გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნუგეშა გაგნიძე - გოეთე და ანტიკურობა ნიცშესთან

გოეთე და ანტიკურობა განსაკუთრებულ ადგილს იჭერს როგორც ნიცშეს ფილოსოფიურ თხზულებებში, ასევე მხატვრულ პროზაში, ფრაგმენტებსა და აფორიზმებში, ეპიგრამებსა და ლირიკაში. მისთვის გოეთე არის გენიოსი, რომელმაც მოახერხა ყოველგვარ ფასეულობათა თავმოყრა, ანტიკურობისა და თანადროულობის, იდეალურისა და რეალურის  შერწყმა, სახელმწიფოს უმთვრესი მიზნის წარმოჩენა, კულტურათა ამოცანის ჩვენება. გოეთეს მეშვეობით შეიმეცნა ნიცშემ, თუ როგორი შეიძლება იყოს ძლიერი ნების მქონე თავისუფალი ადამიანი. გოეთე ნიცშესათვის ის უზარმაზარი ზღვაა, რომელშიც ყველა შენაკადი იყრის თავს, რომელიც ძლიერი ინდივიდის მრავალფეროვნებისა და სრულყოფილების აბსოლუტურ გამოვლინებას წარმოადგენს. ნიცშეს აზრით, მან დაძლია მე-18 საუკუნის მეოცნებე, ღრმად სულიერი, არარეალური განწყობილება, საკუთარ შემოქმედებაში თავი მოუყარა და განასხეულა ისტორიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიღწევები. მისი სახე ნიცშესათვის ხშირად აპოლონურის იდენტურია.როგორც ცნობილია, ანტიკურობის რეცეფციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ხელოვნებასა და ლიტერატურაში რენესანსული პერიოდიდან. მე-17-18 საუკუნეებში იგი დაკავშირებული იყო მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებასთან, ისტორიული პროცესების ახლებურ ხედვასთან, საზოგადოებაში მომხდარ ცვლილებებთან, რევოლუციურ სულისკვეთებასთან. გოეთესათვის მას ორმაგი დატვირთვა აქვს – „კლასიკური“ და „თანადროული“. ხოლო რომანტიკოსთა აზრით, გოეთეს სიდიდე იმაში მდგომარეობდა, რომ მან „არსებითად თანამედროვე“ „არსებითად ანტიკურს“ დაუკავშირა. ლიოვიტი აღნიშნავს, რომ შლეგელი შეცდა, როცა გოეთე ახალი კულტურული პერიოდის დამწყებად მიიჩნია. „XIX საუკუნის ისტორიაში იგი უკანასკნელია, რომელმაც შეიგრძნო, რომ პრობლემა – „განსხვავება“ – ანტიკურობასა და თანადროულობას, წარმართულ რელიგიასა და ქრისტიანობას შორის არ არსებობს“ (ლიოვიტი 1978: 217).
გოეთე გვევლინება სწორედ იმ ხაზის გამგრძელებლად, რაც რენესანსიდან დაიწყო, და რაც ანტიკურისათვის თანადროული მნიშვნელობის მინიჭებაში მდგომარეობდა. ფრიდრიხ ნიცშეც შეიძლება აღნიშნული  ტრადიციის გამგრძელებლად მივიჩნიოთ ფილოსოფიისა და ლიტერატურის ისტორიაში. ამავდროულად მის მიერ ანტიკური სახეებითა და სიუჟეტებით შექმნილ სამყაროში ყოველთვის ფიგურირებს გოეთეს სახე, როგორც იმპულსების მიმცემი ანტიკურ სახეთა და თემათა მოდერნიზებისათვის. გოეთესთან ერთად ნიცშეს სრულიად ახალი, განსხვავებული, ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ჩაღრმავებებითა და ჭეშმარიტების ძიების დაუცხრომლი წყურვილით აღვსილი პოეტურ-მითოლოგიური სამყაროსათვის ასევე არსებითია პირად-ინტიმური განწყობილებები და მისი თანადროული ისტორიულ-პოლიტიკური სიტუაცია – ბისმარკის ეპოქა.
ანტიკურობის საკითხის კვლევისას ნიცშეს შემოქმედებაში წინა პლანზე წამოიწევა თამები: 1. ტრაგიკული ანტიკურობა 2. არისტოკრატიული ანტიკურობა 3. დიონისური რელიგია 4. სოკრატეს წინმორბედი ფილოსოფოსები 5. ანტიკური სალექსო ზომები და რითმები. ეს უკანასკნელი კი ანტიკურ მუსიკას უკავშირდება. ამავდროულად საყურადღებოა ნიცშეს მიერ შემოქმედბითი მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდში ჩამოყალიბებული შეხედულებები ანტიკურ განმანათლებლობაზე, ელინიზმზე, ალექსანდრიულ ეპოქაზე და ანტიკურ ქრისტიანობაზე. ნაკლებად მნიშვნელოვანია ნიცშესთან რომი, ანტიკური მხატვრობა, კომედია, ზევსის რელიგია, აფროდიტე და ჟამთააღმწერლობა. აღნიშნულ თემებზე საუბრისას ნიცშე არაერთხელ მიმართავს გოეთეს.
გოეთეს მსგავსად ნიცშეც მიიჩნევდა, რომ კლასიკური საბერძნეთი იყო ადამიანებისა და ბუნების ერთიანობის ყველაზე ნათელი მაგალითი. ისინი ერთნაირად იყვნენ ჰომეროსით გატაცებული და ორივე მათგანი წარმოაჩენდა მას ღმერთის ტოლ შემოქმედად, რომელიც ბუნების მსგავსად ქმნიდა. ჰომეროსისეული ნაივურობა ნიცშესათვის აპოლონურ ილუზიაზე გამარჯვებას ნიშნავდა და იგი შეესაბამებოდა ხალხის სულიერ განწყობილებას, რომელიც ყოფიერებისადმი შიშითა და აპოლონური ილუზიით იყო გაჟღენთილი.
გოეთეს მიმართავს ნიცშე, როცა ბუნებას უყურებს როგორც „თანამედროვე სულისათვის“ დამამშვიდებელ საშუალებას. ამავდროულად წინა პლანზე წამოიწევა „აპოლონურის“ კატეგორია, რომელსაც „დიონისური“ გადაეჯაჭვება და ამ გზით მიიღწევა სრულყოფილება –  მთლიანობას წარმოქმნის დაპირისპირებულ ძალთა ჭიდილი. ხელოვნების განვითარებაც ნიცშეს მიერ ჰერაკლიტესებურადაა გააზრებული. ერთმანეთს ებრძვის ორი სახე – აპოლონური და დიონისური.
ტრაგედიის დაბადების ავტორი არ იფარგლება ხელოვნების საკითხებზე მხოლოდ ზოგადი მსჯელობებით. იგი მიიჩნევს, რომ ხელოვნების ორი სახე სამყაროს ორი საწყისის – აპოლონურისა და დიონისურის – გამოვლენაა. სამყაროს მეტაფიზიკურ საწყისთა ამგვარი გაგებიდან, ნიცშეს თანახმად, შემდეგი დასკვნა გამომდინარეობს: ხელოვნება, ადამიანი, კულტურა მხოლოდ მაშინაა სრულყოფილი, როცა მასში ორგნულად არის შერწყმული სამყაროს ორივე საწყისი. ტრაგედია სწორედ ამ სრულყოფილების ნიმუშია (ნიცშე 1980, ტ.I: 82), მაგრამ ხელოვნების ამ სახეს აღსასრულიც ჰქონდა. ნიცშეს აზრით, ისტორიული განვითარების გარკვეულ ეტაპზე სამყაროში ახალი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა, მსოფლმხედველობა, რომელიც მეცნიერული სულით იყო გამსჭვალული და ანგარიშს აღარ უწევდა დიონისურს. ტრაგედია, სამყაროს ტრაგიკული განცდა მოჰკლა განსჯის, ლოგიკის, მეცნიერების ადამიანმა, შმაგი დიონისე შეიწირა „თეორეტიკოსმა“ სოკრატემ, მითი – ცოდნამ. ასე დაიწყო ევროპული კულტურის ისტორიაში დაცემის ხანა, წარმოიშვა მეცნიერულ მსოფლგაგებაზე დამყარებული ახალი კულტურა – ალექსანდრიული (ნიცშე 1980, ტ.I: 116). ნიცშეს აზრით, თანამედროვე ადამიანი დიონისურისაგან დაცლილ, ცალმხრივად განვითარებულ კულტურაში ცხოვრობს. ამით აიხსნება ტრაგედიის დაბადების ავტორის მკვეთრად უარყოფითი პოზიცია თანადროული კულტურისა და, საერთოდ, თანადროული ეპოქის მიმართ. ნიცშე ხედავს შეუსაბამობას ადამიანის ჭეშმარიტ დანიშნულებასა და თანადროულ ეპოქას შორის. მაგრამ ოპტიმისტურადაა განწყობილი, რადგან ბახის, ბეთჰოვენის, ვაგნერისა და გოეთეს შემოქმედებაში დიონისური მსოფლშეგნების ნიშნებს ხედავს (ნიცშე 1980, ტ.I:  116).
გოეთეს სახე ნიცშეს ნაშრომში, ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან, პირველად ჩნდება მაშინ, როცა ავტორი ბერძნული ტრაგედიის აპოლონურ ნაწილზე წერს: ადამიანი, ამაღლებული ტიტანამდე (ასეთად წარმოუდგენია ნიცშეს გოეთე), თავად ქმნის კულტურას და აიძულებს ღმერთებს მას დაუკავშირდნენ, რადგან სწორედ მას გააჩნია გონი და საკუთარ ბედს თვითონვე განაგებს (ნიცშე 1980, ტ.I: 67-68). ნიცშეს აზრით, საოცარი ამ ლექსში ის არის, რომ გამქრალა ღვთის შიში და ამავდროულად იგრძნობა აქილევსისეული მისწრაფება სამართლიანობისაკენ. ნიცშეს მახვილ მზერას არ გამოპარვია ახალგაზრდა გოეთეს ნაწარმოებში (პრომეთე) წარმოჩენილი თამამი ვნება: ძლიერი ინდივიდის ნებას წარმოადგენს, თავად მოიპოვოს ცეცხლი და „ნაივურ კაცობრიობას“ მოუტანოს იგი.
ნიცშეს აზრით, ანტიკურობის საუკეთესო მოწაფეებად გოეთე, შილერი და ვინკელმანი გამოდგებოდნენ. მათ კარგად ისწავლეს, თუ როგორ უნდა შეექმნათ. ისინი იყვნენ დიდი გერმანელები, რომლებიც ბერძნების მსგავსად ცდილობდნენ გერმანული განათლების სისტემა, გერმანული მეცნიერება და კულტურა საკუთარ ნიადაგზე, ეროვნული წიაღიდან განევითარებინათ. არ არსებობს ხელოვნებაში სხვა ისეთი პერიოდი, როცა განათლება და ხელოვნება ერთმანეთის წინაშე ასე გაუცხოებული და წინააღმდეგობრივად  განწყობილი ყოფილიყო, როგორც ეს ნიცშეს ეპოქაში ხდებოდა, და რაც მას თანადროულობის ყველაზე არსებით პრობლემად მიაჩნდა.
სამყაროს ბუნებრივ და ანტიმითიურ ახსნას ცდილობს ნიცშე ნაშრომში ადმიანური, ერთობ ადამიანური. ამ გზით უკავშირდება იგი „ბერძნულ-რომაულ განმანათლებლობას“. ადმიანური, ერთობ ადამიანური წარმოადგენს ერთგვარ კრებულს შრომებისა, რომელებიც ახალგაზრდა ნიცშემ ანტიკური მატერიალიზმისა და დემოკრიტეს შემოქმედების კვლევას მიუძღვნა. ამავდროულად მასში იგი განიხილავს რელიგიური კულტის წარმომავლობის საკითხს და აკავშირებს მას ადამიანისა და ბუნების ურთიერთმიმართების საკითხთან. მისი აზრით, „ადამიანი არის წესი, ბუნება – უწესრიგობა“ (ნიცშე 1980, ტ.II: 112), მაგრამ ადამიანები ამას პირიქით შეიგრძნობენ. „რაც უფრო მეტად მდიდარია დღეს ადამიანი შინაგანად, მით უფრო პოლიფონიურია მისი სუბიექტი, მით უფრო ძლევამისილად მოქმედებს მასზე ბუნება; ჩვენ ყველანი გოეთესთან ერთად შევიგრძნობთ ბუნებაში თანამედროვე სულის დამამშვიდებელ ძალას“ (ნიცშე 1980, ტ. II: 113) – წერს ნიცშე ადამიანური ერთობ ადამიანურის პირველ ნაწილში რელიგიური ცხოვრება და იქვე მიუთითებს, რომ დიდ ხელოვანთათვის არარელიგიურობაა დამახასიათებელი. ჰომეროსი თავის ღმერთებთან ერთად შინ გრძნობს თავს და როგორც პოეტი ისეთ სიამოვნებას განიცდის მათთან, აუცილებლად ღრმად არარელიგიური უნდა იყოს. მკაცრი და საშიში ცრურწმენის მიუხედავად, რაც მან ხალხისაგან შეისისხლხორცა, ისე თავისუფლად და ამავე დროს კრძალვით მოქმედებდა, როგორც მოქანდაკე თავის თიხასთან, როგორც ესქილე და არისტოფანე, რომელთა ზეგავლენითაც ახალ დროში გამოირჩეოდნენ რენესანსის დიდი ხელოვანნი ასევე შექსპირი და გოეთე (ნიცშე 1980, ტ. II: 121-122).
ადამიანური, ერთობ ადამიანურის მეოთხე ნაწილში ხელოვანთა და მწერალთა სულიდან ვრცლად წერს ნიცშე გენიოსის კულტზე. (ნიცშე 1980, ტ.II: 151) და მიუთითებს, რომ გერმანელები უნდა ქმნიდნენ ანტიკური ავტორებისა და შექსპირის მსგავსად, მაგრამ არ უნდა დაივიწყონ ფრანგებიც. ვოლტერი ნიცშესათვის არის უკანასკნელი დიდი შემოქმედი, რომელიც პერსონაჟებით მდიდარი შემოქმედებით არ ჩამოუვარდება დიდ ბერძენ დრამატურგებს. „და მას შეეძლო ის, რაც არც ერთ გერმანელს არ შეეძლო, რადგან ფრანგების ბუნება უფრო ახლოა ბერძნებთან, ვიდრე გერმანელების“ (ნიცშე 1980, ტ.II: 183).
ნიცშეს საჭიროდ არ მიაჩნია ახალი თემებისა და ხასიათების ძებნა, არამედ საკმარისია ძველი, ნაცადი მასალის ახლად გასულიერება და გადაკეთება: ეს არის ხელოვნება, როგორც ეს მოგვიანებით გაიგო და შეიმეცნა გოეთემ, ისე როგორც ის ბერძნებსა და ფრანგებს ესმოდათ. (ნიცშე 1980, ტ.II: 184).
გოეთე და ანტიკურობა ორიგინალური სახით იკვეთება ადამიანური, ერთობ ადამიანურის მეორე ტომის პირველ განყოფილებაში – შერეული აზრები და შპრუხები, რომლის 170-ე აფორიზმია გერმანელები თეატრში. გერმანელთა უპირველეს და უდიდეს თეატრალურ ტალანტად ნიცშეს მიაჩნია კოცებუ, მეორე დიდი მოვლენა გერმანული დრამატურგიისა იყო შილერი, რომელმაც გერმანელები საყოველთაოდ გაახალგაზრდავა, ხოლო გოეთე გერმანელებზე მაღლა იდგა (და ეს დღემდე ასეა), ის მათ არასოდეს უსმენდა. გოეთეს ეპოქაში გერმანელებს არ შეეძლოთ გოეთეს სულიერებით ეცხოვრათ. ამიტომაც არის იგი „ზეგერმანული“ მოვლენა. ისევე როგორც ბეთჰოვენმა შეძლო დაეწერა „ზეგერმანული“ მუსიკა, შოპენჰაუერმა – „ზეგერმანული“ ფილოსოფია, ასევე გოეთემ თავისი „ტასოთი“ და „იფიგენიათი“ „ზეგერმანული“ დრამატურგია შექმნა, და ნიცშე დაასკვნის: „ნეტარ არიან, ვისაც გემოვნება აქვს მაშინაც კი, როცა ეს ცუდი გემოვნებაა!“ ნიცშე 1980, ტ.II: 448). თვით ბერძნებიც, რომლებიც კონკრეტულ ცნებათა გამოყენებისას ძალზე ფრთხილობდნენ, ბრძენს გემოვნებიან კაცს უწოდებდნენ, ხოლო გემოვნება გულისხმობდა სიბრძნეს, ხელოვნების სიყვარულსა და მოვლენათა გაცნობიერების უნარს (ნიცშე 1980, ტ.II: 449). ნიცშე გერმანულ სიტყვას (გემოვნება) ლათინურ „sophia“-ს (სიბრძნე) უფარდებს და გემოვნებიან, ბრძენ ბერძენთა დიდ მემკვიდრედ გოეთეს მიიჩნევს. ხელოვნება როგორიც ჰომეროსმა, სოფოკლემ, თეოკრიტემ, კალდერონმა, რასინიმ, გოეთემ შექმნა, კაცობრიობას გამოადგება ცხოვრების სწორად წარმართვისათვის, და ეს არის ხელოვნება, რომლის ფლობაც ნიცშეს სურს, რომელიც აუცილებელია თანამედროვეობისათვის (ნიცშე 1980, ტ.II: 453).
ამრიგად, ანტიკურობისა და გოეთეს რეცეფცია ნიცშეს ნაწარმოებებში ,,ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან" და ,,ადამიანური, ერთობ ადამიანური" არსებითი ხასიათის მქონეა ისეთ პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისას, როგორიცაა ანტიკურობა და თანადროულობა, ინდივიდის ნება, ანტიკური და გერმნული მითოლოგია, ტრაგედია როგორც სრულყოფილი ხელოვნება, დრამატიზირებული ეპოსი, ტიტანამდე ამაღლებული ხელოვანი, ადამიანი და ბუნება, გენიოსის კულტი... გოეთე ეხმარება ნიცშეს პესიმიზმისა და ნიჰილიზმის დაძლევისას. იგი მისთვის ერთგვარი იდეალია – მთლიანობისა და სრულყოფილების საუკეთესო ნიმუში, დიონისურისა და აპოლონურის სინთეზი.

ბიბლიოგრაფია:

Ackermann, Paul, „Goethe und Nietzsche in ihrer Stellung zum Spinozismus der   niederländischen Barockzeit", 55 Blatt, Manuskript. Goethe- und Schiller-Archiv Weimar (Signatur GSA 72/2851).Bertram, Ernst,  „Nietzsches Goethebild“, in:  Festschrift für Berthold Litzmann: zum 60. Geburtstag 18.4.1917 im Auftrage der Literaturhistorischen Gesellschaft, Hg. Carl Enders. Bonn 1920, 318-361.
Borchmeyer, Dieter, „‚Dichtung der Zukunft’? Goethe, der Überdeutsche, im Bilde Nietzsches“, in: Natur und Kunst in Nietzsches Denken, Hg. Harald Seubert. Köln 2002, 5-22.
Cancik, Hubert, Nietzsches Antike. 2. Aufl. Stuttgart 2000.
Gerber, Hans Erhard, Nietzsche und Goethe: Studien zu einem Vergleich. Bern 1953.
Heftrich, Eckhard, „Nietzsches Goethe: Eine Annäherung“. Nietzsche Studien 16 (1987): 1-20. 
Löwith, Karl, Von Hegel zu Nietzsche: Der Revolutionäre Bruch im Denken des 19. Jahrhunderts. 7. Aufl. Hamburg 1978. 
Meyer, Theo, „Nietzsche und Goethe: Goethes Wirkung auf Nietzsches Lebens-, Kunst- und Kulturbegriff“. Perspektiven der Philosophie 27 (2001): 223-268. 
Nietzsche, Friedrich, Die Geburt der Tragödie, In: Nietzsche Fr. Sämtliche Werke: Kritische Studienausgabe in 15 Bänden (KSA), Hg. Giorgio Colli und Mazzino Montinari. Bd. 1, München 1980.
Nietzsche, Friedrich, Menschliches, Allzumenschliches I und II, In: Nietzsche Fr. Sämtliche Werke: Kritische Studienausgabe in 15 Bänden (KSA), Hg. Giorgio Colli und Mazzino Montinari. Bd. 2, München 1980.
Ottmann, Henning, Hg., Nietzsche-Handbuch: Leben, Werk, Wirkung. Stuttgart 2000.

скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / მომხმარებლები დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები ნუგეშა გაგნიძე - ნიცშეს ლირიკა ნუგეშა გაგნიძე - ნიცშეს ლირიკა ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge