გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

სოფიო ღლონტი - ლექსები

***
შემომადნა ზამთრისაგან ნასესხები თოვლი,
დაიგრგვინა გაზაფხულის ნაწამებმა ელვამ,
ახლა მინდა, რომ შევიგრძნო დასაბამი ყოვლის,
ახლა მინდა გადამედოს ტალღებისგან ღელვა..
შემოფრინდეს ჩემს სარკმელში მოღუღუნე მტრედი, 
ანტიკური საოცრება შევიმეცნო მითად,
არ ვირწმუნო დაწერილი ბედისწერა, ბედის
უხმაურო ხმაურისგან რომ ავაწყო რითმა...
შემომადნა გაზაფხულის ანაცრემლი თრთვილი, 
მომენატრა გარიჟრაჟის სიოს ნაზი თრთოლა,
ამ შეუცნობ საწუთროში შუქ-ჩრდილებით  ვივლი,
სანამ ქვეყნად ავბედითი აღსასრული მოვა...


***
ნუ გამანადგურებ, ვერ შემქმნი ახლიდან,
ისედაც ქალური სისუსტით ვბანცალებ,
მეგონა, ადამი ჩემს წინ თავს დახრიდა,
ახლა კი, გათელილს, სიკვდილი მაცალეთ...
ქალებს ხომ თან დაგვყვა ზღაპრებზე ოცნება,
მოგონილ რაინდებს წაექცათ რაშები,
ქალწულის შემქმნელი უფალი ოცდება 
მოგვძახის:“ო, ადამ, შეჩერდი,რას შვრები?!“
ნუ გამანადგურებ, ამით ხარ ძლიერი ,
მე ბევრი არ მინდა, მსურს მხოლოდ ქალობა,
მხოლოდ ჩემს რაინდთან ვიყო ბედნიერი ,
ველოდო სამოთხეს,როგორც ღვთის წყალობას...
ნუ გამანადგურებ, ვერ შემქმნი ახლიდან,
ისედაც ქალური სისუსტით ვბანცალებ,
მეგონა, ადამი ჩემს წინ თავს დახრიდა,
ახლა კი, გათელილს, სიკვდილი მაცალეთ!



***
მე ახლა აჩრდილი, უფერო ლანდი ვარ,
თან მდევს ზეციური სამყაროს ჩრდილები,
შენს სახლთან უჩუმრად, წუხილით დავდივარ,
მიწიერ სურვილებს არ ვემორჩილები...
მესროლე, თუ გინდა, ხომ ხედავ, სხეული
არა მაქვს, სული კი ისედაც მძიმეა,
ამ სამყაროსგან ვარ ზურგშექცეული,
რადგან ეს მიწა ცრემლების მღვიმეა...
რა ნეტარებაა ფარფატა სხეული?!
მე უსხეულო ავყვები აღმართებს,
ჩემი სული კი მძიმე და ეული
აჩრდილთა სამყაროს ლექსებით აანთებს...
მე თითქოს უფერო ლანდი ვარ, აჩრდილი,
მივხვდი, რომ ჰაერი მიწაზე მეტია,
დედამიწაზე არ იყო ადვილი
და ჩემი არსება იქ ვერ დაეტია...
მე ახლა აჩრდილი, უფერო ლანდი ვარ,
თან დამდევს ზეციურ სამყაროს ჩრდილები,
შენს სახლთან უჩუმრად,წუხილით დავდივარ,
მიწიერ სურვილებს არ ვემორჩილები...



***
მიმძიმს, ვუცქირო ქარიშხლიან უმთვარო ღამეს,
არდაბრუნების ბუნდოვანი ფიქრები მაკრთობს,
ანგელოზებო, მფარველებო, გთხოვთ, მამცნოთ რამე
და ნუ დამტოვებთ ამ ღამეში მარტოსულს მარტოდ...
მიმძიმს ვუცქირო უღიმღამო ნისლიან დილას,
მონატრებისგან გატანჯული ისევ შენ გელი,
გთხოვ, ღმერთო ჩემო, დღეს ცოდვილი მიმიღე შვილად,
ვგრძნობ, თავგზას მიბნევს ევას მსგავსად გრძნეული გველი.
მიმძიმს აქ ყოფნა, გადაღლილი გავყურებ არეს,
გრძნობამორეულს მიჭირს ძველი ცოდვების ძლევა,
სიყვარულისგან ზურგშქცეულს სევდა მკლავს მწარე 
და ცოდვებისგან დაცემული ქვითინებს ევა...



მუზას
გთხოვ, მოდი ჩემთან, მარტოობას ვერაფერს ვშველი,
მოდი და განდობ, პალიტრაზე რაც გსურს, დაწერე,
დღეს უჩვეულოდ გამიავდრდა, ქუჩაა სველი,
აბდაუბდობა შეეპარა ლექსებს,ნაწერებს,
ოღონდაც მოდი და ფიქრები გამითბე ისევ,
ამ უბილიკო ბილიკებზე მომკიდე ხელი,
ჩემს დამშეულ სულს შენს გარეშე ვერაფრით ვივსებ,
მსურს დავივიწყო ტკივილები და სევდა ძველი...
უნდა მოფრინდე, დღეს წარსულიც მომტაცო უნდა,
აწმყოც არა მსურს, უშენობით ქრება ფერები,
უფალმა უწყის, შენს წიაღში ცხოვრება მსურდა,
მომწონდა სიტყვა, შენი აზრით შენაფერები...



იუდას მონოლოგი
წაიღეთ ვერცხლი, მომაშორეთ თვალთაგან ახლა!
შემჯავრდა ჩემი უმადური მოდგმა და ჯიში!
ვერ ვუძლებ ტკივილს, რაც იმ ღამის სინანულს ახლავს,
ვწყევლი იმ წუთებს, რომ ამ ქვეყნად დაცემით ვიშვი!
მე ვგმობ ჩემს ბაგეს, რადგან უფალს შეჰკადრა კოცნა,
იმავე ბაგემ იცრუა და გაჰყიდა მხსნელი,
რატომ არ გასკდა დედამიწა მაშინაც, როცა 
30 ვერცხლითრომავივსემემრუშეხელი!
შენდობას ვერა, ვერ შეგკადრებ უფალო, რადგან
ვერც წმინდა ტრაპეზს შევექეცი კრძალვით და კდემით,
არა ვარ ღირსი, წმინდა მიწას მე ფეხს რომ ვადგამ,
დავპატარავდი ერთ ღამეში დავბერდი, ვკვდები...
ვიცი, რომ მერე მატიანეც შემრაცხავს მტრად და
შთამომავლობა გაიხსენებს იუდას კრულვით,
თურმე რამხელა ბოროტების ჩადენა მწადდა,
სისასტიკეა, მკერდში მიცემს უგვანო გული...
წაიღეთ ვერცხლი, მომაშორეთ თვალთაგან ამ წამს,
ასე რომ გაქრა წმიდა სული, ფარფატა მტრედი,
ჩემი სიცოცხლე მსურს მივანდო თოკსა და ბაწარს,
სადმე ხეზე მსურს ჩამოვკიდო ჩემივე ბედი...
წაიღეთ ვერცხლი, წაიღეთ ვერცხლი, წაიღეთ ვერცხლი...



***
ქარი მე შენს სიყვარულში მეცილება,
მე გეკრძალვი, ის კი დაგდევს უკვე წლობით,
იქნებ შენთან მოსვლის შენვე მიეც ნება?....
რომ გაკოცოს, მე უთუოდ შევიშლები...
ვიცი, თმებსაც აგიწეწავს ზოგჯერ იგი,
ვნებიანად დაგიკოცნის სახის ოვალს,
არ მაშინებს მისი ქროლა და ავდარი,
მიყვარხარ და მე შენამდე მაინც მოვალ!
დგას გვიანი შემოდგომა, თუმცა ახლა
თვითონ მე ვარ წვიმა, თქეში, ქროლვა ქარის,
ჩემს სიყვარულს გახელების ვნება ახლავს,
თუმცა, როგორც თოთო ბავშვი, წმინდა არის..
ქარი, მე შენს სიყვარულში მეცილება ,
თუმცა ქარი, ჰო... ძვირფასო...თვითონ მე ვარ!



***
ლექსი მაწვალებს, ქარბუქიან ფიქრებს ამიშლის,
ვიცი, მშფოთვარე ღამეებიც მაფარებს საბანს,
მზე რომ ამოვა, აიტაცებს დედა თავის შვილს 
და ცისარტყელა გამოკრთება, როცა პირს დაბანს...
დედა, მიშველე! ლექსი უნდა ამოვთქვა, თორემ
ბობოქრობს სევდა, უშობელი კვდება აზრები,
მდინარე დგება, ხახას იშრობს და ხდება მდორე 
და ლაბირინთში უგზო-უკვლოდ დავიარები...
ლექსი მაწვალებს, ვულკანებად ამოვა მგონი,
ვიმშობიარებ ამ ცხრა თვეზე ნამწიფებ ვარამს,
ვიცი, რომ კვლავაც დამიფარავს მაღალი გონი,
ლექსის სიწმინდე ნაცოდვილარ ცხოვრებას ფარავს...
ლექსი მაწვალებს, მას სიმშვიდეც ამოაქვს შფოთიც,
ვხედავ ბეთჰოვენს ჩამოაწვა თითებზე დაღლა,
ნიკალასა და გალაქტიონს შეარქვეს ლოთი,
მათი სტრიქონი სინანულად დამტირის ახლა...
ლექსმა მომიხმო, ჩამომიჯდა საწოლზე თავად,
იქნებ ლექსია, ან მე გავხდი ძალიან ავად?!



***
დამესიზმრა...მეხვეოდა თოლიების გუნდი
და ავყევი ზეცისაკენ ფრინველების წყობას,
ჩემო კარგო, თუ ოდესმე ისევ დამიბრუნდი,
დავივიწყოთ სამუდამოდ სიძულვილი, წყრომა...
დამესიზმრე... ამ სიზმარში გიპოვე და გაქრი,
ავედევნე საძებნელად შენკენ ქარებს აშარს,
ღამით მთვარემ მომანათა ძველისძველი ჭრაქი,
შენი გზისკენ არაფერი, არაფერი არ ჩანს...



***
არის დრო შენების, აგრეთვე ნგრევის დრო,
სიცოცხლის ნაცვლად კი თარეშობს სიკვდილი,
დანაცრულ სახეზე, ბაგეზე და დიდრონ 
თვალებზე ნაომარ წუთებთან ჭიდილით... 
მაკლდება სიცოცხლე, იბნევა წამებად,
სულს მხოლოდ ვინაყრებ ცვრიანი ლირიკით,
მომბეზრდა ამდენი ტანჯვა და წამება
სიკეთე რომ ბრუნავს ამაოდ, პირიქით...
არის დრო დუმილის, მაგრამ მე არ ვდუმვარ
და სულის აფრები ჰკიდებენ არშიებს,
ადამიანი და ქალი მეც თუ ვარ,
გრძნობები გულს რატომ ძარცვავს და აშიებს?...
არის დრო, არის დრო და ეს დრო რა არის?
ეკლესიასტე, სოლომონ არ სცდები,
ჩვენ დაგვავიწყდა შეცნობა მთავარის 
და ჰუმანური, გულწრფელი განცდები...
არის დრო შენების, აგრეთვე ნგრევის დრო,
სიცოცხლის ნაცვლად კი თარეშობს სიკვდილი,
დანაცრულ სახეზე, ბაგეზე და დიდრონ 
თვალებზე ნაომარ წუთებთან ჭიდილით...



***
სიცოცხლე ისაა, რაცაა სიკვდილი,
დღეს იგი მშფოთვარედ კარებთან ასვეტდა,
სიკვდილი ისაა, წარსულს რომ მივსტირით,
ცხოვრება ზოგჯერ ხომ ისეა, ასეა...
დაახშობს დარაბებს, წინ მრჩება კედელი,
ჰორიზონტს გასცქერის კვლავ ჩემი ოცნება,
მჯერა, რომ თვითონ ვარ მე ბედის მჭედელი,
ზეცა კი ღრუბლების ცრემლებით ოცდება...
სინათლე ცოტაა მიწაზე, ვერც ვხედავ,
ლექსებით მივიკვლევ დაბინდულ ბილიკებს,
ბრბო ეკვრის მიწას და ზიზღი მჭირს, ოხ, დედავ,
მიშველე, ეს ხალხი მჭორავს და ქირქილებს!
ზიზღი კი ისაა, რაცაა ტკივილი,
გულს გვიღრღნის შიგნიდან, გარედან იარა,
მთებს შევძრავ პროტესტის ძლიერი კივილით,
გულს მოგცემთ, გაგიგლეჯთ, გაგიყოფთ ზიარად…
სიყვარული კი ესაა ნამდვილი,
მტრობას, სიძულვილს, ბევრ ცოდვას რომ ფარავს,
ამ ქვეყნად ამ გრძნობით თრობაა ადვილი,
რომელიც ასწორებს მრუშსა და მომპარავს...
სიცოცხლე ისაა, რაცაა სიკვდილი,
დღეს იგი მშფოთვარედ კარებთან ასვეტდა,
სიკვილი ისაა, წარსულს რომ მივსტირით,
ცხოვრება ზოგჯერ ხომ ისეა, ასეა…



მუცლადმყოფ ბავშვს
[დისშვილებს]
იცი? მე ვარსკვლავს მოგიწყვეტ ციდან,
უკვდავების წყალს შეგასვამ პეშვით,
შენ სამყარო ხარ, სულ ერთი ციდა,
დედის მუცელში და ღმერთის ხელში...



***
ეს მერამდენედ ფათერაკობს ქარი შრიალა,
შეაკრთობს ხევებს, კვლავ უმიზნო ურჩი ხეტებით,
სულის ნიმფებმა გამოსტაცეს ბახუსს ფიალა
და მოაჩვენეს უდაბნოს მზეს ლურჯი ხედები...
ეს მერამდენედ აურია აურზაურით,
შრიალ-შრიალით,ზათქა–ზუთქით კედლებს აწყდება,
აღარ მაკვირვებს, აღარ მტანჯავს დღეს ეს ხმაური,
რომ არ იდარებს, არც ამაზე გული არ მწყდება...
აქ, ამ ქაოსში, მე ყინულის ლოდებს ვაგროვებ,
ვათბობ ჩემს მკლავზე, სისხლის არცთუ მკვეთრი დინებით
და ვულკანებად ამოვხეთქავ უკვე ნაგროვებს,
დღეს პოეზიის ცეცხლის წვიმად ჩამოვდინდები...
ო, ეს ქარები, კვლავ იქროლოს რექვიემებად,
თუნდ „ტარანტელა“ წაუცეკვოს წყალთა ბილიკებს,
დღეს მე დავინჩის „ცრუ ღიმილი“ მეიმედება,
ჩუმი მდინარეც ადიდდა და ლაღად ლიკლიკებს...
ეს მერამდენედ ფათერაკობს ქარი შრიალა,
მუზაც დამიფრთხო სუსხიანი, ცივი ხელებით
და ეს ლექსებიც ფანტელებად ააფრიალა ,
მე კი უმიზნოდ, უგზო-უკვლოდ დავეხეტები...
ეს მერამდენედ ფათერაკობს ქარი შრიალა....





***
ძლიერ გაწვიმდა,უზნეობა მოდის თქორებად,
არც სიმძიმილი ახლავს ირგვლივ გათელილ სინდისს,
სულ არ აყოვნებს სულიერი გამათხოვრება,
ამაოებით გაჟღენთილი ცხოვრება მიდის...
ჟანგი ედება რელსებიდან გასულ ლიანდაგს
და  გზააბნეულ მემანქანეს ეცვლება გზები,
აქ ყოველივეს ერთმანეთი უფრო მეტად სძაგს,
აქ საფლავები იჭრებიან საკუთარ ნებით...
სინდისის ტოტზე დანამყენდა უსინდისობა,
ჟესტებითა და მიმიკებით იშლება მიმი,
არავის ახსოვს ზეციური მარადისობა,
აქ ხომ ცინიზმი შეჰპარვია გულწრფელის ღიმილს...
ძლიერ გაწვიმდა,უზნეობა მოდის თქორებად...
მსურს,რომ გავიგო რას ფიქრობენ ქვები,ლოდები,
მინდა ვიცოდე,ზღვის ნაპირას ვის ველოდები...
შებინდებისას მარტოობის სიმძაფრე ვიგრძენ,
„შეფოთლილი და ფოთოლცვენით სავსე ვარ ისევ....
ქვიშას კი ბინა დაუდია ბობოქარ ზღვასთან,
მის მდუმარებას ფარავს ღელვის,შტორმის ხმაურით,
მე კი დინებას ჩემს დაგროვილ ჭირ-ვარამს ვატან,
ზღვას ემატება გადამდები ჩემი „ტრაური“...
ნაპირებს მოსდებს ზღვა ჩემს ტკივილს ,ფიქრსა და სევდას,
ქვიშას მიახლის ნაფერებ და გაბნეულ ფიქრებს,
ქვიშა კი უტყვი,ის,რომელიც ყველაფერს ხედავს,
ზღვა საიდუმლოს შესანახად ძალ-ღონეს იკრებს...
მზის ჩასვლის ფონზე ზურგს შევაქცევ დარდიან ღელვას,
ქვიშის სიღრმეში შევინახავ წარსულს და აწმყოს,
ჩემს ცაზე ისევ ბინდი წვება,გრუხუნებს,ელავს,
ბედისწერა კი ქვიშას თავის წესებით აწყობს...



***
ძალიან მცივა ,მაგრამ სუსხი სულ არ მაწუხებს,
ჩემში სისავსით იჟღინთება ვეება მთვარე,
მინდა გავექცე მობეზრებულ ყოფის მარწუხებს,
რომ გამითენდეს ალიონი ,მშვიდი,ცისმარე...
ახალშობილის შემეცნებით ვიშვე თავიდან,
შევსვა ბოლომდე სატრფიალო ლექსები თასით,
განახლებული ჩემს საწადელს ფინიშს მივიტან,
რომ დავაფასო ყოფიერში „არ ყოფნის“ ფასი....скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge