გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გორვანელი - პეტრე იბერის ცხოვრება, მოღვაწეობა და მასთან დაკავშირებული სპეკულაციები

პეტრე იბერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფაქტები ბიზანტიურ წყაროებშია დაცული და კარგად არის ცნობილი მრავალი ქართველი მოაზროვნისათვის. საქართველოში, გარკვეული მიზეზების გამო, მისი სახელი მხოლოდ მეთორმეტე საუკუნეში ჩნდება.   პეტრე იბერი, ნათლობის სახელის მიხედვით - მურვანი, ქართლის მეფის - ვარაზ -ბაკურის ძე; დედის - ბაკურდუხტის მხრივ, იყო ცნობილი მეფის - ბაკურის შვილიშვილი, რომელმა ბაკურმაც, ერთი ცნობის მიხედვით, მეოთხე საუკუნის 30-ან წლებში ქრისტიანობა გამოაცხადა ოფიციალურ რელიგიად. მეისტორიეთა ცნობით, პეტრე იბერის დაბადების თარიღი უნდა ყოფილიყო 411 წელი...   პოლიტიკური ვითარების გამო, ვარაზ-ბაკური იძულებული გახდა თავისი მცირეწლოვანი შვილი გაეგზავნა მძევლად კონსტანტინოპოლში, კეისარ თეოდოსი //-ის კარზე. მურვანს თან გააყოლეს თავისი ნათლია - იოანე ლაზი.
  როგორც ბიზანტიური წყაროები მოგვითხრობს, კეისარი დიდი პატივით დახვდა უფლისწულ მურვანს. მურვანი, როგორც ისტორიკოსები გვამცნობენ, საუცხოო თვისებებით იყო დაჯილდოვებული. კეისარმა და მისმა მეუღლემ - ევდოკიამ, ის მიიღეს, როგორც საკუთარი შვილი და მის აღზრდას დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. მურვანმა სწავლის დიდი ნიჭი გამოავლინა, მან მალევე შეისწავლა ბერძნული ენა და ფილოსოფიურ-რელიგიური მოძღვრებები. ისტორიკოსების თქმით, ის იმდენად გონებამახვილი იყო, რომ ყველას უკვირდა და ამავდროულად უხაროდა მისი ეს ღვთაებრივი ნიჭიერება. ახალგაზრდა მურვანმა (ნაბარნუგიოსმა, როგორც მას სასახლეში უწოდებდნენ) მნიშნელოვან წარმატებას მიაღწია კეისრის კარზე და მეფის კავალერიის უფროსად დაინიშნა. მაგრამ მიუხედავად ბრწყინვალე მდგომარეობისა, რომელსაც ქართველმა უფლისწულმა მიაღწია, მან სასახლის კარი მალულად მიატოვა და პალექსტინაში გაემგზავრა. თუ რა მიზეზებით ხელმძღვანელობდა მურვანი, ამის თქმა გადაჭრით დღესაც არ შეიძლება... იმის მიუხედავათ, რომ მრავალი ვარაუდია გამოთქმული, ისტორიკოსები კვლავ გაურკვევლობაში რჩებიან. ალბათ მას იმდენად ხიბლავდა სულიერი ცხოვრება, რომ ასკეტური ყოფა აირჩია, განმარტოვება არჩია ყველასა და ყველაფრისაგან... მეცნიერების ჭვრეტის უნარით დაჯილდოვებულმა მურვანმა, წლების შემდეგ დიდი გავლენა მოიპოვა სირიაში, მისი ასკეტური ზრახვები კი, სრულებით არ განხორციელდა, მაგრამ მისი მოღვაწეობა ოქროს ასოებით ჩაიწერა ფილოსოფიის ისტორიში.
   სირიაში გადასახლების დროიდან (დაახლოებით 430 წელს), მურვანი ცნობილი გახდა პეტრე იბერის სახელწოდებით და ახალი პერიოდი დაიწყო მის ცხოვრებაში, მის თეორიულ და პრაქტიკულ მოღვაწეობაში. ამ დროს მიიღო მან მაიუმის ეპისკოპოსის თანამდებობა, ფართოდ გაშალა ეკლესიებისა და მონასტრების მშენებლობა და იმპერიაში დიდი მოღვაწის სახელი მოიხვეჭა.
   როგორც იოანე რაფუსი გვამცნობს, პეტრემ იერუსალიმში საგანგებოდ შეარჩია ადგილი და ააგო მონასტერი, რომელსაც დღესაც იბერთა მონასტერი ჰქვია. აგრეთვე, მისი სამშენებლო მოღვაწეობის დადასტურებაა ჩვენს დროში წარმოებული არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებიც მოწმობს პეტრეს ჩართულობას ეკლესია-მონასტრების აშენების საქმეში.
   იოანე ლაზი, რომელიც პეტრეს აღმზრდელი გახლდათ, მასთან ერთად წავიდა პალესტინაში და მთელი ცხოვრება, პეტრე იბერთან ერთად, იღვწოდა საზოგადოებისათვის.
  ამ პერიოდში სირია ხდება ფილოსოფიური ცენტრი; აქ იქმნება მრავალი ღირსშესანიშნავი თხზულება... ეს იმ აზროვნების გამოძახილი იყო, რომელსაც საფუძველი ძველ საბერძნეთში ჩაეყარა... მეხუთე-მეექვსე საუკუნეებში კი, სირიაში მკვიდრდება ანტიკურ საფუძვლებზე ჩამოყალიბებული მსოფლგანცდა, რომელიც შემდგომ გადაეცემა ბიზანტიელებს, უფრო მოგვიანებით კი - არაბებს, რომლებიც დასავლეთ ევროპის განმანათლებლებად იქცნენ. მართალია არაბებმა მრავალი სისხლისმღვრელი ბრძოლა აწარმოეს ევროპის ქვეყნებთან და მათ შორის საქართველოსთან, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო... ევროპის ქვეყნებმა ბევრი სასიკეთო რამ ისწავლეს არაბებისაგან. მათი წყალობით ითარგმნა ძველბერძენი ავტორების ნაშრომები, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა პლატონისა და არისტოტელეს თხზულებების თარგმნას.
  იმდროინდელი სირიის კულტურულ ცხოვრებასა და ფილოსოფიურ აზროვნებაში, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქალაქი - გაზა, რომლის მახლობლადაც - მაიუმში, პეტრე იბერი ეპისკოპოსის კათედრას მეთაურობდა. ეს ქალაქი ამ პერიოდში გადაიქცა ინტელექტუალური ცხოვრების უდავო ცენტრად და ელინური კულტურა იმდენად აღორძინდა, რომ ათენელები აქ ჩამოდიოდნენ პლატონის ენისა და ფილოსოფიის შესწავლის მიზნით. ამ ეპოქის გამოჩენილი მოაზროვნე - ენეა გაზელი წერდა, რომ აკადემიაცა და ლიცეუმიც შეიძლება იპოვო არა პირეის ნავთსაყუდელთან, არამედ ქალაქ გაზაშიო. ამ ქალაქში შეიძლებოდა ყველა გამოჩენილი მოაზროვნის თხზულების შეძენა.
   წყაროები ადასტურებენ, რომ სირიაში შექმნილი ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს ფიგურად პეტრე იბერი იქცა. ის გულგრილი იყო ყოველგვარი ადმინისტრაციული თანამდებობისა, მხოლოდ ჭეშმარიტი აზროვნებისაკენ მიილტვოდა და ცდილობდა საზოგადოებისთვისაც გადაედო სწორად ჭვრეტის უნარი. მართალია, მებრძოლი პარტიები ცდილობენ მისი გავლენის გამოყენებას და მას უახლოვდებიან, მაგრამ პეტრე ცდილობს თავი აარიდოს მათთან ურთიერთობას, მას მხოლოდ საზოგადო საქმე აინტერესებს და პირადი ინტერესები არ გააჩნია.
   ამ პერიოდში რამდენიმე გამორჩეული მოღვაწე ცხოვრობდა: იოანე რაფუსი, რომელიც პეტრეს მოწაფე იყო და მისის იდეების გამზიარებელი; ზაქარია რიტორი, რომელიც, რამდენიმე ცნობის მიხედვით, ვექილი უნდა ყოფილიყო. მას საინტერესო ცნობები აქვს შემონახული იმდროინდელ ყოფაზე და პეტრე იბერის როლზე სირიაში. მან დაწერა სპეციალური თხზულება - პეტრე იბერის ცხოვრებისა  და მოღვაწეობის შესახებ, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.
   პეტრე უახლოესმეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ,,სწავლებათა წიგნის“ ავტორთან - ესაია ეგვიპტელთან, რომლისგანაც, საქართველოში კარგად ცნობილი მოაზროვნე - ენეა გაზელი ღებულობდა ინსტრუქციებს პლატონის, არისტოტელესა და პლოტინის თხზულებების დამუშავების საკითხში. ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ადამიანები ერთმანეთთან მეგობრობდნენ, უზიარებდნენ ერთმანეთს აზრებს და მსჯელობდნენ უამრავ პრობლემატურ საკითხზე. სწორედ რომ, მათ მხრებზე იდგა იმდროინდელი სირიული კულტურა და აზროვნების სიღრმე სწორედ მათი მოღვაწეობით იყო განპირობებული. 
   სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პეტრე იბერის სახელით დაწერილ თხზულებებს ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ ჩვენ ვიცით ფსევდო დიონისე არეოპაგელის ნაშრომები და ის მოსაზრებებიც, რომლებიც ადასტურებენ პეტრე იბერისა და ფსევდო დიონისე არეოპაგელის იგივეობას. მეცნიერები მრავალ ვარაუდს გამოთქვამდნენ ფსევდო დიონისე არეოპაგელის შესახებ, თუმცა მეოცე საუკუნის შუა ხანებამდე ამ საკითხს ნათელი არ მოეფინა, ვიდრე ქართველმა ფილოსოფოსმა - შალვა ნუცუბიძემ საბოლოო ვერდიქტი არ გამოიტანა. 1942 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, ნუცუბიძე მეცნიერულად ასაბუთებს ფსევდო დიონისესა და პეტრე იბერის იგივეობას, რომელიც მანამ ვერც ერთმა ისტორიკოსმა თუ ფილოსოფოსმა ვერ დაასაბუთა, ისეთივე მყარი არგუმენტებით, როგორც ეს ნუცუბიძემ გააკეთა. მანამ ამ საკითხზე არაერთი მეცნიერი მსჯელობდა: კოხმა, 1901 წელს, გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც შეეცადა პრობლემის გადაჭრას, მაგრამ ამაოდ... ასევე იყო სხვა მეცნიერებიც.
   მეცხრამეტე საუკუნის დასასრულამდე მეცნიერები თანხმდებოდნენ, რომ არეოპაგისტული ნაშრომების ავტორი არავითარ შემთხვევაში არ იყო, და ვერც იქნებოდა, პირველ საუკუნეში მოღვაწე დიონისე არეოპაგელი, რომელიც პავლე მოციქულის თანამედროვე იყო. ეს ვერსია მეტად სარწმუნო იყო, რადგან მრავალი წყარო და კვლევა ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ შეუძლებელი იყო პირველ საუკუნეში მოღვაწე დიონისე არეოპაგელს დაეწერა ეს თხზულებები. თხზულებების შინაარსი, გავლენები, რომლებიც ამ თხზულებებში თავს იჩენს და პირდაპირობა, მტკიცე მსოფლმხედველობის გამოხატულება, რაც პირველი საუკუნის გნოსტიციზმში საერთოდ არ გვხვდება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შუა საუკუნეების ღვთისმეტყველები აქტიურად გაიძახოდნენ, რომ პავლეს თანამედროვე დიონისე არეოპაგელის იყო ეს თხზულებები... მათ, მიზანმიმართულად, მრავალი საგულისხმო წინადადება სრულიად შეცვალეს და ცდას არ აკლებდნენ, რომ საზოგადოება დაერწმუნებინათ თავიანთ გამოგონილ ჰიპოთეზაში. 
   მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში მოღვაწე გამოჩენილმა ქართველმა ფილოსოფოსმა იოანე პეტრიწმა წარმართა  საკითხი სხვა კუთხით განხილვისათვის, რაც ფსევდო დიონისესა და პეტრეს იგივეობას ასახავდა, მაგრამ ის ვერ გაურბოდეა არსებულ დოქტრინებს და აბსოლუტურად დამოუკიდებელი არგუმენტების წამოყენება ვერ შესძლო. 
   მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საბოლოოდ დაადგინეს, რომ ნამდვილად არსებობდა ფსევდო დიონისე, რომლებმაც დაწერა ეს თხზულებები, მაგრამ ვინ იყო ის?.. ვინ იყო ფსევდო დიონისე არეოპაგელი?! ეს კითხვა კვლავ აქტუალური რჩებოდა.
    ისტორიული წყაროები გვამცნობს, რომ იოანე ლაზი (ევქუნი), რომელიც პეტრეს აღმზრდელი და ამავდროულად მისი მეგობარი და თანამებრძოლი იყო, უნდა ყოფილიყო პროკლეს გავლენით მოცული, ისევე, როგორც თავად პეტრე... ჩვენ ზაქარია რიტორის თხზულებებიდან ვადგენთ იმ ფაქტს, რომ პეტრე ნამდვილად ეწეოდა სამწერლო მოღვაწეობას, მაგრამ რა ტიპის უნდა ყოფილიყო მისი ნაშრომები, ამის გარკვევაში დაგვეხმარება პროკლეს ფილოსოფიურ შეხედულებებთან პეტრე იბერის დაკავშირება. ჩვენ თუ გადავხედავთ არეოპაგისტულ ნაშრომებს, მივხვდებით, რომ ის პროკლეს ფილოსოფიურ ხედვებს სავსებით ემთხვევა. შეიძლება გამოითქვას აზრი, რომ პროკლე იცნობდა არეოპაგისტულ ნაშომებს და პროკლე განიცდიდა მის გავლენას... მაგრამ ამ თვალთახედვას ფილოსოფიის ისტორია მყისვე აქარწყლებს, რამდენადაც, სრულიად არ გვხვდება მეხუთე საუკუნემდე ხსენება არეოპაგეტიკის და ვინმე ავტორის შესახებ, ვისაც შეეძლო მისი დაწერა. ყველაფრის გათვალისწინებით, მეცნიერთა დიდი ნაწილი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკლემდე არ შეიძლებოდა ყოფილიყო დაწერილი არეოპაგისტული თხზულებები, რომ თავად პროკლეს გავლენით იყო ბევრი საგულისხმო დებულება ამ თხზულებებში წამოყენებული და რომ ნამდვილად არსებობდა ფსევდო დიონისე არეოპაგელი. იყო მრავალი სპეკულაცია იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ფსევდო დიონისე, რომელსაც მეხუთე საუკუნეში უნდა ეღვაწა... მრავალი ვარაუდი გამოითქვა, მაგრამ ფსევდო დიონისეს კვალზე ჯერაც ვერ გადიოდნენ.
   მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, საქართველოში იქმნება ფილოსოფიური ლანდშაფტი და აზროვნება მშვენდება ესთეტიკურ-კულტურული ღირებულებების აბსოლუტურად გათავისებით... პერიოდის სიმკაცრემაც შეუწყო ხელი ქართველი ინტელიგენციის ერთ მუშტად შეკვრას. შალვა ნუცუბიძე, რომელიც გენიალური ფილოსოფოსი გახლდან, ინიციატორი იყო მრავალი ღირსშესანიშნავი იდეის განხორციელების... ნუცუბიძის კვლევა-ძიებამ შედეგი გამოიღო ჩვენს მიერ აღნიშნულ საკითხში... მას სჯეროდა, რომ პეტრე იბერისა და ფსევდო დიონისეს იგივეობა უდავო ჭეშმარიტება იყო. ნუცუბიძემ, 1942 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, ძალიან კარგად დაასაბუთა პეტრე იბერისა და ფსევდო დიონისეს იგივეობის თეორია. ნუცუბიძის ამ ნაშრომის გამოქვეყნებიდან ათიოდე წელიწადში წინა ასპარეზზე გამოდის ბელგიელი მეცნიერი - ერნესტ ჰონიგმანი, რომელმაც თითქმის იდენტური თვალსაზრისი წარმოადგინა და ნუცუბიძის აბსოლუტური დათანხმება გამოუვიდა. თუმცაღა, როგორც მისი თანამოაზრენი და თავადაც იუწყებოდა, იმ პერიოდში მან ნუცუბიძის კვლევის შესახებ არაფერი იცოდა და მისი ნაშრომი აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყო ნუცუბიძის კვლევისდაგან, უბრალოდ ისინი ერთ დასკვნამდე მივიდნენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად... მაგრამ ეს რამდენად სარწმუნოა, ცალკე საკითხია ამის განხილვა... რაღაც განსხვავებები მართლაც რომ შესამჩნევია: ჰონიგმანს, ფსევდო დიონისეს მიერ მოხსენიებული - იეროთეოსი, გაიგივებული ჰყავს იოანე ლაზთან. როგორც ვიცით, ფსევდო დიონისე იეროთეოსს მოიხსენიებს მისაბაძ პიროვნებად და მის მასწავლებლად. მეცნიერების ღრმა რწმენით, რაც წყაროებზე დაყრდნობით მყარდება, იმ პერიოდში ამ სახელის პიროვნება არ არსებობდა. იეროთეოსი - ეს ფსევდო დიონისეს მიერ დარქმეული სახელია კონკრეტულ პიროვნებაზე. ლოგიკას კი იქ მივყავართ, რომ თუ ფსევდო დიონისე პეტრე იბერი უნდა ყოფილიყო, მაშასადამე პეტრე იბერის მასწავლებელი - იოანე ლაზი, უნდა ყოფილიყო ზემოაღნიშნული იეროთეოსი. სახელების მსგავსებასაც იშველიებს ჰონიგმანი ამ კვლევაში... ამ გარემოებამ კიდევ უფრო განამტკიცა თეორია, რომელმაც შემდგომში უამრავი დადებითად შემფასებელი და დამთანხმებელი ჰპოვა. ნუცუბიძე-ჰონიგმანის ამ კვლევებმა ნათელი მოჰფინეს ყველაფერს და ფილოსოფიის ისტორიაში დაამკვიდრეს პეტრე იბერის სახელი, როგორც უდიდესი ფილოსოფოსისა და არეოპაგისტული ნაშრომების ავტორის. 
   ქართული ფილოსოფიის ისტორია ანტიკურ საფუძვლებზე დღესაც მყარად დგას. ჩემს მიერ ზემოაღწერილი მოწმობს იმას, რომ ქართველ ფილოსოფოსებს მსოფლიო მეცნიერთა ყურადღება საუკუნოებრივად ჰქონდა მიპყრობილი. პეტრე იბერი თვალსაჩინო მაგალითია ქართული ფილოსოფიური აზრისა, რომელიც, ანტიკურობიდან სქოლასტიკისკენ გარდამავალ პერიოდში ჩაისახა. უფრო სიღმისეული საფუძვლები გაგვახსენებს თემისტიოსის და ლიბანიოსის ჩანაწერებს ფაზისის ფილოსოფიური სკოლის შესახებ, რომელიც მესამე საუკუნეში არსებობდა, გაგვახსენებს ბაკურ იბერიელს, რომელიც დიდებულ მჭევრმეტყველად და საუცხოო მოაზროვნედ ჰყავს დახასიათებული ლიბანიოსს თავის ჩანაწერებში. შემდგომში კი, ქართული ფილოსოფიის განვითარება პეტრე იბერის პიროვნებამ განაპირობა. საუკუნეების მანძილზე მისი თხზულებები (ფსევდო დიონისე არეოპაგელის) იყო განსჯის საგანი. შემდგომში იოანე პეტრიწი, რომელიც პლატონიკოსი გახლდათ და მის მიერ შექმნილი მრავალი ნაშრომი მეტად განმტკიცება იყო ქართული ფილოსოფიური აზრისა. არსენ იყალთოელი, რომელიც იოანე პეტრიწის თანამედროვე იყო და მის მიერ დაარსებული იყალთოს აკადემია, რომლის როლი უდიდესი გახლდან მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში. 
   იმედი გვაქვს, რომ კვლავინდებურად მყარად დავდგებით წინაპართა საფუძვლებზე და კიდევ უფრო განვამტკიცებთ და განვავითარებთ ქართულ ფილოსოფიას.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი ანა მღებრიშვილი - ქართველი და ამერიკელი ქალების სტატუსი 1950-იან წლებში. შედარებითი ანალიზი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / გამოქვეყნებული ნინო გალდავაძე - ბიცია ნინო გალდავაძე - ბიცია ჟურნალი / სტატიები / პროზა / გამოქვეყნებული თენგის გუმბერიძე - გრიგოლ ბატონიშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემოქმედებითი მოღვაწეობა თენგის გუმბერიძე - გრიგოლ ბატონიშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემოქმედებითი მოღვაწეობა ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / გამოქვეყნებული ფარსმან ფორჩხიძე   -  სოლომონ მეორის პერსონაჟისათვის ფარსმან ფორჩხიძე - სოლომონ მეორის პერსონაჟისათვის ჟურნალი / სტატიები / ისტორია / მეცნიერება / გამოქვეყნებული ელგუჯა ხინთიბიძე - რუსთველური მხატვრული სახე  შექსპირის ციმბელინში ელგუჯა ხინთიბიძე - რუსთველური მხატვრული სახე შექსპირის ციმბელინში ჟურნალი / სტატიები / კრიტიკა / მეცნიერება / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge