გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გურამ გორდეზიანი - ლექსები

მე მიყვარს
მე მიყვარს ვარდის სურნელით
გაგიჟებული ზაფხული,
მდინარეების ნაპირზე
კიჟინა ჯერარნახული,
ჯერ არსმენილი ჩურჩული
თვალწამიერი მზერისა...
და გულის ძგერა–ბაგუნი
ამოვარდნილი ღელვისა.
მე მიყვარს სოფლის ქუჩებში
მიმოფანტული წყვილები,
თამამი გოგოს ღიმილში
დამორცხვებული ბიჭები...
ან თამამ ბიჭზე მიკრული
სხეულშეშლილი გოგონა,
პირველი კოცნის ცახცახი,
გოგონა, რომ გააოგნა.
მე დღემდე მიყვარს წარსულის
ზღაპრულ დღეების ფერება,
ისე სადად და სათუთად,
პოეტს რომ შეეფერება,
მახარებს, როგორც მომავლის,
ისე, იმედი აწმყოსი...
და ვცდილობ ლექსმა წაიღოს
სულში მდუღარე ქაოსი!..
19. 06.2019 წელი.


ჩემო გურამ
ჩემო გურამ, უფრო მეტი
დაიწყება შენსკენ ყეფა,
ბელტს მოჰყვება ისევ ბელტი,
მაგრამ დროს ვერ შეეხება.
ვინ ჩასწვდება დროის ფიქრებს,
ვინ აითვლის დროის ავკარგს,
შენი სიტყვა ბევრს ააფთრებს,
შენ არასდროს გადაგკარგავს.
ზოგს წკმუტუნად გადექცევა
შენზე თქმული მწარე სიტყვა,
თავზე ცა არ დაგექცევა,–
ის გაქრება ვინც დროს მიჰყვა.
მხოლოდ დროთა წინ მსწრებელი
ცოცხლობს აზრი სამომავლო,
თან დაგყვება ვით მხლებელი,
მარადისი სამოსახლო!..
15. 06. 2019 წელი.


შეხვედრამდე
ლექსი ვეღარ დავწერე,
სიტყვა ვეღარ გავაწყვე,
მზეს ვატარებ გულით და
მზის სიკეთე ვერ ავწყე!..
ვერ გავზომე სალამი...
ვერ ავწონე სიკეთე...
ამ ყველაფერს ვთესავდი,
ისე გამოვიკვეთე!..
ყველგან უხვად ვაფრქვიე
რაც რომ მადლად მებადა,
მირონივით მომდევდა
სიტკბო ხელით–ხელადა.
არ ვაძაგე ზურგს უკან...
პირში ვკადრე სათქმელი,
არ განვსაჯე...მის წილად
ღმერთს დაუნთე სანთელი.
ამ გაგებით ვიარე,
ვივლი ალბათ მანამდე,
ვინც ეს განძი მიბოძა,
თავად სანამ ვნახავდე!..
30.05. 2019 წელი.


ნუთუ ეს
დამიხატია ფიქრით სხეული...
ბუნება, ზეცა, ქარი, ნიავი,
ზღვა,მყინვარები,გზა დახვეული...
მთელი სამყარო სრულად,მთლიანი!..
ფიქრით ვინ იცის რა არ მიქნია...
ფიქრი ხედვათა სრული ხვატია...
ამ ხვატმა შოლტიც გადმომიქნია...
ნუთუ ეს, არსად არ მიხატია?!.
21. 05. 2019 წელი.


ამიჟღურტულდი
ამიჟღურტულდი,უსტვენ და მისტვენ,
მუსიკას უკრავ ჩემთვის მაისო,
მე კი გავწიე ოცნებით მზისკენ,
რაკი სინათლით გული აივსო!
ჩანს მუსიკოსთა ობერტონებში
შაშვი,ბულბული,ჩხართვი,ნიბლია,
დამათრობელად დაძვერბა ძვლებში
ბუნების ჟანრი, ო! რა ხიბლია!..
ყვავილებს ტანგოს აცეკვებს ქარი,
რადგან ეს რიტმი ტანგოს რიტმია,
და ემატება ბწკარედზე ბწკარი,
იმატებს ღელვა და არითმია!..
მოლაღურს ხმაში დაეტყო ჟინი,
დასში მგონია,– ის გარმონია,
სადაც არავის სჭირდება ჩინი,
სჩქეფს სიყვარული და ჰარმონია!..
ამიჟღურტულდი,უსტვენ და მისტვენ,
მუსიკას უკრან ჩემთვის მაისო,
მე კი გავწიე ოცნებით მზისკენ,
რაკი სინათლით გული აივსო!.
20. 05. 2019 წელი!


13
შენს მონატრებას გულში ჩავკარგავ,
ვით ბავშვის მზერას ჭაში ჩავარდნილს...
რადგან ღირსებას თუ ვერ განვკარგავ,
მოვა და ცამეტ ტყვიას დამახლის!..
მხოლოდ ცამეტჯერ მომცემს გაზაფხულს
მოუსყიდველი აზრთა გამრიდე
და თუ ვეყოფი მისგან დანახულს...
მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გამიგებს!..
ძნელი იქნება დროსთან ჭიდილში,
გამიმაისდეს ყველა სურვილი...
და შეუმჩნევლად შეწყვეტილ ღილში,
უხმოდ ჩავკარგო შენი წყურვილი!..
ძნელი იქნება ყოველ ნაბიჯზე,
მონატრებული სახის ლანდება,
და ვერ გადივლის ჰარი–ჰარიზე,
შენი სურვილი და მონატრება!..
ვიცი ეს ქადნა მოგგვრის ღიმილებს,
გაგათამამებს ჩემი სისუსტე...
და შენს თვალებში გაშლილ გვირილებს,
ვერ გადავლახავ ისე ვით სრუტეს!..
შემს მონატრებას გულში ჩავკარგავ,
ვით ბავშვის მზერას ჭაში ჩავარდნილს...
რადგან ღირსებას თუ ვერ განვკარგავ,
მოვა და ცამეტ ტყვიას დამახლის!..
19. 05. 2019 წელი


მელანქოლია
აღარ მაღელვებს შენი თვალების
არც მრისხანება და არც ფერება,
ახლა სიცოცხლე ისე ტლანქია
სიკვდილი უფრო შემეფერება!
აღარც მხატვრული სივრცე მაოცებს,
აქვს სახე რაღაც ყოველდღიური,
მაგიჟებს ჩუმი მელანქოლია,
მაღრჩობს სურვილი დავწვა დღიური.
სადაც ყოველი ფერიცვალება,
სიტყვაში,ხმაში,თუნდაც რითმაში,
იყო ახალი გამოვლინება
და ნამათხოვრალ დროსთან რევანში!
სიყალბის ხარხარს ყვალგან ვხვდებოდი,
წინ მახვედრებდნენ როგორც საზღაურს,
ჭეშმარიტება ისე მშიოდა,
ვით შემოდგომის ტანხმელ აზნაურს...
ჰქონდა პირფერად გადაფანჩული
პირი,–მეჩხერი ჩანდნენ კბილები
და ყველაფერი ერთმანეთს ჰგავდა,
ვით დაკემსილი ჩოხის ქილები.
ასე რჩებოდა ყოველდღიური
ცხოვრება როგორც ტილო ფერწერის
და ვერასოდეს ვწერდი რატომღაც,
ჩემზე რომ მსურდა, შენთვის იმ წერილს!
ახლა როდესაც აზრი დაკარგა
რამის ახსნამდა თუნდაც სიჩუმემ,
იმას მივადექ რისთვისაც დამმგმე,
ისევ და ისევ გულს შევეურჩე!..
ისევ და ისევ გარბის დღეები,
რიხი აკლდება ცნობილ სათვალავს...
და ველოდები ვიღაც შეუცნობს...
ჩემს ბოლო ღიმილს როდის გათვალავს!..
როდის გახდება სიზმრის ზმანება,
მარადიული ყოფის ადგილი,
რომ ყველაფერი გახდეს ფარფატა,
უფრო მსუბუქი,უფრო ადვილი!..
რომ დამავიწყდეს შენი თვალების,
შენი სხეულის მწველი გიზგიზი,
აზვირთებული მკერდის შლეგობა
და მგრძნობიარე ყელი,ყირმიზი!
როგორ ვკოცნიდი,როგორ ვკიცნიდი,
როგორ ვკოცნიდი სხეულს ცეცხლიანს!
ოჰ! ღმერთო ჩემო რად არ მომკალი?!.
ეს გახსენებაც არ დაგეცლია!..
უკვე უცეცხლოდ ჩამოვიღვენთე!..
მიწას დავეცი ვით მოცელილი,
და თეთრი დარდის ფურცელს მივანდე,
შენთვის რომ მსურდა მე,ის წერილი!..
17. 05. 2019 წელი.


xxx
ისე შევდექი როგორც ქარაფზე
ჯიხვი, ნათოფარ ტყვია ნადევნი
და ბედისწერის საწერ დაფაზე,
აწი მხოლოდღა დროს თუ გავხედნი!.


xxx
ნისლები, ნისლები, ნისლები ბურავენ,
მთებსა და ველ– მინდვრებს,ყანებს და ვენახებს,
ყველაფერს ღრუბლები თუ გადახურავენ...
მშვიდობით, ძვირფასო კეთილად მენახე!..
მზის სხივებს ვნატრობდი ჩანჩქერთა ხმაურში,
მხოლოდღა,მხოლოდღა მზე მგვრიდა სიმშვიდეს,
თვალების ცელქობა დასრულდა ღიმილში...
ნეტავი,რაც იყო ღმერთამდი მივიდეს!..
23. 7. 2019 წელი


ედო
მე არ მინდა ჩემო ბედო,
შენ რომ ისე დამებედო,
თვალებში ვერ შემოგხედო,
გზაზე ხიდად არ დამედო!..
ვინც მე მიყვარს ამიმხედრო,
ვინც არ მინდა შემახვედრო,
შენ გეკუთვნი რადგან ეს დრო...
არ გაგირბი,- ჩემო ხვედრო!...
მე არ მინდა ბედო ჩემო,
შეუძლები დავიჩემო,
ვინც ტრიალებს ჩემს გარშემო,
აფიქრებდეთ შენი გემო!..


ჩემთვის არასოდეს მიცხოვრია
ჩემთვის არასოდეს მიცხოვრია,
ჩემთვის არასოდეს ვყოფილვარ,
ჩემთვის არაფერი მითხოვია
ღვთისთვის, გაუსაძლის ყოფიდან!..
მარტო არასოდეს მიჭამია
პური,ერთი კაცის სალუკმე,
ვისაც მუცლისათვის უცხოვრია
ყველას საქციელი დავუგმე.
მაინც ცოდვებისგან დახუნძლული,
მაინც ცხოვრებისგან ნათრევი.
რაღაც ძილბურანში მოხვედრილი,
მაინც ყველა ღამე ნათევი.
ისევ დავაბიჯებ კაცის საიმედოდ,
კაცი, გაჩენილი წიქარად...
მინდა ეს განცდები გადაგედოთ
და არ ჩამითვალოთ"მიქარვად".
ჩემთვის არასოდეს მიცხოვრია,
ჩემთვის არასოდეს ვყოფილვარ,
ჩემთვის არაფერი მითხოვია
ღვთისთვის,გაუსაძლის ყოფიდან!..
28. 07. 2019 წელი


გრამატიკა
რაღაცა რომ გეწყინება,
რაღაცა რომ გეტკინება,
გულმოგლეჯით რომ ხარ თანაც,
მალავ,ისე, გეტირება...
გულში გადაედინება,
ცრემლის უხმო მდინარება,
გული უძლებს სანამ ფეთქავს,
სანამ გადაიღალება...
ხმას არ იღებ იმის გამო,
არ ატკინო ვინაც გტკივა,
ასეთია ცხოვრება და
მისი რთული გრამატიკა!..
1. 08. 2019 წელი.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge