გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ეკა კვიციანი - ლექსები

ბოლო ბარათი
ხედავ? შევწყვიტე გულუბრყვილო დავა სიზმრებთან,
მშრალი სიცხადით იწერება ჩემი წერილი,
არ დამაბრალო დღეს ამბების დრამატიზება,
ეს მონოლოგიც, მოსაწყენი და გაწელილი
იქნება ბოლო და ყველაზე გულწრფელიც, ალბათ,
არავითარი აჩვილება, თავის მართლება...
ცივია სიტყვა, თუმცა ცრემლში მრავალჯერ დალბა,
რაც იყინება ის ხომ მერე დიდხანს არ თბება...
როდესაც ცრემლი (ვიცი, მალე ესეც დაშრება),
გადმოიღვრება თვალებიდან და გულს მიჩვილებს,
ვიხსენებ, მაშინ - მე რომ შველას ვითხოვდი შენგან,
ჩემი დანგრევით თავი როგორ გადაირჩინე...
ასეთ დროს ყელში მოწოლილი ქვითინი მახრჩობს,
თუმცა, ავკრძალე რა ხანია,სენტიმენტები.
მე მოვდიოდი, ვწრიალებდი შენს სულთან ახლოს,
მისაკარებლად, შესახებად ვერ გიმეტებდი...
ან ვერ ვბედავდი ან ვერ ვთმობდი სიშორეს, სულაც,
მწამდა, სინათლეს ტკივილი რომ წარმოშობს სწორედ...
გხატავდი - ღმერთის ხატებას თუ ხორცშესხმულ სურათს,
გწერდი- სიტყვები გულის კოვზზე ვზომე და ვწონე...
შენ გაუცხოვდი...მიწის შვილად იქეცი უცებ,
შენ გაუცხოვდი...შეგეცვალა ხმაც და აქცენტიც,
გამოებერე მიწას - შავი ვეშაპის მუცელს
და ვერ ხვდებოდი, დამნაშავედ როგორ მაქცევდი,
როცა გეძებდი, გპოულობდი, ისევ გკარგავდი,
სულს გიხუთავდა ახლოს მოსვლის ყველა მცდელობა,
ასეთ დროს, ვგრძნობდი, საკუთარ თავს ისე არ ჰგავდი,
თითქოს სხვა ვინმე სასულეში გადაგცდენოდა...
მერე თანდათან მოინდომა გაზრდა მანძილმა,
მერე ნელ-ნელა დაეკარგა სიმართლეს წონა,
უცნობმა ძალამ მიწის მტვერში ისე ამზილა,
ვერცერთი სიტყვა ვერ წარმოვთქვი მკვეთრად და სწორად.
საკუთარ თავთან დავიბენი და შევკრთი მერე,
ამოვსებული მქონდა პირი მტვრით და ტალახით,
მერე ათასი სისულელე ვჯღაბნე და ვწერე,
გამოვიყენე უღმერთობის ყველა ტალანტი..
დღეს მძიმე ტვირთად მაწევს მხრებზე ყველა ბრალდება,
ხელებში შემრჩა საღებავებშემშრალი ფუნჯი,
მაგრამ რაც სულში იბადება, თურმე, არ კვდება
და ამოვსებულს, იდუმალი ამბებით, ხურჯინს
დავათრევ. დამაქვს არეული დღეების განცდა,
ორივეს ერთად დავატარებ - სასჯელს და შვებას,
ის, რაც გულს ერთხელ აალებულ ლექსებად დასცდა,
არ მიდის არსად, მარადიულ ტკივილად რჩება...
სხვა ყველაფერი იკარგება, გვალვებში ხმება...
მენდე, გაუვალ ლაბირინთებს თავი გავართვი,
მე ახლა შენს ლურჯ სინათლეს და ტკივილსაც ვხედავ
ამ სინათლეში დაიწერა ბოლო ბარათი...


***
დამიცდა ფეხი, მოგონება თავქვე მიმათრევს,
მახსენებს, სულზე მარწუხებით როგორ მიჭერდა.
სირცხვლი, როცა ვიტკეპნიდი მუჭში სინათლეს,
გადმოღვრილს სხვისი, ლურჯი სახლის კედლის ღრიჭოდან.
სხეულზე ახლად დასერილი ჭრილობებივით,
მეწვოდა მისი გაბზარული კედლების ფეთქვა,
თვალს ვარიდებდი ქუთუთოებგადაღებილი
ფანჯრების მზერას, სხვისი სახლის შიში რომ ერქვა...
ვერ გავცდი, უცხო, უხილავმა ძალამ დამტბორა,
არ დავიტოვე ასარჩევად არცერთი სხვა გზა,
სახლმა ჩემ თვალწინ საკუთრი თავი დატოვა,
მე წამოვიღე მოპარული სილურჯე საგზლად...
ვერ ჩამორეცხეს არეული სიზმრის ღვარებმა,
თვალებიდან რომ უკითხავად, მლაშედ იდინეს,
ჭუჭყი, რომელიც შემოვზიდე ჩემში გარედან,
ვერც სინანულით შემსუბუქდა მხრებზე სიმძიმე,
დიდხანს ვცდილობდი, ვიმშრალებდი ლექსებს ოფლივით,
ვიდრე უდაბნოს დუმილი და შიში გამეფდა...
ეჭვის შოლტებით ნაცემი და უარყოფილი,
ვდგავარ სახლიდან გაპარული სახლის კარებთან.
დღეს აღარა ვარ გულუბრყვილოდ, აღსრც კეთილი,
ვერც თავს ვუშველე ვერაფერი გარდასახვით და
ჩამოიღვარა თითებს შორის წყლის წვეთებივით,
ლურჯი სინათლეც, მოპარული სხვისი სახლიდან...


***
იხუმრა ღმერთმა - გაიარა გულის ფიცართან.
მის ნაკვალევზე ერთი სიტყვა ამოიზარდა.
ჯერ ხმაური და უცხოობის ერქვა თავზარი,
მერე ქვად იქცა, ადგილიდან ვეღარ დავძარი.
ის დარჩა ჩემში - დამარცხების ზარიც და ტაშიც,
და  ლურჯად იწვის, გაბლანტებულ  დუმილის ტბაში..
ამ დუმილიდან შენს სიზმრამდე თუ ვეღარ მოვალ,
გადმოაბიჯე უსარგებლო სიტყვების გროვას,
შეხედე, როგორ ძლიერდება ცეცხლი შებერვით,
იგრძენი სუნი ბიბლიური ნელსაცხებელის.
რომელიც ახლა, განურჩევლად დარის და ავდრის,
ამ სიტყვისაგან ალმოდებულ სხეულზე ამდის...
იქნებ, ამოვხსნათ, სიყვარული როგორ  დაერქვა,
გზაარეული, უხილავი ღმერთის ნატერფალს.


***
მე მინდა,
ერთი ლექსი მაინც დავწერო შენზე.
შენ კი,
არც ხელს მკრავ, არც მღალატობ.
არც ჩემგან გარბიხარ.
ერთხელაც ვერ გამოჭამეს გული ეჭვებმა,
ერთხელაც ვერ გამოგეტირე,
ერთხელაც ვერ მოგახალე - როგორ ვერ გიტან! -
ეს რანაირი სიყვარულია?!
ამ სიმშვიდისგან როგორ დავანთო ლექსი,
რომელიც მინდა, შენთვის იწვოდეს?!.


***
ყოველთვის, როცა ჩემი მეგობარი მტრებს ახსენებდა,
მე ვამტკიცებდი, რომ ისინი არ არსებობენ.
გადამული შავი  წარბებით,
გადმოკარკლული, ჩასისხლიანებული თვალებით და
ხელებზე ჭუჭყიანი ბრჭყალებით –
ასე წარმომედგინა "მტერი".
ასეთი კი ჩემს ნაცნობებში არავინ იყო,
და ამიტომაც, არ მჯეროდა მათი არსებობის,
რადგან ჯერ კიდევ იმ წიგნებში ვცხოვრობდი,
ბავშვობაში რომ შემირჩია მამაჩემმა.
და როცა ჩემმა მეგობრმა შეწყვიტა ლაპარაკი
და  მე ბავშვობისწიგნებიდანგამოვიხედე,
დავინახე - ადამიანები მშვიდი თვალებით და მოვლილი ფრჩხილებით
აუღელვებად თხრიდნენ ორმოებს საფლავებისთვის..
თხრიდნენ საფლავებს ცოცხალი ადამიანებისთვის.
და ვთქვი:- აი, მტრები.
ისინი არ მოგხარშავენ მდუღარე ქვაბში,
არც ეშვებს გამოაჩენენ.
ფრჩხილებიც მოვლილი აქვთ და გეგმებიც მოწესრიგებული.
ისინი მოვლენ და გვერდით მოგიჯდებიან,
მხარზე თავს ჩამოგადებენ
და  ორმოში თუ ჩაპირქვავდი, ცრემლსაცჩამოგაწვეთებენ - ბეჯითიმესაფლავეები.
- აი, ისინი!
მე ვისწავლე მათი ცნობა! –
ვეტყოდი ახლა ჩემს მეგობარს.
მაგრამ ახლა ასეა -
მე ვცნობ მტრებს,
ოღონდ, აღარ მყავს მეგობარი, ვისაც ამაზე მოვუყვები...


***
არასდროს წამოგცდეს ეს სიტყვა: -
"სიყვარული!" -
მოვლენ,
ცივ ხელებზე თეთრ ხელთათმანებს მოირგებენ,
გულში ღრმა ორმოს ამოგითხრიან,
შიგნით სიცარიელეს ჩაასვენებენ და წავლენ..
ქვასავით მძიმე იქნება,
ნისლივით ცივი და სველი იქნება.
ხელებში შეგატოვებენ და
წავლენ..
შენ კი მისი ტარება მაშინაც მოგიწევს,  
საკუთარი თავიდან თუ გაიქცევი...
დაწყევლილია ეს სიტყვა: -"სიყვარული".
მოჯადოებულია ეს სიტყვა:- "სიყვარული"
ვერავინ აგხსნის,
ვერავინ გამოგილოცავს,
თუ შეგეყარა.
არასდროს წამოგცდეს!


***
წავიდა ჩემგან სიყვარული – ლურჯთვალა ღმერთი,
რაღა გიმღერო, რას დაგპირდე მე მის გარეშე?
იმ დროს კი, როცა ცის სილურჯე მეფინა ფერხთით,
გულიდან, აბა, რანაირად უნდა გამეშვი..
დღეს აქ ყველაფერს სხვა ფერი აქვს ან არც აქვს ფერი,
დიდი ხანია, აღარ ჩანან ცაზე მერცხლებიც,
ვეღარც დაგეძებ, დაქანცული სიზმრებში ფრენით,
მართლა მყავდი თუ გიგონებდი, უკვე ვერც ვხვდები.
და მაინც, ზოგჯერ, ფეხქვეშ მიწა როცა მყარდება,
ისევ მტკივდები, ისევ გგრძნობ და ასე მგონია,
თითქოს მიყვარდე ძველებურად, თითქოს მყავდე და
უმისამართოდ ვაგრძელებდე ცაში ბორიალს.
არაფერს ვნანობ, ოდესღაც ხომ გულით ვეცადე,
რომ სტრიქონები ჰამაკივით ცაში გამება,
შენ რომ იცოდე, რა დიადი ჩანდი ჩემს ცაზე,
ამ სიცხადისთვის თავი მართლა დაგენანება...


გულის ელეგია
თუ წასვლას ითხოვ, დავიწყების სიმშვიდეს ითხოვ,
რა აღიღინებს ჩემ სხეულში ამ დილის სისხამს,
თუ ისევ გხედავ, როგორც ხილულს, ...ყინულის სითბოს
ცოტაც და კიდეც შეგეხები,  ხელს გადაგისვამ
ცისფერ სხეულზე - დავიწყებულ ფორიაქს ჰგავდე,
დასაბამს ჰგავდე, დასასრულმა რადგან დამტოვა,
ყველა პირობის კვლავდარღვევის პირობა დავდე,
ჩემშია ყველა, ყველგან ვცხოვრობ, მაინც მარტო ვარ.
გამოგიგონე ან გიპოვე შემთხვევით, ისევ,
მიყვარდეს მინდა, უამრავჯერ ვინც მიღალატა,
ხსოვნა მყიფეა, უხეშია, ხისტი და მქისე,
მე შემიძლია, დავიჯერო, რომ ის არა ხარ
ვინც გაიბზარა, ან წვიმაში გაშრობა შეძლო,
ან გამიხადა, შეცდომების თოკზე გამფინა,
რომ სუნთქვა მეღრძო, სული მეღრძო, სიცოცხლე მეღრძო...
ვინც არ ელოდა ამ სიმღერას, ამ წამს, ამ ფინალს.
შემოდგომიდან დაიჩეკა სხეულში ყველა
ჭუპრი და ყველა საზეპირო გამექცა გვერდზე,
უბინადრებო ნიჟარებით სავსე რიყე ვარ
ან კალაპოტი და საკუთარ სიღრმეში ვერ ვძლებ.
წარსულს ვღიღინებ, იმ გარდასულს, ცა რომ მეთხელა
და თუ ოდესმე საკუთარ თავს ისე არ ვყავდე,
უჩემოდ მყოფმა სიძულვილი შეძლოს ერთხელაც...
ან ზიზღი შეძლოს, არ ახსოვდე ან არ უყვარდე.
დრო რომ გავიდეს, გაიპაროს (ან როგორც არის),
ჩემგან და მერე ჩემს გარეთ რომ თვალი დახუჭოს,
გამოვუხურო ერთხელ, თუნდაც, შემთხვევით, კარი -
მეხსიერებებს, წარმოსახვებს, ხსოვნის პარკუჭებს...
და როგორც ვცოცხლობ, როგორც ვფიქრობ და როგორც ვსუნთქავ,
ყველაფერი რომ შეიცვალოს, უცებ და მკვეთრად...
აქ თვალებს ვხუჭავ, სუნთქვას ვხუჭავ და დუმილს ვუთქვამ
და დახუჭული სიცოცხლიდან სივრცეებს ვკვეთავ.
და სივრცის მიღმა- ჩემი გული - მზეების ფეთქვა,
ამ სიტყვებს გირწევს, სინანულის სიმღერას გირწევს.
და ხმები ჩემი და სიჩუმე, რომ უნდა მეთქვა,
დრო ვიდრე მოვა, ვიდრე წამშლის, ვიდრე მომიწევს
გაქრობა. ვიდრე ასი თვალით სიბრმავე მერქვას,
ვიდრე ცდუნებით ცამ დამაშროს, მიწა განქარდეს
სიმღერად დასცდეს სიყვარული ამ გულის მერქანს
და არასოდეს, არასოდეს აღარ დამთავრდეს,
რაც არ მითხრეს ან უკვე თქვეს და ვერ მოვისმინე,
რაც დამანახა დახუჭული თვალების შვებამ...
როგორც ფრესკიდან ჩამოღვრილი ცრემლის სისველე,
სულის ფსკერში რომ გუბდება და არასდროს შრება.
რადგან მე შევძლებ, ისევ შევძლებ, თავიდან შევძლებ,
მიტევებიდან, სინათლიდან, სულში ჩახედვას,
და მხოლოდ იმას ვიღიღინებ ჭის ფსკერშიც, შენზე
საკუთარ თავში დაბრუნებამ რაც მიმახვედრა...


***
მე ვწერდი შენზე.
ლურჯი, უძირო სამელნედან
წვალებით ამომქონდა სიტყვები,
რომლებიც მხოლოდ შენთვის ლაპარაკობდნენ.
მაგრამ ისინი გაშრნენ და გახმნენ,
ფორმა და ფერი ისე იცვალეს,
ვერცერთი მათგანის ამოცნობა
შენ ვერ შეძელი.
დიდია ხანია, აღარ ვიცი,
სად დავმალო სველი თითები,
რომ ლურჯი ტბისკენ არ გამექცნენ
მკვდარი სიტყვების ამოსაყვანად...
დიდი ხანია,
ვერიდები ლურჯ სამელნეში თითების დასვრას -
ვაითუ, ღალატი და
სხვისთვის წერა ისწავლეს...скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge