, თმადათოვლილ მოხუცს ბექირმა, სარკე ჩამოართვა და იქაურობას გასცილდნენ.
მოხუცი სადღაც გაუჩინარდა. ბექირმა ხის ძირში, ლოდზე ჩამოისვენა, მხრები ხეს მიეყრდნო და სარკეში ჩაიხედა.
ძლივსღა იცნო საკუთარი ორეული, თავის ნებაზე მიშვებულ ოქროსფერ თმებსა და წვერ-ულვაშს ასაკოვან კაცად ექცია ბექირი. თვალებიღა შერჩენოდა ძველებურად მკვირცხლი, მოელვარე.
შუბლზე გაწოლილმა დროის ნაპრალებმა და გაცრეცილმა სახის ფერმა ერთხელ კიდევ შეახსენეს ასაკი, თვალები მოხუჭა, მოგონებებში ჩაიძირა.
*
ხარებმა ბღავილით შემოაჭრიალეს ურემი ჭიშკარმოფრიალებულ ეზოში. მწუხრით დამუნჯებულმა კაცებმა უხმოდ გადმოასვენეს იქიდან ტყვიით დაცხრილული ვაჟკაცი, ასკილის ყვავილივით დასჩენოდა თეთრ ჩოხას სხეულიდან გამონაჟონი სისხლი.
უდროოდ ჩამოქცეულ ჭერს შეჰკიოდა ბექირის დედა და მიწამდე დაშვებულ თმებში ჩაკარგული ცრემლი იღვრებოდა.
შინდისფერ, ფარდაგგადაფარებულ ტახტზე გაშოტილ ყაჩაღებთან მებრძოლს რაზმის მეთაურს თვალებამღვრეულნი დასჩერებოდნენ თანამებრძოლები, ხელით იარაღჩაფრენილებს დანა კბილს არ უხსნიდათ.
ტყე-ტყე გავარდნილი ნაბიჭვრები განურჩევლად აწიოკებდნენ ყველას, ვინც მათ ნება-სურვილს წინ აღუდგებოდა, საკერებელ დადებულ ნიფხვისთვის ხალხს ასახიჩრებდნენ, ძარცვავდნენ, ჰკლავდნენ, დათარეშობდნენ სოფლიდან სოფელში, ხალხს უსაფრდებოდნენ.
კაცის სიკვდილიც არ იკმარეს, იმ ღამით თივის ბულულები შემოუწყვეს სახლს, ცეცხლი გაუჩინეს და მიიმალნენ.
საღ-სალამათი მხოლოდ ბექირიღა გადარჩა. დანახშირებული დედისა და დის ძვლები შიშით დაიტირა სხვებთან ერთად ბექირმა.
შურისძიების ნაპერწკალი მწარედ დაეცა პატარა ბიჭის მთრთოლვარე გულს და ჯერ კიდევ რძენარევ ბავშვის სისხლს ნაღველი შეუზავა.
ნათესავებმა მთებში გახიზნეს ბიჭი მამიდასთან.
მგელკაცა ჯაღო მუდამ  იმას ჩიოდა ცოლთან, ეგ ბიჭი მეომრად არ გამოდგებ, სისხლის დანახვისას გული მისდისო.
სამაგიეროდ პატარა ბექირი მთის მწვერვალებზე ხვლიკივით დაცოცავდა.
ერთხელ ლაფანებში გაწვართულმა ასპიტმა ისე შეიქცია, ჯაღოს მახვილი თვალი და ელვასავით მოქნეული ცელი რომ არა, დაგესლილს აღარაფერი უშველიდა.
- რატომუნდ ეკბინა, მე ხომ არაფრი დამიშავებიაო, - ეტიტინებოდა სახტად დარჩენილ ჯაღოს ბავშვი. ჯაღო ორკაპა ჯოხით მიათრევდა სასწაულად დაგრეხილ ქვეწარმავალს, ეს რა მიამიტი იზრდებაო, - ბიჭზე ფიქრობდა.
- ცხოვრება ბევრ რამეს გასწავლის, შვილო, გზაზე უამრავ ეკალს დაგახვედრებს, ვინ იცის, თუ შეძლებ პირწმინდად უნდა აკაფო ეკალბარდი, ვინ იცის, იქნებ შენს უკან ბრმა მოწანწალებს, მადლია, იმასაც უშველი, - არიგებდა მგელკაცა ბიჭს და იქნევდა ცელს ღონივრად.
ჯაღო და მზევინაი უშვილოები იყვნენ, მთელი გულისყური და სითბო ბექირისაკენ ჰქონდათ მიპყრობილი. ბიჭი მაინც ყველაზე მეტ სიახლოვეს მოხუცი თარეშისგან გრძნობდა.
წლებს ხორცი შემოედნო თარეშისათვის, ჩონჩხად აკონკილს და მუდამ სრულ კაბაში ჩამძვრალს, ტუჩებზე ლოცვა-კურთხევა ადნებოდა. თუ საზღაპროდ და გარდასულ ამბავთა სასმენად ვინმე მოიცლიდა, ისეთებს გააჭენებდა, ღამეს თავზე დაათენებდა, სულს მთქნარებაში ამოაძრობდა, დევს, ჭინკას და კუდიანს ერთიანად მოდენიდა, კალთაში მოიქცევდა, მუხლზე წამოსკუპულ, სმენადქცეულ ბიჭს ხან ბუხრის ყელში გააძვრენდა კუდიანის კალთას გამობმულს, ხან დევების ღვინიან ჯამში აბანავებდა.
- დედილო, ძილი დააცა მაგ ბიჭს, თორემ თუ ძალა არ მოიკრიბა, შენი დევები რომ სინათლის შუქზე გაქრებიან, ღამენათევი ტყეში ვეღარ წამომყვება, - როხროხებდა ჯაღო გულიანად და მოპირულ ცელს კიდევ ერთხე ცერით ფხას უსინჯავდა.
ადრე მოდიოდა მთაში ზამთარი.
ჯერ კიდევ ფოთლებდაუცვენელ ხეებს ცივი ქარი სისინ-ღმუილით დაუვლიდა, ააფორიაქებდა, მიფანტ-მოფანტავდა და წვიმის წვეთებიც მალე იქცეოდნენ ფანტელებად.
თოვდა და თოვდა გაუთავებლად. თეთრ აბლაბუდაში გახვეულ სამყაროს სხვა ელფერი ეძლეოდა, სიმყუდროვე ისადგურებდა ირგვლივ.
იწყებოდა ჟამი ბუხრობისა, ერთმანეთის მიკითხვ-მოკითხვისა და მონახულებისა.
საყველპურო, დაბალფეხებიან ტაბლას შემომსხდარი კაცები წვრილი ჭიქებით შეექცეოდნენ ღვინოს, ჰყვებოდნენ მთისა და ბარისას, იგონებდნენ გაფრენილ სიჭაბუკეს, უფრო დიდ ზამთარს.
შიმშილი და სიცივე ზოგჯერ გამწარებულ მგლებს ჩამორეკავდა სოფელში, თოფების ბათქაბუთქი და ძაღლების ყეფა-გნიასი აფხიზლებდა უსაშველოდ გრძელ ღამეებს.
ტრიალებდა ჯარა გაუთავებლად, ართავდნენ და ქსოვდნენ დედაკაცები განუწყვეტლივ. მორგვებად დახვეული ძაფი თანდათანობით იქცეოდა სვიტრებად, წინდებად, ხელთათმანებად.
გამთენიისას ქონით გაპოხილ ჩექმებს ამოიცვამდნენ მამაკაცები, ხის ნიჩბებს მოიმარჯვებდნენ, საქონლის საბმულამდე გაკვალავდნენ გზას, მერე სამეზობლო ბილიკს მიტკეპნ-მოტკეპნიდნენ, სვენებ-სვენებითა და ხელების დაორთქლვით წყარომდე ჩაუყვებოდნენ, ბარაქიანად თოვს ეს დალოცვილიო, მწყრალად ამოილაპარაკებდნენ, ზაფხულიც გვარიანი გვექნებაო, - ერთმანეთს ამხნევებდნენ.
მიუხედავად სიცივისა და თოვლისა, დადგენილ დროს იაიები მაინც ამოშლიდნენ მიწას, ლურჯად დააჩნდებოდნენ ჯერ კიდევ თოვლით პირმოთეთრებულ მიწის გულისპირს, ჩათვლემილ სამყაროს გაზაფხულის შემობრძანებას უმახარობლებდნენ.
თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც თვალშისაცემად ალორთქოვდებოდა ბალახი, მინდვრის ყვავილებით გადაჭრელდებოდა მთა-ბარი, ფუღუროს შეფარებული, ფრენასმონატრებული ფრინველები მთელი სიძლიერით აიჭრებოდნენ სივრცეში, ხიდან ხეზე ხტოდნენ ჭიკჭიკითა და სტვენა-გალობით.
გვალვამ იმძლავრა იმ ზაფხულზე.
ცამ პირი შეიკრა და ნამი რომ ნამია, ისიც არ გაიმეტა მკერდაბოლებული მიწისათვის.
დასკდა და დაიბზარა მიწა, მოიწყინეს ხეებმა.
ხალხს მავედრებელი თვალი ცისკნ ეჭირა, საცოდავად ღაფავდნენ სულს ხის ტოტებში შეყუჟული ფრთოსნები.
მდინარეებმაც გამოაჩინეს მიწიდან ამოჩრილი ქვაღორღიანი გულმკერდი, საცოდავად მიწანწკარებდნენ.
დაალხული საქონელი გულშემზარავად ზმუოდა და გადახრუკულ ბალახს უმადოდ შეექცეოდა.
ისეთმა ხალხმა მოაშურა სოფელს და მთებს, რომ მასპინძლებს თვითონვე უკვირდათ, როგორ გავახსენდით, ასე უცხო სტუმრები რა ქარმა გვაახლაო.
საღამო ჟამს ბექირი და მისი ტოლ-მეგობრები რომ მდინარეში ფეხებს იგრილებდნენ, ძაღლმა ატეხა ყეფა, მერე წკავწკავი გააბა და აღარ გაათავა.
ცნობისმოყვარეობამ წასძლია ბექირს, პერანგი გადაიცვა და აღმართს შეყოლილ ბილიკს მზერა გაადევნა.
ბიჭებისთვის არაფერი უთქვამს, მაღლობი აირბინა და სოფლისკენ მიმავალ უცნობებს შორიახლო აედევნა.
შლაპიანი, ხელბარგით მკლავებჩამოყრილი კაცი ნელა მიუყვებოდა აღმართს, დროდადრო შეისვენებდა, ბარგს მიწაზე დადებდა, უკან ადევნებულ კიკინებიან გოგოს, სულ ცოტაც მოითმინე და მალე მივალთო, - ანუგეშებდა.
გოგო დროდადრო ჩაჯდებოდა, მუხლებს მოასვენებდა, მერე მარდად წამოხტებოდა და მორჩილად აედევნებოდა მამაკაცს.
ბექირი რომ შენიშნა, გაუღიმა გოგომ და ხელი დაუქნია.
ბექირმა ნაბიჯს აუჩქარა.
- მე ნაია მქვია, - უთხრა გოგომ აქლოშინებულ ბიჭს.
- ბექირი! - ამაყად გაუწოდა გოგოს ხელი ბიჭმა.
- სოფელში მალე მივალთ? - შეწუხებული ხმით ჰკითხა გოგომ.
- არც ისე, - მხრები შემართა ბექირმა.
- მამა, მამიკო! რატომ მომატყუილე?! - აკაპასდა ნაია.
კაცმა უკან მოიხედა, ბექირი რომ დაინახა, გაუკვირდა, აქსაიდან გაჩნდიო, - ჰკითხა.
- ვისი ხარ? - სახეზე ღიმილი დაიფინა კაცმა.
- ჩემს გამზრდელს მგელკაცა ჰქვია, - მედიდურად მიუგო ბიჭმა.
- ამ მთებში და ტყე-ღრეში მართლა მგელი და დათვი თუ გაძლებს, თორემ...  - სათქმელი აღარ დაამთავრა კაცმა, ბარგს ხელი ჩასჭიდა, ისევ დაწინაურდა.
- მამაჩემს ვანო ჰქვია, ცირკში მუშაობს. თვალდახუჭული გადი-გამოდის თოკზე, - გააცნო ნაიამ მამის საქმიანობა ბექირს.
- სულ ეგ არის? - ისე ჰკითხა ბიჭმა, თითქოს კიდევ იცოდა რაღაც იმ კაცზე და უმალავდნენ.
- არ კმარა? - გაიოცა ნაიამ.
- მაგაში აძლევენ ფულს?
- შენ ეგ პატარა საქმე გგონია? - აიმრიზა გოგო.
- კი, მაგრამ, რა კეთდება მერე ამით? - უხერხულად მოიფხანა თავი ბექირმა.
- მამამ მთელი სიჭაბუკე ამ საქმეს შეალია. ამბობს: მუდამ ბეწვზე ვკიდივარ, პურს რისკით ნაშოვნ ფულით გაჭმევთო.
- არ ეშინია?
- დედა ამბობს, ყოველდღე სიკვდილს რომ ეთამაშება, იმიტომ უფრო მიყვარსო.
- არ მოსწყინდა?
- ეგ კიდევ რაა, მამის მეგობარია ერთი, მაქსიმეს ეძახიან, ლომს პირში უყოფს ხელს.
- ვთქვათ და მოსწყინდთ კაცის ბინძური ხელის პირში ფოთიალი ლომებს, მაშინ?
ნაიამ არაფერი უპასუხა, თითქოს დუმილით ისარგებლაო, ბექირი ადილიდან მოსწყდა, თავდაღმართში დაქანდა და თვალს მიეფარა.
ცოტა ხანში ისევ გამოჩნდა აქლოშინებული, ხელში ყვავილები ეჭირა, მორცხვად გაუწოდა ნაიას. იმანაც აღტაცებულმა და თვალებგაცისკროვნებულმა დიდის ამბით ჩამოართვა, აქ რა ლამაზი ყვავილები სცოდნიაო, - თქვა და ცხვირთან მიიტანა.
- ოჰო, აი, ნამდვილი ჯენტლმენი, - გადაიხარხარა ვანომ, როცა ყვავილებით ხელდამშვენებული ქალიშვილი დაინახა.
სიტყვა ჯენტლმენის მნიშვნელობა არ ესმოდა ბექირს, იფიქრა, დამცინისო, ყურებაპილპილებულმა თავი ჩაქინდრა.
კარგა ხანს ისე იარეს, ხმა არავის ამოუღია. დროდადრო ბიჭი მზერას ქურდულად ააყოლ-ჩააყოლებდა წინ მიმავალ მამაკაცს.
ვანო თხელი, კაფანდარა კაცი იყო. საფეთქლებთან ჭაღარა შეჰპარვოდა, კალიასავით მაღალ ფეხებზე იდგა.
დიდი პატივით მიიღეს სტუმარი სოფელში. ორი დღე დარჩა ვანო. სულ იმას იმეორებდა, აქ როგორ ცხელა, თქვენ წარმოიდგინეთ, ქალაქში რა იქნება, დუღს დედამიწა, ხვატში ვიხრჩობითო.
გამომშვიდობების ჟამს ნაია საგანგებოდ დაარიგა მამამ, უფროსებს დაუჯერე, აქ მთებია, შორს ნუ წახვალ, არაფერი მოიწიოო.
კარგა მანძილზე ჩააცილეს ვანო მასპინძლებმა. უკან რომ ამობრუნდნენ, ნაია შინ აღარ დახვდათ, ბექირთან ერთად ტყეში გაპარულიყო.
- მამა ამბობს, ქალები სასწაულები ხართ, ზიხართ თუ წევხართ, ხელი ცას მიგიწვდებათ, ოცნების კოშკებს იშენებთ, ოცნების ქალაქებს ეძებთ, ჩვენ კიდევ ობობასავით ბადეებს ვხლართავთ, რომ შიგ გაგაბათ, დაგატყვეოთო. კისკისებდა ნაია და თვალებადქცეულ ბიჭს ღიმილით შესცქეროდა.
- რანაირია ოცნების ქალაქი? - გულუბრყვილოდ იკითხა ბიჭმა და კორტოხზე წამოსკუპულ გოგოს გვერდით მიუჯდა.
- ვნახავ და გიამბობ, - გადაიკისკისა გოგომ და პეპელას დაედევნა.
დღიდან ნაიას გაცნობისა ბექირის გულში რაღაც იდუმალმა ძალამ გაიფაჩუნა, აღარც სასმელი ახსოვდა, აღარც საჭმელი, ნაიას კაბის კალთა ადევნებული ერთგული ძაღლივით მის გვერდით ათენ-აღამებდა. ახლა იმასღა ჯავრობდა, არდადეგების დღეები მალე გაირბენს, ნაიას ქალაქის გზას გაუყენებენ, რაღა მეშველებაო.
ერთხელ ძალიან შორს წაიყვანა გოგოა ყვავილების საკრეფად. ბევრი იღოწიალეს ტყე-ღრეში, ბოლოს ყვავილებით მოჩითულ ბორცვზე მოიკალათეს.
- თეთრი მერცხლები გინახავს? - მოულოდნელად ჰკითხა ყვავილისკენ თავდახრილ ნაიას ბექირმა.
- თეთრი მერცხალი ვის გაუგია, - აკისკისდა ნაია.
- იქ ცხოვრობენ, ეე... - თითი გაიშვირა ბექირმა, - ბურუსში ჩაძირულ, დათოვლილ მწვერვალისაკენ.
- ეგ, შენ საიდან იცი? - ბიჭის თითს მზერა გააყოლა ნაიამ.
- პაპაჩემის პაპას, ცნობილ მთასვლელსა და მონადირეს უნახავს, მარადიულ თოვლის სპეტაკ ზეწარში გახვეულ მწვერვალს როგორ უფრენდნენ ჟღურტულით. თოვლის ელვარებას და სიკაშკაშეს თვალის ჩინი წაურთმევია მონადირისათვის.
- რაო, რით იკვებებიან ეგ საოცარი ფრინველებიო.
- სინათლით!
- სინათლით?
- ასე უთქვამს მოხუცს, მხოლოდ სინათლე ასაზრდოებთ იმ ფრინველებს და თუ ოდესმე მწვერვალმა სისპეტაკე და ელვარება დაჰკარგა, მერცხლებიც დაიხოცებიანო.
*
გვალვამ და ხვატმა დააცოფა საქონელი. მძიმე სახადმა იჩინა თავი სოფელში.
მიცვალებულთა დასაფლავებას ვეღარ აუდიოდნენ ცოცხლები.
მძიმე სენმა ბექირსაც ჩასჭიდა ხელი, ლოგინად ჩააგდო, დაასუსტა, ფეხზე ვეღარ დგებოდა. სიცხით გათანგულს უაზროდ აბოდებდა. შუბლზე ცივ ტილოს ადებდნენ, ძმრიანი წყლით ენას უსველებდნენ, ერთი ორჯერ ნაიაც მოინატრა, რაღაც მიუკიბ-მოუკიბეს...
მგელკაცას ლანდიც გაქრა სახლიდან და ხმამაღალ ბუხუნს შეჩვეულმა ჭერმა ერთიორად მოიწყინა. ხუთი დღეღა იცოცხლა მზექალამ, მალე წყლის მიმწოდებელიც სანატრელი გახდა. უშიშარი, მეზობლის ღვთიან-მადლიანი ბიჭი შემოიპარებოდა ხანდახან ფეხაკრეფით, ლუკმა პურს და წყალს სასთუმალთან დაულაგებდა, მერე ისევ უჩინრად გაილალებოდა, ვინმემ არ დამინახოსო.
დაცარიელდა სოფელი, ვისაც ფეხზე სიარული და გაქცევა შეეძლო, თავს შველოდა, უკან მოუხედავად გარბოდა დიდი და პატარა.
*
ვიღაცის მუშტი მძლავრად მოხვდა ყბაში მოგონებებში ჩაძირულ ბექირს, ხელიდან სარკე გაუვარდა და დაიმსხვრა. სწრაფად წამოიჭრა ფეხზე, მოგონებების ბურანიდან გამოერკვა. თავზე სამხედრო მუნდირებში გამოკვართული ბრჭყვიალაეპოლეტებიანი მხედრები წამოდგომოდნენ.
არაფერი უკითხავთ, სხვა დანარჩენებთან ერთად წინ გაიგდეს, თავიანთი ნაციონალური, საბრძოლო ფორმა ჩააცვეს, იარაღი განძივით ჩააბარეს და მებრძოლთა ერთ მწკრივში ჩააყენეს.
- ვის ვებრძვით, თუ იცი? - გადაუჩურჩულა ბექირმა გვერდით გაშტერებულ, თვალებდაკაჟულ ყმაწვილს, რკინის ჩაფხუტში სულს რომ ძლივს ღაფავდა.
- მტერს! - მოკლედ მიუგო ჩაფხუტიანმა.
- ჩვენსას ვიცავთ თუ სხვას უნდა წავართვათ რაიმე, - ისევ დაინტერესდა ბექირი და ვეება შუბის ტარს ხელი მაგრად ჩაბღუჯა.
- ჩვენ რომ არ გვყოფნის, იმიტომ ვიბრძვით, სხვის წასართმევად.
- არ გამოგადგებით მაქ საქმეში, - სახეზე ფერმა გადაჰკრა ბექირს.
- კრინტი, არავინ გაიგონოს, ჩამოგახრჩობენ! - გააფრთხილა თვალებდაკაჟულმა.
საბრძოლო, ზანზალაკებიანი დროშა დიდი პატივით გამოასვენეს სალოცავიდან.
მეთაურებმა დაიმუხლისთავეს, ფიცი წარმოთქვეს და სათითაოდ ეამბორნენ ოქროს ძაფით მოსირმულ ფერდ ნაჭერს.
ცოტა ხნის შემდეგ ბუკსა სცეს, მეთაურები ცხენებზე ამხედრდნენ, დაიძრა ლაშქარი ცხენთა ჭიხვინით, ორთვალათა ხრიგინით.
ორი დღე და ღამე იარეს შეუსვენებლივ. მესამე ღამეს ტყეში დაბანაკდნენ, შეისვენეს და გამთენიისას კალიებივით შეესივნენ რომელიღაც ქალაქს. ატყდა ხოცვა-ჟლეტა. ნახმლევ-ნამუსრევი ხალხი გზადაგზა სცვიოდა, სისხლის გუბეებმა დატბორეს ქუჩები.
დამხვდურებმა ხერხი იხმარეს, ხევში მოიმწყვდიეს დამპყრობლები, დაგვნებდითო, გამოუცხადეს. ხსნა აღარ იყო, სურსათ-სანოვაგეც შემოელიათ, საგონებელში ჩავარდა ხალხი. ვინც გაიბრძოლა, ნაჭერ-ნაჭერ აკუწეს და ძელებზე გაჰკიდეს თვალსაჩინოდ.
შიმშილმა დააოსა ხალხი. დავნებდეთო, სურვილი გამოთქვა ერთმა. მეთაურმა უმალ გამოარჩია ამის მთქმელი, ენა ამოაგლეჯინა, საკუთარ ნაოხრალში ჩასვა ხელებგაბორკილი.
ცოფმორეულმა მებრძოლებმა ღამით თავი მოჰკვეთეს მეთაურს, ფეშქაშად მოგვირთმევიაო, მოწინააღმდეგეთა ბანაკში გაატანეს მოენეს.
ქარქაშიდან ხმალამოუღებლად ჩაბარდა ბექირიც. მაღალქონგურებიან ციხისკენ წაასხეს ტყვეები, საქონლის ჯოგივით ეზოში შერეკეს, რკინის კარები ხმაურით გამოკეტეს და მიწყნარდა ყველაფერი.
ორი წელი ერთმანეთს და ცას შესცქეროდნენ ტყვეები, წყალი ხმელი პური ეძლეოდათ დასანაყრებლად, არავინ იყო მათი ამბის გამკითხავი.
ერთ ღამით საზარლად დაიგვირგვინა და მიწა იძრა. ცამდე აღმართული ციხის კედლები დაიბზარნენ, მიწისკენ ჩამოიქცნენ და ტყვეთა უმრავლესობა თან მოიყოლიეს. რამდენიმე კაცთან ერთად თავქუდმოგლეჯილი გარბოდა ბექირიც. გზებზე დამდგარ წუმპეებსა და ურჩხულივით პირდაფჩენილ ნაპრალებს კალიებივით ახტებოდნენ  თავისუფლებას მოწყურებული ადამიანები. საით გარბოდნენ, თვითონაც არ იცოდნენ, მთავარი იყო გადარჩენილიყვნნ, ტანჯვა-წამების საშინელ გოლგოთას ასცდენოდნენ, ცოცხლად დამარხვას გადარჩენოდნენ.
ყოველდღიურმა დამცირებამ და დაუმსახურებელმა სასჯელმა კი არ დააძაბუნა, უფრო მეტი ძალით ჩააბღაუჭა მოთმინების უსასრულო თოკს ტყვეები. სხვისი კანონის და მათრახის სიმხურვალემ, საოცრად დაამეგობრა ყველა რჯულის ადამიანი და ერთ შეკრულ მუშტად აქცია.
ახლა, როცა თავისულება იგრძნეს, უკვე ყველას საკუთარი სურვილი გაუჩნდა. პირველი საზრუნავი მაინც ის იყო, ტყვეთა ხალათები მიემალათ სადმე და სამაგიერო ეშოვნათ.
- ტყეში, გზის პირას ჩავსაფრდეთ, ხალხი გავძარცვოთ! - თქვა ერთმა.
- კი არ გავძარცვოთ, მოწყალება ვთხოვოთ, - შეუსწორა ბექირმა.
- ნებით ვინ რას მოგვცემს, გვეყო პანღური და შიმშილი, - აყაყანდნენ დანარჩენებიც.
უხმოდ გამოეყო მათ ბექირი, ტყე-ტყე იარა კარგა ხანს.
- აქაურს არ გავხარ, ვის ეძებ, საითკენ მიიჩქარი? - ჰკითხა წყაროსთან ქვაზე ჩამოსვენებულს მხარზე კოკაშედგმულმა ქალმა.
ეუცხოვა ბექირს ქალის სითამამე. ქალაქისკენ მიმავალს გზა ამებნაო, - იცრუა.
- ათი წლის წინ მომიყვანა მაგ გზამ სოფელში, მას შემდეგ სულ თვალცრემლიანი გავცქერი, - სათქმელს გულიც თან ამოაყოლა ქალმა.
- ელი ვინმეს? - ისე, სხვათა შორის, ჰკითხა ბექირმა.
- საომრად წაიყვანეს ჩემი ქმარი, სხვებირა ხანია დაბრუნდნენ, მისი ასავალ-დასავალი კი არავინ იცის.
- სულ მარტო დარჩი? - შეებრალა ქალი ბექირს.
- ერთი ბიჭიღა დამრჩა ქმრის მოსაგონრად. სხვა არაფერი, ცრემლის გარდა. ცრემლიც ორნაირი ყოილა, ტკივილის ცრემლი თვალებიდან აღარ გადმოდის, შიგნით ჩამდის, გულს ეწვეთება.
- მეომრის ცოლებს ორი უბედურება სჭირთ, ან სულ ტირიან, ან სულ უხარიათ, - კარგად შეათვალიერა ქალის მსუყე ტან-ფეხი ბექირმა.
- ამ სოფელში ყველას დად მივაჩნივარ, საოცნებოც აღარაფერი დამრჩა. ქალმა კოკა ჩამოდგა, დააპირქვავა და ისევ შეუშვირა წყალს.
- ბიჭი სად გყავს?!
- საქონელს აძოვებს. ძაღლიც თან ახლავს ერთგულ ძმასავით. ისეთია, ჩემს გვერდით რომ დაგინახოს, ყველაფერს შემოგაფლეთს.
გაეცინა ბექირს.
- უნდა გადავაშენო ეგ ქოფაკი, ვიცი, ჩემი ქმარი აღარ დაბრუნდება, - თქვა სიდონიამ, ხელები წყალს შეუშვირა, სავსე მკერდი ამოეზნიქა გამომწვევად ჩახსნილი კაბის გულისპირიდან.
- ბიჭი არ დაგანებებს ქოფაკის ათვალწუნებას.
- იმას რა ენაღვლება, უკვე ყელყელაობს, მე კიდე...
- იმ ვარდის მოწყვეტას ყველა ერიდება, ქოფაკი რომ იცავს და დარაჯობს. - ჩაახველა ბექირმა.
- ვარდის დაჭკნობამდე ჯერ კიდევ დიდი დრო დარჩა, - მომხიბვლელად გაუღიმა ქალმა, დოინჯი გაიკეთა, - მესტუმრეო, თხოვა.
- მერედა ქოფაკი?! - უხერხულად შეიშმუშნა ბექირი.
- ვარდის ეკლების ქოფაკსაც ეშინია.
*
ეს ძვირფასი ხმალი აქ საიდან გაჩნდა? - იკითხა განცვიფრებულმა ბექირმა და კედლიდან ოქროსვარაყიანი ხმალი ჩამოხსნა.
- სარდალმა უსახსოვრა ჩემს მეუღლეს.
- ნოშრევანს რომ თავი დავანებოთ, ხმალი და ქოფაკიც კმარა იმისათვის, რომ თავს ვუშველო, - გადაიხარხარა ბექირმა და ხმალი ხელში შეათამაშა.
სიდონიამ იარაღი ჩამოართვა, მკლავში ხელი გაუყარა და საძინებელ ოთახში შეიპატიჟა.
- რა მალე ღამდება, -  ჩაიბურდღუნა ბექირმა, როცა ხვევნა-ალერსს მორჩა და გულდამშვიდებული საწოლზე წამოჯდა.
- საწოლში დრო სწრაფად გარბის, რომ მეწვალებინე, ამას მაშინ უფრო დაიჯერებდი. თუ გსურს, ადრე რომ თენდება, მაგასაც დაგიმტკიცებ, დარჩი ჩემთან, - თვალები უბრწყინავდა სიდონიას.
ბექირს არაფერი უპასუხნია, წამოდგა, შარვალი ჩაიცვა და ფანჯარასთან მივიდა.
ბიჭი მოაბიჯებდა შარაზე, კაცის სიმაღლე, ბეწვებაჯაგრული ქოფაკი წინ მოუძღოდა.
- მოდიან! - ხმამაღლა თქვა და რატომღაც ინსტინქტურად ნაბიჯით უკან დაიხია.
- ბიჭი სხვენზე დაიძინებს, ძაღლს ჭიშკართან დავაბამ, - დაამშვიდა ქალმა, საწოლიდან წამოხტა, კაბა გადაიცვა და ბექირს გვერდით ამოუდგა.
თითქოს ყნოსვით იგრძნოო უცხო კაცის გეში, ქოფაკი ადგილიდან მოსწყდა და სახლისკენ გამოექანა.
- კარები დააურდულე! - შეჰყვირა ნირწამხდარმა სიდონიამ.
ფანჯარას მოასკდა ძაღლი, მინა შემოამსხვრია და ურდულისკენ წახრილ ბექირს ეცა.
ბექირმა ხელები სახეზე აიფარა და იატაკზე დაემხო.
მძაფრი ტკივილი იგრძნო ბეჭზე, ძაღლი კბილებით ეძგერა და სისხლმა შეღება მთლიანად.
სიდონია ხმალს მიწვდა, ღონივრად დაიქნია და თავგაპობილი ქოფაკი უსულოდ დაეცა ძირს.
- ვინ არის ეს კაცი?! - იკითხა სირბილით გულამომჯდარმა ბიჭმა. ძაღლთან ჩაცუცქდა და იატაკზე მიგდებულ გასისხლულ ხმალს ჩაებღაუჭა.
- მამაშენია, ვერ იცანი? - იცრუა სიდონიამ.
ბიჭმა ცრემლიანი თვალები ამოიმშრალა, ბეჭდასისხლული ბექირი ყურადღებით აათვალ-ჩაათვალიერა და გარეთ გავიდა.
*
მთელი თვის მკურნალობამ შედეგი გამოიღო, ბალახებით შემზადებულმა მალამომ თანდათან ამოურწყო ნაკბილარებიდან ჩირქი ბექირს. ჭრილობამ პირი შეიკრა, გამთლიანდა, მარჯვენა ხელს ძველებურად ვეღარ ხმარობდა, მაგრამ თანდათან აგიშვებსო, აიმედებდნენ.
ბიჭს არ სიამოვნებდა დედის გადაჭარბებული ყურადღება უცხო კაცისადმი. მეზობლის ქალმა გესლივით ჩააწვეთა, ეგ კაცი მამაშენს არაფრით არ ჰგავს, გატყუებენო.
გაორჭოფებული და განერვიულებული საქონელს მარტოხელა მიდენიდა საბალახოდ. ერთგული მეგობარი მოუკლეს, გრძნობდა, დედის სითბოც აკლდებოდა თანდათან. ეს კაცი თუ მართლა მამაა ჩემი, დღისით ხალხს რატომ არ ენახვებაო, ჰკითხაერთ დილით სიდონიას.
მეომარს არ შეშვენის მოკუნტული სიარული, ბეჭდატორილი მეომარი, ბრბოს არ ეჩვენება, - აუხსნა დედამ.
იმედი თბილად ჩაეღვარა ნოშრევანს. ახლა ერთიღა აეჭვებდა მხოლოდ, პატრონი ძაღლმა როგორ ვერ იცნოო.
უნდობლობამ კიდევ უფრო მაშინ იმატა, თავლაში მიყრილ იმ კაცის ძონძებს რომ თვალი მოჰკრა. ცოტა არ იყოს, გულიც დაწყდა, იქნებ მართლა მამაჩემია, აქამდე ტყვედ ჰყავდათ, ლაჩრულად გამოიპარა, თავს უშველაო. დედას მაინც არაფერი აგრძნობინა, მინდობილ საქმეს ერთგულად ასრულებდა. ბექირთან პირისპირ შეყრას მაინც გაურბოდა.
- ქმარი დამეღუპა, ერთგულ მცველს თავი გავუჩეხე, შენც რომ მიმატოვო, ბიჭსაც ვკარგავ, ნუ წახვალ, ნუ გამაუბედურებ, - სიდონია თვალცრემლიანი ევედრებოდა ბექირს.
ბექირი წრიალებდა, ერთი სული ჰქონდა, აქაურობას როდის გაცლებოდა.
- თუ მიმატოვებ, ნოშრევანს დავარწმუნებ, რომ შემაცდინე, გესმის?!
- შეგაცდინე? ხა, ხა, ხა, - ხარხარებდა ბექირი.
- აგერ, ჩემი ქმრის ტანსაცმელიც, შეიმოსე ღირსეულად. სკივრიდან მოსირმული ჩოხა-ახალუხი ამოალაგა ქალმა.
- სხვის ჭერქვეშ შეხიზნულს, სხვისი ცოლის დამგრილებელს, ახლა ისღა დამრჩენია მიცვალებულს გავხადო და მე შევიმოსო, მამის ტანსაცმელი მაინც შეუნახე ბიჭს ნამუსიანად, - კოპები შეიკრა ბექირმა.
სიდონია აფლიკვინდა, მერე ბეჭებზე ღაზლი მოიგდო, კარები გულმოსულად გაიჯახუნა და სადღაც გაუჩინარდა.
ბექირი ქურდული თვალისცეცებითა და ჩქარი, ფრთხილი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას. ორღობეს წელში გადრეკილი ჩაჰყვა და ბროწეულების ტევრს თავი შეაფარა.
არავის მიტოვება ისე არ გასჭირვებია, როგორც ამ ქალის. სიდონიას სევდიანი მზერა წარუშლელად ჩარჩა მეხსიერებაში. სიდონია არ ჰგავდა ვნებით საღერღელაშლილ იმ მანდილოსნებს, ბედმა გზადაგზა რომ შეახვედრა და არგუნა.
სიდონიას მხურვალე სხეულს ისე სჭირდებოდა მამაკაცი, როგორც მწყურვალს - წყალი, მშიერს - პური და მომაკვდავს - ჰაერი... საქმე ის იყო, რომ ბექირს მაინც სულ სხვა წყლის წვეთი და პურის ნამცეცი ერჩივნა მთელ მის საგანძურსა და ქალურ ავლა-დიდებას.
ნაიას თვალების შუქი მისკენ მიითრევდა ყოვლ წამს. მისი თუნდაც წამიერი ხილვა უფრო მეტს ნიშნავდა ბექირისათვის, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი სიკეთე ამაქვეყნისა.
ვერც ერთმა მოულოდნელმა გრიგალმა და ქარმა ვერ ჩააქრო ბავშვობის ჟამს ანთებული ის პატარა სიყვარულის სანთელი, ყიამეთშიც რომ გზას უნათებდა და სადღაც შორს, შეუცნობელ უსასრულობისაკენ მიაქანებდა.
დიაცთა წამიერი, ჟრუანტელის მომგვრელი გაელვება, შეხებისთანავე კარგავდა ძალას და არარაობად იქცეოდა, სრა-სასახლენი თუ ღარიბული ქოხები თავს რომ აფარებდა, უჭერო ეჩვენებოდა, თითქოს ყველაფერს რაღაც აკლდა. ის რაღაც კი ნაია იყო, მეხსიერების ბინდისფერ ხვეულებში ამოზრდილი ცისფერი ყვავილი. მზის სხივივით სჭირდებოდა ახლა ამ ყვავილს ბექირის თვალების სითბო, ხოლო ბექირს - ამ ყვავილის სურნელი - მოსასულიერებლად და გაფრენილი ბავშვობის გამოდარებად.
ჩაფიქრებული მიაბიჯებდა.
გუმანით გრძნობდა, ვიღაც მისდევდა უკან. ნაბიჯების ხმა თანდათან შესამჩნევი ხდებოდა და მკვეთრად ჩაესმოდა.
არ მიუხედავს.
ციცაბოზე შემდგარს ზურგს უკან გარკვევით მოესმა ყრუ ქშინვა. წამით შეწყდა ეს ქშინვა. რაღაც მძლავრად ჰკრეს ფერდში ბექირს. ცივად გაიარა უცხო სხეულმა ტანში.
სიმწრით ამოიხრიალა ბექირმა და ჩაიკეცა.
თავქვე დაქანდა ის ვიღაც უხილავი.
ბექირმა დაბინდებული მზერა დაადევნა გაქცეულს.
მოეჩვენა, საკუთარი ლანდი გაურბოდა.
- ბექირ, ჰაუ, ბექირ! - გასძახა სივრცეს და აცახცახებული, იდაყვებს დაეყრდნო. საშინელი სიმხურვალე დაეუფლა მთელ სხეულს. სისხლის ხალიჩაზე გაშოტილმა, თავი წამოსწია და ისევ მოუნდა თვალების გახელა.
თოვლიან მწვერვალს მოჰკრა თვალი. მისკენ მიმავალი ნაიაც დაინახა. სიცივით გათოშილს, მხრებზე თეთრი მერცხლები ასხდნენ. ხელი გაიშვირა მისკენ, ძალა მოიკრიბა და ბალახზე გაცოცდა.
სულ რაღაც ორიოდე წუთი და ოცნების ქალაქიც იწყებოდა.


скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge