გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

იოსებ ჭუმბურიძე - ორი აზრი ერთ ქანდაკებაზე

                                        
       ესეს, იაკობ ნიკოლაძეს რომ მიუძღვნა, კონსტანტინე გამსახურდიამ ეპიგრაფად მიქელანჯელოს ეს სიტყვები წარუმძღვარა: „ო, ღმერთო, ღმერთო, რა ძლიერი ხარ შენ ჩემში!“
      ეპიგრაფმა უკვე გაამჟღავნა მოქანდაკის მიმართ მწერლის დამოკიდებულება, რაც კიდევ უფრო ნათელი გახადა ესეს ამგვარმა დასაწყისმა: „ხელოვანი უცილოდ უნდა გრძნობდეს ღვთის ძალას, მის გულში გახმაურებულს. განსაკუთრებით მოქანდაკეს სჭირია ეს - გრანიტის გულცივობასთან და მოუხეშაობასთან მებრძოლს.“
      დარწმუნებული ვარ, თენგიზ კიკალეიშვილის გულშიც ხმაურობდა ღვთის ძალა, როცა გრანიტის გულცივობასა და მოუხეშაობას კონსტანტინე გამსახურდიას სახის შესაქმნელად ებრძოდა.
       თუმცა ბრძოლისა და შემოქმედების ნაყოფი ყველამ ერთნაირად ვერ მიიღო.
       ბევრმა შარჟადაც კი აღიქვა, რაც დაუჯერებელი ვერ იქნებოდა მწერლის მიმართ საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულების ფონზე.
          მაგრამ ისიც ყველამ უწყოდა, თენგიზ კიკალეიშვილი საბჭოური დაკვეთების უსიტყვოდ შემსრულებელი რომ არ იყო.
           მაშ, რა მოხდა? რით უნდა ახსნილიყო ის, რაც ამ უდავოდ საინტერესო ქმნილებაში  არ მოგვწონდა? 
          ყველაფერს ნათელს ჰფენს ზვიად გამსახურდიას სტატია, რომელიც 1984 წელს კი დაიწერა, მაგრამ გამოქვეყნება მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოში  მოხერხდა.
   ***
          რამდენი მითი მოგვისმენია ზვიად გამსახურდიას დაუნდობლობასა და სუბიექტურობაზე?!
          აღნიშნული სტატია კი სრულიად საწინააღმდეგოს გვიდასტურებს.
           როგორი დიდსულოვნებით ცდილობს ქანდაკებისა და მისი ავტორის დაცვას?!
           როგორი დამაჯერებლობით გვიხსნის და გვითვალსაჩინოებს იმის მიზეზებს, რაც თვითონაც არ მოსწონს?!
***
1989 წელს ეს სტატია რეზო ინანიშვილს, ცხადია, წაკითხული ვერ ექნებოდა.
           ძნელი სათქმელია, შეიცვლიდა თუ არა აზრს ქანდაკებაზე, მაგრამ ბევრი რამ მისთვისაც ნათელი გახდებოდა და მოქანდაკესაც ადვილად მიუტევებდა. 1989 წელს კი მისთვის უჩვეულო კატეგორიულობით წერდა: „ მოქანდაკეს ნამეტანი გამბედაობა გამოუჩენია მწერლის წინაშე... ასეთი შეთამამების უფლებას არავის მისცემდა ბატონი კონსტანტინე.“
      ინანიშვილის ასეთი გაბრაზება არ გაგვიკვირდება, თუ სტატიას თავიდან ბოლომდე წავიკითხავთ და იმ დიდ თაყვანისცემას დავინახავთ, რითაც კონსტანტინე გამსახურდიას მიმართ ყოფილა გამსჭვალული. ჯერ მარტო სათაური რად ღირს?! „ბატონი ბატონი კონსტანტინე“ - ეს ხომ არაჩვეულებრივი მიგნებაა,  დიდი სიყვარულისა და მოწიწების გამომხატველი.           
          მაინც რა არ მოეწონა რეზო ინანიშვილს?
           ამ კითხვაზე პასუხს სტატიის ერთი პასაჟითაც მივიღებთ:
„სულ პირველად რომ კოწია უწოდა ერთმა ჩვენმა ტექნიკუმის მასწავლებელმა ბატონ კონსტანტინეს, მასწავლებელთა და მოსწავლეთა პატარა წრეში, თავზარი დამეცა. ახლა ვფიქრობ: ქართველებს გვიყვარს სიდიდეთა ჩვენთვის სასიამოვნო ზომამდე დაპატარავება. ის მასწავლებელიც ლიტერატორი იყო, ლექსების პატარა წიგნიც მინახავს მისი.  და აი, - კოწიაო! ვერ იქნა და ვეღარ მივიბრუნე გული იმ მასწავლებლისაკენ. ასევე დამემართა ბატონი კონსტანტინეს ძეგლის ნახვისას თბილისში.“
„ქართველებს გვიყვარს სიდიდეთა ჩვენთვის სასიამოვნო ზომამდე დაპატარავება“ - ილიასებურ მწარე სიმართლეს ამბობს  რეზო ინანიშვილი, მაგრამ შეუძლებელია, თენგიზ კიკალეიშვილს ასეთი სურვილი და  მიზანი ჰქონოდა.
           მაშინ რა მოხდა?
           მივუბრუნდეთ ზვიად გამსახურდიას(მისი სიდიდის „სასიამოვნო ზომამდე“ დაპატარვებაც რამდენმა უბადრუკმა სცადა?!).
ზვიადს ახლო ურთიერთობა ჰქონია მოქანდაკესთან და ძეგლზე მუშაობისას, როგორც მწერლის ვაჟი, მისი არაოფიციალური კონსულტანტიც ყოფილა.
მას უნახავს პირველი ესკიზი, რის გამოც გულწრფელ აღტაცებას  გვიზიარებს: „განმაცვიფრა მოქანდაკის ნიჭმა, გაბედულებამ, თავისუფალმა მანერამ შემოქმედებითი ძიებისა, ვნახე მამაჩემი. ჩოხოსანი, ქორულად მზირალი, თავის მუხის სავარძელში ჩამჯდარი, მარჯვენათი მას ჩაებღუჯა მუხლებზე გადებული თავისი ვეება სვანური სატევარის ვადა, ხოლო მარცხენათი წინ წამოეწია ფეხზე დამდგარი წიგნი(ეს წიგნი დღეს დაწოლილია და უკან მიჩქმალული. ეს ყოველივე განსაკუთრებულ ექსპრესიას აძლევდა ქანდაკებას. აქ ორი საწყისი იყო გაერთიანებული: მწერალი და მებრძოლი, მწიგნობარი და მებრძოლი.“
მაგრამ ზვიადს მოსწონდა და მთავრობა იცინოდა.
           ოფიციალურ პირებს სწორედ ის არ მოეწონათ, რითაც ზვიადი იყო აღფრთოვანებული. ის კი არა, მოქანდაკეს ჩოხაზეც კი უარი ათქმევინეს.
ზვიად გამსახურდია ამას, ცხადია, ვერ შეეგუებოდა, რადგან „ჩოხა სიმბოლო იყო კონსტანტინე გამსახურდიასთვის, სიმბოლო ეროვნული მრწამსისა, სიმბოლო ზოგად კავკასიური ერთიანობისა.  მეოცე საუკუნეში მცხოვრები კონსტანტინე გამსახურდია ოდესმე ისევე სიმბოლურად იქნება აღქმული, როგორც ჩოხოსანი შამილი - მეცხრამეტეში, სიმბოლო კავკასიის თვითმყოფადობისა, კავკასიის წინააღმდეგობისა.“
მოქანდაკე ცდილობდა ზვიად გამსახურდიას დარწმუნებას, რომ ამით ქანდაკება არაფერს დაკარგავდა, მაგრამ აბა, როგორ დაარწმუნებდ?!. აქ კი გამოჩნდა ზვიადის შეუვალობა, მართალია, ხვდებოდა, რომ მოქანდაკეს ჩოხაზე უარი საკუთარი ნებით არ უთქვამს, მაგრამ მაინც: „თუ ასე წარიმართება საქმე, შენი ქანდაკების პირველი მტერი მე ვიქნები - მეთქი, - ვუთხარი და წამოვედი გაგულისებული.“
ზვიადის პრინციპულობამ თავისი ჰქნა - ჩოხა გადარჩა, თუმცა, ცენზორებმა მაინც ბევრი რამის გაფუჭება შეძლეს.  ზვიადი დანანებით წერს, რომ ვერ მიაღწია სატევრისა და წიგნის პირველადი მდგომარეობის აღდგენას, რითაც ქანდაკებამ დიდად წააგო.
ამის მიუხედავად, ზვიად გამსახურდია ძეგლს მთლიანობაში მაინც დადებითად აფასებს და  შესაშურ მიმტევებლობას იჩენს მოქანდაკის მიმართ და საყვედური, არსებითად, სურვილის გამოთქმამდე დაჰყავს: „ მე მსურდა, მოქანდაკეს მეტად გამოევლინა ის სულიერი დინამიზმი, რომელიც სჭვიოდა ქანდაკების პირველად მაკეტში და რომელსაც მან, გასაგები მიზეზების გამო, ვერ უერთგულა.“
„გასაგები მიზეზები“ კი, მართლაც, ადვილად გასაგებია...
***
მაგრამ რა ვუყოთ  რეზო ინანიშვილს?
მისი ესე(მოგონება) ხომ იმის ნიმუშია, თუ როგორ უნდა აფასებდეს მწერალი მწერალს?
რა აშფოთებდა ინანიშვილს?
რამ გაახსენა მასწავლებელი, რომელმაც ბატონი ბატონი კონსტანტინე...კოწიად მოიხსენია?
ზვიადმა ეს საკითხიც დიდსულოვნად, ტაქტითა და ჩვეული სიღრმით განმარტა: „რაც შეეხება დონ - კიხოტურ იერს ქანდაკებისას, მე მსურს, აღვნიშნო, რომ დონ - კიხოტი იყო უსაყვარლესი ლიტერატურული გმირი კონსტანტინე გამსახურდიასი...დონ - კიხოტური საწყისი, მართლაც მძლავრობდა მის ხასიათში...ასე რომ, დონ - კიხოტური იერი ქანდაკებისა გამარჯვებაა მოქანდაკისა.“
***
სტატიის ბოლოს ზვიად გამსახურდია ერთ მნიშვნელოვან საკითხს წამოჭრის და საბჭოთა ცენზურისაგან დაზარალებული ქანდაკების პირვანდელი ჩანაფიქრით გაცოცხლების რეალურ გზას მიუთითებს: „ყველას, ვისაც კეთილი სურს ამ ძეგლისათვის, უნდა იბრძოლოს(წერილებით, განცხადებებით, აზრის გამოთქმით), რათა ბრინჯაოში ჩამოსხმისას აღდგეს მისი პირველადი მაკეტი, რითაც ძეგლიც მოიგებს და ხელოვანის პრესტიჟიც.“
           ამ სტრიქონების დაწერის შემდეგ 35 წელია გასული.
          დიდი ქართველი მწერლის ძეგლი კი დღესაც ელის ბრინჯაოში ჩამოსხმას.
          ვიდრე ეს არ მოხდება, მანამდე ძალაში იქნება ზვიად გამსახურდიას ეს სიტყვებიც: „კონსტანტინე გამსახურდია ჯერაც არ არის სათანადოდ აღიარებული და დაფასებული თავის სამშობლოში, მე, ცხადია, ვგულისხმობ ოფიციალურ აღიარებას, ისეთ აღიარებას, როგორც ეკადრება მსგავს მწერალს.“
           ვაი რომ, თვითონ ზვიად გამსახურდიაზეც, საქართველოს პირველ პრეზიდენტზეც, იგივე ითქმის... 
                    
           
  
           
        скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge