გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

იაგო ქებურია - ლექსები

                                                            ახალგაზრდა პოეტი იაგო ქებურია დაიბადა სამეგრელოს ერთ-ერთ ულამაზეს რაიონში (ამჟამად ქალაქი) ჩხოროწყუში, 2001 წლის 30 ნოემბერს. ვერლიბრების წერა დაიწყო რამდენიმე თვის წინ. აგრეთვე, წერს ლიტერატურულ კრიტიკას. მისი პირველი კრიტიკული წერილი გამოქვეყნდა ,,ლიტერატურულ საქართველოში’’. მისი ტექსტები სტაბილურად ქვეყნდება. თ. ქართველიშვილის ფსევდონიმით აქვეყნებდა ვერლიბრებს. ძალიან უყვარს ლია სტურუა, რომელსაც რამდენიმე ლექსი უძღვნა.  


* * *
თითქოს დავღონდი, ძალა არ შემრჩა! -
დავიღალე! -
მოდი უფალო, გთხოვ მომეშველე! -
გადამარჩინე, მიმკურნალე, მიაქიმე,
ჩემო უფალო! -
გზას თუ ამაცდენენ ეშმაკები,
შენ გამისწორე ეს მრუდე გზა, ჩემო უფალო! -
წყაროს წყალივით მორაკრაკებს
ჩემი ცრემლები, ოფლმაც დამასხა! -
მოდი ჩემთან, უფალო! -
ვიცი, ჩემში ხარ
და მე სხვაგან გეძებ! -
ვერსად ვერ გიპოვის ვერვინ,
ვერცა ტაძარში, ვერცა მთაში, ვერცა უდაბნოში,
შენ ჩვენში ხარ, ადამიანში სახლობ,
შენ ჩემში ხარ და მე სხვაგან გეძებ!..
მიშველე! -
უკვე ვეღარ ვძლებ,
არ შემიძლია შენს გარეშე! -
მოდი, მომეშველე!
როცა აყვავილებული ვარ,
არ მახსოვხარ,
როცა ვჭკნები, მაშინ მახსენდები! -
გთხოვ, გთხოვ მაპატიე!..
მომეცი ძალა რომ სულ შენზე ვფიქრობდე -
ჩემი გეზი შენ იყო და არა სხვა!..
ამ ძალის მოცემა შენ შეგიძლია,
მე დავრდომილი ვდგავარ და გევედრები,
მომეშველე უფალო!..
2019


აქა ამბავი
(ლიას, ანუ ჩემს პოეტურ დედას!)
გუშინ ფიქრის თავი ნამდვილად არ მქონდა,
მაგრამ მეფიქრებოდა და მეც ვფიქრობდი...
იმაზე კი არა თუ რა გამოვალ წლების მერე,
პენსია რამდენი მექნება და რამდენი ხანი ვიქნები ცოცხალი.
ვფიქრობდი უფრო დიდზე, უფრო ღრმა რამეზე,
ნურც კოსმოსი გეგონებათ, იქამდე ვერ წვდება ჩემი გონება.
ვფიქრობდი თუ რატომ მიყვარს ლია სტურუა,
ეს პოეზიის მეფე-ქალი(!) დედოფალი კი არა, მეფე-ქალი!..
მე მას ხო არ ვიცნობ, არ შევხვედრივარ, ნათესავი არ არის -
მაგრამ მაინც, ბევრ ნათესავზე მეტად მიყვარს! -
ამას ვფიქრობდი და ჩემი ზურგიდან ვულკანები იფრქვეოდა,
თუხთუხებდა და თახთახებდა ლავა ჩემს ზურგზე.
გუშინწინ გადავიწვი, მზემ დამწვა.
მზემ, რომელიც ძალიან მიყვარდა და მიყვარს,
ჰოდა სიყვარულიც მსხვერპლს მოითხოვს! -
ვფიქრობ, რატომ მიყვარს ასე ძალიან,
რად გავიხადე ხატად, ცხოვრების მანათობელ შუქურად რად ვაქციე?..
ამაზე ფიქრი და ჩემი ზურგის ჩამოქცევ-ჩამოღვენთა ერთ იყო.
ვერ დავიძინე.
თან ზურგი მტანჯავდა და მწვავდა და თან ამაზე ფიქრიც!..
ბოლოს ავიღე ლიას წიგნი,
ვაკოცე და გადავშალე,
როგორც მორწმუნენი გადაშლიან ხოლმე სახარებას!..
მერცხალთა გადამფრენი, აკოკრებული,სევდანარევი ჟღურტულიც არ მაძინებდა.
ვკითხულობდი და ვკითხულობდი ,,სტურუიზმებს''...
და ნელ-ნელა ჩემი ზურგიდან ამოფრქვეული ვულკანები
ნელდებოდნენ, ქრებოდნენ და ჩერდებოდნენ...
და საბოლოოდ მიეძინათ კიდეც ამ მოთახთახე ვულკანებს! -
ღმერთმა უწყის როდის გაიღვიძებენ,
ღმერთმა უწყის როდის დამსჯიან!..
მე კი მაინც ვდგავარ ლიას ,,ხატდან'' და ფეხმოკვეცილი ვბუტბნუტებ რაღაცას,
არც ფსალმუნს და არც საკვირაო ლოცვას,
რაღაც უფრო ადამიანურს, მაგრამ ზებვუნებრივი ძალის მქონეს!..
შევეკედლე ლიას...
შევესისხლხორცე მის ვერლიბრებს!...
მისი რემინინსცენცია ვარ! -
ესეც ჩემთვის დიდი პატივია!..
საძინებელი ოთახი ჩემი დაღვრილი სისხლითა და ოფლით
და კანსგამოსული დაღვრილი გრძნობებით იყო სავსე!..
ჩემს ოთახში სისხლდიდობა, ოფლდიდობა და დაღვრილი გრძნობდიდობა იყო!..
სიმხურვალე, რომელიც ამ ოთახიდან გადიოდა
ახმობდა და აჭკნობდა, მიწასთან ასწორებდა ყველა სულიერს
რომლისთვისაც პოეზი მხოლოდ ლამაზ ფურცელზე
ლამაზად დაწერილი სიტყვების რახარუხი იყო!..
და ჰოი, ამ ავულკანებულ, აგიზგიზებულზურგიანმა მივიძინე
და დამესიზმრა ლია! -
ხელში ჩემს სიმდიდრეს, ანუ მის წიგნებს მაწვდიდა!
და მეც გამოვართვი!.
ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვერც წარმოიდგენდით! -
ამ დროს თურმე დედამ, რომელიც ჩემს გვერდით იყო
აგიზგიზებულ ზურგზე სველი ნაჭერი დამადო!..
2019


* * *
/ლიას/
ბაბუაჩემის გაცვეთილი პალტო მემოსა.
გავიარე ყვავილების მაღაზიასთან,
მომეწონა ვარდი და გვირილა და მიხაკი და ტიტა და
ჯიბეში ხელი ჩავიწყე, ჩავიქექე ხორბლისფერ ჯიბეში,
იქნებ ამომყვეს რამე-მეთქი,
მაგრამ არა, მაგრამ ვერა, ბაბუას არ დაუტოვებია ჩემთვის...
ვერ ვიყიდე ვარდი და გვირილა და მიხაკი და ტიტა და
მაპატიე დედავ,
ჩემთვის დედაა ლია სტურუა ,,სტურუიზმების'' მქარგა-მხატვარი...
მისი შვილი ვარ, ოღონდ არ მიცნობს...
მისი შვილი ვარ, ,,სტურუიზმების'' შვილი ვარ ოღონდ არ მიცნობს...
მაპატიე დედავ,
ფული არ მქონდა და ვერ გიყიდე
ვარდი და გვირილა და მიხაკი და ტიტა და
ფართოდ, მარაოსავით გაშლილ მინდორში შევინავარდე,
პალტო ხან რას ედებოდა და ხან რას,
სულ მთლად დაიშალა, გაიცვითა, გაიფხრიწა ბაბუის დანატოვარი პალტო.
მოვკრიფე მინდვრის ყვავილები...
შევკარი კონა-კონად და გამოვიდა თაიგული და დაფნა შემოვავლე...
დაფნა ხომ შენი ,,დიდების მომღერალია'' დედავ.
მახსოვს ბებია კრეფდა ხოლმე ასეთ ყვავილებს,
ახმობდა და სვამდა, კარგიაო ჯანმრთელობისთვის...
მეც ამას გჩუქნია, ლია... სხვა ვერაფერი ვერ შემიძლია...
ლარნაკში ჩაახორბლე, ჩაამზისხივე, ჩაალივლივე...
როცა გახმება არ გადაყარო, როგორც ყრი ხოლმე
ვარდსა და მიხაკს და ტიტას და
შეინახე და დალიე და იდღეგრძელე...
ჯანმრთელობისთვის კარგია, დედავ...
მიყვარხარ ძლიერ...
დაფლეთილპალტოიანმა და ხელში მინდვრის ყვავილებიანმა
ჩავუარე ვახტანგ გორგასალს...
დავბრუნდი მასთან და გამახსენდა...
გამახსენდა არა ვახტანგის ძლიერება, არა მისი მგლისთავიანობა,
არამედ მისი შემოქმედი...
ელგუჯა გამახსენდა, ლია...
ამ ცივ ქვას შევეხე ხელით და ვიგრძენი სითბო,
სითბო, რომელიც ელგუჯამ უსახსოვრა ამ ქვას...
ამ ლოდში, ვახტანგის ძლიერებაში, ვნახე ელგუჯას მკლავი,
როგორსაც სვეტიცხოველში ვხედავ ხოლმე უტას მკლავს...
ჩემო ლია,
ჩემო ძლიერო,
ჩემო უკვდავო,
მიყვარხარ!...
რაა ჩემი სიცოცხლე? - არაფერი!
და ამ სიცოცხლეს გჩუქნი შენ!..
შენი იყოს, ლია..
მიყვარხარ....
ბოდიში ამ ნაჯღაბნისთვის!...
2019


* * *
ჩემი გრძნობები სტალაქტიტებივით ჩამოიღვინთა,
როგრც უფლის ხატთან დანთებული სანთელი ისე ჩამოიცრემლა...
დაშვრა და დაშრა, გაქრა და წყალმა წაიღო...
გრძნობები უკვე არ გამაჩნია
და შეგიძლია მირტყა და მირტყა -
მაინც არ მეტკინება,
მე ხომ სიყვარულისა და სიტკბოების
ნაკენჭარიც არ გამაჩნია...
შევყურებ ლარნაკს, რომელიც ხავერდისფერია,
რომელიც ნაგვირილარია,
ახლა კი იქ ჩამპალი წყალი და ავუ სუნია.
მინდა ხელი მოვკიდო,
დავამსხვრიო, ნალარნკარად ვაქციო(!) -
რადგან მან გვირილები დაახმო,
რადგან მან ჩემი გრძნობები ცეცხლს მისცა!
და ახლა, როგორც მიტოვებული მეგრული ოდა,
ძელ და ბოძწაქცეული ვდგავრ
და მე ხელი მომკიდა ეკალბარდებმა, ტყემ და ხეებმა,
რომელსაც ხავსი ახვევია და სურო ახრჩობს,
მაგრამ სადღაც, აქა-იქ გვირილა ჰყვავის.
აი, მიტოვებული ოდის ხიბლი და ფასი...
ამ ხავსმა, ამ სურომ, ამ ხეებმა ჩამილარნაკა...
ყველამ თავის თავში უნდა დაამსხვრიოს დამპალსუნიანი ლარნაკი,
და ისტორიის ქარიშხალს გააყოლოს იგი...
ჩემო გვირილა, შენ ვერ მოგერევა ხავსი და სურო,
ეს ადამიანს წააქცევს იგი...
შემომემზისხივე, ჩემო ხორბლისფერგულიანო გვირილავ!...
2019


* * *
/ვერლიბრი არჩილ ტატუნაშვილს/
ჯალათო! -
ხელი გაუშვი საქართველოს!
მის ნაცვლად მე გამროზგე,
თუ გინდ მე დამშალე ნაწილ-ნაწილ!
გესმის ჯალათო? -
თუ გინდ მომკალი
ოღონდ საქართველოს ხელი არ ახლო!..
ორღობეს დავუყევი
და საქართველო ფეხშიშველმა შემოვიარე,
გთხოვ, ჩემთან მოდი,
მე გამროზგე,
მე მაწამე,
მე მომკალი -
ოღონდ საქართველოს ხელი არ ახლო!..
თუ კაცი ხარ და თუ გმირი გქვია
(ან როდის ყოფილა ჯალათი გმირი!)
მოდი მერკინე, მე შემებრძოლე,
მე თუ დავმარცხდი გადამიარე,
ოღონდ საქართველოს ხელი არ ახლო,
ოღონდ საქართველოს ერთი ფოთოლიც არ ჩამოუგდო!..
ჯალათო! -
გესმოდეს,
შენ შეიძლება მე მომკლა,
მაგრამ საქართველოს ვერ მოკლავ!
გახსოვდეს,
შენ შეიძლება გამროზგო,
მაგრამ საქართველოს შენი როზგი
ცისარტყელად მოედება!
გჯეროდეს,
შენ შეიძლება თვალი დამთხარო,
მაგრამ საქართველოს ვერას დააკლებ!
ჯალათო! -
მოდი, მე გელოდები...
საქართველოს ვერას დააკლებ,
მე გამროზგე და მე მომკალი!
საქართველოს შენ ვერა მაგრამ ჩემი ძმა,
ისევ ქართველი დაამარცხებს!...
ჯალათო! -
გესმის?..
2019


და თითქოს ხე ვარ

და თითქოს ხე ვარ და ხავსმა მომკიდა ხელი,
და თითქოს ხე ვარ და სოკო შემიჩნდა სულში,
და თითქოს ხე ვარ და ყელში მიჭერს მე სუროს კაშნე.
დაეშვა წვიმა და დამისველდა გაშლილი ფოთლები,
თოვს და დამემტვრა მე ძლიერი ტოტები...
ბავშვები თამაშობენ თოვლში,
გუნდ-გუნდად ჯგუფდებიან და ერთმანეთს ესვრიან გუნდებს.
ხან მეც მესვრიან,
მაინც ხეააო და ვერ იგრძობსო,
უსულო არ ისო და არ ეტკინებაო, ამბობენ ასე.
მართლა არ მეტკინებოდა ვფიცავ ყველაფერს,
მაგრამ უსულოააო და მეტკინა, მართლა მეტკინა.
მტკივა ბავშვების ასეთი უგულობა...
და თითქოს ხე ვარ, მწყურია ძლიერ,
მიწაში გართხმული ფესვები მტკივა, ხმება და ჭკნება,
და თითქოს ხე ვარ, წყალში ვიხრჩობი,
მიწაში გართხმული ფესვები ლპება, მტკივა, მიშველეთ ვინმემ...
და თითქოს ხე ვარ,
საჩრდილობლად ამოსული ხე, ალბათ ოდესღაც ლამაზიც ვიყავ
და ძირში მჭრიან,
და ძირში მომჭრეს,
ზამთარი მოდის, უშეშოდ ვერ დახვდებიან ზამთარს.
დიახ, მომჭერით! გაძლევთ მე ნებას,
ჩემი სიცოცხლე რაღად ღირს ჩემთვის.
მომჭერით, გაითბეთ, კიდევ ერთი ზამტარი გადაიტანეთ,
მაგრამ ზაფხულში, როდესაც მზე დაგხრუკავთ,
დნობას დაიოწყებთ, მე ნუ დამაბრალებთ ნურაფერს!..
და თითქოს ხე ვარ,
ვგრძნობ როგორ მომჭრეს,
როგორ მჭრიან მორებად და მერე როგორ მაპობენ,
ვგრძნობ, როგორ ვიწვი ბუხარში,
ვგრძნობ, როგორ გამოდის ჩემი სისხლი ჩემი სხეულიდან,
მაინც ვერ ვერევი ცეცხლს...
და თითქოს ხე ვარ,
ხელი მომკიდა მე სოკომ და საბოლოოდ მომახრჩო სურუმ.
ასე მინდა დავიჯერო თორემ სინამდვილეში
ცემს ჩრდილქვეშ გაზრდილმა,
ცემს ფოთლებსქვეშ დავაჟკაცებულმა მომჭრა,
მან მომისწრაფა სიცოცხლე....
და თითქოს ხე ვ არ,
ვარ კი არა ვიყავი ოდესღაც,
ახლა ნაცარი ვარ, ვარ კი არა ვიყავი,
რადგან მე შემიტანეს ბოსტანში და მიმომაბნიეს
პომინდვრისა და კიტრის ძირებში,
მერე წვიმამ დაუშვა, დავსველდი და შიგ ჩავედი,
უკვე ნაცარიც არ ვარ...
და თიტქოს ხე ვარ,
ვარ კი არა ვიყავი ოდესღაც...
მქონდა მხოლოდ წარსული,
აწმყოს და მომავალს ჩემთვცის არ ეცალათ.
ამ ზამტარს ჩემს ძმასაც აქცევენ ნაცრად
და მერე მასაც ბოპსტანში დამარხავენ...
წაგვიშალე წასრსული, აწმყო და მომავალი გზას აცდა,
ვერ მოაღწია ჩვენამდე.....
და თითქოს ხე ვიყავი და ხავსმა მომკიდა ხელი,
და თითქოს ხე ვიყავი და სოკო შემიჩნდა სულში,
და თითქოს ხე ვიყავი და ყელში არა სუროს კაშნემ,
არამედ ჩემსჩრდილქვეშ და ჩემს ფოთოლქვეშ დავაჟკაცებულმა
მომახრჩო!..
2019


× × × 
ვერ მოვერიე, ვერ დავამარცხე ჩემი გრძნობები,
სისუსტეები, რომელსაც ადამიანურს უწოდებენ ხოლმე.
ძლიერი მეგონა ჩემი თავი, მსურდა მოვრეოდი საკუთარ გრძნობებს,
გრძნობებს, რომლებიც მეეკლებოდნენ მოლიპულ ოცნებებზე...
ვფიქრობდი ჩემს ძლიერებაზე და ვერა და ვერ,
ვერა და ვერ დავუმტკიცე ჩემი ძლიერება,
სხვას კი არა, საკუთარ თავს..
თუმცა მავიწყდება, ხშირად მავიწყდება თავი რო დავკარგე მაშინ...
მოლიპულ გზაზე, შუა ზაფხულში დავდივარ ეკლებიანი ქამანდებით
რომ არ წავიქცე.
ვერ წაროიდგენ, ვერა და ვერა ეს რა ბედნიერებაა...
თუ წავიქცევი, ვერავინ ამაყენებს, ეკალი უჩხვლეტს ყველას
გარდა ჩემი ხორფლისფერი დედისა...
მტკივა. ვინმემ ამაყენეთ წაქცეული.
მაგრამ არავინ იჩხვლეტს ეკალს შენთვის!
,,სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი,,
მაგრამ ის ჩხირი ღობეს ხო ამაგრებს...
მოდი, გამიმაგრე ზურგი!
ვერ მოვერიე, ვერ დავამარცხე ჩემი გრძნობები, ვერა და ვერა!
2019скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge