გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

გიორგი გოგუა - დავით აღმაშენებელი - ქრისტიანი მეფის პოლიტიკური პრაქტიკა

    წინამდებარე სტატია : ‘’დავით აღმაშენებელი - ქრისტიანული სიბრძნის მოყვარე მეფის პოლიტიკური პრაქტიკა’’ წარმოადგენს მცდელობას, ქრისტნიანული ფილოსოფიისა და პოლიტიკური ფილოსოფიის ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან, გააზრებული იქნას საქართველოს ისტორიაში ყველაზე გავლენიანი მონარქის, დავით IV აღმაშენებლის მოღვაწეობის (1089-1125) უაღრესად ნაყოფიერი პერიოდი. დავით აღმაშენებელი, ამ კუთხით იმ გვირგვინოსან მონარქად გვევლინება, რომლის ცხოვრებისა და აზროვნების წესიც ნათლად ადასტურებს თანხვედრას ღრმა ქრისტიანულ მსოფლგაგებასა  და პრაგმატულ პოლიტიკურ მმართველობას შორის.   აღნიშნული საკითხის კვლევა, ზოგადად, რამდენიმე თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა იგი კარგ სამსახურს გაუწევს საქართველოში ქრისტიანული ფილოსოფიისა და ქრისტიანული აზროვნების წესის 1500 წლიანი გამოცდილების გაცოცხლებას. იმ ტრადიციის ხელახალ აღორძინებასა და გამდიდრებას, რომელსაც გარკევულ მიზეზთა გამო,  XX საუკუნის საქართველოში, დიდი საფრთხე შეექმნა საბჭოთა იდეოლოგიზირებული მმართველობის მხრიდან. 
მეორეს მხირვ კი, დავით აღმაშენებლი, რომელსაც ღრმა  ქრისტიანულ  რწმენასთან ერთად, სახელმწიფოს მესაჭეობა  არგუნაგანგებამ,- გვაძლევს მისი მოღვაწეობის სხვადასხვა პერსპექტივიდან გააზრების შესაძლებლობას. ამ თვალსაზრისით, უაღრესად საინტერესო პარალელის გავლება შეიძლება სწორედ მეფის ქრისტიანულ ბუნებასა და მისი პოლიტიკური მმართველობის პრაქტიკას შორის.  
   ამ ორი, ერთი შეხედვით თითქოს განსხვავებული მოქმედებისა და აზროვნების წესის ბუნებრივმა შერწყმამ, სწორედ დავით IV_ის პიროვნებაში ჰპოვა სრულყოფა და შეიძინა ის  სისავსე, რომლითაც უკვდავყოფილი იქნა მისი სახელი და მადლიერი შთამომავლობის მხრიდან - აღმაშენებელად იწოდა.  
  სტატიის კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე, ცხადია ვერ მიმოვიხილავთ  იმდროინდელი საქართველოს ეკონომიკური, კულტურული თუ პოლიტიკური ცხოვრების ვრცელ ქრონიკას. მის მიზანს არც იმ  ურიცხვი დაბრკოლებებისა და შთამბეჭდავი  გამარჯვებების აღწერა წარმოადგენს, რაც გვირგვინოსან მეფეს გადახდა სახელმწიფოს მართვის თითქმის ორმოც წლიან გზაზე. ამ საკმაოდ მრავალმხრივი ისტორიული პერიპეტიებიდან, ჩვენ ყურადღება დაეთმობა ისტორიულ წყაროებში დაცულ, იმ კონკრეტულ მოვლენათა ანალიზს, რომლიც დავით აღმაშენებლის მაგალითზე მკაფიოდ გამოკვეთს ერთის მხრივ პრაქტიკული პოლიტიკური ამოცანების, მეორეს მხრივ კი  ქრისტიანული ცხოვრებისა და აზროვნების წესის  შეთავსების შესაძლებლობას. ამ კუთხით,  გასაანალიზებლად მნიშვნელოვან წყაროებს წარმოადგენს, ერთის მხრივ ‘’ქართლის ცხოვრებაში’’ დაცულიცნობები დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. მეორეს მხრივ, მეფის მიერ თავადვე შექმნილი, - „გალობანი სინანულისანი’’, რომელიც  საყოველთაო შეფასებით  სასულიერო პოეზიის ბრწყინვალე ნიმუშად მიიჩნევა. აღნიშნულ ძეგლში  სჩანს, რომ მეფე სინანულითაა განმსჭვალული იმ „შეცოდებათა“ გამო, რომელსაც რეალურად  გვერდს ვერ აუვლიდა პრაგმატული სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს „იძულებით’’ ჩადენილი შეცოდებანი, რომელიც „გალობანის’’ ტექსტშია გადმოცემული, ავტორის სულიერ მდგომარეობაზე მეტყველი, ღრმა ქრისტიანული ბუნების ანარეკლია. 
  საერთო ჯამში, ქრისტიანული რწმენა და  სახელმიწფოებრივ საქმეთა წარმართვა, ეს ორი, თითქოს ერთმანეთთან შეუთავსებელი და ეთიკური კატეგორიებით  განსხვავებულირაობა, ბრწყინვალედ იქნა შეთავსებული დავით IV აღმაშენებლის პიროვნებაში. ამდენად, წინამდებარე სტატიით შევეცდებით კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ვუჩვენოთ მიწიერი და ღვთაებრივი საწყისების ბრწყინვალე ტანდემი იმ მეფში, რომელიც  საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის მხრიდან წმიდანადაა შერაცხული. მეფისა, რომელსაც ერი და ბერი დღემდე სიამაყით მიაგებს საუკუნო პატივსა და დიდებას. 
დავით აღმაშენებელი და გიორგი ჭყონდიდელი
(ეკლესიისა და სახლემწიფოს ერთსულოვნება)
  დავით აღმაშენებლს, მეტად რთული მემკვიდრეობა ხვდა წილად. მისი მეფობის დასაწყისში ქვეყანა ფეოდალური გათიშულობის და გარეშე მტერთა მუდმივი თავდასხმებისაგან უკიდურესად იყო დასუსტებული.  ამ უმძიმესი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, საჭირო იყო დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ამისთვის უპირველეს ყოვლისა  ქართველთა გაერთიანება და მათთვის სახელმწიფოებრივი თვითშეგნების გაღვიძება იყო საჭირო. მეფეს, დასახული მიზნების მისაღწევად კარგად ესმოდა  ქრისტიანული სარწმუნოების როლი. იმ სარწმუნოებისა, რომელიც მანამდე  შვიდი საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდა  ქართველთა გაერთიანების, თავდადებისა და  მამულისადმი უანგარო სამსახურის იდეას.  
ამ კუთხით, მეფე იღებს გადაწყვეტილებას და ერთი პირის პასუხისმგებლობას უქვემდებარებს მწიგნობართუხუცესისა და ჭონდიდელის ფუნქციებს. აქ საგულისხმოა ისიც, რომ მანამდე არ არსებობდა ამ ორი ინსტიტუტის  ერთი პირისადმი დაქვემდებარების პრაქტიკა.   
აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული  გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. როგორც ცნობილია, კრების მიზანი გახლდათ - დაესაჯათ ის უღირსი სასულიერო პირები, რომლებიც არად აგდებდნენ ერთიან სახელმწიფოებრივ ინტერესებს და პირადი კეთილდღეობისთვის უფრო იყვნენ მოწადინებულნი, ვიდრე იმ მისიის შესრულებისთვის, რომელიც ღვთისა და ერის  წინაშე ჰქონდათ ნაკისრი. ‘’საეკლესიო წმენდის’’ მიზანი ჭეშმარიტი ქრისტიანული სარმწუნეობის დაცვითა და ღირსეული სასულიერო პირების დაწინაურებით იყო ნაკარნახევი. კრებამ საბოლოოდ, დიდი წინააღმდეგობის ფასად, დავით აღმაშენებლისა და მისი პოლიტიკის ხაზი გაატარა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები, რომელსაც „ძეგლისწერაი წმიდისა და ღმრთივ შეკრებულისა კრებისაი“ ეწოდა.  საეკლესიო კრებისა და მისი შედეგების გათვალისწინებით ნათლად ჩანს ის გარემოება, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა  მონარქიქვეყნის ხსნის საქმეში, ეკლესიისა და სამეფო ხელისუფლების ერთიანობას. სწორედ ეს საეკლესიო რეფორმა გახლდათ იმ დიდი გამარჯვებების ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი, რომელიც დავით აღმაშენებლის მეთაურობით მიაღწია საქართველომ. 
  როგორც ავღნიშნეთ, რუს-ურბნისის საეკლესიო კრების დასრულების შემდეგ, 1104-1105 წლებში იქნა შემოღებული ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის თანამდებობა. მწიგნობართუხუცესის დიდი  მნიშვნელობის შესახებ, „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ ნათქვამია, რომ მწიგნობართუხუცესი „ვითა მამა არს მეფისა, აგრე ყველა საურავი უიმისოდ არ იქნების’’. ამ პასაჟში ნათლად ჩანს ის დიდი როლი, რომელიც მწიგნობართუხუცესს, როგორც მეფის უახლოეს და ყველაზე ნდობით აღჭურვილ პირს გააჩნდა სამეფო კარზე. მეორეს მხრივ, კი ჭყონდიდელი, როგორც უმაღლესი სასულიერო იერარქი, გხლდათ საეკლესიო საქმეთა მესვეური და განმგებელიც. ამ ორი, გაერთიანებული თანამდებობის პირად დაინიშნა მეფის აღმზრდელი, ბერი გიორგი. რომელსაც ჩვენ გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის სახელით ვიცნობთ.  როგორც მატიანე მოგვითხობს, გიორგი ჭყონდიდელი მეფის აღმზრდელი და ამ თანამდებობის მიღების შემდეგ - მისი ერთგული მარჯვენა ხელი გახლდათ. იგი ეთათბირებოდა და რჩევებს აძლებდა დავითს, როგორც საეკლესიო, ისე საერო საქმეებში.  
  ამდენად, საეკელსიო რეფორმები, ერთის მხრივ რუის-ურბნისის კრება და მეორეს მხრივ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ინსტიტუების გაერთიანება,  უნდა ვივარაუდოთ, რომ  დავით აღმაშენებლისთვის  ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთიანობის  სასიცოცხლო აუცილებლობით იყო განპირობებული. 
რამდენიმე  ისტორიულიპასაჟი  დავით აღმაშენებლის  ქრისტიანული ბუნების დასტურად
  ქრისტიანული სარწმუნოების არსი, იმ მცნებებსა და დოგმატურ სწავლებებზეა დაფუძნებული, რომელიც ბიბლიური ღმერთის  რწმენისთვის  კონკრეტულიეთიკური ღირებულებების დაცვას  მოითხოვს. მოსეს ათი მცნება და წმიდა მამათა სწავლება - ადამიანური არსებობის სახელმძღვანელო პრინციპებია, რომელიც ქრისტიანული გაგებით, ცხონებისა და მარადიული სიცოცხლის გზას იძლევა. „ცოდვასა შინა შობილი“ ადამიანისთვის, რომელიც წუთისოფლის გზაზე უმწიკვლოდ გვერდს ვერ აუვლის ადამიანურ შეცოდებებს, სინანულის გრძნობა გაუჩენია ღმერთს. ეს სინანული კი თანაბრად შეიძლება გაჩნდეს ქრისტიანული ცხოვრების წესით მცხოვრები უბრალო ადამიანისა  და მეფისთვისაც. 
თავმდაბლობა, შემწყნარებლობა და ზნეკეთილობა ის თვისებებია, რომელიც ყველაზე უფრო შეესატყვისება  ქრისტიანული ცნობიერების მქონე პიროვნებას. დავით აღმაშენებელიც, სწორედ ამ თვისებებითაა შემკული. ხასიათის ეს საოცარი და ამაღლებული  თვისებებიიკვეთება  სწორედ  დავით  მეფის მოღვაწეობის  შეფასებისას. 
ერთ-ერთ ეპიზოდში, შიო მღვიმეში გამაგრებული ურჩი ფეოდალი, ძაგან აბულეთის ძე საეკლესიო მსახურებმა გადასცეს მეფეს. აღმაშენებელი ამ ფაქტს საეკლესიო მსახურების მხრიდან ერთგულების გამოხატულებად აფასებს. დავით აღმაშენებელი შიომღვიმისადმი ბოძებულ ანდერძში სინანულით აღნიშნავს, რომ  მიუხედავად გარკვეული შეღავათებისა, რაც მისი წინამორბედი მეფეების მხრიდან იქნა გატარებული, აბულეთის ძეთაგან არავის ერთგულებით არ დაუფასებია ეს პრივილეგიები. მიუხედავად ამისა, მეფე ამ ეპიზოდშიც შემწყნარებლობას იჩენს.  შეპყობილ დიდებულს  არ ჰყარის   ყველა პატივისა და ღირსებას,  აბულეთის ძესარც სიკვდილით სჯის, სჯერდება მხოლოდ ქონების კონფისკაციას. ამავე პერიოდში ჩანს, რომ  საეკლესიო მსახურების მხრიდან გამოხატულ  ერთგულებას, მეფეც მადლიერი  შეხვდა და უბრძანებია შიო მღვიმის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის აშენება. ამ პასაჟში, ორმაგად ცხადად სჩანს მეფის ჭეშმარიტი ბუნება, მისი შემწყნარებლური თვისებები და ქრისტიანული მისწრაფებანი. 
  დავით აღმაშენებლის  ღრმა ქრისტიანული ბუნების დამადასტურებლად არა ერთი ისტორიული წყარო არსებობს.  ამათგან ერთ-ერთი ყველაზე  საგულისხმოდა თვალსაჩინო ამბავია მისი პატივისცემასხვა კონფესებისა და მათი წარმომადგენელების მიმართ. ცნობილია, რომ  მეფე  სტუმრობდა მეჩეთებსაც და მუსულმან სასულიერო პირებს ყურანის ტექსტის  შესახებ ესაუბრებოდა. ასევე ცნობილია ისიც, რომ დედაქალაქის  თბილისში გადმოტანის (შემოერთების)  შემდეგ,ყველაზე დაბალი გადასახადი დაწესებული ჰქონდათ მუსულმანურ და ებრაულ თემებს. აღნიშნული დამოიკიდებულება, ცხადად მეტყველებს იმას, რომ მეფე იმ ქრისტიანული  ღირებულების მატარებელია, რომელიც  პატივისცემით ემსჭვალვის სხვათა  სარწმუნოებასა და ადათს. ამ დამოკიდებულებაში, ნაკლებ საფიქრალია ის, რომ მეფის ასეთი კარგი დამოკიდებულება  სხვა რელიგიების წარმომადგენელთა მხრიდან მხოლოდ პრაგმატული პოლიტიკური ნაბიჯია, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ პერიოდში ქრისტიანულ და მაჰმადიანურ სამყაროებს შორის - ჯვაროსნული ომი მძვინვარებდა, საქართველოს კი უკვე ჰქონდა დიდგორის ბრძოლაში შთამბეჭდავი გამარჯვების გამოცდილება. 
  როდესაც დავით აღმაშენებლის პიროვნულ თვისებებს განვიხილავთ მის პოლიტიკურ მმართველობასთან ერთად,  და პარალელების გავლებას ვცდილობთ მეფის ქრისტიანულ ბუნებასა და სახელმიწფოს უზენაესი მმართველისბუნებას შორის, ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს - „გალობანი სინანულისანი’’. აღნიშნული ძეგლის მეცნიერულ შესწავლას საფუძველი კ. კეკელიძემ დაუდო. მან „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიაში“ ცალკე თავი მიუძღვნა დავით აღმაშენებლს, როგორც მწერალსა და მოაზროვნეს. თუმცა მანამდე, ჯერ კიდევ 1865 წელს, „საქართველოს სასულიერო მახარობლის“ რედაქტორმა გიორგი ხელიძემ, ვრცელი წინასიტყვაობითა და  შენიშვნებით გამოაქვეყნა თავის ჟურნალში ეს ძეგლი და მისი ზოგადი დახასიათება მოგვცა. გ. ხელიძე აღნიშნავს, რომ დავით აღმაშენებლი ამ საგალობელში ბიბლიური დავითისა და საბერძნეთის ღვთისმოსავ მეფეთა მსგავსად, ღრმა რელიგიურ გრძნობებს გამოხატავს.  და მართლაც, ღვთისმოსავი ქრისტიანი მეფეების ცხოვრებაში, სასულიერო პოეზია და ჰიმნოგრაფია მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა სხვადასხვა დროში.  ჭეშმარიტი ქრისტიანი მეფეებისათვის, მათ შორის დავით აღმაშენებლისათვის უზენაესი მსაჯული ღმერთია.  მეფეც პირდაპირ, შეიძლება ითქვას  პირად  პასუხისმგებლობას გრძნობს უზენაესის წინაშე.  გალობანის პირველი სტროფიც ღვთის უზენაესობის რწმენას ეხება:
- ‘’რომლისაცა წინაშე ქედ - დრეკილ არს ყოველი, მუხლი ყოველი მოდრკების და ენაი ყოველი შენსა ხმობს აღასრებას, მეცა, სიტყუაო, აღმსარებელსა მომხედენ’’ 
  ზემოაღნიშნულ სტრიქონში ბევრი რამ იკითხება. ღმრთის ყოვლისშემძლეობის რწმენა და მისადმი მოწიწება, შეწყალების და შეწევნის მიღება საწუთროს გზაზეჩადენილი ყოველი შეცოდებისათვის. და მაინც, „გალობანის’’ შესწავლისას ალბათ სწორი არ იქნება, დავითის ცოდვათა კონკრეტული შინაარსის ამოცნობა დავისახოთ მიზნად. არც ამ ძეგლში, და არც რომელიმე სხვა ისტორიულ წყაროში, არ იკითხება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  მეფეს რაიმე განსაკუთრებული  უსამართლობა ჩაედინოს და ამით იყოს მისი სინანული გამოწვეული.  უბრალოდ უნდა ვივარაუდოთ, რომ ქრისტიანული ცნობიერების მქონე მეფე, აპრიორი იზიარებს „პირველი ცოდვის’’ იდეას. რწმენას იმისა, რომ თითოეული ადამიანი ცოდვილი მოევლინა ამ ქვეყანას. დასაბამისეული პირველცოდვის განცდა იკვეთება სწორედ  „გალობანის’’ იმ სტრიქონში სადაც დავითი, მისი ისტორიულ წინაპარის, ისრაელიანთა მეფის - ბიბლიური დავითის მიმბაძველობაზე საუბრობს.  – „ისრაელისა მეფეთა ვჰბაძევდ, გარნა უსჯულოთა’’.  ისრაელიანთა მეფე დავითი, იგივე დავით მეფსალმუნე,  ამ,  „პირველი ცოდვის’’ შესახებ შემდეგი სიტყვებით მიუთითებს50_ე ფსალმუნში. – „ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“. ამდენად ცხადია, რომ დავით აღმაშენებელი ყველაზე უფრო ღრმა და წმინდა განცდითაა დაკავშირებული ღვთის იდეასა და მის ხატებასთან. უფლის დიდი სიყვარულითაა  განმსჭვალული დავით აღმაშენებლის ცხოვრება და მოღვაწეობა, ეს ჩანს მის გადაწყვეტილებებში  საერო თუ სასულიერო  საკითხებთან მიმართებით. 
დასკვნის ნაცვლად : 
საუკუნეების შემდეგ, დღემდე - არა ერთი ლიტერატურული ნაწარმოები, ლექსი თუ პროზა დაიწერა მეფის სიდიადის  შესამკობად. უამრავი ლეგენდა და მითი დაუკავშირდა საქართველოს ყველაზე დიდი მონარქისპიროვნებას. დღემდე სამაგალითო და საამაყოა ის გამარჯვებები, რომელიც აღმაშენებელმა მაშინდელ ქართველობასთან ერთად მოუტანა სამშობლოს. შთამბჭდავი და ზოგჯერ დაუჯერებელიც კია, რა ძალით მოხდა ამხელა გარდაქმნა, როგორ შეძლო 16 წლის, ახლად გამეფებულმა ჭაბუკმა მიეღწია ამხელა სიმაღლისთვის, უკვდავ ეყო მისი სახელი და გაებრწყინებინა საქართველო. ყოველივე ეს, სხვადასხვა კონტექსტში ანალიზს საჭიროებს, და, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით არა ერთი ფუნდამენტური სამეცნიერო შრომა არსებობს, კიდევ რჩება ფართო და ნაყოფერი შესაძლებლობა იმისა, რომ მომავალშიაც აქტიურად ვიკვლიოთ  ლეგენდად  ქცეული ქართველი მეფის  ცხოვრება და მოღვაწეობა. скачать dle 12.1
მსგავსი სტატიები:
დავით შემოქმედელი - „გრაალის“ მისტერიის ისტორიულ-ქრისტიანული არსი დავით შემოქმედელი - „გრაალის“ მისტერიის ისტორიულ-ქრისტიანული არსი ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / ისტორია / მეცნიერება / მომხმარებლები გიორგი გოგუა - მეცნიერების რაინდი. პავლე ინგოროყვას პორტრეტისათვის გიორგი გოგუა - მეცნიერების რაინდი. პავლე ინგოროყვას პორტრეტისათვის ჟურნალი / სტატიები / ესეისტიკა / პუბლიცისტიკა / ისტორია / მომხმარებლები გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის გიორგი გოგუა - ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გაგებისთვის ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / პოლიტოლოგია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი - პეტრე იბერის ცხოვრება, მოღვაწეობა და მასთან დაკავშირებული სპეკულაციები გორვანელი - პეტრე იბერის ცხოვრება, მოღვაწეობა და მასთან დაკავშირებული სპეკულაციები ჟურნალი / სტატიები / ფილოსოფია / მეცნიერება / მომხმარებლები გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - აწსუ 85 გორვანელი (ლევან გოგაბერიშვილი) - აწსუ 85 ჟურნალი / სტატიები / პუბლიცისტიკა / მომხმარებლები
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge