გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ირაკლი ჯაფარიძე - სენტიმენტალური შეყვარება

    


    სენტიმენტალური   შეყვარება      

ქუჩის  ხმაური ოდნავ მინელდა, როდესაც  მზე  ჰორიზონტს  სადაცაა ჩაესვენებოდა.  
ლამპიონები  უკვე  აენთოთ.  მოციმციმე  ნათებები  ავტომობილთა  ხმაურს  შერთვოდა
და   ამგვარად  წარმოიქმნებოდა  ქუჩის   ერთფეროვნება  და  მისით  მოწყენილობა.    ლითონის  ჭიანჭველები  კი გაუთავებლად მიმოდიოდნენ,  ერთმანეთს  ხვდებოდნენ  და  შორდებოდნენ,  თითქოს  აგვიანდებოდათ  მოახლოებული  ზამთრისთვის საზრდოს  შეგროვება.   მაშინ  კი  ზაფხული  იდგა  და  მაინც  სევდიანი  იყო  მზის  ჩასვენების  ოქროსფერი  სურათი.

ასეთი  შეღამებები   ბევრია.   ყველა  ისინი  კი  ერთმანეთს  ძალიან  ჰგვანან.  
ურთიერთში   გადაბნეული  ქუჩები,  ლამპიონები  და  მათი  მოციმციმე  ნათება,  რუტინულად  მოძრავი  ავტომობილები  და ადამიანები,  რომლებიც  თავადვე   განსაზღვრავენ  ამ  ყოველივეს.  თითქოს  ერთი  და  იგივე  შეღამებები  მეორდებიან  და მეორდებიან,  დეკორაციათა  უმნიშვნელო  ცვლილების  ფონზე.  
მე  ქუჩას  მივუყვებოდი   იმ  არაფრით  გამორჩეულ  დღეს,  თუმცა  შესაძლოა  ის
დღე  სწორედ  იმიტომ  გამოირჩეოდა  სხვა  დღეთაგან,  რომ  არაფრით  იყო  გამორჩეული.   ძნელია  იყო   არაფრით გამორჩეული  მაშინ,  როდესაც   ყველა   გამორჩეულობას   ესწრაფვის.   ყველაფერი  იგივე  იყო,  როგორც  ადრე  და  როგორც მომავალში  იქნებოდა.   ამბობენ,  რომ  იმ  ადგილას   ოდესღაც  ზღვა  იყო,  რომ  წყლის  მშფოთვარე  ტალღები  ფარავდა ადგილს,  სადაც  მაშინ   ლითონის  ჭიანჭველები   დაზუზუნებდნენ.  აჰა,  მესმის   მრავალფეროვნებების  სურვილი,  ეს ყველაფერი  ხომ  ჩვენ  გამოვიგონეთ,  რომ ბოლო  მოგვეღო   ჩვენში  დამკვიდრებული  ერთფეროვნებისათვის.   დიახ,  იქ  ზღვა იყო  და  ერთხელაც,   ზუსტად  იმ  ადგილას,  სადაც  მე  მივდიოდი  და   ლამპიონები  ფერმკრთალად  ანათებდნენ,  ხომალდი ჩაძირულიყო,  რომელიც  შორეული  კონტინენტების   დასალაშქრად  მიიწევდა,  მისი  ნაშთები   კი მიწის  სიღრმეში განისვენებდნენ,  წარსულის  სევდიანი  არქეფაქტები,  მე  კი  მათ  ზემოთ  მივაბიჯებდი  და  მზე  ადგილს  უთმობდა  რაღაც   სხვას,  რაც  მშვენიერი  მომავლის  ჯერ  კიდევ  მოუსვლელობით  ასევდიანებდა  ადამიანებს.   ლამაზი  ამბავია  სეირნობისას თავის   გასართობად  (საიდან  ვიცი,  რომ  ეს  ყველაფერი  სიმართლე  არ  არის?!).
შემდეგ  ის   დავინახე,  ქუჩის  უსიერ  ერთფეროვნებაში.  მარტო  მიდიოდა,  
სრულიად  სხვა,   ფაქიზი  ნაბიჯებით.  თითქოს  არათუ  მიდიოდა,  არამედ  უკრავდა  რაღაც  ძალიან   სევდიანს.  მისი  ფეხები მსუბუქად  მიიწევდნენ  მიწის  კლავიშებზე,  ნელი   არპეჯიოები,  ლეგატოები  და   გაუსაძლისი  მინორები,   უსაბამობიდან მოვლენილი  მტანჯველი  არსადობები,  კვლავაც  უსაბამობაში  გაბნევის  მოლოდინით.  
მისი  თმები  კი  ჩამოშლილიყვნენ  შეღამების  იდუმალ  შეღამებად  და  არსად  ჩანდა  მშვენიერების  სხვაგვარი  სხივები,  გარდა მის  მიერ  მოვლენილისა,  და  არსად  ჩანდა  სხვაგვარი  ბილიკები,  გარდა  მის  მიერ  განსაზღვრულისა  და  სხვა  აღარაფერი იყო  არსებული,  რამდენადაც  ის   არსებობდა,  მრავალფეროვნება  - ერთფეროვნებაში.
უნდა   გამოვლაპარაკებოდი,  ეს მაშინვე  გავიფიქრე,  მაგრამ  რის  შესახებ,  
შეღამების    სევდიან  სურათზე  თუ  ირგვლივ  მოზუზუნე   ლითონის  ჭიანჭველებზე?! თუ  დრო  მეკითხა,  დრო  რომელიც 

მის  ფონზე  სრულიად  უმნიშვნელო  იყო,  ან  კიდევ  რაღაც  სხვა,  უსასრულოდ  ბანალური.  აზრთა   სამკვიდრო  მღელვარედ დაიხურა,  უსახურ  მიუწვდომლობაში  გარდასხივდა,  ვინაიდან  ვერაფერი  მოვიფიქრე.  ნაბიჯს   ავუჩქარე,  მას  მივუახლოვდი და  დადგა  წამი,   როდესაც   ერთმანეთს  გავუსწორდით.  
მან  შემომხედა   და  გამოუცნობ   სილურჯეში  ჩაძირა  ჩემი  მისით  აღელვება,  
შემდეგ   თმები   შეისწორა  და  დაელოდა,  რომ  ყველაფერი  სიჩუმეში  არ  შთანთქმულიყო,  რომ  რაიმე  მეთქვა,  თუნდაც  განწირული  ამოოხვრა,  მისი  სილამაზით  სავსე.  
მე  სწორედ  ის  ვუთხარი,  რომ   ვერაფერი  მოვიფიქრე  რაც  მისთვის  უნდა  
მეთქვა,  რომ  სწორედ  ახლა  დაიხურა  კარი,  აზრთა  სამკვიდროსი  (,,სამკვიდრო“,  ეს  სიტყვა  ალბათ  არ  უნდა გამომეყენებინა).  ბოლოს  კი   ვთქვი  ის,  რაც   მისთვის  ისედაც   ცხადი  იყო:   ,,თქვენ  მშვენიერი  ხართ!’’
-  მადლობა,  ოღონდ  თქვენობით  ნუ  მომმართავ. - ღიმილნარევად  მიპასუხა
მან.  
იმედია  საღამოს  მყუდროება  არ  დაგირღვიე.
რა   ესაქმება  მყუდროებას  აქ?! - სევდანარევი  სიცივით  წარმოთქვა  მან.
სამაგიეროდ   სევდა  გვაქვს,  როგორც  სენტიმენტალურ  რომანებში,   ასევე  
ლითონის  ჭიანჭველები,  რომლებიც  განუწყვეტლივ  ზუზუნებენ  (,,ჭიანჭველა“  შეიძლებოდა  რაიმე  სხვა  სიტყვით  შემეცვალა).
-  ლითონის   ჭიანჭველები?
-  ავტომობილებს   ვგულისხმობ,  რომლებიც  კიდევ  უფრო  მეტ  
ერთფეროვნებას  სძენენ,  ისედაც   ერთფეროვან   დღეს.
და  რომლებიც  საუბარში  ხელს   გვიშლიან.
ჩვენ,   სენტიმენტალური  მოთხრობის  პერსონაჟებს.
ალბათ  მწერალი  ხარ  ან  პოეტი.
ამას  არავითარი  მნიშვნელობა  არ  აქვს,  როცა  ჩვენ  სენტიმენტალურ
მოთხრობაში  ვიმყოფებით  და  სადაცაა  ერთმანეთი  უნდა  შეგვიყვარდეს,  შემდეგ  
კი  ბედნიერად  ვიცხოვროთ  და  ბედნიერად დავიხოცოთ.
ეგ  კი  მეტისმეტად  ხმამაღალი  განაცხადია  და  თან  სენტიმენტალური.
იმ  ფონზე,  რომ  ერთმანეთი  სულ  რამდენიმე   წუთია  გავიცანით.
რაც  შეეხება  სენტიმენტალურობას,  დასასრული  ნამდვილად  ამგვარი  იქნება,  ჩვენ  ხომ  მკითხველის  მღელვარებაც  უნდა  გამოვიწვიოთ,  მე  ხომ  წინასწარვე  გითხარი, რომ  მოთხრობა  სენტიმენტალურია.
რატომ  მაინც  და  მაინც  სენტიმენტალური - თქვა  მან  და  ცისფერი  მზერა  
ჩემკენ  აღმართა.  
იმიტომ,  რომ  ეს  ირგვლივაა  ყველაფერი  სენტიმენტალური,  ჩვენ  ხომ  
სინამდვილეც    უნდა   ვთქვათ  გარდა  იმისა,   რომ  ერთმანეთიც  უნდა  შეგვიყვარდეს.
ხომ  შეიძლებოდა  ეს  ყველაფერი  ცოტა   უფრო  მხიარული  ყოფილიყო,  რომ
იუმორისტულ  მოთხრობაში   ვყოფილიყავით  და  დრო  მხიარულად  გაგვეტარებინა.  
ხომ  შეიძლებოდა?
ცხადია,   შეიძლებოდა,  რომ  ყველაფერი  სხვაგვარად  მომხდარიყო.  
შეიძლებოდა,  რომ  ერთმანეთი  რომელიღაც  კაფეში  გაგვეცნო  ან  ზღვაზე,  სადაც  შენ
გამომწვევად  ივლიდი  და  პლაჟის  სიო  შენს   დასველებულ  თმებს  ფაქიზად  შეარხევდა,  მე  კი  შენს  მშვენებაში  ჩავიძირებოდი  პირველივე  ცქერით,  როგორც  განძის  მაძიებელი  გემი  ოკეანეში.  შეიძლებოდა  ერთად  ფინჯანი ყავა  დაგველია,  ან  ტეკილა,  ანაც  კალვადოსი,  როგორც  რემარკის  გმირებს,  მაგრამ  ამგვარად  არ  მოხდა,  მე სეირნობისას  დაგინახე,  მაშინ,  როდესაც  ყველაფერი  ერთფეროვნად  მეჩვენებოდა  (შესაძლოა  იყო  კიდეც  ერთფეროვანი),  შენ  ქუჩას  ნელი  ნაბიჯებით  მიუყვებოდი,  რაც,  სხვათაშორის,  მე  ფორტეპიანოს  ლეგატოებსა  და  არპეჯიოებს  შევადარე,  შემდეგ  ნაბიჯს  ავუჩქარე,  მოგიახლოვდი  და  გითხარი  ის,  რომ  არ  ვიცოდი რა  უნდა  მეთქვა,  რომ  მშვენიერი  იყავი,  შენ  კი  გაიღიმე  იმიტომ,  რომ  ერთმანეთი  მოგვწონებოდა  ან  იმიტომ,  რომ  ესეც  ერთფეროვანი  იყო,  როგორც  სხვა  ყველაფერი  შენს  ირგვლივ.
ცუდია,  რომ  ამგვარად  მოხდა  - თქვა მან   სევდიანი  ხმით.  
და  იყო  წამი  მწუხარებისა,  რომ  ყველაფერი  იმგვარად  მოხდა,  როგორც  
მოხდა,   რომ  ლითონის  ჭიანჭველები  ისევ  ზუზუნებდნენ  მარადიულ  ერთფეროვნებად,  რომ  მზე  უკვე  ჩასვენებულიყო  საკუთარ  კოსმოსურ  კუბოში  და  საკუთარი  ადგილი  მისი  თმებივით  შავი  და  მიუწვდომელი  სიშავისთვის  დაეთმო,  რომელიც  მეფობდა  ჩვენს  შორის,  როგორც  ტირანი  გარდასულ  საუკუნეთა.  სიჩუმის  გამმა  კი  რამდენიმე  წამს  გაგრძელდა,  შემდგომ  კი  მისი  სევდანარევი  სიმკაცრით  დაიმსხვრა.
აი,   ქუჩის  ბოლოს  მივაღწიეთ,  შენ  კი  ჩემი  სახელიც არ  გიკითხავს.  
რაღაც   გაუგებარ  სენტიმენტალურ  მოთხრობებზე  მესაუბრები,  თავი  მოთხრობის  პერსონაჟად  წარმოგიდგენია  და  მეც  ისე  სენტიმენტალურად  მეპყრობი,  როგორც  მოთხრობის  პერსონაჟს.  ცდილობ   ყველაფერი  ერთფეროვანი  იყოს.
სახელი  იმიტომ  არ  გკითხე,  რომ  ჩვენ  მოთხრობის  პერსონაჟები  ვართ  და
არავითარი  აზრი  არ  აქვს  იმას  თუ  რა  გერქმევა.  რა  მნიშვნელობა  აქვს  ვინ  იქნები,  ან  სად  იცხოვრებ,  ან  რა  ფერის  თვალები  გექნება,  ჩვენ  ხომ  მოთხრობაში  ვართ,  ჩვენ  უბრალოდ  ერთმანეთი  უნდა  შეგვიყვარდეს,  შემდეგ  კი   ტრაგიკულად  დავშორდეთ,  რომ  მოთხრობა  ცოტამ  მაინც  წაიკითხოს.  
ნამდვილად  გიჟი  ხართ! - შეჰყვირა  მან.  
არა,  გთხოვ  დამიჯერე,  ჩვენ  ახლა  სენტიმენტალურ  მოთხრობაში  
ვიმყოფებით,  რომელთაც  ხალხი  კითხულობს  და  რომელიც  მოსწონთ   ან  არ  მოსწონთ,  ჩვენ  კი  უსარგებლოდ  ვსაუბრობთ  და  ერთმანეთი  ჯერ  კიდევ  არ  შეგვყვარებია  ან  ახლა   გვიყვარდება.
თავი  დამანებეთ,  თქვენი  გზით  წადით,  თორემ   საშველად  დავიყვირებ.
თქვა  მან  და  ნაბიჯს  აუჩქარა,  ის  ჩემგან  მიდიოდა,  ისევ  ყველაფერი  გავაფუჭე.
მისმინეთ,  მე  არ  გატყუებთ,   ჩვენ  მართლაც  სენტიმენტალურ  მოთხრობაში
ვიმყოფებით  და  ერთმანეთი  უნდა  შეგვიყვარდეს,  ნუ  მიდიხართ,   გთხოვთ,  მოიცადეთ!
თავი დამანებეთ,  ნამდვილად  გიჟი  ხართ! -  გაჰყვიროდა  ის.
მომისმინეთ,  მომისმინეთ! -  მას  ხელით  ჩავებღაუჭე  და  ჩემკენ  მოვაბრუნე.
- ვწუხვარ,  რომ  ყველაფერი  ამგვარად  მოხდა.  იცი,  თუ  ხვალ  სანაპიროზე  ჩაივლი  იმავე  დროს,  გპირდები  რომ....
მან   ხელი  გაითავისუფლა  და  ისე  რომ  ჩემი  წინადადების  დასრულებას  არ
დალოდებია,  გაიქცა  სადღაც   შორს,  ის  მირბოდა  და  მძვინვარე  მელოდიად  იღვრებოდა  მისი  ნაბიჯები.  მე  კი  შევცქერდი  მის  სილუეტს,  რომელიც  იფარებოდა  ღამის  წყვდიადით  და  უჩინარდებოდა  ჰორიზონტის  მონაცისფრო  დასალიერში.  
მომდევნო  საღამოს  გადავწყვიტე  სანაპიროზე  წავსულიყავი,  როცა  ზღვის  
ხმაური  ოდნავ  მინელდებოდა  და  მზე   ჰორიზონტს  ჩაესვენებოდა.  ზღვის   ტალღები  
მონოტონურად  ეხლებოდნენ  პლაჟის   ქვიშას,  შემდეგ  კი  ისევ  შორდებოდნენ,  ლამპიონები  უკვე  აენთოთ,  რომ  მათი  წამებული  ნათელით   გადანთებულიყო  ზღვის  მარადიული  ერთფეროვნება.
მე  სანაპიროს  მივუყვებოდი,  როდესაც  ის  დავინახე  ქუჩის  უსიერ  
ერთფეროვნებაში.  ის  მარტო  მიდიოდა,  სრულიად  სხვა,   ფაქიზი  ნაბიჯებით.  თითქოს  არათუ  მიდიოდა,  არამედ  უკრავდა  რაღაც  ძალიან   სევდიანს.  მისი  ფეხები  მსუბუქად  მიიწევდნენ  მიწის  კლავიშებზე,  ნელი   არპეჯიოები,  ლეგატოები  და   გაუსაძლისი  მინორები,   უსაბამობიდან  მოვლენილი  მტანჯველი  არსადობები,  კვლავაც  უსაბამობაში  გაბნევის  მოლოდინით.  მისი  თმები  კი  ჩამოშლილიყვნენ  შეღამების  იდუმალ  შეღამებად  და  არსად  ჩანდა  მშვენიერების  სხვაგვარი  სხივები,  გარდა  მის  მიერ  მოვლენილისა  და  არსად  ჩანდა  სხვაგვარი  ბილიკები,  გარდა  მის  მიერ  განსაზღვრულისა  და  სხვა  აღარაფერი  იყო  არსებული,  რამდენადაც  ის   არსებობდა,  მრავალფეროვნება   ერთფეროვნებაში.

უნდა   გამოვლაპარაკებოდი,  ეს მაშინვე  გავიფიქრე,  მაგრამ  რის  შესახებ,  
სანაპიროს    სევდიან  სურათზე  თუ  მონოტონურ  ზღვის  ტალღებზე?!  თუ  დრო  მეკითხა,  დრო,  რომელიც  მის  ფონზე  სრულიად  უმნიშვნელო  იყო,  ან  კიდევ  რაღაც  სხვა,  უსასრულოდ  ბანალური.  აზრთა   სამკვიდრო  მღელვარედ   დაიხურა,  უსახურ  მიუწვდომლობაში  გარდასხივდა,  ვინაიდან  ვერაფერი  მოვიფიქრე.  ნაბიჯს   ავუჩქარე,  მას  მივუახლოვდი  და  დადგა  წამი, როდესაც   ერთმანეთს  გავუსწორდით.  
მან  შემომხედა   და  გამოუცნობ   სილურჯეში  ჩაძირა  ჩემი  მისით  აღელვება,  
შემდეგ თმები შეისწორა  და  დაელოდა,  რომ  ყველაფერი  სიჩუმეში  არ  შთანთქმულიყო,  რომ  რაიმე  მეთქვა,  თუნდაც  განწირული  ამოოხვრა,  მისი  სილამაზით  სავსე.  
თქვენ  მშვენიერი  ხართ!
მადლობა,  ოღონდ  თქვენობით  ნუ  მომმართავ. - ღიმილნარევად  
მიპასუხა  მან   და  ყველაფერი  თავიდან  დაიწყო. 


























скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge