გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გია არგანაშვილი - შექსპირული მოტივები ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში

ამ რამდენიმე ხნის წინ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე გამოქვეყნებულ სტატიაში „ლიტერატურა ცხოვრებისათვის“ (ჟურნალი „კრიტიკა“ 2018 წ.) ჩემ მიერ გარკვეული სიფრთხილით გამოთქმულმა ვარაუდმა იმის შესახებ, რომ ამ ქართველი ავტორის ერთ-ერთ მოთხრობაში („გლახის ნააამბობი“) შექსპირული („ჰამლეტის“) მოტივები „იკითხება“, ჩემგან უფრო საფუძვლიანი დასაბუთება მოითხოვა, რადგან ამგვარი აზრის ვარაუდის დონეზე დატოვება მკითხველში მხოლოდ უქმ ცნობისმოყვრეობას გააღვიძებს და შესაძლოა გაუმართლებელი ინტერპრეტაციის მიზეზიც გახდეს. ამ აზრის მტკიცებულებას დღეს მხოლოდ ორი გარემოება შეიძლება უშლიდეს ხელს.
პირველი ის, რომ  ჩვენს ლიტერატურულ საზოგადოებაში ასეთი  კავშირების ძიება ტრადიციულად მწერლის ავტორიტეტის შელახვად ითვლება, რადგან ჩვენში ახლაც  სიამაყით ამბობენ, რომ „ამგვარ რამეს მსოფლიო ლიტერატურაში ვერ წააწყდები“ (გულისხმობენ ამა თუ იმ ქართველი მწერლის შემოქმედებას),  რომ „ის არავის არ ჰგავს..“, რომ „ ის ცალკე დგას, განმარტოებით..“ და მრავალი სხვა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი გამონათქვამები (წელს ის ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზეცგაისმა) საეჭვოს ხდის არა მხოლოდ „მეცნიერული ანალიზის“ საფუძვლიანობას, არამედ თვით მხატვრული ტექსტის ლიტერატურულ ღირებულებას.
შეიძლება ესეცაა მიზეზი, რომ დღემდე  ვერ მოხერხდა ჩვენი ნაციონალური ლიტერატურის „ევროპული რადიუსით“ გამართვა, მსოფლიო ლიტერატურის გვერდით ჩვენი ლიტერატურული მემკვიდრეობის თანაფარდად წარმოდგენა.  თითქოს იმის დაჯერებაც გვიჭირს , რომ ქართული ნაციონალური მწერლობა, როდესაც ის მსოფლიო ლიტერატურის სარბიელზე გადის, ღირსეულად ინარჩუნებს თავის ორიგინალობასდა  არ ითქვიფება უსახო ლიტერატურის მორევში.
მეორე მიზეზი, რომელიც ჩვენს ძიებას ართულებს. თვით ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მწერალი არასოდეს მოქცეულა კრიტიკის ჩრდილში, მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის კვლევა, ცალკეული შემთხვევების გარდა, მაინც ვერ გაცდა რუსული ლიტერატურის ფარგლებს. იმ მიზეზით, რომ ილიაჭავჭავაძის ლიტერატურული პერსონაჟები უმთავრესად სოციალური დაპირისპირების ჯგუფებიდან არიან გამოსულნი და, ბუნებრივია, ერთიანი იმპერიული სივრცე მრავალ საერთო თვისებას  განაპირობებდა, თუმცა ეს მსგავსება ხშირად მხოლოდ ზედაპირულია და ნაწარმოების ლიტერატურულ თავისთავადობას არანაირ საფრთხეს არ უქმნის.
ზოგადად კი, ჩვენ არ უარვყოფთ რუსულ ლიტერატურის გავლენას ქართულ მწერლობაზე და უშუალოდ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კავშირი (ილია ჭავჭავაძის შემთხვევაში მაინც ) არასოდეს გულისმობდა მექანიკურ გავლენას ე.წ. „რუსული იდეის“ და „რუსული სულის“ ექსპორტს ჩვენს ნაციონალურ მწერლობაში.  ხოლო ის „სახასიათო ინვენტარი“, რომელიც ზოგიერთ კრიტიკოსს ამ მწერლის შემოქმედებაში თვალს ჭრის, საერთოა ყველასთვის, სადაც გვიანი ფეოდალიზმის კრიზისული პერიოდი გამოუვლიათ.
  საერთოდ კი, ჩვენში კრიტიკას ხშირად ეძლეოდა „მიზეზი“, რომ მეცხრამეტე საუკუნის ქართული მწერლობის რუსულ ლიტერატურასთან დამოკიდებულება ტენდენციურად ეკვლიათ. ჯერ კომუნისტური მმართველობის პერიოდში, როცა ამ ორი ერის ნაციონალურ კულტურათა  შორის მტკიცე კავშირი და მსგავსება იყო მოსაძებნი, ხოლო ახლა პოსტსაბჭოთა ეპოქაში, როცა  მათ შორის განმასხვავებელი ნიშნების პოვნა უფრო აქტუალური გახდა.
და ეს მაშინ, როცა ჩვენი ლიტერატურათმცოდნეობის დღევანდელი ამოცანა ნაციონალური მწერლობის საერთო ლიტერატურულ პროცესში (ბუნებრივია, მათ შორის რუსული ლიტერატურაც იგულისხმება) ადგილის განსაზღვრაა, სწორედ იმ თეორიული  წინაპირობის  გათვალისწინებით, რომელიც „შემთხვევით“ ლიტერატურულ კავშირებასაც კი ერთიანი კანონზომიერების ჩარჩოში მოაქცევს.
ნიშანდობლივია, რომ  წელს ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა სხვა წიგნებთან ერთად ამ თემაზე ინგლისურ ენაზე გამოცემული (გამომცემლობა Peter Lang-ი) „ქართული მწერლობა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესი“ (წიგნის ავტორია ირმა რატიანი) წარადგინა, რომელშიც სწორედ მსოფლიო ლიტერატურის კანონი და ნაციონალურ ლიტერატურის კავშირებია განხილული.
ავტორმა შედარებითი ანალიზის საფუძველზე დაგვანახა ქართული მწერლობის მსოფლიო ლიტერატურასთან კავშირი და მისი თეორიული კანონზომიერება, მოახდინა თავად პრობლემების დეფინიცია და სისტემატიზება. ამასთანავე, მკითხველს შესთავაზა რამდენიმე ქართული ტექსტისკომპარატივისტულ ანალიზი იმის საჩვენებლად, თუ რამდენად მაღალია მათი (მხატვრული ტექსტების) ჩართულობის ხარისხი საერთაშორისო ლიტერატურულ პროცესში. 
„თუ უნივერსალური ლიტერატურა ქმნის ნიმუშებს, სტანდარტებს, კანონს, რომელსაც იზიარებს და ისრუტავს ნაციონალური მწერლობა, Vice Versia - ყოველი ღირებული მოდელი ნაციონალური მწერლობისა თავისი ორიგინალობით ავსებს და ამდიდრებს უნივერსალურ სტანდარტს, დღევანდელი გლობალური კაპიტალიზმის პირობებში კი ახდენს თავისი პროდუქციის იმპორტირებას“  (ირმა რატიანი 2015:25).
მკითხველი საინტერესო დასკვნას გაეცნობა წიგნის მესამე თავში „ბრძოლა ახალი ქართული იდენტობისთვის და მისი ფორმირება“, რომელშიც ქართულ რეალიზმსა და ზოგადად, ნაციონალური მწერლობის თავისებურებებზე მსჯელობის დროს ავტორი ლოგიკურ აღიარებამდე მიდის: „ეროვნული თვითმყობადობის იდეა არის ქართული კრიტიკული რეალიზმის მთავარი იდეა, რომელიც მოიცავს და ფარავს მის გზაზე ამოსვეტილ მწვავე სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებს „(რატიანი 2015:113).
   ჩვენი სტატიის აზრიც ხომ ისაა , რომ ვამტკიცოთ (ახლა უკვე ზემოთ მოყვანილ ციტატაზე დაყრდნობით , რომ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში  კრიტიკული რეალიზმის მთავარი იდეა, იმავდროულად ეროვნული თვითმყოფადობის იდეაა (რაც თავისთავად საერთო-ლიტერატურული სივრცის იდეასაც გულისხმობს) , რომელიც მთლიანად „მოიცავს და ფარავს მის გზაზე ამოსვეტილ მწვავე სოციალურ - პოლიტიკურ პრობლემებს“.
თუ ამ კუთხით განვიხილავთ ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას და იმდროინდელი მსოფლიო (არა მხოლოდ ლიტერატურული) პროცესებისადმი ავტორის ფხიზელ დამოკიდებულებასაც გავითვალისწინებთ, სავსებით საფუძვლიანი  ჩანს ჩვენი მცდელობა, რომ „გლახის ნაამბობში“ სოციალურ დაპისისპირების მიღმა ზოგადსაკაცობრიო იდეა დავინახოთ.
თუმცა ისიც აქსიომაა, რომ მხატვრულ ტექსტში ზოგადსაკაცობრიო იდეის მატარებელი მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო პერსონაჟი შეიძლება იყოს, ანუ იდეის მასშტაბსაც  პერსონაჟის სიმაღლეც განსაზღვრავს.  ამდენად, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა  ნაწარმოების ზუსტი აღქმისთვის– პერსონაჟის ხასიათის პოვნა, მის ლიტერატურულ გენეზისში გარკვევაა.
მკითხველს შევახსენებ ჩვენს ლიტერატურაში  „გაცოცხლებულ“ და კრიტიკის მიერ შემჩნეულ  მითოლოგიური, ასევე ბიბლიური და მსოფლიო ლიტერატურული პერსონაჟების სიმრავლეს. ასევე ხშირია, როდესაც ქართული მწერლობა ხელახლა „აღვიძებს“  გარდასული ეპოქის ლიტერატურის  გმირებს და რაინდული ეპოქის პერსონაჟები თანამედროვე , მოდერნისტული ან პოსტმოდერნისტული მგრძნობელობით სავსე  გარემოში საკუთარი სახით და ხასიათით ერთვებიან მოქმედებაში.
საერთოდ კი, ლიტერატურული პერსონაჟის ხელახალი „გაცოცხლება“ საკუთარ მამულში ძვირფასი ლითონის აღმოჩენას ჰგავს. რა თქმა უნდა, მას ოდნავადაც ვერ უკარგავს ფასს იმის გაგება, ამ ლითონის საბადოებს თავდაპირველად სხვა ქვეყანაში მიაგნეს და მისი მოპოვებაც ადგილზე ხდებოდა.
და მაინც, რაც უფრო კარგად იცნობს ნკითხველი ერთი მხრივ, ილია ჭავჭავაძის, ხოლო მეორე მხრივ შექსპირის შემოქმედებას, მით უფრო გაუჭირდება ჩვენი ვარაუდის („გლახის ნაამბობში“ შექსპირის პერსონაჟის დანახვა) დაჯერება, თუ მტკიცებულება ზუსტ ფაქტობრიც მასალას და ლოგიკურ მსჯელობას არ დაეყრდნო.
თუმცა ჩვენს შრომას აიოლებს ის ფაქტი, რომ ილია ჭავჭავაძის შემთხვევაში საქმე გვაქვს  არა მხოლოდ მწერალთან (მხატვრული ტექსტის ავტორთან), არამედ ლიტერატურის თეორიის უბადლო მცოდნესთან, ლიტერატურული წარმოსახვის ფარდი ანალიზის ნიჭით დაჯილდოვებულავტორთან, რომელსაც შეუძლია შუამავლად ჩადგეს მკითხველსა და მწერალს შორის და ტექსტის წაკითხვის ხელოვნებაზე  ესაუბროს მას.
  სწორედ ამის გათვალისწინებით, ილია ჭავჭავაძის შემოქმედების გასააზრებლად გვინდა თვით ავტორის  ჩამოყალიბებული ანალიზის მეთოდი გამოვიყენოთ, რომელიც ზუსტად შეუნიშნავს მკვლევარს მარიამ ნინიძეს:
„წმინდა ილია მართალმა განავითარა არსებული აზრი ნაწარმოების სრულყოფილი აღქმისთვის ავტორისეული გასაშინჯავი წერტილის მიგნების მნიშვნელობის თაობაზე. გასაშინჯავი წერტილი (ინგლ. პოინტ ოფ ვიეწ, რუს. точказрения) გულისხმობს პოზიციას, რომლიდანაც ხელოვანი ჭვრეტს თავის ქმნილებას. ამა თუ იმ თხზულების საფუძვლიანი, მეცნიერული კვლევისას მთავარი ამოცანა ამ საჭვრეტი წერტილის პოვნაა. მწერლის თქმით მხლოდ აქედან მოჩანს თხზულებაში ყველაფერი ისე, როგორც შემოქმედს ჰქონდა ჩაფიქრებული. ავტორის მიერ ამორჩეული პოზიციიდან ცნობიერდება ისიც, რომ მხატვრულ ნაწარმოებში “არა არის რა შემთხვევითი და მეტი, ყოველი მისი ნაწილები არის... მიხრილი ერთის საგნისაკენ, ყველანი ერთად შეკრულნი შეადგენენ ერთს მშვენიერს, მრთელს და განუყოფელს აზრსა” (ნინიძე 2005:2). 
ნაწარმოებშიამგვარი „საჭვრეტი წერტილი“ პოვნა კვლევისას მთავარი ამოცანა და  ერთგვარი შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ძიების გზაზე თანდათანობით უნდა გამოიკვეთოს . ჩვენ კი დავიწყოთ იქიდან, რომ ილია ჭავჭავაძე მთელი თავის ცხოვრებით იყო შექსპირის შემოქმედებასთან დაკავშირებული. მან ივანე მაჩაბელთან ერთად თარგმნა „მეფე ლირი“ და ამით საფუძველი ჩაუყარა შექსპირის ახალ მთარგმნელობით სკოლას. მას თვითონ უთამაშია „მეფე ლირის“ წარმოდგენაში,მის პუბლიცისტურ ტექსტებში ძალზე ხშირად ჩნდება შექსპირის თემა. ის ხშირად  იმოწმებდა ციტატებს შექსპირის სხვადასხვა პიესიდან და უშუალოდ „ჰამლეტიდან“.
“ჰამლეტის „ვიყო თუ არ ვიყო“ განა სულის უბინაობისგან არ არის ამოკვნესილი?“
იოსებ გრიშაშვილიც გვიმოწმებს, რომ ილია ჭავჭავაძე შექსპირის შემოქმედებით ადრიდანვე იყო დაინტერესებული და თავის წერილებში ინგლისელ დრამატურგს ის „გულთამხილავს“ უწოდებდა:
.„შექსპირი მისი (იგულისხმება ილია ჭავჭავაძე. გ.ა.) საყვარელი მწერალია. ერთ დროს კრიტიკულ წერილსაც ამზადებდა, სადაც დაპირისპირებული უნდა ყოფილიყო შექსპირის ჰამლეტი და შოთას ტარიელი.“ (გრიშაშვილი 1965: 33)
ჩემთვის ძალზე საყურადღებო ინფორმაციაა.  ფანტაზიას უჭირს ამ ორი, სხვადასხვა ეპოქის პერსონაჟის შეპირისპირებითი ანალიზი. თუმცა შესაძლოა სწორედ ეს აღმოჩნდეს ის „გასაღები“, რომელიც ილია ჭავჭავაძის ჰამლეტისადმი ღრმა ინტერესის მიზეზს აგვიხსნის.
აქვე გავიხსენოთ, რომ „გლახის ნაამბობში“ პერსონაჟებიც რუსთაველის გმირებს ბაძავენ. დათიკო და გაბრიელი, როგორც ბატონი და ყმა, ავთანდილის და შერმადინის როლებს „ირგებენ“ და ცდილობენ რაინდულ ეპოქის წესებით იცხოვრონ.
ერთი სიტყვით, ილია ჭავჭავაძე რაღაც საერთოს ხედავდა დანიელ და ინდოელ პრინცს შორის, მისი ნაწარმოების პერსონაჟები კი „ვეფხისტყაოსნის“ გმირებთან ეძებდნენ კავშირს. თითქოს შეგვიძლია ჩვენს მსჯელობაში ამ უმარტივეს საბუთს დავეყრდნოთ და  „გლახის ნაამბობში“ შექსპირული იდეის არსებობა დავუშვათ, მაგრამ ლიტერატურა უფრო მტკიცე ლოგიკას მოითხოვს,  რაც ქართული „შექსპირიანას“, უფრო ზუსტად კი „ჰამლეტის“ შესახებ მცირე მიმოხილვთი ინფორმაციის გაცნობასაც საჭიროებს.
ჰამლეტურ თემატიკასთან დაკავშირებულმა საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო სტატიებმა, დისერტაციებმა თუ მონოგრაფიებმა მისი შექმნიდან 400 წლის იუბილეზე ერთი დიდი ბიბლიოთეკა შეადგინეს. ლიტერატურა მის გარშემო ყოველდღიურად იზრდება. ჰამლეტი მართლაც ამოუწურავია და ყოველი შემდგომი ეპოქა მიიჩნევს, რომ სწორედ მას ერგო განსაკუთრებული მისია ჰამლეტის საიდუმლოების ამოხსნაში და სხვადახვაგვარი ინტერპრეტაციით ამდიდრებს მას, რაც კიდევ ერთხელ პიესის ზოგადსაკაცობრიო ხასიათზე მეტყველებს.
ქართველი მკითხველისთვის ჰამლეტის ზნეობრივი გმირი იმთავითვე („ჰამლეტი“ პირველად ქართულად ლავრენტი არდაზიანმა 1858 წელს თარგმნა) ძალზე მისაღები აღმოჩნდა. მან ამ  სახეში ჰუმანისტურ იდელებზე გაზრდილი პერსონაჟი დაინახა, რომელშიც ღრმა ინტელექტის და ძლიერი ემოციის იშვიათი სინთეზის კვალი ჩანდა. სიმართლისთვის ბრძოლამ ის ზოგადსაკაცობრიო გმირად წარმოგვიდგინა. თუმცა, აშკარაა რომ ჰამლეტი გაორებულია. ის ადამიანში სიკეთეს ეძებს, მაგრამ თავის ირგვლივ მხოლოდ ბოროტებას ხედავს. ის ადამიანში სიყვარულს ეძებს და სიძულვილს პოულობს. თუმცა ჰამლეტის ხასიათში ყველაზე მთავარი და საბედისწერო მაინც შურისძიების ადათია, რომლე შესრულებას მისგან მამის აჩრდილი მოითხოვს.
მკითხველს შევახსენებ, რომ შურისმაძიებელი ჰამლეტი თვითონაც შურისძიების მსხვერპლი (ლაერტის მიერ) ხდება. შექსპირმა გვაჩვენა, რომ ეს სწორედ ის ჩაკეტილია წრეა, რომელზეც ვაჟა-ფშაველა ამბობდა:
„შენ რო სხვა მაჰკლა შენც მოგკვლენ,
მკვლელს არ შეარჩენს გვარია“ ! ( ვაჟა- ფშაველა 1979: 480)
მეცხრამეტე საუკუნის ქართული მწერლობა მთლიანად შუა საუკუნეების დაძლევის მოტივით წარიმართა. ჰამლეტიც სწორედ ამ საზღვრებშია ჩაკეტილი. ამ ნიშნით, შესაძლოა, დანიელი პრინცი ყველაზე საჭირო პერსონაჟია იმ ეპოქის ქართული ლიტერატურისთვის. მის შესასიტყვ ქართველ პერსონაჟს (თუ ასეთი გაჩნდებოდა) უამრავ რამეზე ჰქონდა შური საძიები. ამათგან უმთავრესი ალბათ სოციალური უთანასწორობა და  ჩაგვრის პასუხად გაჩენილი სამაგიეროს გადახდის წყურვილი იყო. თუმცა პერსონაჟი რომ შურისძიებაზე მაღლა დადგეს, ის უნდა გამოვიდეს სოციალური მოჯადოებული წრიდან, უნდა ამაღლდეს თავისუფალ ადამიანამდე (პრინცი ამ შემთხვევაში თავისუფალიო ნების გამოხატულებაა) და ამ სიმაღლიდან შეხედოს ადათის (ფიცით გამაგრებული) მიზანშეწონილობას. 
ის, რომ ჩვენი შურისმაძიებელი პერსონაჟი თავდაპირველად გლეხის ტანსაცმელში  გადაცმული აღმოჩნდა („გლახის ნაამბობი“ გაბრიელი) და მხოლოდ შემდეგ ამოიზარდა, „ვეფხისტაოსნის“ და სახარების გავლენით თავისუფალ ადამიანამდე ამაღლდა, სადაც ადამიანს უპირველესად პიროვნული ღირსება და თავისუფალი არჩევანის საშუალება ეძლევა, ბევრად უფრო საინტერესო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა (თუმცა სწორედ ამიტომ მკითხველს გაუჭირდა მისი ცნობა), ვიდრე ეს ჩვეულებრივი ყმა-გლეხის მიერ ბატონისთვის სამაგიეროს გადახდის წყურვილია.
როგორც ჩანს, დათიკომაც ვერ შენიშნა გაბრიელის „ზრდა“, რადგან სიკვდილის წინ სწორედ ყმის დავიწყებული მოვალეობა შეახსენა და შერმადინობა დაუწუნა:
„— ჰმ, — ჩაიცინა იმან ისე გულდინჯად, თითქო ქვეშსაგებში მშვიდობითა წევსო, — ამით გათავდა შენი შერმადინობა?
— როგორიც ავთანდილი შენ იყავ, მეც იმისთანა შერმადინობა გაგიწიე“.
დათიკოს კი ადრევეუნდა შეემჩნია, რომ გაბრიელი დიდი ხანია შერმადინის როლიდან გამოსულიყო და უკვე ფრიდონობას იჩემებდა (ეს არ დაუმალავს გაბრიელს). მათი პირველი დაპირისპირება კი   სწორედ თანასწორთა სიტყვიერ დუელს უფრო გვაგონებს:
„ — მართალს ამბობ და აღარ ჰხუმრობ? — ვკითხე და გული ყელში მამებჯინა.
— შენი ცალი ვიქნები, რომ შენ გეხუმრო.
— მაშ გაბრიელს თავზედ ქუდი არ ეხუროს, თუ შენ შენი წადილი შეისრულო.
— თუ ღმერთი გწამს, წინ არ გადამიდგე!.. — მითხრა იმან უკადრისად და დაცინვით.
— წინაც გადაგიდგები და მეტსაც გიზამ.
— მემუქრები თუ?
— ძალი შემწევდეს ქადილსა, ფრიდონისა არ იყოს.
— შენი შერცხვენილი იყოს, ვინც შენისთანას შეუშინდეს.
გულმა ბაგა-ბუგით ცემა დამიწყო, მკერდში გული აღარ მეტევოდა. დათიკოს მოკვლის სურვილმა ელვასავით გამირბინა ფიქრში, მაგრამ თავი დავიჭირე, დავძლიე ეშმაკის ცდუნება.“ (ჭავჭავაძე 1988: 198-199)
  ამ ეპიზოდში კარგად ჩანს, რომ გაბრიელი დათიკოს  ტოლ-სწორად უყურებს. ჩვენც საგანგებოდ გავამახვილეთ ყურადღება მის ღირსებასა და თავისუფალ არჩევანზე, რადგან შურისძიებაც და მასზე უარის თქმა მხოლოდ ღირსეულ ადამიანთა ხვედრია. თუმცა თვით მაღალი სოციალური სტატუსიც არაა იმის გარანტი, რომ პიროვნებამ შურისძიების ადათი დაძლიოს, რადგან რაც უფრო მაღალ საფეხურზეა ადამიანი, მით უფრო მეტად იზღუდება მისი ნება მოვალეობის პრინციპით. ამას ლაერტი შენიშნავს ჰამლეტის მიმართ:
„მას ვით მეფის შვილს, თვის სურვილზედ არ აქვს უფლება,
იგი მორჩილებს თავის სისხლს და შთამომავლობას..“
გაბრიელიც ხომ თითქმის ამაღლდა ჰამლეტამდე (შესაძლოა ჰამლეტის პერსონაჟის ამგვარი გააზრება თვით შექსპირის ჰამლეტსაც მატებს რაღაცას) და სწორედ მაშინ იჩინა მის მიმართ იმგვარმა ვალდებულებამ, რომელიც მისგან სიცოცხლეს ითხოვდა.
მეტი თვალსაჩინოებისთვის ჩვენ კი ამ ორი ნაწარმოების შედარებითი ანალიზს შევთავაზებთ მკითხველს. მივყვთ თანმიმდევრულად ტექსტს და ვნახოთ თუ როგორ მწიფდება კონფლიქტი, როდესაც მამის აჩრდილი ჰამლეტს მისი სიკვდილისთვის სამაგიეროს გადახდას სთხოვს და ჰამლეტიც  ფიცით ადასტურებს შურისძიებისთვის მზადყოფნას:
გავიხსენოთ, რომ ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობში“ (ისევე როგორც შექსპირის „ჰამლეტში“) ნაწარმოების კომპოზიციური საყრდენს  მამის (პეპიას) წინაშე გავხადებული შურისძიების ვალდებულება  (ფიცი) წარმოადგენს.
ა ჩ რ დ ი ლ ი 
თუ კაციგქვიან, ნუაიტან შენამას, ჰამლეტ; 
ნუ მისცემ ნებას, რომ დანიის მეფისსაწოლი 
სისხლის შერევის, გარყვნილების ასპარეზადჰყონ.
მაგრამ რაგზასაც აირჩევდეგადახდისათვის, 
ნურას გაბედავდედიშენის წინააღმდეგსა 
და ნუშებღალავ იმითშენს სულს, შენსა გონებას.
იგი თვითზეცას მიანებედა მისსინიდისს;“
მკითხველი შეამჩნევს, რომ ზუსტად მსგავსი სცენა მეორდება „გლახის ნაამბობში:
„— გაბრიელ! — მითხრა ბოლოს პეპიამ, — ფეხ-მუხლი მიცივდება, შვილო, მევკდები! ვაი, რომუზიარებელი ვკვდები! შვილო, ჩემისისხლი ჩემს მკვლელს აპატივე, მეცმიპატივებია. მაგრამ... თუთამრო ნამუსწართმეული ჰნახო, შემომფიცე, რომიმის დამღუპველს მზეს დაუბნელებ! შემომფიცე, რომისე უზიარებლად და შეუნდობარს მოჰკლავ, როგორც მევკვდები! შემომფიცე! თუ ეგცოდვა იყოს, ამიღია კისრად. 
მე შევფიცე. 
— ფიცი მტკიცე უნდაიყოს!.. — დაიწყო კიდევ საცოდავმა, — პირისპირ იქ, საიქიოს, შევხვდებით... ვაიმე, შვილო თამრო... გაბრიელ! თუთამროსათვის ნამუსი შეურჩენიათ, ჩვენი ამდღეში ჩაგდება შენს გამჩენს აპატივე. მეცმიპატივებია. ფიცი მომე! 

მე იმის სიტყვისაგან გულგაკეთებულმა მაგის ფიციც მივე. „ (ჭავჭავაძე 1988: 208)
შექსპირის პოემის განვითარების  სხვადასხვა ეპიზოდში  ჩვენ ვხედავთ, რომ ჰამლეტი უნებურად თავს არიდებს  შურისძიებას და ამის გამო საკუთარ თავს ადანაშაულებს:
„ძვირფასი მამა მომიკლეს და მე იმის შვილსა
შურის-ძიებად მიმიწვევენ ზეცაც,  ქვესკნელიც,
მე კი უბრალო ლაპარაკით გულის - ჯავრს ვიკლავ
და ვიწყევლები, ვიგინები როსკიპ ქალივით“ (შექსპირი 1954:105)
გაბრიელს  („გლახის ნაამბობი“) გააზრებული აქვს მთელი ის საშინელება, რომელიც შურისძიების აქტს შეიძლება მოჰყვეს. მან იცის, რომ ადამიანის სიკვდილი მძიმე, უპატიებელი  ცოდვაა:
„..ღმერთო, დამიხსენ კაცის-კვლისაგან! თამრო უცოდველი მაჩვენე! ძნელი ყოფილა, შენიჭირიმე, კაცის-კვლის ფიქრის წინათვე გულში გატარება! მეტად ძნელი ყოფილა!.. მეიმ ერთმა დღემთითქმის დამაბერა. კაცს, თუგინდა რომ გულში ჯოჯოხეთი გაუჩინო, კაცისკვლის ფიქრი ჩაუსახე გულში. ეგეყოფა სატანჯველად. „ (ჭავჭავაძე 1988:210)
ერთ შემთხვევაში გაბრიელის ქცევა შურისმაძიებელი ლაერტის მოქმედებასაც ემსგავსება, როდესაც ის ხელახლა ივსებაშურისძიების წყურვილით, როგორც კი ჭკუაზე შეშლილ ოფელიას დაინახავს:
“შენი ჭკუა რომ შეგჩენოდა და გექადაგნა
შურისძიება, - ვერ გასჭრიდა ეგრე ძლიერად“.
ზუსტად იგივე განწყობა ეუფლება გაბრიელს, როდესაც ქალაქის ერთ-ერთ დუქანში ნამუსახდილ თამროს იხილავს:
„ ... ჩემი ტოკვა და ყოყმანობაკაცის-კვლის თაობაზედიმდღესსრულიადგათავდა. იმგაბოროტებულსგულზედცადაქვეყანარომხელშიმჭეროდა, ყველსავითგავწურავდიდაკბილითგავგლეჯდი“.
აქ კი კვლავ დავუბრუნდეთ ილიასეულ „გასაშინჯავ წერტილს“, რომელიც უთუოდ დაგვეხმარება შემდგომ კვლევაში.
„თხზულებაში პერსონაჟები და მოვლენები შეიძლება სხვადასხვა რაკურსში იყოს წარმოჩენილი, მაგრამ მთელი ამ მრავალფეროვანი მხატვრული სპექტრის საჭვრეტი და სასინჯი წერტილი ერთია. რადგან გასაშინჯავი წერტილი მწერლის პოზიციაა, ლირიკაში, სადაც ავტორი გარედან კი არ აკვირდება მოვლენებს, არამედ შინაგანად განცდილს ამოთქვამს, იგი
ლირიკული გმირის სახეში, მის ნააზრევში პირდაპირ იკვეთება, ეპიკურ თხზულებებში კი ავტორის საჭვრეტი წერტილი გამოგონილ გმირთა სახეებში, მათ ნაფიქრალსა და
ნააზრევში ასე აშკარად არ ჩანს. აქ მისი თვალსაზრისის მხოლოდ ანარეკლი უნდა ვეძიოთ. იგი ან გმირთა შეფასებაში ვლინდება, ან რაიმეს აქცენტირებასა და წინა პლანზე
წამოწევაში, ზოგჯერ კი სიუჟეტის ამა თუ იმ სახით განვითარებასა და გადაწყვეტაში.
“გლახის ნაამბობში” ავტორმა გაბრიელს ყველა პირობა შეუქმნა სინანულისათვის - სიკვდილის წინა დღეს მოაგონებინა მისი ცოდვები, აღსასრულის ჟამს კი საყვარელი მღვდელი მიუყვანა ზიარებით ხელში, მაგრამ გაბრიელმა გულით მაინც არ შეინანა. ამიტომ მწერლის პოზიცია აქ
გამოვლინდა სიუჟეტის უკანასკნელ დეტალში - გმირის უზიარებლად სიკვდილში.“ (ნინიძე 2005: 4
სრულიად ვეთანხმებით მკვლევარს, რომ „გლახის ნაამბობში“ მწერლის პოზიცია სიუჟეტის უკანასკნელ დეტალში - გმირის უზიარებელ სიკვდილში გამოვლინდა. სხვა საქმეა, თუ რატომ ვერ ეღირსა გაბრიელი ზიარების მადლს.  უმჯობესია, თუ ამ დეტალსაც საერთო კონტექსტში განვიხილავთ, რადგან ჩვენ ვნახავთ, რომ დათიკო და და პეპიაც უზიარებლად გავიდნენ  ამ სოფლიდან. თუმცა მიზეზი, დანაშაულის სიმძიმის მიხედვით,  თითოეული მათგანის შემთხვევაში სრულიად სხვადასხვაა. 
  
მთავარია, რომ ავტორმა  პერსონაჟთა საქციელის შესაფასებლად, როგორც საზომი ერთეული, როგორც უმაღლესი თამასა – ზიარების შესაძლებლობა  დადო და ჩვენ ვნახეთ, რომ ამ უჩვეულო შეჯიბრებაში ყველა  პერსონაჟი დამარცხდა. 
გავიხსენოთ, რომ შექსპირის „ჰამლეტშიც“  მამის აჩრდილი ყველაზე მეტად სწორედ უზიარებლად სიკვდილს განიცდის: 
„და გამისტუმრა საშინელის სამჯავროის წინ
უზიარებლად, ზეთ-უკურთხად, უაღსარებოდ. (შექსპირი 1954: 53)
სიკვდილის წინ დათიკოც საგანგებოდ დაინტერესდა პეპიას ბედით:
„-პეპია რასა იქს?
-მოკვდა.
-ესე უზიარებლად და მოუნანიებლად, როგორც მე?
-ეგრე..“ (ჭავჭავაძე 1988: 215)
მწერლის პოზიცია პეპიას მიმართაც უცვლელია. ცხადია, რომ თამროს მამის უზიარებლად სიკვდილი რაღაც დანაშაულს, უპატიებელ ცოდვას უკავშირდება. მკითხველს შეიძლება გაუჭირდეს ამ დანაშაულის გახსენება, რადგან ავტორმა პეპიას სახით  სრულიად ალალ-მართალი გლეხის პორტრეტი წარმოგვიდგინა. თუმცა საკვირველიც ის არის, რომ პეპიას მიმართ მთავარი ბრალმდებელი სწორედ ავტორია.
ილია ჭავჭავაძის პერსონაჟების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება ისიცაა, რომ მათ უჭირთ საკუთარ დანაშაულში გარკვევა, რადგან ის ცოდვა, რომელშიც მათ ბრალს სდებენ, მანამდის არც ითვლებოდა ცოდვად (ან არც ახლა ითვლება). მართლაც ვინ დაადანაშაულებდა პეპიას, გამწარებულ მამას იმისთვის, რომ  ამდენი ადამიანის გაუბედურების შემდეგ მან თავის შვილს (გაბრიელმა და პეპიამ თავიანთი „მამა-შვილობა“ მკითხველის წინაშე აღიარეს), გაბრიელს სამაგიეროს გადახდა  და დათიკოზე შურისძიება მოსთხოვა.
მიუხედავად ამისა, პეპიასთვისაც მაინც საერთო გულისტკივილად იქცა პეტრეს („სარჩობელაზე“) მიერ ტკივილით ამოძახილი: „ჩემი რა ბრალიაო“. ამით თითქოს ავტორმა აიძულა პერსონაჟები (მკითხველი) იფიქრონ იმ დანაშაულზე (ახალცოდვაზე), რომელიც მანამდე საზოგადოების თვალში ცოდვად არ ითვლებოდა.
შექსპირის „ჰამლეტის“ მამის აჩრდილისგან განსხვავებით „გლახის ნაამბობში“ პეპიას სახეს ვერავინ ჩათვლის ჰალუცინაციურ მოვლენად. პეპია ნამდვილზე ნამდვილია. ერთი მხრივ, ის გაბრიელისა „მამაა“და, მეორე მხრივ, ის შესაძლოა თვით პეტრეს (პეტრე ილია ჭავჭავაძის ყველა ნაწარმოებში ჩანს და ის ქართველი ხალხის კრებით სახეს წარმოადგენს) სახის ერთგვარი ინტერპრეტაციაა. აქედან გამომდინარე, მისი შურისძიების წყურვილიც რაღაც მარადიულ პრობლემის გადაჭრას უფრო გულისხმობს, ვიდრე ერთ კერძო (ან იქნებ თამროც კრებითი სახეა?!) შემთხვევას. 
რაც შეეხება დათიკოს , თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ლიტერატურა დათიკოსნაირ რთულ პიროვნებას არ იცნობს. კრიტიკის მიერ შენიშნულია,  რომ ის არაორდინალური და არაშაბლონური სახეა. მსგავსების თვალსაზრისით  მას ხშირად დონ-ჟუანსაც ადარებენ. თუმცა მე ვერ გავიზიარებ ამ მოსაზრებას, რადგან დათიკოს ავი ზნე მთლიანად სოციალური უთანასწორობის შედეგია („ყმას რაც გააჩნია, ყველაფერი ბატონს ეკუთვნის“) . ამიტომაა, ქალთან მისი დამოკიდებულებაც ყოველგვარ რომანტიზმს მოკლებული და რაიმე ნივთის მიმართ მესაკუთრულ დამოკიდებულებას („ქალი ჯერ ჩემია..“) უფრო გვაგონებს. 
კრიტიკას ისიც შეუნიშნავს, დათიკოს ლიტერატურული შთამომავლები –ტარიელ მკლავაძე (ეგნატე ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდი“) , იერემია წარბა (გიორგი წერეთელი „პირველი ნაბიჯი), ტიტიკო (ეგნატე ნინოშვილის „სიმონა“) მრავლად არიან ჩვენს ლიტერატურაში. თუმცა დათიკოსთან შედარებით ზოგიერთი მათგანი ძალზე სწორხაზოვანი ხასიათით გამოირჩევა. თუმცა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებითი გავლენა ამ ნაწარმოებებზე (პერსონაჟებზე) აშკარად იგრძნობა.
  დათიკომ აშკარად გააოცა გაბრიელი (და მკითხველიც), როდესაც უთხრა, რომ იქ, მყინვართან ტყვეები სწორედ მან დაიხსნა. მკითხველი ალბათ კიდევ რამდენჯერმე დაუბრუნდება ტექსტს, რათა დათიკოს ხასიათში  აღმოაჩინოს თუნდაც მარცვალი სიკეთისა. არადა ეს ორი ფაქტი, პეპიას და გაბრიელის გაციმბირება, ხოლო შემდეგ მათი დახსნა, ერთი ადამიანის ხასიათში ნამდვილად არ ეტევა. 
სიკვდილის წინ დათიკო კიდევ ერთ, არანაკლებ საინტერესო აზრს ამბობს:
„- დარიგებას თავი დაანებე. ალალი იყოს შენზედ ჩემი სისხლი, კაი ვაჟკაცი ჰყოფილხარ. მეც ბევრი რამ ცუდი მიქნია, არა უშავს რა, - ჩემი ასე ცუდად წახდენა იმაში გამებაროს“ (ჭავჭავაძე 1988:214).
უჩვეულო და ერთობ პრიმიტული  ლოგიკაა. დათიკო ფიქრობს, რომ ავი და კარგი, სიკეთე და ბოროტება სასწორის სხვადასხვა მხარეს აწყვია და ერთმანეთს აწონასწორებს. ავიწყდება, რომ სინანულის ერთ ცრემლსაც შეუძლია მრავალი ცოდვის გადაწონა, თუმცა დათიკოს მონოლოგში სწორედ ეს სინანული არ იკითხება, გარდა ამ ორიოდე სიტყვისა:
მეც ბევრი რამ ცუდი მიქნიაო..
„ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ, რომ დათიკოში  პიროვნებამ (ადამიანურმა ცოდვამ) გააციმბირებინა გაბრიელი და პეპია, ხოლო  წოდებრიობამ (თავადაზნაურობის ისტორიული ფუნქცია)   იხსნა ისინი ტყვეობისგან, მაგრამ როგორ რიგდებიან  თავადი და პიროვნება ერთ სხეულში და როგორ წარმართავენ ისინი მოქმედების ინიციატივას?
ვნებადაცლილი, დამცხრალი დათიკო თითქოს მთლიანად ემიჯნება ბოროტებას.  მასში უპირველესად ისევ საკუთარი მამის (მზრუნველი ბატონის) აჩრდილი იღვიძებს. ის აჩრდილი ახსენებს მას საკუთარი ყმების დაცვის ოდინდელ ვალდებულებას და  მამისავე  აჩრდილი ამზადებს მას სიკვდილთან შესახვედრად..“ (არგანაშვილი 2018:147)
სხვა მხრივ ძალიან ძნელია მისი ხასიათის ანალიზი, თუ ამ საქმეში თვითონ ავტორს არ დავიხმარებთ. ავტორი კი საკუთარი პერსონაჟების შეფასებაში ერთობ სიძუნწეს იჩენს. თითქოს ყველაფერი ცხადია და ავტორის დამოკიდებულება დათიკოსადმი არავითარ ეჭვს არ იწვევს (დათოკო ვერ ეღირსა ზიარებას და ამით ყველაფერი ნათქვამია), რომ არა მცირე რეპლიკა, თითქოს შემთხვევით ნასროლი ავტორის მიერ, რომელიც გვაიძულებს უფრო ღრმად ჩავყვეთ დათიკოს ხასიათს:
„ჰმ, სიცილით მოკვდა ტირილით ნაშობი“ .
სხვაგან (გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზე) ილია ჭავჭავაძე თითქოს საგანგებოდ ეხება ადამიანის სიკვდილისწინა მდგომარეობას და არაოზროვნად იმეორებს ცნობილ გამონათქვამს:
„პაწია ყრმავ, ეხლა როცა პირველად მოდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარშემო კი ყველას სიხარულის ღიმილი მოსდის, იყავ ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგსვლოდეს“ (ჭავჭავაძე 1987: 423).
ყველა სტიროდეს და მარტო მას მოსდიოდეს ღიმიო. დათიკო კი (მიუხედავად ყოველივესი), სწორედ სიცილით მოკვდა ტირილით ნაშობი (?!)
თითქოს ნაწარმოების ლოგიკას და ავტორის დათქმას ეწინააღმდეგება ეს დეტალი . ერთი მხრივ, თუ ავტორი თვლის, რომ დათიკოს ერთი საქციელის (მყინვართან ტყვეების გამოხსნა) გამო ეპატია მის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული, მაშინ სიკვდილის წინ ზიარება უნდა ღირსებოდა და თუ არ ეპატია,  მაშ, ავტორის ეს ეს ჩარევა რას ნიშნავს, საითკენ მიუთითებს მკითხველს?!
თავისი უჩვეულო და აუხსნელი ხასიათით დათიკომ ვიქტორ ჰიუგოს „ოთხმოცდაცამეტი წელი“ - ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მარკიზ დე  ლანტენაკი გამახსენა (ილია ჭავჭავაძე გატაცებული იყო ჰიუგოთი) , რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად ცეცლმოკიდებული კოშკიდან გლეხის ბავშვები გამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა.
მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ  სწორედ ლანტენაკის ნებით წაუკიდეს კოშკს ცეცხლი.
... როდესაც სამშვიდობოს გასულმა  მარკიზ დე ლანტენკმა ბავშვების დასახსნელად უკან დაბრუნება გადაწყვიტა, კარგად იცოდა, რომ ამით ის გილოტინასთან ბრუნდებოდა.
.„...სხვა ლანტენაკი გამოვიდა სცენაზე. გველეშაპი გმირად იქცა. გმირზე მეტად, ადამიანად გარდაიქმნა და ამ ადამიანმა არა მხოლოდ სული, გულიც ადამიანური გამოამჟღავნა. კაცისმკვლელი კი არა, გაჭირვებულთა დამხმარე და მფარველი ედგა თვალწინ გოვენს. „ (ჰიუგო 2013: 376)
დათიკომაც ხომ კარგად იცოდა, რომ მყინვართან ტყვეების დახსნით საკუთარი ბედი გადაწყვიტა  (აკი არ დაკარგა სანთელ-საკმეველმა თავისი გზა?). ის ასევე კარგად იცნობდა გაბრიელს და იცოდა, თავისი შერმადინი ამ საქციელს არ აპატიებდა, რადგან ძალიც შესწევდა ქადილისა.
აქაც სხვა დათიკო  გამოვიდა სცენაზე. გველეშაპი აქაც გმირად იქცა. გმირზე მეტად, ადამიანად გარდაიქმნა და ამ ადამიანმა არა მხოლოდ სული, გულიც ადამიანური გამოამჟღავნა. 
მართალია, ღმერთმა არ აპატია დანაშული დათიკოს და უზიარებლად გაისტუმრა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ავტორმა დაუტოვა შანსი, რათა  ადამიანს თავისი უკანასკნელი ქმედებით ბოროტებაზე გამარჯვებით ეხარა.
ჰმ, სიცილით მოკვდა ტირილით ნაშობიო...
ამ შემთხვევაში ვერც ჰიუგო და ვერც ილია ჭავჭავძე ადვილად ვერ იმეტებენ  ადამიანს. მათ სჯერთ ადამიანის. სჯერათ, რომ რაც არ უნდა უსამართლო და ავისმქნელი ყოფილიყო ადამიანი, მას მაინც რჩება შანსი, სიკეთე გააკეთოს.
დათიკო, როგორც პერსონაჟი, ავტორის აღმოჩენააა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ხასიათი, შესაძლებლობა სიგრძე– სიგანითა გვაქვს გააზრებული. ამიტომ მისი დაწვრილებით ანალიზისგან ამჯერად თავს შევიკავებ. ვფიქრობ, ის ცალკე ფორმატს ითხოვს...
დაბოლოს, „მკითხველს ალბათ გული წყდება  რომ პეპიასა და დათიკოს მსგავსად (ესენი კონფლიქტში უშუალოდ ჩართული მხარეები არიან და შესაბამისად ორივეს თავიანთი წილი ცოდვა აძევს კისერზე) ვერც გაბრიელი ეღირსა  ზიარებას და შენდობას. არადა თითქოს ყველაფერი მზად იყო  ამისთვის. მღვდელს ხელში სანაწილე ეჭირა და სულ რაღაც წამებში გაბრიელის  ცოდვილი სულიც იგრძნობდა ტანჯვის შემსუბუქებას, მაგრამ  რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა და  გაბრიელიც არ დაემორჩილა მოძღვრის რჩევას (აღარც ავტორის სურვილს)  და მუხლებზე წამომართული  შუამავლის გარეშე წარსდგა  უზენაესი სამსჯავროს წინაშე.
ისეთი სურათი იხატება,  რომ ბრალდებული ძალით შეიჭრა სასამართლო დარბაზში და  ასე თავაუწევლად (იცის, რომ მისი ცოდვილი სული ვერ გაუძლებს ღვთიურ ნათელს) და უზენაესი მსაჯულის წინაშე მკაცრი განაჩენის მოლოდინში  გაერთხა მიწას.
არ შეიწყალეს.
კაცის კვლა, შურისძიება არ ეპატია. არ ეპატია, რადგან ეს მის ბუნებასთან შეუთავსებელი  იყო . მას, ვისგანაც ის  პატიებას ელოდა, მისი არსება შურისძიებისთვის არ შეუქმნია.  ეს ძალზე მძიმე ტვირთი აღმოჩნდა მისთვის. არც ის  გაითვალისწინეს, რომ  ის აიძულეს შურისმაძიებელი გამხდარიყო . აიძულეს სიყვარულის სახელით.  გამწარებული მამის ნებამ  ფიცით შეკრა (ჰამლეტივით) და  საკუთარი მიზნის განხორციელებას დაუმორჩილა  გაბრიელში დანთებული ცეცხლი“ (არგანაშვილი 2018:147)
შექსპირის ჰამლეტი ფეოდალური საზოგადოების მრავალვარი ტვირთის მზიდველია, მაგრამ მათში უმთავრესი მაინც შურისძიების ადათია. შურისძიება კი, როგორც პოეტი (მუხრან მაჭავარიანი) ამბობს: „... ყველა გრძნობაზე ძლიერია“. ზემოთ ვწერდი, მეცხრამეტე საუკუნის ქართული მწერლობა მთლიანად შუა საუკუნეების დაძლევის მოტივით წარიმართა-მეთქი და „შუა საუკუნეებში“ მრავალ ანტიჰუმანურ  წესსა და ადთს  შორისს უპირველესად მაინც შურისძიების („სისხლი სისხლის წილ..“ ტრადიციას ვგულისხმობდი. შემთხვევითი არ არის, რომ ილია ჭავჭავაძემ, ვაჟა-ფშაველამ, ალექსანდრე ყაზბეგმა შურისძიების საპირისპიროდ შემწყნარებლობის თემა აქციეს უპირველეს საკითხად  და ქრისტიან ერის დაკარგული ზნეობრივი სიმაღლეები დაანახეს. ჩვენთვის სწორედ ამ ნაწარმოებთა რიგში განიხილება ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“ და უშუალოდ მისი ერთ-ერთი პერსონაჟი გაბრიელი. როგორც ვნახეთ, გაბრიელი თავისი შურისძიებით წინ აღუდგა ამ ადათს და მისმა მხატვრულმა სიმართლემ ლამის გადაწონა ისტორიული სინამდვილე. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ რომ ვერც ცხოვრებაში და ვერც მხატვრულ ტექსტში ყველა შურისმაძიებელი შექსპირის ჰამლეტი ვერ იქნება. თუმცა შედარებითმა მეთოდმა დაგვარწმუნა, რომ ამ ორ მხატვრულ ტექსტს შორის მსგავსება და ლიტერატურული პარალელები ნამდვილად არსებობს.  ასევე დაგვარწმუნა, რომ პერსონაჟთა მსგავსება და იდეის ზოგადსაკაცობრიო ხასიათი ტექსტის ინტერპრეტაციის  უფლებას იძლევა. ხოლო „ ტექსტის ყოველი ახალი, დასაბუთებული ინტერპრეტაცია უნდა მოვიაზროთ არა როგორც ტრადიციის დარღვევა, არამედ როგორც ნაცნობი ტექსტის კიდევ ერთი ახალი, უცნობი რაკურსის აღმოჩენა (რატიანი 2015: 219).
იმედი მაქვს, ამ შესაძლებლობას მკითხველი მიიღებს, როგორც ერთგვარ დიალოგს წარსულსა და აწმყოს შორის. როგორც ჩვენს დროთა დარღვეული კავშირის  აღდგენის მცდელობას, რომლის დაწყება ყველა დროს და ყველა დონეზე ერთნაირად საშური საქმეა..
დამოწმებანი:
არგანაშვილი 2018: არგანაშვილი გია. „ლიტერატურა ცხოვრებისათვის“. „კრიტიკა“ 2018,
გრიშაშვილი 1965: გრიშაშვილი იოსებ. თხზულებანი, ტომი 5, მინიატურები, ლიტერატურული ნარკვევები. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი 1965.
ვაჟა -ფშაველა 1979: ვაჟა-ფშაველა, ლექსები, პოემები. „საბჭოთა საქართველო“ თბილისი 1979წ წ.
ნინიძე 2005: ნინიძე მარიამ. „მხატვრულ სახეთა სისტემა და რელიგიური დისკურსი „ოთარაანთ ქვრივში“ , თბილისი 2005.
რატიანი 2015: რატიანი ირმა. „ქართული მწერლობა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესი“ შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტი, თბილისი 2015წ.
შექსპირი 1954: შექსპირი უილიამ. ტრაგედიები, ტომი 2. თბილისი, გამომცემლობა „საბჭოთა მწერალი“. 1954
ჭავჭავაძე 1988: ჭავჭავაძე ილია. თხზულებანი, ტომი 2. მოთხრობები, პიესები. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1988 წ.
ჭავჭავაძე 1987: ჭავჭავაძე ილია. პუბლიცისტური წერილები. ტომი 4. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ 1987წ.
ჰიუგო 2013: ჰიუგო ვიქტორ. „ოთხმოცდაწამეტი წელი. გამომცემლობა „პალიტრა L” თბილისი 2013 წ. 
***
(სტატია დაიბეჭდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ჟურნალში  „ლიტერატურულ ძიებანი“,  2018 წელი)скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge