გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სოფიკო ჭუმბურიძე - გენდერული პრობლემა ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის ,,ცოლი და ქმარი“ მიხედვით

                                                                                        სოფო ჭუმბურიძე ახალგაზრდა მეცნიერია. დაიბადა თბილისში, 1991 წლის 31 მაისს. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაასრულა ფილოლოგიის ფაკულტეტი; ამჟამად, დოქტორანტია ამავე უნივერსიტეტში. მისი მეცნიერული შრომები ქვეყნდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. შესანიშნავი ადამიანია, საკუთარი საქმის მცოდნე, აქტიური, მიზანდასახული და შრომისმოყვარე. ჟურნალი ,,აფინაჟის" რადაქცია სოფო ჭუმბურიძეს უსურვებს წარმატებებს!.. გვჯერა, რომ ახლო მომავალში დოქტორობასაც მივულოცავთ.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართველ მწერალთა შემოქმედებაში დიდი ადგილი ეთმობა ქალთა ცხოვრებისა და ყოფის აღწერას, რაც უშუალოდ დაკავშირებული იყო ფემინიზმის აღმავლობასთან მსოფლიოში. ეგნატე ნინოშვილი ამ მხრივ საინტერესო მწერალია, მის მოთხრობებში ქალი პერსონაჟების განსხვავებული, კონტრასტული  სახეები გვხვდება. ამჯერად, განვიხილავთ მწერლის ნაკლებად ცნობილ, დაუსრულებელ მოთხრობას “ცოლი და ქმარი“ (1894). ამ მოთხრობაში ავტორმა კარგად ასახა ქალთა მაშინდელი მდგომარეობა, ყოფა და ის ტრადიცია, რაც გაბატონებული იყო იმ დროის საზოგადოებაში. ავტორმა სოციალური პროცესები, რომლებიც გენდერულ პრობლემებზე ახდენდნენ ზეგავლენას ლიტერატურული ემოციებით გადმოგვცა. 
ეს არის ამბავი ერთი ოჯახისა და ამ ოჯახში მცხოვრები რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ქალისა. თინა, ანა და მელანია განსხვავებული პერსონაჟებია, მათ მდგომარეობას  ძირითადად ეკონომიკური ვითარება განსაზღვრავს.  ეგნატეს სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებულია ქვრივი თინათინი, რომელიც მოხერხებული და თავის თავზე შეყვარებული ქალია, კარგად მალავს თავის გარეგნულ ნაკლოვანებებს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ლამაზი, არც ახალგაზრდობაში ყოფილა და, არც ახლა, მას თავი ისე ეჭირა, როგორც ყველაზე ლამაზ ქალს., ყველამ იცოდა, რომ ის მეტად ხნე იყო და ქმარმა შეირთო მდიდარი მზითვის გამო. ავტორმა ამ სიუჟეტით ასახა, რომ გაღატაკებულ, გაჭირვებულ საზოგადოებაში ადამიანები სიყვარულით კი არ ქმნიან ოჯახს, არამედ ანგარებით. მძიმე ეკონომიკური ვითარება იძულებითი ქორწინების წინაპირობა იყო.  იქ, სადაც, ადამიანები სოციალური უთანასწორობის მორევში იძირებოდნენ, გრძნობებსა და ადამიანურ ბედნიერებაზე არავინ ფიქრობდა.
თინათინი ფსიქოლოგიურად გამძლე ქალის ტიპად შეიძლება ჩავთავლოთ, რომელიც თავს ადვილად არავის დააჩაგვრინებს და მყარად იცავს თავის უფლებებს. გათხოვების შემდეგ შვილი რომ არ ეყოლა ჯერ თავის ვითომდა ახალგაზრდობას დააბრალა, შემდეგ მავან სულს.  ის გამოცდილი ქალი იყო და საოჯახო საქმეებიც კარგად იცოდა, შესანიშნავად უძღვებოდა ოჯახს, მით უფრო მისმა მზითვმა ესიკა წაბლაძის ოჯახი შეძლებული გახადა. თინათინის დაქვრივების შემდეგ, ძმის გარდაცვალებაზე უფრო ესიკას ის აწუხებდა რძალიარ გათხოვილიყო, მზითვი არ წაეღო და ოჯახი არ გაღატაკებოდა. ამიტომ მისცეს  ოჯახში უფროსობის უფლება და მანაც შეიფერა. თინათინის სახით ავტორმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს საზოგადოებრივ ასპარეზზე ახლად გამოსული, ეკონომიურად ძლიერი ქალი დაგვიხატა, რომელიც ადვილად უღებს ალღოს სიტუაციებს და თავის სასარგებლოდ იყენებს მას.  როცა გაანალიზა, რომ მხოლოდ მზითვევის გამო უნდოდათ მისი ცოლად შერთვა, აღარ ფიქრობდა გათხოვებაზე, გადაწყვიტა ესიკას ოჯახში დარჩენა და უფროსობა, ამასთან, საკუთარი მოთხოვნები წაუყენა მაზლს. „ჩემო მაზლო, რომ მოვინდომო, ხვალვე ამომიჩნდება საქმრო. არც ახირებულათ მოვტყუვდები  ახლა, მოწიფული ქალი ვარ, მარა, ამ ოჯახში იმდენი ნაკვტავ-ნაწყტავი მაქვს, რომ ძალიან მეზარება აქაურობის მოცილება. სამსონაია და შვილათ მყავს გამოზრდილი, სხვაი რომ არ ვთქვა, იმის მოცილება გამიჭირდება, ამიზა გადავწყვიტე, ქმარი არ შევირთო, მარა ზოგიერთ ალაგაი რომ ქვრივებს უპატიოთ ექცევიან, ისე რომ მიქნათ, წყალში გადავარდები, სხვაი რაი.“ (ნინოშვილი 1984: 325) თინათინი ეგოისტი ქალია, რომელსაც საკუთარი თავის ქება და პირველობა უყვარს, როგორც ავტორი შენიშნავს, შვილად გაზრდილი სამსონა „იმდენზე არ უყვარდა, რამდენზედაც თავი მოსწონდა - ჩემი კაი ქალობით ასეთი კაი ვაჟკაცი გამოვიყვანეო“(ნინოშვილი 1984: 361).
თუ  დავაკვირდებით თინათინის პერსონაჟს, ვიფიქრებთ, რომ იმ პერიოდში ქალი უფლებამოსილი და დამოუკიდებელი იყო, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თინათინის ჭირვეულობასა და უფროსობას იტანდნენ მისი მზითვების გამო. ქალებს კი, როგორც უსიტყვო, მორჩილ არსებებს  რომ უყურებდნენ, ავტორმა ნაწარმოებში მელანიას თავგადასავლის შემოტანით გვაჩვენა. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერსონაჟით ავტორმა იმ პერიოდის ქართველი ქალების ბიოგრაფია დაწერა.
მელანია ახალგაზრდა გლეხის ქალია, რომელიც მაშინ გავრცელებული წესისამებრ, ისე დანიშნეს მომავალ საქმროზე, რომ წყვილს ერთმანეთი ნანახიც არ ჰყავდათ. ეს ფაქტი გენდერული პრობლემის საუკეთესო მაგალითია, მშობლებისადმი უპირობო მორჩილებითა და ანგარიშის გაწევით ერთნაირად იჩაგრებოდნენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცებიც. ლოგიკურია შედეგიც: წყვილს დანიშვნის შემდეგ ერთმანეთი არ მოეწონათ. სუფრის დასრულების შემდეგ უთხრა სამსონამ მამას, არ მომწონს საცოლეო, მაგრამ „იგი მე ვიცი, რა შენი საქმეა, მე ვარ შენი უფროსი, მე რომ საქმეს ვიზამ, ხელმწიფესაც კი მოეწონება. შენ რავა გაბედე დაწუნება“. - უპასუხა ესიკამ (ნინოშვილი 1984: 333). მეგობართან საუბრის დროს მელანიამაც აღნიშნა, რომ საქმრო არ მოეწონა, ტასია კი ეუბნება: „უი, ჩვენი ცოდვა, ჩვენი ქმრის ამბავი ჩვენ არ გვეკითხებოდეს! იმისთანაი მგელი კაცის წაყოლას, იგი ჯობია, სიკოლაი ბუშს წაჰყვე“(ნინოშვილი 1984: 333). 
ვინ არის სიკოლია? ერთი პატიოსანი, მშრომელი გლეხი, რომლისთვისაც უკანონო შვილობა გახდა დამაბრკოლებელი საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისა, ის ისჯება საზოგადოებაში გამჯდარი  სტერეოტიპების გამო, რადგან ის ბუშია. სიკო და მელანია ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, ერთმანეთზე ზრუნავდნენ და უყვარდათ, მაგრამ საზოგადოებრივმა აზრმა ჩაშალა მათი სიყვარული, ჯერ, როდესაც წამოიზარდნენ, ერთმანეთს ხშირად ვეღარ ხვდებოდნენ, რადგან მოწიფული ქალისა და ვაჟის მეგობრობა არ შეიძლებოდა, შემდეგ მელანიამ იცოდა სიკოზე არავინ გაათხოვებდა მისი წარმომავლობის გამო. სხვათა აზრის გამო არ შედგა ეს სიყვარული, გაუბედურდა ორი ადამიანი, რომლებიც, შეიძლება, ბედნიერები ყოფილიყვნენ. აქ ნათლად ჩანს ტრადიციული მორალისაგან  გათავისუფლების სირთულეები. 
არ შედგა არც მელანიას და სამსონას ბედნიერი წყვილი, თავიდანვე არ მოეწონათ ერთმანეთი, სიძემ დანიშნულის მიტოვებაც კი გადაწყვიტა, მაგრამ ქალის ახლობლებმა ხმა გააგდეს - ვათხოვებთ მელანიასო, თავმოყვარე სამსონამ როგორ თუ  ჩემს დანიშნულს ათხოვებენო და ამის გამო შეირთო ცოლად. ყურადღება მივაქციოთ აღნიშნულ  ტრადიციას, დანიშნულები თუ ქორწილის ჩაშლას მოინდომებდნენ, სანამ ქალს დანიშნულის ბეჭედი ეკეთა მას გათხოვების უფლება არ ჰქონდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლეოდა უფლება, თუ ბიჭი მოიყვანდა ცოლს. ეს ტრადიციაც სექსიზმის ერთ-ერთი მახასიათებელია, სექსიზმი მოიცავს იმ სოციალურ სტერეოტიპებს, რწმენებსა და წარმოდგენებს, რომელიც ერთი სქესის მეორეზე დომინირებას აწესებს და გენდერული უთანასწორობის საფუძველს ქმნის. ამ განსაზღვრების ნეიტრალურობის მიუხედავად, რეალურად სექსიზმი გულისხმობს მამაკაცის უპირატესობას ქალზე და არა-პირიქით. ქალები ყოველთვის იჩაგრებოდნენ სქესის გამო. ამას ადასტურებს ზემოთ აღნიშნული ტრადიციაც. მელანიას გათხოვების დღიდან იწყება მისი ჩაგვრა,სახელით დაიწყეს, არ მოუწონეს და არც შეეკითხნენ ისე გამოუცვალეს, გინატრე დაარქვეს. სრულიად უუფლებო გახდა ოჯახში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანის, იქნება ეს კაცი თუ ქალი, ძირითადი არსი არის თავისუფლება, გამოდის, რომ მელანია და მის ბედ ქვეშ მყოფი ქალები მონებად (ნივთებად) უფრო ითვლებოდნენ. აქვთ თუ არა ქალებს სახელმწიფოში იგივე უფლებები, როგორიც მამაკაცებს?! ეს კითხვა, რაც არ უნდა უჩვეულოდ ჟღერდეს, ყველა დროის საზოგადოებაში იყო მნიშვნელოვანი, ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში იოჰან ფიხტე  წერდა, რომ  როდესაც ყველა იურიდიული უფლების ერთადერთ საფუძველს თავისუფლება და გონი წარმოადგენს. როგორ შეიძლება არსებობდეს განსხვავება ორ სქესს შორის? მაშინ, როდესაც ორივე სქესს ერთნაირი გონი და თავისუფლება გააჩნიათ. მაგრამ ქალს არჩევანის უფლება ჩამოართვეს „ქალისათვის კი არჩევანის უფლება წაურთმევიათ თავსმოხვეული მოვალეობის, მარადიული ქალურობის სახელით“ (გელაშვილი:2005:123). ამ შეხედულების მხატვრული დადასტურებაა ნინოშვილის აღნიშნული ნაწარმოები. მელანიას თავის სურვილით ჩულქის ჩაცმაც კი არ შეეძლო, „რომელი ჩლუქი ჩაგიცვამს, მაჩვენე, აგი დღეს არ უნდა, აგი კვირას ჩაიცვი. „აბა, ქალო, ქმარს პირსაბანი წყალი მიართვი... სავარცხელის მირთმევა არ დაგავიწყდეს“. დღეს სადა კაბა ჩეიცვი“. „შენი ქმარი რომ შამოვიდეს, შენ წამოხტი და ფეხზე დადექი (ნინოშვილი, 1984:349).
-აბა, ქალო, მიდი ჰკითხე შენს ქმარს, რანაირი გაკეთებული გიამება დღეს სადილი- თქვა, ნიგვზით გავაკეთოთ ქათამი, თუ ზეთითათქვა „(ნინოშვილი, 1984:352)  აგრძელებდა მელანიას დამოძღვრას თინათინი.  მელანიამ შეატყო  ამას სრული ჩემი არსების დაპატრონება უნდა და ყურადღებას არ მივაქცევო, მაგრამ თინათინი არ ჩერდებოდა. მელანიას, როგორც პიროვნების ავტონომიურობა აბსოლიტურად უგულვებელყოფილია. 
„-კი, მარა შენგან რიგია ესე, ქმარის უნდა გეშინოდეს, გეშინოდეს, რომე! წარბში უნდა უმზერდე, - რა იამება და რა არაო. ქმარი ღმერთია ქალის!“(ნინოშვილი, 1984:352) თინათინ ასწავლიდა სწორეთ ისე, როგორც ესმოდათ ეს მოვალეობა საზოგადოდ იმ სოფელში, ესე იგი, ცოლს მუდამ უნდა ეშინოდეს ქმრის, მუდამ წარბებში უნდა უყურებდეს ქმარს,- რით ვასიამოვნოო და სხვა. ეს შეიძლება პერიფრაზადაც კი ჩავთვალოთ პავლე მოციქულის სიტყვებისა პირველ მიმართვაში ტიმოთესადმი, რომელიც ერთპიროვნულადაა გაგებული საზოგადოებაში, რომ „ქალი მდუმარედ უნდა სწავლობდეს ყოველგვარი მორჩილების ქვეშ, ხოლო ქალს ნებას არ ვაძლევ იბატონოს ქმარზე, არამედ დუმდეს უნდა, რადგან ადამია შექმნილი, შემდეგ კი ევა“ (ახალი აღთქმა და ფსალმუნები, 1993:450). იგივე აზრს იზიარებდა ნიცშე ცნობილ გამონათქვამში: „მამაკაცის ბედნიერებას ეწოდება: მე მსურს; დედაკაცის ბედნიერებას: მას ჰსურს (ნიცშე 1993: 55). სწორედ,  ეს კონკრეტული სოციო-კულტურული შინაარსი და მდგომარეობა მიუთითებს ქალთა ემანსიპაციის სირთულეებზე.
იშვიათი არ არის ქალზე სიტყვიერი და ფიზიკურად ძალადობის  შემთხვევებიც, ჯერ კიდევ ქორწილის დღეს სამსონამ მელანიას ხელი დაარტყა ზურგში, შემდეგ თინას ენის გამო ხელი წაუჭირა და შეშინებულ-გაფითრებული მელანია ხმას ვერ იღებდა. „არა, ვინ ვგონივარამ დღინძაღლს მე! ბზღარტყუაი ბიძაშვილები რომ ჰყავს გადაღმეთში, იგი ვგონივარ! სულს ამოგხთი, იცოდე, გვირგვინი რომ დეიდგი თავზე, იმ დღეს აქეთ ღმერთი ვარ შენი, ღმერთი!- უყვიროდა გაბრაზებული სამსონაი“ (ნინოშვილი, 1984: 357) არა მხოლოდ ცოლზე,  დედისკენაც გაიწია და მართალია შემთხვევით, მაგრამ ცოტაც და დედის მკვლელი გახდებოდა.
თინათინისა და მელანიასგან განსხვავებით სამსონას დედა, ანა, ნაწარმოებში მეორეხარისხოვანი პერსონაჟია და მასზე მსჯელობას ვერ განვავითარებთ, მოკლე პასაჟით ავტორმა მისი სახით კეთილი, უბოროტო, პატიოსანი, თავმდაბალი, სიმართლის მოყვარული, კდემამოსილი ქალი გვიჩვენა.
საინტერესო პერსონაჟია სამსონას უმცროსი ძმა ლევანტიე, რომლის მიერ გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება, ერთი მხრივ, ავტორის პოზიციად ჩავთვალოთ და მეორე მხრივ, - იმავე საზოგადოებაში გაჩენილ პროგრესულ, ფემინისტურ მოსაზრებად. ლევანტიე კარგად სწავლობს და მსჯელობს, განვითარებული, ახალი თაობის წარმომადგენელია, მისთვის ცოლი და ქმარი თანასწორია და მუდამ იცავს რძალს მისი ძმისგან. „ცოლის“ შესახებ საუბრის დროს, როცა თინათინმა უთხრა: 
„-აბდალავ, აგი არ იცი, ცოლი მტერია ქმარის და ქმარის ოჯახის! ათასი მაინც კი გამიგონია, ცოლმა რომ უღალატა ქმარს, - მასწავლებლის კილოთი უთხრა თინათინმა ლევანტის.
  • ნენაიც ცოლი იყო ბაბაის, შენც ბიძიეს ცოლი იყავი, მტრები იყავით ქმრების და ოჯახის?- ჰკითხა ლევანტიმ თინათინს.
  • ყველა ქალი ერთი არაა, უთხრა თინათინმა ლევანტის და მერე თავითვის:- მე რომ ვიყავი იმისთანაი ორი არაა ქვეყანაზე. ცის კიდემდეა ჩემი ქება მისული, ვენფხისტყავშია ჩაწერილი ჩემი სახელი.
  • ნენაი რომ იყო, ნენაი სხვაა, შე ბრიყვო! იგი და ნენაი ერთია! იგი,რომ მიმახელოს, დანით დამკლავს და სხვას წახობა. პაწაი უქნია ამისთანაი ცოლს ქმარიზა?- დაემოწმა სამსონა გამზდელს.
  • თქვენ რომ ჭკვიანად ლაპარაკობთ, კი კმარა იგი!- უთხრა ლევანტიმ თინათინს და სამსონას და გაშორდა“(ნინოშვილი, 1984:351). 
როგორი დამთრგუნველი უნდა იყოს ქალისთვის ის სოციუმი, სადაც მსჯელობა იმაზეა, არის თუ არა ცოლი ქმრის მტერი.
პრაგმატულად მოაზროვნე ლევანტი ამ ყველაფერზე დაფიქრდა, გაანალიზა „არა, აგი რავა იქნება, რომ ქალმა იმიზა წახვეს ქმარს, რომ დანით დავკლავ და მერე სხვაზე გავთხოვდებიო! აგი, რა ბრიყვული აზრია! ამისთანა ავი სული რომ იყოს ქალები. .. იმდონ გასათხოვარ ქალებს ვიცნობ, მარა ყველა კაი გულის არის. მტერიაო! მტრულა თუ მიექეცი, მაშინ, რასაკვირველია, იგიც მტერად გაგიხდება, ჩემი ძმაი რომ თავის ცოლს ეპყრობა, მე რომ იგი ქალი ვიყო, ერთ დღესაც არ მევიცდიდი მასთან. უბრიალებს, უჭეხავს წარბებს, ტუქსავს, ემუქრება, ვითამ და ასე უნდა ცოლს ქმრიდანო, გასაკვირველი იქნება ახლა ჩემი ძმაი, რომ ცოლმა შეიძულოს?“ (ნინოშვილი 1984:352).
„ცოლი და ქმარი“ დაუსრულებელი დარჩა, საინტერესოა, როგორ დასასრულს მისცემდა თავად ავტორი ამ ამბავს, ნაწარმოები შეწყვეტილია, როდესაც ესიკას თინათინი ოჯახს უყოფს, სიბრალულის გრძნობას იწვევს ესიკას მორალური დაცემა, რომელიც ოჯახის წევრებს დაუპირისპირდა, რათა თინას მისთვის ოჯახი არ გაეყო, ერთი აზნაურიც კი ჩარია შუამავლად, ოჯახის ღირსებას გადააბიჯა, რათა სოციალური სიდუხჭირე აეცილებინა თავიდან. ყურადღებას იპყრობს ესიკას მავედრებელი სიტყვები  აზნაურისადმი.„-შენი ჭირიმე, მიშველე რამე, თვარა ვიღუპები აგია! იქით ოჯახს გამიბოყვენ და აქეთ კიდევ გადარეული ჩემი ბიჭი, სამსონაი, ცოლს მოვკლავ და მერე თავს მევიკლავო, ჩივა. ჯოჯოხეთი ტრიალებს ჩვენსას, რაღაი! თუ ამ საქმეში მიშველით, ხუთ მანეთს მოგართუმ, -შეეხვეწა ესიკა ნაბატონარის შვილს(ნინოშვილი, 1984:363).  ეგნატე ნინოშვილი კი ნაწარმოებებს შემდეგი მსჯელობით ასრულებს. „ხუთი მანეთი გუდამშიერი აზნაურისთვის კარგი ფული იყო და ამიტომ ისიც სიხარულით ჩაერია საქმეში, სადაც ხუთ მანეთს გარდა, კარგი სადილი და ვახშამი მოელოდა მასპინძლისგან“ (ნინოშვილი, 1984:363). მოცემული მონაკვეთით იხატება უმძიმესი სოციალური ფონი და ამასთან ერთად „ცოლის“ უმძიმესი ყოფა. აღნიშნული მოთხრობით ავტორი ანვითარებს შარლ ფურიეს მოსაზრებას, რომელიც აღნიშნავდა, რომ ,,ყოველ საზოგადოებაში ქალების ემანსიპაცია მთლიანი საზოგადოების ემანსიპაციის საზომად შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო საზოგადოების ცივილიზაციის დონე ამ საზოგადოებაში ქალების მდგომარეობის პირდაპირპროპოციულია“ (ესებუა, 2012:31). ქალთა ემანსიპაციისთვის აქტიური  ბრძოლა მწერლებმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყეს, ნინოშვილი, აღნიშნული მოთხრობით, შეეცადა ქალებისადმი  საყოველთაო დამოკიდებულება შეეცვალა.
საყურადღებოა, რომ ფრიდრიხ ენგელსის 1884 წელს გამოცემული ნაშრომი „ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა“, კარგად უნდა სცოდნოდა ეგნატე ნინოშვილს, რადგან „ცოლი და ქმარში“  კულტივირებული შეხედულებები თითქმის არ განსხვავდება ენგელსის მოსაზრებებისგან, რომელიც ქალის დისკრიმინაციის მიზეზად კერძო საკუთრებასა და საზოგადოების კლასობრივ სტრუქტურას ასახელებს. ამ მოსაზრების გავლენით, ფემინიზმის შიგნით მიმართულებაც კი ჩამოყალიბდა - სოციალისტური ფემინიზმი, რომელმაც მარქსისტული და ფემინისტური შეხედულებების სინთეზი  მოახდინა,თუმცა ფ. ენგელსისგან განსხვავებით, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევდა პროლეტარულისაგან განცალკევებული, ქალთა განსაკუთრებული მოძრაობის არსებობას, სოციალისტი ფემინისტები დაჟინებით მოითხოვდნენ ქალთა პრობლემების კლასობრივი და ზოგადისოციალური პრობლემებიდან ცალკე გამოყოფას. ეგნატე ნინოშვილმა საინტერესოდ გვიჩვენა ქალის ბედზე ოჯახისა და სოციალური გარემოს ზემოქმედების მაგალითი, იმ დროს რომ ეს საკითხი მეტად პრობლემატური იყო, იქედანაც ჩანს, რომ ნინოშვილმა შეგნებულად შეარჩია მოთხრობის სათაური „ცოლი და ქმარი“. ლევანტის მსჯელობა, რომ ცოლი და ქმარი უნდა იყოს თანასწორი, ეს არის მყარი ოჯახისა და, შესაბამისად, ცივილიზებული სახელმწიფოს გარანტი. სწორედ ამხანაგური ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის არის სრულყოფილი ოჯახის საფუძველი. გენდერულად თანასწორი ურთიერთობა შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებაში სამართლებრივ თანაარსებობად, რომელსაც სჭირდება ზნეობრიობის შინაგანი განცდა და იმ ეპოქაში, როდესაც თვითგადარჩენისთვის ლუკმა-პურის მოპოვება უჭირდათ, არც მორალურობა და არც ზნეობრიობა აღარ ჰქონდათ შენარჩუნებული ადამიანებს, ამას თან ერთვოდა განათლების დაბალი დონე. ეგნატე ნინოშვილი კარგად იცნობს თავისი ეპოქის პროგრესულ იდეებს და ზუსტად იცის, საითკენ უნდა წავიდეს საზოგადოების განვითარება, სწორედ,  ამიტომ ასახა მწერალმა თავის მოთხრობებში ასე მკვეთრად ქვეყნის მაშინდელი მძიმე მდგომარეობა და ქალთა პრობლემებსაც სოციალური ფონი დაუდო საფუძვლად. 
ბიბლიოგრაფია
  1. ახალი აღთქმა და ფსალმუნები, სტოქჰოლმი, 1993.
  2. გელაშვილი, ნ.ქალი სახე და პრობლემა, ტ II,თბილისი, 2005
  3. ესებუა, ნ. გენდერი, კულტურა, ფასეულობები, ჟურნალი „ივერიონი“, 2012
  4. ნინოშვილი, ე. თხზულებები, თბილისი, 1984
  5. ნიცშე, ფ. „ესე იტყოდა ზარატუსტრა“, თარგმანი ე. ტატიშვილისა, თბილისი, 1993
скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge