გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული უთანასწორობა, როგორც სოციალური პრობლემა ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინეს“ მიხედვით

                    
 ,,ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თავისი ღირსებითა და უფლებებით თანასწორი. 
ადამიანებს მომადლებული აქვთ გონება და სინდისი და ისი
ნი ერთმანეთს ძმობის სულისკვეთებით უნდა ეპყრობოდნენ“.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამუხლი
 1

   
   XIX-XX საუკუნეების მიჯნის ცნობილი მწერლის ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებაში კარგად ჩანს ამ ეპოქისათვის ნიშანდობლივი არაერთი მახასიათებელი, რომელთაგან აღსანიშნავია ბრძოლა სამართლიანობისათვის. სამართლიანობის იდეას მწერალი უკავშირებს პიროვნების თავისუფლებისა და სოციალური უთანასწორობის პრობლემებს.  ეგნატე ნინოშვილის მოთხრობებს მნიშვნელოვანს ხდის ის გარემოება, რომ მან ერთ-ერთმა პირველმა აღწერა გლეხთა ცხოვრება, მათი ბრძოლა სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ. ეგნატე ნინოშვილმა მხატვრულად განაზოგადა და გვიჩვენა თუ როგორ ბადებს სოციალური უსამართლობა ხალხში პროტესტის გრძნობას. ზოგადად, სოციალურ ჩაგვრას არაერთი ასპექტი აქვს, მათგან ერთ-ერთი  მძიმე გამოვლენაა გენდერული უთანასწორობა. მწერალმა მოთხრობაში „ქრისტინე“ ერთ-ერთმა პირველმა წამოწია გენდერული უსამართლობის საკითხი ქართულ მწერლობაში და დაგვაფიქრა ქალის ბედსა და საზოგადოებაში გამჯდარ სტერეოტიპებზე, რომლებიც შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს ქალისთვის, როგორც ქრისტინეს შემთხვევაში მოხდა. მწერალი ბრალს სდებს არსებულ წყობილებას იმ სოციალურ უსამართლობაში, რომელიც გაბატონებულია ქვეყანაში. ეგნატე ნინოშვილი თავისი სოციალურ-პოლიტიკური, ეთიკური და გენდერული იდეალებით გვევლინება ღრმად ჰუმანისტური მრწამსის მწერლად.   
საკვანძო სიტყვები: გენდერი, სოციალური პრობლემა, სამართლიანობა 
ქალთა პრობლემები ყოველთვის იყო მწერლობისთვის მნიშვნელოვანი თემა, მაგრამ  მეცხრამეტე საუკუნის ბოლო მკაფიოდ გამოირჩა იმით, რომ ქალებმა თავად დაიწყეს ბრძოლა განათლებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში  ჩართვისათვის. ქალისა და მამაკაცის წინააღმდეგობრივ ურთიერთობას, მეცნიერების ისეთ დარგებთან ერთად, როგორებიცაა სოციოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, მხატვრულმა ლიტერატურამაც მიაქცია ყურადღება. რა თქმა უნდა, მწერლობაზე უკეთ ვერავინ იგრძნობდა ქალთა პრობლემებს, ლიტერატურა ხომ ყველაზე უკეთ აღიქვამს და ასახავს საზოგადოებაში არსებული ურთიერთობის ფორმებს, მისთვის დამახასიათებელ მენტალიტეტს, ტრადიციას და, თავის მხრივ, გავლენას ახდენს  სინამდვილეზე.
„მეცხრამეტე საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოში სამწერლობო ასპარეზზე გამოდიან ახალი თაობის მწერლები, „მესამედასელები“, რომლებმაც კიდევ უფრო მძაფრად ასახეს  ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემები“ (ქართული ლიტერატურის ისტორია, V, 1980 :5). მათი ნაწარმოებები მიმართული იყო სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ, ისინი ოცნებობდნენ თანასწორობის იდეაზე, რაც იმ დროს მიუღწეველი იყო, რადგან “იქ, სადაც გლეხი დროებით ვალდებულია თავისი ბატონისა, კანონის წინაშე,თანასწორობას უფრო თეორეტიკული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პრაქტიკული. იქ თანასწორობა მშვენიერი სიტყვაა და არა განხორციელებული პრინციპი”(ხიზანიშვილი, 1882, ჟურნ“იმედი“#2). ზოგადად, სოციალურ ჩაგვრას არაერთი ასპექტი აქვს, მათგან ერთ-ერთიმძიმე გამოვლენაა გენდერული უთანასწორობა.
მეოცე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწერლის ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებაში ნათლად აისახა სოციალური ვითარება, რომელიც საქართველოში ბატონყმობის გაუქმების შემდეგ შეიქმნა. მწერალმა მოთხრობებში ასახა სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა ცხოვრება და მათ შორის არსებული უთანასწორობა,  უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი ჩაგრული გლეხები, რომელთაც ერთი მხრივ, თავად-აზნაურობა(რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა გავლენა), მეორე მხრივ კი მეფის თვითმპყრობელური რეჟიმი ჩაგრავდა.
ეგნატე ნინოშვილის შემოქმედება საინტერესოდ ასახავს ადამიანის  სულიერ სამყაროში მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებს, პიროვნულ თავისუფლებასთან დაკავშირებულ შინაგან წინააღმდეგობებს, ტრადიციული მორალისგან გათავისუფლების სირთულეებს. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ქალთა სოციალური  როლის ჩვენება, რასაც მის არა ერთ მოთხრობაში ვხვდებით. თუმცა, ამჯერად ერთ მათგანზე შევჩერდებით. ესაა მოთხრობა „ქრისტინე“ (1892 წ. ), რომელშიც მწერალმა შესანიშნავად აღწერა თავისი ეპოქის ქალთა მდგომარეობა, მათი პრობლემები და  სურვილები.
ქრისტინე თხუთმეტი- თექვსმეტი წლის ულამაზესი გოგოა, სოფლელი გლეხის შვილი. აზნაურის ბიჭი, იასონი, მოტყუებით, ტკბილი სიტყვით და ცოლად მოყვანის პირობით შეაცდენს. მნიშვნელოვანია, რომ იასონს ასეთი საქციელი პირველად არ ჩაუდენია, ავტორი მისი დახასიათებისას, აღნიშნავს, რომ„სოფელ ნიგვზიანში ბევრ ტკბილ ცოლ-ქმრობას გადაესხა მწარე ნაღველი იასონის წყალობით, ბევრი ოჯახის ტკბილი ცხოვრება შეირყა და გამწარდა, ბევრ გასათხოვარ ქალს მოეხადა ლეჩაქი“(ქართული პროზა XV, 1988:289).
ქალის შეცდენა, გაუპატიურება, მიტოვება  თითქმის ყველა ქვეყნის ლიტერატურაში გვხვდება, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როგორია ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ამ პერსონაჟის მიმართ და როგორ იცავს ის გაუბედურებულ ქალს?
ამ კითხვებზე ნაწარმოები მკაფიო პასუხს გვაძლევს. 
იასონისაგან მიტოვებული ქრისტინე გარიყულია საზოგადოებისაგან, ანუ სოციუმი სარგებლობს „შეურაცხყოფილის შემდგომი შეურაცხყოფის უფლებით“(გელაშვილი, 2005:10). ოჯახში კი ქრისტინე ძალადობის მსხვერლია, მამა  სცემს, ტირილსაც უკრძალავენ, ხოლო დედა ხშირად სთხოვდაღმერთს: „მომიკალი ჩემი ქრისტინაი და შავიჩამაცმევიე მასზეო“ (ქართული პროზა XV, 1988:300). ოჯახის და საზოგადოების გულქვაობა ნათლად ჩანს, მაგრამ რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო? როგორ იცავს ან საერთოდ იცავს თუ არა გაუბედურებულ ქალს? სახელმწიფო ცდილობს, მსხვერპლი გამოიყვანოს დამნაშავედ და ამით კიდევ უფრო მძაფრდება მიტოვებული ქალის ტრაგედია:„ერთმა გაქნილმა ადვოკატმა, რომელიც უქმაძის ვექილად იყო ამ საქმის გარჩევის დროს, პირველი სიტყვის წარმოთქმითვე დაამტკიცა დათიას საჩივრის უსაფუძვლობა და დათია პირში ჩალაგამოვლებული გამოისტუმრა სასამართლოდან“(ქართული პროზა XV, 1988: 301).
ქრისტინეს ტრაგედიაში უმნიშვნელოვანესია სოციალური გარემოსა და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების როლი. აბა, როგორ შეიძლება, გლეხის ულამაზესი გოგო ქრისტინე და მშვენიერი აზნაური იასონი ერთად იყვნენ, თუნდაც მათ შორის დიდი სიყვარული იყოს?! ამას არ დაუშვებენ იასონის მშობლები, ამას არ დაუშვებს საზოგადოება. რა ვქნა, შენს შერთვას მშობლები არ მანებებენ და სჯობს, დამივიწყოო, -სწერს ვაჟი მას. ყველასაგან მიტოვებულ, გაუბედურებულ ქალს თვითმკვლელობაზე ბევრჯერ უფიქრია, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა.
საზოგადოებისაგან, უპირველეს ყოვლისა კი, საკუთარი ოჯახისაგან უარყოფილი ადამიანისათვის, თვითმკვლელობა ერთადერთ გამოსავლად ჩანს.
ქალზე მამაკაცის ძალადობა რომ იშვიათად არ ხდებოდა მაშინდელ საზოგადოებაში და ეს პრობლემა გლეხის ქალებისთვის თითქმის საყოველთაო იყო, ამაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ავტორი  მოთხრობაში სონას თავგადასავლის შემოტანით. გლეხების აუტანელ ყოფას თან ერთვოდა სახელმწიფო ბეგარა 15 მანეთის ოდენობით, სწორედ ამ თანხის გამო, 12 წლის გლეხის გოგო სოფიო ოჯახმა მიაბარა თავად ლევან ძველისენიძის ოჯახს, რომელმაც იძალადა სოფიოზე და აქედან დაიწყო ქალის სოციალური, პიროვნული და ზნეობრივი გადაგვარება, ეს ამბავი გახდა  სოფიოს სონად გადაქცევის წინაპირობა.
ქრისტინეს სულიერ კრიზისსა და ტრაგედიას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარემო განაპირობებს. იასონს რომ გამბედაობა და გულმოწყალება გამოეჩინა და ქრისტინე შეერთო, ვინ იცის, იქნებ ორივე ბედნიერი ყოფილიყო. ქრისტინეს სიყვარული ვაჟის მიმართ იყო წრფელი, განსხვავებით იასონის ცოლისგან, რომელიც მან სოციალური სტატუსის გამო შეირთო და, როგორც ავტორი გვიამბობს, ისინი ხშირად ღალატობდნენ ერთმანეთს.
გაუბედურებულ, ღირსებაშელახულ ქრისტინეს თავის გადარჩენის ერთადერთ გზად სახლიდან გაქცევა დარჩა. ის იძულებულია, მიატოვოს საყვარელი შვილი, რაც სიკვდილზე მეტი სასჯელია მისთვის. ის ხომ ოცნებობდა შვილთან ყოფნაზე, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, წარმოდგენასა და რეალობას შორის იშვიათადაა თანხვდომა, ქრისტინეს არ ეღირსა შვილის გაზრდა, მას არ აცალეს შვილთან ყოფნა. მან უნდა გადაირჩინოს თავი, მოიწყვიტოს მკერდს პატარა გოგი და წავიდეს ქალაქში, სადაც „მხსნელად“ სონა ევლინება. ასე აღმოჩნდება ის ერთი უკიდურესობიდან მეორეში.
ავტორი ოსტატურად გვიხატავს ზნეობრივად სუფთა, უმანკო ქრისტინეს სულიერ ჭიდილს, როცა მარტოდმარტოა ქალაქში და ფიქრობს თავის გაუბედურებულ ცხოვრებაზე. ქალის წინაშე დგას სოციალური გამოწვევები, ახალისინამდვილე, რომელიც მისგან, როგორც საზოგადოების წევრისგან, აქტიურ ქმედებას მოითხოვს. მწერალს შემოჰყავს მოთხრობაში კიდევ ერთი ქალი - ნატალია, ისიც გაუბედურებული წარსულით, უკვე მოხუცი, რომელიც ცდილობს, ახალგაზრდა ლამაზი ქალების ხარჯზე სარგებელი ნახოს. ნინოშვილი არ ერიდება პროსტიტუციის პრობლემის შემოტანას. ნატალია გადარჩენის ერთადერთ გზად ქრისტინეს ამ საქმიანობას უსახავს, მერე რა რომ ეს უზნეო გზაა,„ რა ვუყოთ, ასე რომ არ მოიქცეთ, უარესია, შიმშილით მოკვდებით და თქვენს გვამს მიწაში უმადურათ დასჭამს ჭიაო“-ეუბნებოდა ნატალია ქალებს (ქართული პროზა XV, 1988: 301).
ქრისტინეს ერთადერთი იმედი სონაა, რომლის პიროვნულ ტრაგედიაში დამნაშავე სოციალური ყოფაა, ცხოვრებისეულმა სისასტიკემ მიიყვანა სონა ამ დონემდე, იცის სონამ, რომ მისი ცხოვრება არაფერია, გრძნობს თავის ტრაგედიას და მიჰყვება ცხოვრების დინებას, რადგან ერთხელ ჩავარდნილი ამგვარი ცხოვრების მორევში, ვეღარ ხედავდა თავდახსნის გზას და მიცურავდა მის ტალღებში.
დიდხანს ებრძვის ქრისტინე  თავს, ფიქრობს თავის ტრაგიკულ ბედზე: „შინ დაბრუნება აღარ შემიძლია, მართალია მე შინა მიყვარს, ცას და ქვეყანას მირჩევნია, მაგრამ მე აღარ ვუყვარვარ შინას, ყოველ დღე იმას მიჩიოდნენ- მომკვტარიყავი, უკეთესი იყოვო. ახლა, რომ მივიდე, ბაბას ვერ გადავურჩები მოუკლავი. არა, შინ აღარ არის ჩემდა, გავათავე, მოვშორდი შინას! აწ, აქანაი უნდა გევიკვლიო რამე, მარა რაი?“ (ქართული პროზა XV, 1988:330). ბოლოს გადაწყვიტა და დასთანხმდა ნატალიას წინადადებას. ასე იქცა უმშვენიერესი გლეხის გოგო ქრისტინე ურიის ქალ რახილად. ერთხანს ოფიცრის ხასა იყო, შემდეგ ოფიცერს მობეზრდა და დაიწყო მარტო ცხოვრება ქრისტინემ. მისი სილამაზე თანდათან დაჭკნა, ბოლოს კი შეზარხოშებულმა ყმაწვილებმა ვერ გაიყვეს ურიის ლამაზი ქალი,  სახე დაუსერეს, როგორც ნივთს, სათამაშოს  და გულწასული მარტო დატოვეს. ამის შემდეგ ქრისტინე მათხოვრობით ირჩენდა თავს, ხშირად უპუროდ იყო, რადგან ფულის ყადრი არ იცოდა. თუ ვინმე უწყალობებდა, ერთიანად ხარჯავდა, სხვა მათხოვრებს უმასპინძლდებოდა. ამით გვიჩვენა ავტორმა, რომ ქრისტინე არ იყო ახალი გამოწვევებისთვის მზად, მან ვერ შეძლო დამოუკიდებლად ცხოვრება, ის იყო მსხვერლი როგორც ძველი ისე ახალი ცხოვრებისა და, საერთოდ, ის იყო მსხვერპლი საყვარელი მამაკაცის, ოჯახის, საზოგადოების, უსამართლო სამართლის. უდანაშაულო ქრისტინე იძულებული გახადეს, მიეტოვებინა ოჯახი და საყვარელი შვილი, რომელიც დაბადებიდან განწირული იყო სოციალური და მორალური ჩაგვრისთვის(მას ხშირად აძახებდნენ-ბუშალიო) და ქალაქში, ავადმყოფმა, მარტოდმარტომ დალია სული საავადმყოფოში. სიკვდილის წინაც ვერ ეღირსა, უკანასკნელად ენახა თავისი სოფელი ნიგვზიანი, ოჯახი, შვილი, და-ძმანი.  ურიის ქალი რახილა, ორმა მესაფლავემ მიაბარა თბილისის მიწას. ბოლოს, მწერალი მესაფლავეს ათქმევინებს ჩივილს ადამიანის უსამართლო ბედზე: „რა არის კაცის სიცოცხლე! ვინ იცის, ეს დედაკაცი საიდან იყო მოსული და ეხლა სად დაიმარხა?“(ქართული პროზა XV, 1988:343).
ქრისტინეს ტრაგედიაში დამნაშავეა იასონ უქმაძის მორალი. ქალის ცხოვრება მაშინ დაინგრა, როცა იასონმა შეაცდინა. ეს ტრაგედია კიდევ უფრო გააღრმავა მშობლებისა და და - ძმის სისასტიკემ. ისინი როგორც ძაღლს, ისე ექცეოდნენ ისედაც გაუბედურებულ ქრისტინეს. 
მოთხრობაში აისახა XIX საუკუნის ქართული სოფლის მორალიც. ქრისტინეს ოჯახი ხომ საზოგადოებრივი მორალის წინაშე პატიოსნად შესრულებულ ვალდებულებად თვლიდა ფეხმძიმე ქალის ცემას. „თქვენ თუ სინდისი გქონდეს, ბუშიანი ქალი არ გეყოლებოდათ ოჯახშიო“. -ეუბნებიან მათ გაბრაზებული მეზობლები. „ახლა სიკტილი არ ჯობს ჩემ სიცოცხლეს!“(ქართული პროზა XV, 1988:301)-იტყოდა გულში დათია  და მეზობლებზე გაბრაზებული სცემდა ქრისტინეს.  დამნაშავეა ბურჟუაზიული ქალაქის მორალიც, რომელმაც გააუფასურა ყველაფერი, თვით ქალის ფიზიკური არსი. ამ ყველაფრის წინაშე კი უსუსურია ქრისტინე, რომელსაც არ შესწევს ძალა ბრძოლისათვის. ის მოუმზადებელი აღმოჩნდა ცხოვრების პირისპირდა იღუპება კიდეც.
         ამ მოთხრობით, ეგნატე ნინოშვილი შეეცადა, საზოგადოება დაეფიქრებინა ქალის ბედზე. მწერალმა გამოკვეთა საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპები, რომლებიც უბიძგებდნენ გაუბედურებულ ქალებს თვითმკვლელობისკენ, სულიერი სიმარტოვისკენ ან მეძავობისკენ.
ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ იმდროინდელი  ეპოქის სოციალურ-პოლიტიკურ სურათს აღადგენს ჩვენს წარმოსახვაში და თვალნათლივ შეგვახსენებს იმ მარადიულ კავშირს, რაც ოდითგანვე არსებობს ლიტერატურასა და ეპოქას, მწერლობასა და სინამდვილეს შორის.
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გია არგანაშვილი - შექსპირული მოტივები ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში გია არგანაშვილი - შექსპირული მოტივები ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / მომხმარებლები გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი - ჰანა არენდტის მეტათეორიული მოძღვრება და კოსმოპოლიტური ნაციონალიზმი გორვანელი - ჰანა არენდტის მეტათეორიული მოძღვრება და კოსმოპოლიტური ნაციონალიზმი ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები დავით ანდრიაძე  -  მწერალი — ძალაუფლების ინვესტორი დავით ანდრიაძე - მწერალი — ძალაუფლების ინვესტორი ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული ბადრი ფორჩხიძე - ნგრევის ამაოებისა და ამაოების ნგრევის  დიალექტიკა ბადრი ფორჩხიძე - ნგრევის ამაოებისა და ამაოების ნგრევის დიალექტიკა ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / გამოქვეყნებული