გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გორვანელი - მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიის მნიშვნელობა შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის მოძღვრებათა შედარებითი ანალიზის საფუძველზე

ქართული ფილოსოფიის ისტორია არაერთ დასამახსოვრებელ ფაქტსა და მოვლენას ინახავს, რაც საუკუნეების მანძილზე ინვრცობოდა, შინაარსობრივად და სტრუქტურულად ვითარდებოდა, მტკიცდებოდა დასავლური თუ აღმოსავლური ტენდენციებით. ეპოქათა გამოძახილი ბიძგის მიმცემი გახდა XX საუკუნის ქართული ფილოსოფიისათვის. 1910-ნი წლებიდან, საქართველოში ძალას იკრებს ახალგაზრდა მოაზროვნეთა გაერთიანებები, რომელთა მიზანი XVIII საუკუნეში მოღვაწე განმანათლებელთა მიზანსა და დანიშნულებას მოგვაგონებს. ამ პერიოდში, როგორც საქართველოს დედაქალაქში, ისე სხვა რეგიონებში ფუძნდება მცირე სასწავლო დაწესებულებები, სადაც მრავალი საჯარო ლექცია და დისკუსია იმართება. აღნიშნული პროცესების განვითარებაში, განსაკუთრებული წვლილი, რა თქმა უნდა, ქართველმა ფილოსოფოსებმა შეიტანეს. 
მეოცე საუკუნის დასაწყისში, დასავლური გავლენებით, საქართველოს რეალობაში ფეხს იკიდებს და საფუძვლიანად მკვიდრდება სხვადასხვა საზოგადოებრივი თუ საბუნებისმეტყველო მეციერებები, მათ შორის უნდა გამოვარჩიოთ რამდენიმე, რომელთა განმტკიცება სამომავლო წარმატებებს უქადდა ქართულ საზოგადოებრიობას: ფსიქოლოგია, ანთროპოლოგია, პოლიტოლოგია, ეთნოგრაფია, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, პალეონტოლოგია და გეოგრაფია. რაც შეეხება ფილოსოფიასა და მათემატიკას, მათ ცალსახად ვერ მივაკუთვნებთ საზოგადოებრივ ან საბუნებისმეტყველო დარგებს, რამდენადაც ისინი მოიაზრებიან ზემოაღნიშნულ მეცნიერებებში თანაბრად. 
1910-ნი წლებიდან საქართველოში გამოიკვეთა რამდენიმე მოაზროვნე: შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, სერგი დანელია, ივანე ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, პეტრე მელიქიშვილი. ისინი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ერთ მიზანს ემსახურებოდა მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობა: საქართველოს კეთილდღეობასა და ერის ინტელექტუალურ განვითარებას. 
შალვა ნუცუბიძის აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობა იწყება 1913 წელს, როდესაც მან გამოაქვეყნა 2 ნაშრომი: ,,ბოლცანო და მეცნიერების თეორია“; ,,კითხვები ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაზე“, ტომი I-II. სანქტ-პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოქვეყნებულმა წიგნებმა დიდი მოწონება დაიმსახურა რუსი და გერმანელი ფილოსოფოსების მიერ. მოგვეხსენება, ამ პერიოდში ნუცუბიძე ლაიფციგის უნივერსიტეტში სწავლობდა (1911-1914 წწ), სადაც 1915 წელს მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, მანამდე კი (1910 წელს), დამთავრებული ჰქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტი.
აღნიშნული ნაშრომები, მართალია, პირველი მცდელობა იყო ნუცუბიძისათვის, მაგრამ წიგნებში განხილულმა საკითხებმა, დასმულმა პრობლემებმა და მათი გადაჭრის გზების ძიებამ ნამდვილად აღტაცებაში მოიყვანა თეორიული ფილოსოფიის მესვეურები.
1915 წელს ნუცუბიძეს დოქტორის ხარისხი მიანიჭეს გერმანიაში. ამავე წელს, მან შექმნა ფილოსოფიური მიმდინარეობა - ალეთოლოგია, რომელიც მომავალში ,,ალეთოლოგიური რეალიზმის“ სახელით გახდა ცნობილი. გარკვეული გარემოფაქტორების გათვალისწინებით, აღნიშნულ ფილოსოფიურ სისტემას არ მოჰყვა შესაბამისი განვრცობა და აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე, რასაც სიცოცხლის ბოლომდე აღნიშნავდა შ. ნუცუბიძე.
შემდეგ წლებში, ნუცუბიძემ კიდევ რამდენიმე ნაშრომი გამოაქვეყნა: ,,ხელოვნების თეორია, მონისტური ესთეტიკის საფუძვლები“, თბილისი, - 1920 წელი; ,,ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“, ბერლინი, - 1926 წელი; ,,ფილოსოფია და სიბრძნე“, ბერლინი, - 1931 წელი; ,,ფსევდო დიონისე არეოპაგელის საიდუმლოება“, თბილისი, 1942 წელი; ,,რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“, თბილისი, 1947 წელი; ,,ქართული ფილოსოფიის ისტორია“, ტომი I – 1956 წელი, ტომი II – 1958 წელი, თბილისი.
           აღნიშნულმა ნაშრომებმა ფუნდამენტურად შეცვალა ფილოსოფიის გაგება და განაზრება ქართულ ცნობიერებაში. ევროპული და აღმოსავლური ფილოსოფიური სიღრმეები ნუცუბიძემ თავისი ინტერპრეტაციით გააცოცხლა. საკუთარი თავი მაინც აღმოსავლურ ფესვებთან წარმოედგინა, მისი ყოველი ტექსტი ღრმა ანალიზს წარმოადგენს ადამიანის არსობრივი მახასიათებლისა, სადაც ლოგიკური დინამიურობა, ესთეტიური გარდასახვა და ეთიკური მდგრადობა სრულად შენარჩუნებულია. მის ტექსტებზე დიდი გავლენა მოახდინა გერმანულმა იდეალიზმმა და იმ ბუმბერაზმა წარმომადგენლებმა, რომლებიც გერმანულ ფილოსოფიას ჰყავდა. ნუცუბიძეს ეხმარებოდა გერმანული ენის ცოდნა... ორიგინალში კითხულობდა რა გერმანულ ტექსტებს, სწორ და მართებულ განაზრებას, სიღრმისეულ რეცეფციას ეწეოდა იმ მოაზროვნეებისა, რომელთა გავლენებით სრულად იყო მოცული. მაგალითად, როდესაც შ. ნუცუბიძე ესთეტიკის პრობლემებზე საუბრობს, ის ეყრდნობა ვილჰემ ჰეგელის მოსაზრებებს, შეიძლება ვთქვათ, რომ ჰეგელის განმარტებებს ესთეტიკის შესახებ იზიარებს, მაგრამ, ამავდროულად, ამდიდრებს მას და ანტიკურობაში ეძიებს ესთეტიკის საფუძვლებს, მეტიც, ესთეტიკას, როგორც მოძღვრებას, უსაბამებს მონიზმის ელემენტებს, რაც აშკარად გვხვდება სოფიზმში. 1920 წელს გამოცემულ ნაშრომში აშკარად იგრძნობა სუბიექტური იდეალიზმის სრული გათავისება და შემეცნება. 
შალვა ნუცუბიძის ფილოსოფიური მრწამსი თეორიულია და სრულად ეყრდნობა ნეოპლატონიზმს. თეორიულ ფილოსოფიაში მოღვაწე ქართველ ფილოსოფოსებს ნუცუბიძის ნაშრომები ფუნდამენტად, შთაგონების წყაროდ გადაექცათ. 1926 წელს გამოცემულ ნაშრომში ნუცუბიძე ცნობიერების ფსიქოლოგიურ მახასიათებელს გვიჩვენებს, მიანიშნებს რა ჭეშმარიტების მუდმივ ცვალებადობაზე, ცნობიერებასაც არაერთგვაროვან სუბსტანციად განიხილავს, რომელიც მუდმივად ივსება და სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის. 
1930-იან წლებში ქართული ფილოსოფიის ავანსცენაზე კიდევ რამდენიმე ძლიერი ფილოსოფოსი გამოჩნდა: მოსე გოგიბერიძე, სავლე წერეთელი, ანგია ბოჭორიშვილი, კოტე ბაქრაძე. შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფია, შალვა ნუცუბიძესთან და სერგი დანელიასთან ერთად, ზემოაღნიშნული ოთხი პიროვნების მხრებზე დგას. მათ, სხვადასხვა წლებში, არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნეს ფილოსოფიის მრავალ საკითხთან დაკავშირებით, დაწყებული ანტიკური ფილოსოფიის განხილვით, გაგრძელებული ნეოპლატონიზმით, სქოლასტიკით, შუა საუკუნეების ფილოსოფიითა და დამთავრებული გერმანული იდეალიზმით, ფიხტეს, შელინგის, ჰეგელისა და შოპენჰაუერის განმარტებით.
მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფიისათვის ეგრედწოდებული მეორე პერიოდი იწყება 1960-იანი წლებიდან, როდესაც ჩვენი ქვეყნის ფილოსოფიურ არენაზე გამოჩნდა რამდენიმე მოაზროვნე: თამაზ ბუაჩიძე, ოთარ გაბიძაშვილი, გურამ თევზაძე, ოთარ ბაკურაძე, მერაბ მამარდაშვილი. ჩამოთვლილი ფილოსოფოსებიდან მხოლოდ მერაბ მამარდაშვილმა განვლო საკუთარი ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუმცა ბოლო წლებში ის საქართველოში დაბრუნდა და თსუ-ს პროფესორად მუშაობდა. 
თამაზ ბუაჩიძემ დიდი გავლენა მოახდინა მომდევნო ათასწლეულის ფილოსოფიურ აზროვნებაზე. მისი ნაშრომები ეხება ისეთ პრობლემატურ საკითხებს, როგორიცაა ჰეგელის მიერ ფილოსოფიის არსების განაზრება და ჭეშმარიტების ობიექტურობის პრობლემა. აღნიშნულ პრობლემებს მან მიუძღვნა 2 ნაშრომი. 
ოთარ გაბიძაშვილის ფილოსოფიური მრწამსი უფრო ტელეოლოგიურია. ის მუშაობდა რელიგიათმცოდნეობისა და ეთიკის მიმართულებით, ავტორია რამდენიმე ნაშრომისა, რომელთა შინაარსი განსაზღვრულია იდეალისტური პათოსით.
           გურამ თევზაძის მოღვაწეობა გერმანული ფილოსოფიის ფუნდამენტურ შესწავლას მოიცავს. ის გვევლინება გამორჩეულ კანტიანელად ქართულ რეალობაში, რაც გამოხატულია კანტის შესახებ მისი ნაშრომების შინაარსით. თევზაძემ გერმანული კლასიკური იდეალიზმის ვრცელი განმარტება შემოგვთავაზა.
           ოთარ ბაკურაძე ისევე, როგორც ზემოაღნიშნული სამი მოაზროვნე, სისტემური ფილოსოფიის განმავითარებლად მოგვევლინა. ის მუაობდა დიალექტიკურ და ისტორიულ მატერიალიზმში, ასევე ეთიკისა და ფილოსოფიის ისტორიის მიმართულებით. 
           მერაბ მამარდაშვილის მოღვაწეობა აღსავსე იყო ვარიაციებით, ყოველგვარი სისტემისა და განსაზღვრულობის წინააღმდეგ ილაშქრებდა. მისი ამოსავალი წერტილი ცნობიერებაში მიმდინარე პროცესების შესწავლასა და განმარტებაში მდგომარეობდა. 
ჩვენი ტექსტის მთავარი მიზანია ერთმანეთს შევადაროთ გერმანული ფილოსოფიის დოგმატური წიაღიდან ამოზრდილი, ფენომენალურად მოაზროვნე ფილოსოფოსის - შალვა ნუცუბიძისა და ფრანგული ფილოსოფიის სტრუქტურალისტური პარადიგმებიდან ამოზრდილი, გამორჩეული მოაზროვნის - მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიური შეხედულებები, განვსაზღვროთ და გავაანალიზოთ თუ რა დადებითი ფონი შექმნა დღევანდელი გადასახედიდან ამ ორმა მოაზროვნემ ქართული ფილოსოფიის ისტორიაში. ზემოთ წარმართული დისკურსი იმისათვის დაგვჭირდა, რომ თვალნათლივ დაგვენახა მეოცე საუკუნის სააზროვნო სივრცე და ის ადამიანები, რომლებიც ამ სივრცეს ქმნიდნენ თავიანთი ცხოვრებით.
მეოცე საუკუნის პირველ ოცდათწლეულში შალვა ნუცუბიძისა და მისი თაობის წარმომადგებლების სრული დომინაცია შეიმჩნევა, რასაც თან მოჰყვა კავკასიაში პირველი ეროვნული უმაღლესი სასწავლებლის დაარსება (1918). შემდეგი პერიოდი გამოირჩევა რეჟიმის (საბჭოთა კავშირის) სიმკაცრითა და საქართველოში მოღვაწე მეცნიერებისა და მწერლების მასიური დევნითა და შევიწროვებით. ამის ფონზე, ნუცუბიძე ახერხებს წვდომა არ დაკარგოს გერმანიასთან, სადაც მან დოქტორის ხარისხი მიიღო (1915). ის 1926 და 1931 წელს აქვეყნებს 2 ნაშრომს (ბერლინში, გერმანულად), სადაც გერმანული იდეალიზმის უშუალო გავლენას განიცდის. ნუცუბიძე არ უშინდება რეჟიმის მხრიდან დევნის შესაძლებლობას და 40-იან წლებში ხელს ჰკიდებს ისეთ მნიშვნელოვან საქმეს, როგორიც ჩვენი კულტურის, ისტორიისა და ფილოსოფიის საკვანძო საკითხია: ფსევდო დიონისე არეოპაგელისა და ქართველი მოღვაწის - პეტრე იბერის იგივეობის დადასტურების მცდელობა. 1942 წელს აქვეყნებს ნაშრომს, სადაც ზედმიწევნით არგუმენტირებულად ასაბუთებს აღნიშნულ პიროვნებათა იგივეობას. თანადროულად სტალინთან ამყარებს უშუალო კავშირს და მისი დავალებით იწყებს ,,ვეფხისტყაოსნის“ რუსულ თარგმანს. მართალია, ხელოვნურად ძალმოსილება შეზღუდული, მაგრამ შ. ნუცუბიძე ფარ-ხმალს არ ყრის, ცდილობს ბოლო წუთამდე დარჩეს საყვარელი საქმისა და სამშობლოს სადარაჯოზე, თავისი აზროვნებითა და ქმედებებით.
მერაბ მამარდაშვილმა, ისევე, როგორც მეოცე საუკუნის 80-იან წლებამდე თითქმის ყველა მეცნიერმა, საქართველოს საზღვრებს გარეთ, კერძოთ - რუსეთში, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა 1955 წელს და ამ პერიოდიდან იწყება მისი სამეცნიერო მოღვაწეობა. მამარდაშვილი საქართველოში არ ბრუნდება 1987 წლამდე. რუსეთში ის ეზიარება თანადროული ტენდენციების შინაარსს, პოსტმოდერნიზმსა და სტრუქტურალიზმს, რომელიც 50-ანი წლების საფრანგეთიდან მომდინარეობს. რუსეთში მამარდაშვილი სამეცნიერო თანამდებობებს იკავებს და მივლინებით მოძრაობს ევროპის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, სადაც კითხულობს ლექციების კურსს ცნობიერებისა და აზროვნების ფორმების შესახებ.
ნუცუბიძის ფილოსოფია სისტემური, მტკიცე და წვრილმანურად განსაზღვრულია გერმანელი ავტორიტეტების წიაღში ჩამოყალიბებული თვალთახედვებით, რასაც ვერ ვიტყვით მამარდაშვილის ფილოსოფიაზე. ეს უკანასკნელი ცდილობს მაქსიმალურად ამორფული ფილოსოფია შექმნას, თითქოსდა უბრუნდება ანტიკურ ,,ჩვეულებას“ და ახერხებს ზეპირი ლექციებით გადმოსცეს საკუთარი აზროვნების ორიგინალობა. მისი სიცოცხლის პერიოდში გამოვიდა რამდენიმე წიგნი, მაგრამ ვერც ერთ მათგანზე ვერ ვიტყვით, რომ სისტემურ ფილოსოფიასთან გვაქვს საქმე. ,,აზროვნების ფორმები და შიგთავსები“ გამოიცა 1968 წელს, რომელშიც, ძირითადად მისი ლექციების კურსია გაერთიანებული, ისევე, როგორც ,,ცნობიერების ტიპოლოგიაში“, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა. აგრეთვე, ,,სიმბოლო და ეჭვი“ 1982 წელს, ა.მ. პიტიგორსკთან თანაავტორობით. აღნიშნულ წიგნში საუბრობს ფრანგული სტრუქტურალიზმის გავლენით, სადაც ვერბალური ბარიერი დაიძლევა ნიშანთა შინაგანი ფორმებით. მისთვის ეჭვი აზროვნებაა და სიმბოლოები - ფარული ნიშნებია.
გამორჩეული მოაზროვნეების ტექსტებს ახასიათებთ მომდევნო ეპოქებზე წარუშლელი კვალის დატოვება, ნიშანდობლივ ზეგავლენას ახდენენ მათი ტექსტები მომავლის ადამიანთა ცნობიერებაზე. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ შალვა ნუცუბიძისა და მერაბ მამარდაშვილის ტექსტებმა ეს შესძლეს. ორი, აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის მოაზროვნე, რომელთა მოღვაწეობის პერიოდში მრავალი დამაზიანებელი ფაქტი მოხდა მეცნიერებისა და ფილოსოფიის წინააღდეგ მიმართული, როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთმანეთს არ იცნობდა. 
მერაბ მამარდაშვილი უფრო მომავლის ფილოსოფოსია, ვიდრე შალვა ნუცუბიძე. დღევანდელ ჩვენს რეალობას ნუცუიძის ფილოსოფია შეესაბამება და ესადაგება, მეტიც, ნუცუბიძეც მომავალია დღევანდელი ქართული ფილოსოფიისათვის, სადაც სრული ქაოსი სუფევს. ხომ წარმოვიდგენთ, ალბათ ნუცუბიძეს მასობრივად 50 წლის შემდეგ გაიაზრებენ, მამარდაშვილის გააზრების პრედიკატი კი - 100 წლით განისაზრვრება. 
           მამარდაშვილი ზედმეტად პრაგმატისტია, ლაკონიზმით ხასიათდება მისი მსჯელობების კონტექსტი. ნუცუბიძე ბუნებით ეგზისტენციალისტია, მისი დისკურსი ღრმა ნოსტალგიითა და სენტიმენტალიზმით ხასიათდება, ის იდეალისტურ საფუძვლებზე დგას.
           ნუცუბიძესთან ვხვდებით ჰეგელის, ფიხტესა და ჰაიდეგერის ვრცელ რეცეფციას. სუბიექტური იდეალიზმის განხორციელებას შალვა ნუცუბიძე თავის მოძღვრებაში შეეცადა ,,ალეთოლოგია“, მაგრამ სრულყოფილებამდე ვერ მიიყვანა ეს ნაშრომი. ვფიქრობ, ჰაიდეგერსა და ნუცუბიძეს ბევრი საერთო აქვთ, თუნდაც ,,ყოფნის“ თითქმის იდენტური განაზრების გამო. ჰაიდეგერი სუბსტანციის გარე წერტილზე მიანიშნებს, რაც საგანს განსაზღვრავს, ნუცუბიძე კი - თავად საგანში, საგნის შიგა შრეებში ეძიებს საგნის ონტოლოგიურ სუბსტანციას. უნდა აღინიშნოს, რომ ფიხტესეული სუბიექტური იდეალიზმის განხორციელებას ვხვდებით ნუცუბიძის მოძღვრებაში. 
მეოცე საუკუნის ქართული ფილოსოფია განაპირობა 15-მდე ქართველმა მოაზროვნე-ფილოსოფოსმა, რომელთა ღვაწლი განუზომელია ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. შალვა ნუცუბიძე და მერაბ მამარდაშვილი ანტიპოდები არიან, მაგრამ მათი მოძღვრება, საბოლოოდ, ერთ ჭეშმარიტებას ებღაუჭება, როგორც ცისა და მიწის ბინადრები.скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
გორვანელი - პეტრე იბერის ცხოვრება, მოღვაწეობა და მასთან დაკავშირებული სპეკულაციები გორვანელი - პეტრე იბერის ცხოვრება, მოღვაწეობა და მასთან დაკავშირებული სპეკულაციები ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი - ჰანა არენდტის მეტათეორიული მოძღვრება და კოსმოპოლიტური ნაციონალიზმი გორვანელი - ჰანა არენდტის მეტათეორიული მოძღვრება და კოსმოპოლიტური ნაციონალიზმი ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / კრიტიკა / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე დათო კაკაურიძე - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და ნუგეშა გაგნიძე ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - აწსუ 85 გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - აწსუ 85 ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები იაშა კუჭუხიძე   -  შალვა ნუცუბიძის მოგონებებიდან იაშა კუჭუხიძე - შალვა ნუცუბიძის მოგონებებიდან ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / ფილოსოფია / გამოქვეყნებული
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge