გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

დათო გაგოშიძე - არისტოტელეს შეხედულებები ხელოვნებაზე


არისტოტელეს შეხედულებები ხელოვნებაზე


არისტოტელეს ესთეტიკური შეხედულებები რომ განვიხილოთ, მოგვიწევს ორიოდ სიტყვით შევეხოთ მის ფილოსოფიურ და მეტაფიზიკურ შეხედულებებს. პლატონისთვის რეალობა გარე სამყაროს მიღმა იდეალურ სამყაროშია. პლატონი იდუმალებას საიდუმლოდ გარე სამყაროს მიღმა ყოფირებას თვლის და რეალობისადმი გულგრილია. საგნები ნამდვილი რეალობის აჩრდილები - ლანდები ჰგონია, რომელთაც არ აქვს სიმყარე. ამის საპირისპიროდ, არისტოტელე შემოიფარგლება მატერიალური სამყაროთი და მის მიღმა არავითარი იდეათა სამყარო არ ეგულება. იდუმალება არისტოტელესთვის სამყაროს მიღმა კი არ არის, არამედ თავად სამყაროში, საგანში. საგანია თავად იდუმალი და მოითხოვს შემეცნებას. არისტოტელე შემოიფარგლება მატერიალური სამყაროთი, აზრს, შინაარსსა და მის ცოდნას შიგა საზღვრებში ხედავს.
სანამ არისტოტელეს ესთეტიკურ შეხედულებებზე გადავლთ, ვილაპარაკებთ მეთოდზე, რომელსაც არისტოტელე საგნის შემეცნებისას გამოიყენებს. მეთოდი, რომელსაც ბერძენი ფილოსოფოსი შემეცნებისას გამოიყენებს არის მთელის დანაწევრების, დაშლის მეთოდი. ფიქრობს თუ მთელს ნაწილებად დაშლის და ნაწილებს ცალ-ცალკე განსაზღვრავს, ამით მთელსაც განსაზღვრავს. მაგალითად, მის ნაშრომში ,,პოეტიკაში“ იკვლევს ტრაგედიის ბუნებას. ტრაგედიას შლის ცალ-ცალკე ნაწილებად და ამ ნაწილებს განსაზღვრავს. არისტოტელე ფიქრობს, რომ ცალკე ნაწილების განსაზღვრებით განსაზღვრავს მთლიანად ტრაგედიას. რამდენად შესაძლებელია ნაწილების შემეცნებით მთელი შევიმეცნოთ? შემეცნების მსგავსი მეთოდით მთელი ხომ არ გვისხლტება და უფრო ხომ არ ვშორდებით? შემეცნების მსგავსი მეთოდით ჩვენ აღვიქვამთ ნაწილებს და არა მთელს. მთელი რაღაც სხვაა, ვიდრე ნაწილები, მეთოდი, რომელიც მთელს ნაწილებად შლის, უფრო და უფრო შორდება მთელს. ეს იგივეა, მცენარის აღქმისას შლიდე ტოტებად, ფოთლებად და ამგვარი აღქმით მიდიხარ ცალკე ტოტებისა და ფოთლების აღქმამდე. აღქმაში ვერსადიდებით ვერ ახერხებდე ცალკეული ნაწილების შეერთებას, რომ მთლიანი მცენარის ხატს სწვდე და აღიქვა. ჩვენ გავაკრიტიკეთ მეთოდი, რომელსაც საგანი ამ დაშლა-დანაწევრებაში ხელიდან უსხლტება.
ბერძენი ფიოსოფოსის ხელოვნებაზე შეხედულების განხილვისას ჯერ ზოგადად განვიხილავთ მის ესთეტიკურ შეხედულებებს და შემდგომ განვიხილავთ თეორიებს ტრაგედიაზე, რაც თავის ნაშრომში ,,პოეტიკაში“ აქვს გამოთქმული. მანამდე განვიხილოთ კათარზისის თეორია, რასაც არისტოტელეს მთავარ ესთეტიკურ თეორიად თვლიან. მაგრამ ამ თეორიას არისტოტელეს ნაშრომში ვერსად ვერ ვხედავთ ბოლომდე მიყვანილს და დასრულებულს. მთელ თავის ნაშრომში ერთადერთ ადგილას აქვს სიტყვა ,,კათარზისი“ ნახსენები, ისიც ძალზე გაკვრით, ორიოდ სიტყვით. ჩვენ ისე გვიხატავენ, თითქოს დასრულებული თეორია მოეცა არისტოტელეს ,,კათარზისზე“. ფილოსოფიის პროფესორები ათეულობით გვერდიან გამოკვლევებს წერენ. ამ ცნებაზე გაუთავებელი ლაპრაკით შეძლეს დაემკვიდრებინათ ფილოსოფიის ისტორიაში ეს ტერმინი... ახლა იმდენად დამკვიდრებულია და ფესვგადგმული, ყველას საყოველთაო უეჭველობად მიაჩნია. ვერავის დავაეჭვებთ მის არსებობაში. ასეა, როცა ჩვენ გამუდმებით გველაპარაკებიან ერთი და იგივეზე, საბოლოოდ, გვაკერებენ და გვარწმუნებენ მის არსებობაში. დამკვიდრებული ცრურწმენა, - თითქოს არისტოტელემ ,,კათარზისის“ თეორია მოგვცა იმდენად ღრმა და ხშირი განმეორების გამო. ადამიანთა ცნობიერებაში ძნელია მათი გადარწმუნება. ისიც კი ვერ გაურკვევიათ, რა სახის განწმენდას გულისხმობს ფილოსოფოსი სიტყვა ,,კათარზისში“, სამედიცინოს, მორალურს თუ ესთეტიკურს. სხვადასხვა მხარეს თავისი მხრდამჭერები ჰყავს. ედავებიან ერთმანეთს და ამართლებენ თავის პოზიციას.
განმანათლებლები მნიშვნელობას ანიჭებდნენ ,,კათარზისის“ მორალურ მნიშვნელობას. ,,კათარზისი“ მათთვის ნიშნავს მორალურ-ზნეობრივ განწმენდას. ტრაგედია ზემოქმედებს მსმენელზე, წმენდს მას მორალურად და ზნეობრივად. როგორ, რა გზით ახერხებს ტრაგედია მსმენელის განწმენდას? როგორც ფრანგი დრამატურგი კორნელი ამბობდა, ტრაგედიამ გრძნობა უნდა აღუძრას მსმენელს და ეს განცდილი გრძნობა აღარ მისცემს საშუალებას მსგავსი საქციელის ჩადენისა. მაგალითად, თუ ტრაგედიაში ნაჩვენები იქნება ბოროტი კაცი, რომელიც უსამართლოდ ექცევა სხვებს და ჩაგრავს, თუ დრამატურგი შეძლებს უსამართლო კაცის ხასიათის ყველა შტრიხი გვაჩვენოს და მძაფრად გადაუშალოს ჩვენს წარმოსახვას და აღგვიძრას ზიზღის განცდა, გაჩენილი ზიზღის განცდა მსგავსი საქციელის მიმართ, ჩვენ აღარ მოგვცემს უფლებას უსამართლოდ მოქცევისა. აი, ამას გულისხმობენ კათარზისის მორალურ გაგებაში და ზნეობრივ განწმენდაში. მაგრამ აქ კორნელს და სხვა თეორიტიკოსებს ვინც ,,კათარზისის“ ამგვარის თეორიის მომხრეა, მიუთითებენ, რომ დრამატურგმა არა ყოველგვარი გრძნობა უნდა აღუძრას მსმენელს, არამედ მხოლოდ შიშისა და სიბრალულის მხოლოდ, ამ ორი გრძნობის საშუალებით უნდა მოხდეს მსმენელის ,,კათარზისით“ განწმენდა. მაგალითად, თუ დრამატურგი აღგვიწერს ისეთ ვითარებას, სადაც პერსონაჟს უბედურება ატყდება თავს და შეძლებს განგვაცდევინოს შიში, განცდილი შიში აღარ მოგვცემს საშუალებას მსგავსი საქციელის ჩადენისა, რადგან მოგვიცავს შიში, რომ ჩვენც იგივე უბედურება დაგვატყდება თავს, რაც ტრაგედიის გმირს დაატყდა.
ჩვენ ვილაპარაკებთ ,,კათარზისის“ მორალურ გაგებაზე, მაგრამ თავად არ ვიცით რა შინაარსს დებდა ფილოსოსფოსი ამის შესახებ, არსად არ აქვს ნათქვამი. ადამიანი კულტურაში ცარიელ ადგილს ვერ ეგუება, ამ სიცარიელეს თავად ავსებს და მიჰყავს ბოლომდე. სიცარიელეს დასრულებულ-დამთავრებულ სახეს აძლევს. თავის შეხედულებას ძველი მოაზროვნის შეხედულებად ასაღებს. რადგან დასრულებულის მიმათ უჩნდება უკმრისობის, დაუკმაყოფილებლობის განცდა.
განსხვავებულია ბაძვის ცნება არისტოტელთან პლატონისაგან განსხვავებით. პლატონთან ხელოვნება ვერ სწვდება სინამდვილეს, ნამდვილ საგნებს. არისტოტელესთან ხელოვნება ბაძავს ნამდვილ საგანს და გამოხატავს რეალობას. თუ პლატონთან ხელოვნება გამოხატავს ყოფიერების დაბალ შრეებს და მაღალ შრეს, თავად არსს ვერ წვდება, ხელოვნებისთვის ყოფიერება, რეალობა დაფარულია და მიუწვდომელი, მისი მოსწავლე გვიჩვენებს, რომ ხელოვნება თავად რეალური საგნების მიბაძვით არის დაკავებული და არ არსებობს რაიმე მაღალი არსი ხელოვნების მიღმა. დაკნინებულ, დამცირებულ ხელოვნებას არისტოტელე უბრუნებს ღირებულებას და მასთან იცვლება ხელოვნების აღქმა. როგორც ვთქვით, ჩვენი გამოკვლევის მთავარ აზრს წარმოადგენს ჩვენება, თუ როგორ იცვლებოდა პლატონიდან მოყოლებული სხვადასხვა ფილოსოფოსთან ხელოვნების აღქმა. ამასთანავე, გამოკვლევის მიზანია, ვაჩვენოთ ცალკეული ფილოსოფოსების წარმოდგენები-შეხდულებები ხელოვნებაზე.
არისტოტელე ლაპარაკობს ხელოვნების წარმოშობის მიზეზებზე. პირველ მიზეზად, რის გამოც ბაძავს ადამიანი, არისტოტელე ფიქრობს, რომ ეს სიამოვნებაა, რასაც განიცდის მიბაძვის შედეგად. ადამიანი წარმოისახავს მისაბაძ საგანს, მის ცალკეულ ნაწილებს, შემდეგ შეუდგება შექმნას. დაიწყებს ნაწილებიდან თანდათან მათ განვითარებას, ასე თანდათანობით მივა მთელამდე. ის სიამოვნება, რაც გამოწვეულია დასრულებული მთელის ასახვით და მისაბაძ საგანთა მსგავსებით, ეს უნდა იყოს მიზეზი ხელოვნების წარმოშობის. მეორე მიზეზად მოჰყავს სწავლისგან მიღებული სიამოვნება. გახრწნილი სხეული, რომელიც რეალურად შეიძლება ვნახოთ და უსიამოვნო განცდას აღძრავს ჩვენში, იგივე სხეულის ნახატზე გამოსახვით აღქმას შეიძლება სიამოვნება აღეძრა. აქედან გამოჰყავს ზოგადი აზრი - შემეცნება სასაიმოვნოა. მაგრამ ყველა სახის შემეცნება არ არის სასიამოვნო. ბევრ საგანზე ფიქრმა ან ნახვამ მტანჯველი გრძნობა შეიძლება აღუძრას ადამიანს. ბევრი ტანჯვა-ტკივილი სწორედ შემეცნებისგან არის გამოწვეული. ველური ბრმაა ბევრი საგნის აღქმის და დანახვის მიუხედავად. სწორედ ეს სიბრმავეა მიზეზი მისი შეხმატკბილებული ყოფნისა სამყაროსთან. ფრანგ სოციოლოგს დიურკემს უამრავი მაგალითი მოჰყავს, შემცენებამ რაოდენ დაუცველი გახადა ცივილიზებული ადამიანი ტანჯვისგან. ამ აზრს, რომ შემეცნება სიამოვნებაა და ამ წარმოქმნილმა გრძნობამ ადამიანი აამოძრაოს ხელოვნების შექმნისკენ, არ შუეძლია თავისი თავის დასაბუთება და გამართლება.
არსებობს სხვადასხვა ხელოვნების დარგები. ყველა ეს დარგები რეალობას და სამყაროს ბაძავს. მაშინ თუ ყველა ხელოვნების დარგი ერთი და იგივე რეალობას ბაძავს, რაღა განსხვავებაა ამ დარგებს შორის? ან როგორ უნდა იქნას საზღვარი გავლებული მათ შორის? არისტოტელე ფიქრობს, რომ შეიძლება განსხვავდებოდეს. მისაბაძი საგნით ერთმა დარგმა რეალობის ერთი საგანი შეიძლება ასახოს, მეორე დარგმა რეალობის სხვა საგანი, განმასხვავებელი მათ შორის არის საშუალება, რითიც ბაძავენ სინამდვილეს. ხელოვნების სხვადასხვა დარგი სხვადასხვა საშუალებით ბაძავს სინამდვილეს. ხელოვნების დარგი შეიძლება რეალობას ბაძავს ერთი ან რამდენიმე საშუალებით. მაგალითად, მხატვრობა ბაძავს ფერებით. ხელოვნების დარგის განმასხვავებელი ყოფილა მისაბაძი საგანი და მისაბაძი საშუალებები. ყველა ხელოვნება ერთი და იმავე საგანს რომ ასახავდეს და ერთი და იგივე საშუალებით რომ ჰბაძავდეს, მაშინ ყოველგვარი საზღვარი წაიშლებოდა ხელოვნების დარგებს შორის და გვექნებოდა ერთი ხელოვნება.
ვილაპარაკოთ როგორია თავად ფილოსოფოსის აზრი პოეტზე და ხელოვანზე. არისტოტელე ამბობს, ხელოვანმა ძლიერი გრძნობები უნდა აღუძრას ადამიანებსო. ამიტომ თავადაც მგძნობიარე სუბიექტი უნდა იყოსო და ამ გრძნობებს თავად განიცდიდესო. ხელოვანი მთლიანად რაღაც აღფრთოვანებული, ავსებულია, რაღაცას მოუცავს მთლიანად მისი არსება. რადგან ის სავსეა ამ გრძნობით, მსმენელის წარმოსახვას მძაფრად ღრმად აღუწერს და დააჯერებს მის სინამდვილეში. მისი აღწერა მდიდარი, სავსე და ნამდვილი იქნება. ამიტომ არისტოტელე ფიქრობს, მგრძნობიარობა თანდაყოლილი, ბუნებრივი ნიჭია, ხელოვანს აქვს განსაკუთრებული თანდაყოლილი ნიჭი და ნებისმიერ ადამიანს არ შეუძლია ამ დარგში მოღვაწეობა. თუ ხელოვანს არ ექნებოდა თანდაყოლილი, ბუნებრივი მგრძნობიარობა, მაშინ მის აღწერილ მოვლენას დაეტყობოდა სიმშრალე, სიცივე, ბევრი დეტალი დააკლდებოდა და მსმენელზე გავლენას ვერ მოახდენდა.
ხელოვანი, სანამ ნაწარმოების შექმნას დაიწყებდეს, უნდა შექმნას ზოგადი სქემა-გეგმა. უნდა აჩვენოს ცალკეული ნაწილები თუ როგორი თანმიმდევრობით არიან დალაგებული და როგორ აუცილებელი კავშირით გამომდინარეობენ ერთმანეთისგან. შემდეგ გეგმის ცალკეული ნაწილები უნდა გააღრმავოს, განავითაროს, დახვეწოს. თუ ხელოვანი ყოველგვარი წინასწარი გეგმის შედგენის გარეშე დაიწყებდა ნაწარმოების შექმნას, ეს დაემსგავსებოდა ბნელში ხელის ცეცებით სიარულს. ბევრი შემთხვევითი ამბები მოიყრიდა თავს, რომელთაც არაფერი კავშირი ექნებოდათ ერთმანეთთან, გვექნებოდა დაუკავშირებელ ცაკეულ მოვლენათა და ფრაგმენტთა გროვა.
არისტოტელეს ზოგადი ესთეტიკური შეხედულებების განხილვის შემდეგ გადავიდეთ ტრაგედიის მისეულ თეორიაზე, რაც თავის ნაწარმოებში ,,პოეტიკაში“ აქვს განხილული. ჩვენ შევეხებით ტრაგედიის თეორიის ძირითად ნაწილებს. ყველა ნაწილსა და წვრილმანს არ განვიხილავთ, რისი განხილვაც ჩვენს ნაშრომს გადატვირთავდა და მთავარი აზრიდან გადაგვახვევინებდა.
ტრაგედიის ბუნება რომ უკეთ განვსაზღვროს, ტრაგედია დაპირისპირებული აქვს კომედიასთან, კომედიაში გამოყვანილები არიან სასაცილო ადამიანები, რომლებიც შეზღუდული გონების გამო შეუფერებლად იქცევიან, მსმენელში სიცილს იწვევენ. მათი შეუფერებელი საქციელი უწყინარია და არავისთვის მოაქვს ზიანი, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრაზს აღგვიძრავდა. ამის საპირისპიროდ, ტრაგედიაში გამოყვანილია დიდსულოვანი და გამორჩეული თვისებების პერსონაჟები და ამბავიც ამაღლებულ მოვლენებზე გვიყვება, რაც ამ დიდი ბუნების ადამიანებს გადახდათ თავს. ასევე, ტრაგედია შედარებული აქვს ეპოსთან, თუ რა ძირითადი განსხვავებაა მათ შორის.  შეიძლება ორივე მსგავს ამბებზე მოგვითხრობდნენ, მაგრამ მათი განმასხვავებელი არის დრო. ტრაგედიაში მოთხრობილი ამბავი შეიძლება მცირე დროის მანძილზე ხორციელიედება, ეპოსში მოთხრობილი ამბავი უფრო დიდი დროის მანძილზე. ტრაგედიაში მოთხრობილი ამბავი შეიძლება რამდენიმე წელს მოიცავდეს, ეპოსში მოთხრობილი - მთელ საუკუნეებს.
ფილსოფოსი ლაპარაკობს კომედიის და ტრაგედიის წარმოშობაზე თუ სხვადასხვა ქალაქი როგორ დაობს და იჩემებს მათ ადგილსამყოფელს ხელოვნების ამ ჟანრების წარმოშობის ადგილად. ასევე, არისტოტელე მოგვითხრობს ტრაგედიის თანდათანობით განვითარებაზე, როგორ იზრდებოდა თანდათან ადამიანთა რიცხვი, როგორ ემატებოდა ქორო სხვადასხვა ნაწილები.
ჩვენ ამ დეტალებზე აღარ გავაგრძელებთ ლაპარაკს, გადავალთ ზოგად თეორიებზე. არისტოტელესთვის ტრაგედია მოქმედებათა ასახვაა. მოქმედებით ასახვა ხდება, მთლიანი ამბის მოთხრობა, ასევე მოქმედებაში გამოიხატება ხასიათი. ფილოსოფოსი ფიქრობს, ხასიათის გამოსახვა რთული საქმეა, გამოსახული ხასიათი არ უნდა იყოს ნაძალადევი და ხელოვნური, უნდა ტოვებდეს ბუნებრივობის შთაბეჭდილებას. მწერლას დიდი გამოცდილება უნდა ჰქონდეს, კარგად უნდა იცნობდეს ადამიენებს, ღრმად უნდა იყოს ჩახედული მათი სულის კუნჭულებში. მხოლოდ მსგავსი გამოცდილების შემდეგ შეძლებს მისი დახატული ხასიათი იყოს მდიდარი და ნამდვილის შთაბეჭდილებას ტოვებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტო წარმოსახვით და ლოგიკით დახატული ხასიათი სიყალბის განცდას აღძრავს ჩვენში. ამიტომ არისტოტელე ფიქრობს, ახალბედა მწერლის მიერ დახატული არასოდეს არის ნამდვილი.
არისტოტელესთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნაწარმობის სიდიდეს. ფიქრობს, ნაწარმოები არც მცირე უნდა იყოს და არც დიდი. მცირე ნაარმოები დაუკმაყოფილებლობის გრძნობას აღგვიძრავდა; დიდი ნაწარმოებისა - ბოლომდე აღქმას ვერ შევძლებთ, მხოლოდ ფრაგმენტებს. მთელი ჩვენი აღქმის მიღმა იქნებოდა, მხოლოდ ფრაგმენტებზე მიგვიწვდებოდა ხელი. ვინმეს რომ მოეთხრო ამბავი, რომელიც საუკუნეების მანძილზე გრძელდება და შედგება უთვალავი მოვლენისაგან, ჩვენ მხოლოდ ამ ამბის ცალკეულ ნაწილებს აღვიქვამდით, ფრაგმენტებს და მთლიანად ბუნდოვანი დარჩებოდა მთელის აღქმა. მოვუსმინოთ თავად ფილოსოფს: ,,ძალიან დიდი საგანიც ვერ იქნებოდა ასევე მშვენიერი, ვინაიდან მისი ჭვრეტა ერთბაშად ვერ განხორციელდებოდა და მჭვრეტელებს ჭვრეტის გარეშე დაურჩებოდათ ასეთი საგნის ერთობა და მთლიანობა. როგორც ეს მოხდებოდა - ცხოველს ათიათასი სტადიონის სიდიდე რომ ჰქონოდა“.
ფილოსოფოსი ამბობს, რომ ნაწარმოებებში ადამიანები გამოსახული შეიძლება იყოს ისე, როგორც არიან რეალურად ან დაკნინებულად და დამცირებულად ან ადამიანი უფრო სრულყოფილად გამოსახული, შელამაზებული. გამოსახვის რომელი ფორმა სჯობს, როცა რეალობას ვაკნინებთ ან უფრო ვაფერადებთ ან რეალობას აღვწერთ ყოველგვარი მიმატების და გამოკლების გარეშე, ისე, როგორც არის თავად? იქნებ, თუ რომელიმე გამოსახვის ფორმას მივანიჭებთ უპირატესობას, ამ ერთი მხარით ასახული საგანი ნაკლოვანი ყოფილიყო ნაჩვენები და საგნის ყველა მხარის ჩვენება საჭიროა მისი სრულად მთლიანად გამოხატვისთვის... არისტოტელე ამბობს, როგორიც იყვნენ თავად მწერლები და რა ხასიათისანი, ისეთივე ბუნების პერსონაჟებს გამოსახავდნენ მათ ნაწარმოებებში. მათი ხასიათი განაპირობებდა თუ რომელი მწერალი რომელ ჟანრს აირჩევდა კომედიას, თუ ტრაგედიას. ადამიანი ყოველთვის უპირატესობას თავისივე მსგავსს ანიჭებს და მწერალსაც თავისივე მსგავსი ხასიათი უნდა აღეწერა. თუ არისტოტელეს თეორიას დავუჯერებთ, რადგან ჰომეროსი დიდბუნებოვან და ამაღლებული ხასიათის ადამიანებს გამოხატავდა, თავადაც მათ უნდა მგვანებოდა.
ფილოსოფოსი მსჯელობს იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს ფაბულა აგებული, როგორი თანმიმდევრობა უნდა ჰქონდეს ნაწარმოებს. თუ დაბალი ზნეობის კაცი ბედნიერებაში იმყოფება და რაღაც მიზეზების გამო უბედურება დაატყდება, მსგავსი თანმიმდევრობით აგებული ნაწარმოები არ გამოგვადგება, რადგან ტრაგედიამ უნდა აღძრას შიში, სიბრალული. მსგავსი თანმიმდევრობით დაწერილი ფაბულა არ გამოგვადგება, რადგან კაცის მიმართ აღძრავს სიყვარულს. თუ მის საპირისპიროდ იქნებოდა ფაბულა, როცა უბედურებაში მყოფი კაცი ბედნიერი ხდება რაღაც მიზეზით, ესეც არ გამოიწვევდა შიშს და სიბრალულს. მაშ რა თანმიმდევრობით უნდა იყოს აგებული ფაბულა? არისტოტელე ამბობს, რომ ადამიანი გადადის ბედნიერებიდან უბედურებაში, ოღონდ არა მისი მორალური თვისებებიდან გამომდინარე, არამედ რაღაც შეცდომის გამო ატყდება უბედურება, როგორც ოიდიპოსს. ტრაგედიის გმირი სამყაროსთან დაპირისპირბულია, ყოფიერება სულაც არ სწყალობს, მას უფრო ათვალწუნებით უყურებს და, საერთოდაც, ზედმეტადაც უყურებს სამყაროში. სწორედ ასე რომ იქნას გმირის მდგომარეობა წარმოჩენილი, არისტოტელე გვეუბნება, უნდა გადავიდეთ ბედნიერებიდან უბედურებაში რაღაც შეცდომის გამო.
მოაზროვნე ფიქრობს, რომ პოეზია უფრო მაღლა დგას, ვიდრე ისტორია, რადგან ისტორია გვიჩვენებს უფრო კონკრეტულ, ინდივიდუალურ მოვლენებს და საგნებს. პოეზია უფრო ფილოსოფიურია, რადგან ზოგადს და საყოველთაოს გამოსახავს.
ზოგადს, რომელიც ვრცელდება კონკრეტულ საგნებზე. გამოდის, მაშინ ისტორია წყვდიადში ყოფილა, რადგან მხოლოდ კონკრეტულის არსებობა იცის და პოეზია კი სინათლეში, რადგან იცის იმ ზოგადის არსებობა, რაც ინდივიდვალურზე ვრცელდება. თუ პოეზიაც ზოგადს და საყოველთაოს წარმოაჩენს, ისევე, როგორც ფილოსოფია, მაშინ რაღა განსხვავებაა მათ შორის?! პოეზია მხოლოდ ხანდახან და ზოგჯერ წარმოაჩენს ზოგადს, ფილოსოფია კი ყოველთვის და მუდამ.
შევეცადეთ გვეჩვენებინა თუ როგორ შეიცვალა არისტოტელესთან ხელოვნების აღქმა, რომ ხელოვნება გამოხატავს ნამდვილ საგანს და აჩრდილს. ამის ფონზე, ვაჩვენეთ მისი ცალკეული შეხედულებები ხელოვნებაზე, რომელთა განხილვის დროსაც უფრო ნათელი ხდება, რომ მისი აღქმა აღარ ჰგავს პლატონისას.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი -  დემოკრიტეს ფილოსოფია გორვანელი - დემოკრიტეს ფილოსოფია ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / ფსიქოლოგია / მეცნიერება / გამოქვეყნებული ზურაბ ხასაია - მითოსიდან ლოგოსამდე ზურაბ ხასაია - მითოსიდან ლოგოსამდე ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული გორვანელი - სუბსტანციალობის პრობლემა დემოკრიტეს, პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიაში გორვანელი - სუბსტანციალობის პრობლემა დემოკრიტეს, პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიაში ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი - პოლიტიკური ფილოსოფიის რენესანსი ლეო შტრაუსთან გორვანელი - პოლიტიკური ფილოსოფიის რენესანსი ლეო შტრაუსთან ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი - ცვლადები გორვანელი - ცვლადები ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / მომხმარებლები
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge