გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ჯემალ შონია - ლექსები

ღვინო ილევა
დღეს მე და ღვინო ერთად დავთვრებით,
მე დავლევ, ის კი დაილევა და
სადღეგრძელოთა ჭრელი დავთრებით
მოგვაჩერდება სველი ხელადა.
ჭიქის კიდეზე წვეთი იტირებს,
ვით ცრემლი, ღაწვზე შემორჩენილი,
და ბზარავს დარდით გულის ქვიტკირებს
ის შარშანდელი შენი წერილი.
წელს ამ ასოებს ვეღარ გავარჩევ,
წელს თურმე უფრო ჩამობნელდება;
შემყარეს ღამეს, როგორც განაჩენს -
ახალ განაჩენს ძველმა ელდებმა.
დღეს მე და ღვინო ერთად ვილოთებთ,
შენი ლოდინიც მისებრ ილევა
და იხატება შავ-თეთრ ტილოსებრ
ხვალინდელი დღის მკაცრი დილემა.
არც თანაგრძნობა და არც ბოდიში,
თრთიან კურცხლები - სურის მკვიდრები...
ღვინო ილევა... მე შენს ლოდინში,
ვხედავ,აღარც წელს გამოვფხიზლდები.


შროშა
ამ ხელადებსა და ფიალებში
დგას ღვინისფერი დილა და ელავს
და დაკოჟრილი ხელის ალერსი
წრიულ ზოლებად ეტყობა ყველას.
დის თიხისფერი, როგორც ძირულა,
მდინარესავით გზისპირიც ღელავს,
ვარსკვლავთა შუქი ჩამონისლულა
და იწყებს ქვევრის ძარღვებში მღერას...
გავცდები გვირაბს, ცას უშეგირდებს
ფიქრი და ახალ სივრცეებს ზვერავს
და მოვატარებ ქართლის ველ-მინდვრებს
შროშის დოქებით მოკირწყლულ მზერას.


ცალი თვალით
მთვარეზე შემრჩა ცალი თვალი და
მეორე მზისთვის შემოვინახე...
გამოვარდება ღრუბლის თავლიდან
ქარი და დაფშვნის ზეცის მინანქრებს,
აქცევს წვეთებად, წვიმად დამაყრის
და ააცეკვებს სახლის კიბეზე;
სულ სხვა ეშხის და სხვა ანდამატის
ღამე მომივლენს ლოცვის მიზეზებს.
მერე კი, წვიმა რომ გადაიღებს
და მოხსნის ხურჯინს ღრუბლის სახედარს, -
დაველოდები გამშრალ თარიღებს
და მზესაც ცალი თვალით გავხედავ...


დაბრუნება
ძალიან შორს და ძალიან იქით,
ძალიან მიღმა, ძალიან გაღმა
ხელის ცეცებით თუ კითხვაკითხვით
სახლს მივაგენით... და ჩვენმა სახლმა
შემოგვაგება ჭიშკართან მამა,
გაცოცხლებული, ვით ძველი სევდა...
მორბოდა ჩვენკენ და ეზოს თამამ
ნიავს ასწრებდა ფრთალაღი დედა...
თურმე მკაცრი დრო ვერ დაგვაობლებს,
პირიქით, უფრო დაგვაკავშირებს...
ჩვენ დავუბრუნდით ამგვარად მშობლებს
და უკვე მათებრ მოველით შვილებს...


მხოლოდ სული
წყალს ყოველთვის გაუგნია გზა და ლოდიც
უხვრეტია, როგორც ბედის საზღაური...
დღე თუ ღამე, აისი თუ საღამო დის,
მათს გზას მუდამ უპოვია ნაგზაური.
დის ზეცა და დედამიწა, გზები დიან
ხან წვალებით, ხან იოლად, გალაღებით,
ბადედ ქცეულ პარალელთ და მერიდიანთ
მაინც გასცდნენ ფიქრთა მარდი კალმახები...
დიან წყალნი, კენჭებიც და ვარსკვლავებიც,
ზოგჯერ დიდთა მთათა დაძვრაც არ კმაროდა...
დის ყოველი... და ყოვლისგან განსხვავებით
მხოლოდ სული დის და გარბის სამყაროდან...


დაიძრა სისხლი
მთელი ატლანტის ოკეანე
მათს ნაპირზეა მიგლესილი;
რას ეძებს ზღვაში მოყიალე
ესპანელი თუ ინგლისელი?
სანამდის სამზერს მოგიძოვდეს
პალანკინი თუ ტახტრევანი,
გასწევს ქაფიან ჰორიზონტებს
კოლუმბია თუ მაგელანი...
აგერ ადამი, აგერ ევა
ღმერთს უცხოეთშიც გაერიგა...
და ერთმანეთში აგერევა
ინდოეთი და ამერიკა....
შურმა მზის შუქი გადასწონა,
სხვა რამე მისგან არ ეგების,
დაიძრა სისხლი ამაზონად
ინკებისა და აცტეკების.
ეს სისხლი შენაც გახალისებს,
დღეიდან აღარ მოკლავს იმედს
და შენც იზომავ ახალ მიწებს,
ვით ინდიელის მოკასინებს.


ღრუბლის ხურჯინები
ღრუბლის ხურჯინებს, წვიმებით სავსეს,
ელვის თოკებით კრავენ გადაღმა,
ქარი ქარავანს აცილებს გზაზე,
სადაც მინდორი გვალვით გადახმა...
და შენც ლოდინით აღარ მოკვდები,
ეს დღე იმედსაც გადაურჩინეს...
დაწყდება ელვის სველი თოკები
და დაცლის წვიმით სავსე ხურჯინებს...


სიშიშვლე
სარკმელთან მდგარი ლეღვი გვთავაზობს
ფოთლებს, გვიყურებს რადგანაც შიშველთ,
ჩვენ კი კვლავ ვარწევთ ბედის თარაზოს
და ხელს ლეღვისკენ არასდროს ვიშვერთ.
გვხედავს ქარი და ისიც ვიშვიშებს,
ფანჯრის გაღებას ამაოდ ლამობს,
ჩვენ კი შევყურებთ ჩვენსას სიშიშვლეს,
როგორც ყველაზე მშვენიერ სამოსს...
დიახ, ჩვენ სწორედ ახლა გვაცვია
ტანსაცმლად ხორცი - ცარიელ სულებს,
აქ ედემია ჩვენი, ქაცვიან
გზას ნეტარი დრო აქ დაგვისრულებს.
დღეიდან აღარ მივდგებ-მოვდგებით,
არც უხსენებლის გვაშინებს ელდა;
მიწაზე ჩვენი გარდერობები,
კარგა ხანია, დაცარიელდა...
მერე გამოხვალ გარეთ, იერი
და ბაღის ფერი სადაც სულ გიქე...
მოგეფერება ქარი მშიერი
და ლეღვის ფოთოლს დაგიგდებს იქვე...
ლოლუების სავარცხლით...
ლოლუების სავარცხლით
ქარი სახლებს დავარცხნის
და გიჟური ხარხარით გავარდება გაღმა...
ჩვენ კი ყინვას ვამარცხებთ,
რადგან აღარ ვართ გარეთ,
სადაც ხეთა შრიალიც  სიცივისგან გახმა...
მერე ზამთრის მზე მოვა,
გაშლის თმებს და ზემოდან
მოციმციმე თრთვილივით სახლებს დაეტკბილება,
რომ დაიწყონ წრიალი
და გაიღონ წკრიალი
ლოლუების სავარცხლის ფაცვენილმა კბილებმა...


სურვილი
როცა შეერთდა მიწა და ცა და
ლურჯად დაიწყეს წყლებმა დინება,
სურვილმაც ფრთების გამოსხმა სცადა
და სინამდვილედ ქცევა ინება.
თუმცა მწვერვალის სიმაღლით ვთვრები
და ვცანი ნატვრაც მოკლულ წყურვილად, -
მას ძველებურად მოუნდა ფრთები
და ახალი ცა მოესურვილა.
რომც ეს სილურჯე ნუგეშად მეცვას
და მივაღწიო ვარსკვლავთ ურდომდეც,
მაინც ვერ ვპოვებ მე ისეთ ზეცას,
რომ სურვილს ფრენა აღარ უნდოდეს.скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge