გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ლაშა დეისაძე-შარვაშიძე - რუსეთის მიერ წამებული (მოკლული) და გადასახლებული ქართველი მღვდელმთავრები

ლაშა დეისაძე-შარვაშიძე დაიბადა 1990 წლის 19 მაისს, ქუთაისში. 
არის ისტორიის დოქტორანტი, თეოლოგიის მაგისტრი და პოლიტოლოგიის მაგისტრი. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი. ახალგაზრდა მეცნიერს, ლაშა დეისაძე-შარვაშიძეს, ჟურნალი ,,აფინაჟის" რედაქცია უსურვებს წარმატებებს!

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში არაერთი მაღალიერარქი თუ რიგითი სასულიერო პირის ცხოვრება და მოღვაწეობა მოიპოვება, რომლებიც მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში რუსეთის მესვეურთა მიერ იქნენ ნაწამები, გადასახლებული თუ მოკლული. მათ შორის, როგორც ქრონოლოგიური საწყისით, ისე მოღვაწეობისა და თავდადების მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეული და უპირატესი ადგილები უჭირავს ორ ქართველ  მღვდელმთავარს: ქუთათელ მიტროპოლიტს დოსითეოსსა (წერეთელი) და გაენათელ მიტროპოლიტს ეფთვიმეს (შარვაშიძე).
მიტროპოლიტი დოსითეოსი, 1781 წლიდან მწყემსმთავრობდა ქუთაისის სამიტროპოლიტოს. 1795 წლიდან იგი გახდა დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გამგებელი, ანუ დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე. მიტროპოლიტი დოსითეოსი აღნიშნულ მოვალეობას ასრულებდა 1814 წლამდე, ვიდრე რუსეთის იმპერიის მიერ, სრულიად ანტიკანონიკურად და ძალადობრივი მეთოდებით გაუქმდა დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო და მისი ავტოკეფალია. ამავე პერიოდში, 1778 წლიდან, გაენათის (გელათი) სამიტროპოლიტოს მწყემსმთავრობდა მიტროპოლიტი ეფთვიმე.  ხსენებული ორი მღვდელმთავარი, არა მხოლოდ სულიერად მწყსიდნენ დასავლეთ საქართველოს, არამედ უმეფოდ და უკათალიკოსოდ დარჩენილ ქვეყანაში, ეროვნულ წინამძღოლობასაც უწევდნენ რუსეთის იმპერიის მჩაგვრელი უღლის ქვეშ მგმინავ ქართველ ერს.
იმერეთის სამეფოს გაუქმებისთანავე, ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი (წერეთელი) და გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმე (შარვაშიძე) დაუფარავად ქადაგებდნენ ქართულ ეროვნულ მოტივებზე, ამხელდნენ რუსეთის იმპერიის კოლონიზატორულ პოლიტიკას საქართველოში და აძლევდენ ქართველ ერს ლოცვა-კურთხევას ჩვენი ქვეყნის განთავისუფლებისათვის. მღვდელმთავრები იმერეთში სამეფო კანდიდატად მოიაზრებდნენ მეფე სოლომონ პირველის შვილისშვილს, დარეჯან ბატონიშვილს ვაჟს, ივანე აბაშიძეს.
მიტროპოლიტები: დოსითეოსი და ეფთვიმე მიუღებელი პიროვნებები და მაღალიერარქები აღმოჩნდნენ რუსეთის იმპერიის მოხელეებისათვის და მეტადრე, საქართველოს ეგზარქოსის თეოფილაქტესათვის, რომელსაც მფარველობას უწევდა იმპერატორ ალექსანდრე პირველის ახლო მეგობარი, რუსეთის სახალხო განათლებისა და სასულიერო საქმეების მინისტრი ა. გოლიცინი. ეს უკანასკნელი მისთვის მიუღებელ იერარქებს იმპერიის სხვადასხვა ადგილებში გზავნიდა. სწორედ გოლიცინმა გამოიტანა განაჩენი, რომ ქუთათელი და გაენათელი მიტროპოლიტებისთვის სამშობლო დაეტოვებინა, მით უფრო, რომ ისინი მიიჩნიეს 1819 წელს იმერეთში მომხდარი საეკლესიო აჯანყების მოთავეებად...
1820 წლის 16 თებერვალს რუსი პოლკოვნიკი პუზირევსკი, რუს გენერალ ველიამინოვს წერს: „მიტროპოლიტი ქუთათელი ამჟამად ცხოვრობს სოფელ მაღლაკში, ქუთაისიდან 8 კილომეტრის დაშორებით... ეს საქმე დავალებული აქვს მაიორ ოსტროუხოვს, რომელიც გუშინ უკვე იყო მაღლაკში და ელაპარაკა ქუთათელს, ჩემს მიერ დაქირავებული მთიბავების შესახებ. მის შესაპყრობად გამოყოფილია ასი ეგერი და თხუთმეტი კაზაკი გუბისწყლის პოსტიდან. თუ კი იქნება საჭიროება, მონაწილეობას მივიღებ პირადად... მიტროპოლიტი გენათელი ამჟამად იმყოფება გელათის მონასტერში, 10 კილომეტრის მოშორებით ქუთაისიდან... ეს საქმე დავალებული აქვს მაიორ ანდრეევსკის. სპეციალური ჯგუფი მის დასაჭერად საჭირო არაა. ყოველ შემთხვევაში ვაგზავნი ორ უნტერ-ოფიცერს. მაიორი ანდრეევსკი გენათელთან ხშირად იმყოფება და მისი იქ მისვლა გენათელის გაოცებას არ გამოიწვევს. გადაწყვეტილი მაქვს ჩამოვაცვა ტილოს ტომრები, რომლებიც პირთან იქნება გაჭრილი, ხოლო კისერთან და წელთან ამ ტომრებს თოკი ექნებათ შემოკრული, რადგან ტყვეებმა ერთმანეთი არ იცნონ და ასევე - ადგილობრივმა ხალხმა.“ უკვე, 23 თებერვალს, გენერალი ველიამინოვი, პოლკოვნიკ პუზირევსკის წერს: „ყველაზე უფრო საშიშია, რომ არ გაიგონ მიტროპოლიტების სიკვდილი, რომელთა მკვლელობაც ააღელვებს ხალხს, სამღვდელოებასა და თავადებს. ასევე, ცუდად იმოქმედებს ეს ფაქტი ჩვენს ჯარისკაცებზედ, რომელთაც რწმენა აქვთ სამღვდელოებისა. თუ კი ჩვენდა საუბედუროდ გამჟღავნდება, არავითარ შემთხვევაში, არც ერთის სხეული არ დატოვოთ იმერეთში, არ დამარხოთ! ასევე, არ ჩააგდოთ გვამები მდინარეში, თორემ სწრაფ მდინარეს შეუძლია სხეული ზემოთ ამოიტანოს. აუცილებლად მიიტანეთ სხეულები კაიშაურამდე, სადაც შეიძლება ისინი მიაბაროთ მიწას.“ თვითონ, პოლკოვნიკი პუზირევსკი აცხადებდა, რომ თუ კი მასზე თავდასხმა მოხდებოდა „დაპატიმრებულები ტყეში უნდა დავხოცო და მდინარეში გადავყარო.“ შეძრუწებული კითხულობ ამ ამაზრზენ ფრაზებს, ერთდროულად გიპყრობს შიში, სიბრალული, უკიდეგანო სიბრაზე და ფიქრობ... ნუთუ, ამ ფრაზების ავტორები ერთმორწმუნენი არიან?! არა, არანაირად!
1820 წლის 4 მარტს, დიდი მარხვის ჟამს, რუსეთის იმპერიის მოხელეებმა შეიპყრეს: სოფ. მაღლაკში მდებარე სამიტროპოლიტო რეზიდენციაში - ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი და გელათის მონასტერში - გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმე. მეუფე დოსითეოს ქუთათელთან ერთად, ასევე შეიპყრეს ტაბაკინის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი გრიგოლი (ცქიტიშვილი). მხცოვან მიტროპოლიტ დოსიეთეოსს, რუსებისთვის წინააღმდეგობა გაუწევია, რის გამოც, იგი სასტიკად ცემეს, დაჩხვლიტეს ხიშტებით, დასისხლიანებულს შეუკრეს ხელები და ტომარა ჩამოაცვეს... გაენათელმა მიტროპოლიტმა ეფთვიმემ შეინარჩუნა სიმშვიდე, თუმცა რასაკვირველია, დიდი გაოცება გამოხატა მისი ძალით შეპყრობის გამო.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის თავდადებული მღვდელმთავრები, ნაცემები, გასისხლიანებული და ტომრებგადაცმულები, რუსეთის გზას გაუყენეს... სურამთან ახლოს, ერთ მართლმორწმუნე დედაკაცს მათთვის ცივი წყალი მიუწოდებია, თუმცა სასტიკად ნაცემ მიტროპოლიტ ეფთვიმეს პირიდან ბელტებად წამოუვიდა სისხლი და ჩამოცვივდა კბილები, ხოლო მიტროპოლიტმა დოსითეოსმა წამებას ვერ გაუძლო და გზაში აღესრულა. „კურთხეულ ქუთათელს ერთი დღის სავალის მეტს არ გამოუვლია ცოცხალს, სურამს მიიცვალა. მე რომ არ დავსწრებოდი, უზიარებელი დარჩებოდა, რომელიც ღმერთმან შემაძლებინა“, - წერდა არქიმანდრიტი გრიგოლი. ნ. დურნოვო აღნიშნავს: „ქუთათელი მიტროპოლიტი, როგორც ჩანს, გზაში დაახრჩვეს.“ მიტროპოლიტ დოსითეოსის ნაწამები სხეული, რუსმა მოხელეებმა საიდუმლოდ დაფლეს ანანურის ტაძარში, ხოლო მიტროპოლიტი ეფთვიმე რუსეთის გზას გაუყენეს... ჩაიყვანეს ქალაქ ნოვგორდში. იმპერატორი ალექსანდრე პირველი მოჩვენებითად, დიდი პატივით შეხვედრია პეტერ-ბურგში გაენათელ მიტროპოლიტს ეფთვიმეს, თუმცა მეუფე ეფთვიმე არ მოერიდა მის პირდაპირ მხილებასა და საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის დამოუკიდებლობის წართმევისა და ქართველ მამულიშვილთა წამების გამო, მას „ახალი დროის ნერონი“ უწოდა. უნდა შევნიშნოთ, რომ მაღალიერარქისგან ესოდენ გაბედული მხილება უმაღლესი ხელისუფლებისადმი, მრავალთათვის საგულისხმო გახლავთ ამჟამად, თანამედროვე ეპოქაში. იმპერატორის დაუფარავი მხილების გამო, მღვდელმთავარი გადაასახლეს ოლონეცკის გუბერნიაში და განამწესეს ღირსი ალექნდრე სვირელის სახელობის სვირის მამათა მონასტერში. შემორჩენილია წერილები, რომელსაც მშობლიურ ქვეყანასა და ეკლესიას მონატრებული მიტროპოლიტი ეფთვიმე უგზავნიდა თავის სულიერ მოძღვარს, მღვდელ-მონაზონ იონას (ხელაშვილი). უკანასკნელად გაგზავნილი ასეთი წერილი 1822 წლის 2 იანვრით არის დათარიღებული. 1822 წლიდან, მეუფე ეფთვიმე უკვე ხშირად ავადმყოფობდა... მიტროპოლიტი ეფთვიმე ღმრთივმიიცვალა 1822 წლის ძვ.სტ. 21 აპრილს. დაკრძალვას უამრავი ხალხი დაესწრო. წესის აგების ჟამს, მიტროპოლიტი ეფთვიმე წამოიწია "დასწერა ჯვარი ვითარცა ცოცხალმან და კუალად მიწვა კუბოსავე და მიიძინა, დაეცათ შიში დიდი მუნ მყოფთა ყოველთავე და აქებდეს ღმერთსა". რუსეთის იმპერიის მიერ შეპყრობილი და გადასახლებული მღვდელმთავარი დაკრძალეს სვირის მონასტერში, ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრის საკურთხეველში.
აღსანიშნავია, რომ ქუთათელი მიტროპოლიტის დოსითეოსისა და გაენათელი მიტროპოლიტის ეფთვიმეს წამებით შემპყრობ რუს პოლკოვნიკს პუზირევსკის, 1820 წლის აპრილში, იმერეთის აჯანყების ერთ-ერთმა მოთავემ, ივანე აბაშიძემ და სხვა ქართველმა მამულიშვილებმა თავი მოჰკვეთეს.
გარდაცვალებიდან 183 წლის შემდეგ, 2005 წლის 27 მარტს, გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმე რუსეთიდან, ღირსი ალექსანდრე სვირელის სახელობის მონასტრიდან სამშობლოში ჩამოასვენეს და ამავე წლის 9 აპრილს, გელათის მონასტრის ყოვლაწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში პატივით დაკრძალეს. იქ, საიდანაც რუსეთის იმპერიის მოხელეებმა შეიპყრეს და იქედან ძალადობით წაყვანილს, ამქვეყნად ყოფნისას სამშობლოს ხილვა აღარ აღირსეს...
2005 წლის წლის 27 ივნისს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა, რუსეთის კოლონიზატორი იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი, საქართველოსა და ქართული ეკლესიისთვის თავდადებული მღვდელმთავარნი: ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი (წერეთელი) და გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმე (შარვაშიძე) წმიდანებად შერაცხა და მათ წმიდა მღვდელმოწამენი უწოდა.
მიტროპოლიტმა დოსითეოსმა და მიტროპოლიტმა ეფთვიმემ, ყველაზე მეტად და მწავედ უწყიან რუსეთის სახელმწიფოს მსახვრალი და დაუნდობელი ხელი... შეეწიოს მათი ლოცვა ღმერთის წინაშე, ჩვენს მრავალტანჯულ, რუსეთის სახელმწიფოსგან ოკუპირებულ სამშობლოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ აღდგეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დასხნილი ვიყოთ რუსეთის საოკუპაციო მარწუხებისგან.

ლაშა დეისაძე-შარვაშიძე

ისტორიის დოქტორანტი, თეოლოგიის მაგისტრი, პოლიტოლოგიის მაგისტრი

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge