გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ალისა ელიაშვილი - ლექსები

***
იცი რას ნიშნავს იცოცხლო და თანაც ქართველად,
ქართულ ჯიშზე და ქართულ სისხლზე რამე გსმენია?
გსმენია, როგორ ლაპარაკობს ჩვენთან ბუნება?
საქართველოშო- „შენ ხარ ვენახს,“ როგორ მღერიან?
          როგორ ცეცხლს ანთებს დალოცვილი ცეკვა ქართული,
          სისხლი, რომ ვენებს მოასკდება ძლიერ განცდისგან,
          ასეთი რამე თუნდაც ერთხელ თუ განგიცდიათ,
          ან  ერთხელ მაინც გყვარებიათ ჩვენებრ ძალიან?
ბებერი მთების საუბრისთვის ყური მოგიკრავს?
შვლის ნუკრივით, თვით ობლობაც ასე გტკენია?
რატომ დადუმდი, მოდი ახლა მელაპარაკე,
გადამთიელო თვალებს ნუ ხრი, თითქოს გრცხვენია
          ასეთ აისებს დაუხატავთ თქვენი დილები,
          ან ზღვის საბანში მზის ჩაყოლას შეგიხედია?
          ან თუნდაც ერთხელ ვაზის მტევნებს, ღვინის „ღვთისმშობელს“
         შენი ხელიდან ერთი წვეთი წყალი დასხმია?
ძაძებმოსილი დედის გლოვა გულში ლოდივით,
სულში მძინვარე ქარიშხლებით ჩამოგწოლიათ,
საუკუნეებს დაუწრეტელ სისხლით, რომ ვწერდით,
ახლა ვერავის ვერ დაგითმობთ ჩემო ძამია.   
         დროები დროებს ერთმანეთის ჯიბრში უდგანან,
          თითქოს გახუნდა ქართველობა, ნუ გიხარია,
          ჯერ არ მომკვდარა მთის არწივი, კიდევ იცოცხლებს,
           არ დაბადება ქართველურად დიდი დარდია.


***
სულ ერთი ლუკმა უწილადე ჩემი საგზლიდან,
სულ ერთი წვეთი წყალი ეყო სიცოცხლის ძალად,
ზის ახლა მარტო, სირცხვილივით ნამუსაყრილი,
და თვალებიდან ხვალინდელი დღის ტკივილს ნამავს.
        იხსენებს წარსულს, როგორც ქარში დაკარგულ სიტყვებს,
         თავმოუბმელი სათქმელივით აგროვებს ძალას,
         აკანკალებულ ხელებიდან უცვივა დარდი,
          რომელიც უნდა გადამალოს ცხრა მთა-ზღვის გაღმა,
ლაღობდა, თურმე ხმამაღლადაც კი იცინოდა,
თავზე ძალიან ჰყვარებია დედა და მამა,
ზღვაც ჰყვარებია (სოხუმის ზღვას ვერ მოვესწარი),
რადგან წაიღო გამოგგვლიჯა ხელიდან სვავმა.
          იხსენებს კადრებს გაცრეცილი კინოს ფირივით,
           როგორ უვლიდა, მზრუნველობდა კაცივით და-ძმას,
            სხვისი ჯიბიდან სამოწყალოდ გაღებულ ფულით,
            დღესაც უვლის და ეფერება მათ, ყველას საფლავს....
ზის თავჩაქინდვრით, ხელგაწვდილი და უსუსური,
ვერსად ნაპოვნი ადგილივით გაჩრილი სადღაც,
თვალებში უჩანს სილაჟვარდე აფხაზეთური,
არ დაუკარგავს იმედი, რომ „ხვალ“ სოხუმს ნახავს...
22.08. 2019წ.


***
ჩამოიფხატა საღამომ ბინდი,
მეხრე ღიღინით დარდიანს ფანტავს,
ბებერ მუხებთან დაცლილი გულით,
დაღლილ თვალებში ცხოვრებას მალავს.
        ჭრიალებს ძველი ბორბლების რიგი,
         ხმაური სევდას აგლიჯავს ძარღვებს,
          თავჩაქინდრული, ღამის ვოალში,
          მიდის და მტავჯველ სიჩუმეს არღვევს.
დაბერდა მეხრე ფიქრებთან ერთად,
გაღეჭილ ბილიკს ცრემლებით ნამავს,
წელში მოხრილი ბებერი ძვლებით,
წარსულს გადუკრავს გაცვეთილ არტახს.
          ერთდროს მზიანი თვალების ფერით,
           ბედნიერების ეფინა კალთა,
          სულმოუთქმელად ჩამოთვლილ წლებში,
          მოგონებების აკიდო ჩარჩა.
რად მოუჩქარებს, განა სად მიდის?
ოდაში როსკიპ სიჩუმეს ყლაპავს,
რა გაათენებს ბნედიან ღამეს,
როცა ტკივილი სიმშვიდეს პარავს.
         სიმარტოვესთან შესვამს ალავერდს,
          დარდიანს ისევ ჩამიჰკრავს არღანს,
          ჭიშკართან მოსულ გზააბნეულ გზირს,
          ხელის კანკალით შეუვსებს არაყს.
ჩამოიფხატა საღამომ ბინდი,
დილა პირთამდე შესვამს განთიადს,
ხვალ, ალბათ  არვის ემახსოვრება,
როგორ მღეროდა მეხრე დარდიანს.
16.07.2014წ.


***
მოდი...
მოდი სანამ ისევ, შემიძლია გიგრძნო,
სანამ მონატრება , ითვლის სიმწრის წამებს,
ფიქრს შემოეფლითა სიამაყის კაბა,
„სიცხიანის ბოდვა“ აიტეხა ღამემ.
         მოდი, მოდი, მოდი,ღრიალს იწყებს გრძნობა,
         გულს ჩააცმევს ბალზაკს, ტანს შაგრენით მოსავს.
          დარაბებზე თალხი, ჩამოუშვა მთვარემ,
          თითქოს ეკალ-ბარდში გაეხვია ღამე.
აქილევსის ქუსლი, გულს დაეჭდო მალვით,
აფროდიტეს კაბას ტანთ ისინჯავს კრძალვით.
მეფე ლირის ცრემლით გააჯერებს ტკივილს,
მოდი, თორემ უკვე, სული განცდითკივის.
          მოდი, მოდი, მოდი, ლოდინს ეწვის მკერდი,
           სანამ ტრფობის ცეცხლში, გახვეული გელი.
           ვიდრე გრძნობა წარსულს, გაჰყოლია მზითვად,
            მანამ მოდი, ვიდრე, ვიქეც დარდის ტვირთად.



***
ჯერ ადრეა მაგრამ....
უკვე მესუნთქე, ან სურვილი მეტია ჩემში,
მაგ შენს ოქროსფერს სხვანაირი ასდის ელფერი,
მტირალა ფოთლებს, მოკვდავებით ფეხქვეშგათელილს,
სული ამოსდით სიყვარულის ხელისცეცებით.
          და ყოველ დილით მეეზოვე შეჰკრებს შენს ცრემლებს,
           დაჰყურებ სევდით ხეებიდან მოგლეჯილ შვილებს,
            ატკივებული სახსრებივით მოგკუნტავს ღამე,
           მაინც ჯიუტად ელოდები მზესა და სხივებს.
ისევ დაჰკრეფენ ვაზის მტევნებს შენი გულიდან,
და დაგწურავენ, როგორც სისხლი ყველა რთველები,
შიშველ ტოტიდან რძეგამშრალი ფოთლები გცვივა,
დედის სიმხნევით გაგიწვდია ხმელი ხელები....
             უკვე მესუნთქე, ან სურვილი მეტია ჩემში,
             და ყოველ ჯერზე გელოდები სულმოუთქმელი,
       დღეს მოვირგებდი შენი ფერის რთულ ხასიათებს,
             როდესაც წავალ, ბევრი მრჩება კიდევ უთქმელი...
  შემოდგომაა და შეგრძნებებს ვერ ვედავები.
14.08. 2019წ.
            

***
ღამენათევი მოლოდინი ჩამოჯდა გულთან,
გადაამოწმა სიჯანსაღე, სულში დაღლილი,
შაგრენის ტყავში გამოწყობილ მარადისობას,
ფიალა ვნებადამაშვრალის ჰქონდა არვსილი.
        როგორც ოინბაზს გამოარჩევ ქცევის სილაღით,
          ჩემი ცხოვრებაც შესამჩნევი მანევრით ანცობს,
          ხან, სიმახინჯე ავზნიანი თავს დამხარხარებს,
          ხან აწყმოს თონე სამომავლო სიმსვიდეს აცხობს.
ახლა, ეს გული მეფე ლირის ცრემლებიტ ტირის,
და, კვაზიმოდოს უპასუხო გრძნობა ასტკივდა,
გადაიხლიჩა, როგორც ვაშლი ადამის ცოდვა,
ცარიელსულსი მოწყენილი რწმენა ატირდა.
        და, მაინც, როგორც ხავსს ედება წყალწაღებული,
ხელისცეცებით ჩემს წილ ვნებას ვაგლიჯავ სურვილს,
ყველა კაპილარს გადავავსებ გრძნობის წვეთებით,
და, არსებობას დაუოკებ ცხოვრების წყურვილს.
15.05.2013წ.


***
მე ის ქალი ვარ
მე, ის ქალი ვარ შენი გულის საძღვრებს, რომ არღვევს,
გიშიშვლებს სურვილს და საწადელს, ჩემით ატეხილს,
მე, ის ქალი ვარ ფიქრებში, რომ სარეცელს გიყოფს,
ჟრუანტელს, რომ გგვრის ცემეული გრძნობით აღერღილს.
          მე, ის ქალი ვარ შენ, რომ დილითბ უწოდებ მზის სხივს,
          დაისთან ერთად მის ნაკვთებზე კოცნებს ვარიგებ,
          მე, ის ქალი ვარ, სულში ზამთარს, რომ უზაფხულებ,
          და, მზიანეთში საცეკვაოდ ვალსზე პატიჟებ.
მე, ის ქალი ვარ გულს, რომ შანთით გაწერს „მიყვარხარ“
და, ვერასოდეს ვერ ამოშლი სულში ჩაბეჭდილს,
მე შენს თვალებში ჩალექილი ნიაღვარი ვარ,
მიძინებია სიყვარულის ღვინით გალეშილს.
შენ, ის კაცი ხარ ვისაც ვენდე და გამიმართლდი....
21.05. 2013წ.


***
ჩემს სამშობლოში
იმ სამშობლოში, სადაც შოთა წერდა მოყმის წიგნს,
და „მე და ღამე“, მდუმარების შლიდა იალქანს,
იმ სამშობლოში, გაზრდილისთვის თავს, რომ იკლავენ,
და, მხოლოდ მტრისთვის მოისინჯავს ვაჟი იარაღს..
    იმ სამშობლოში, დაჭრილ არწივს, რომ უმღერიან,
    და სამართალსაც „ოთარაანთ ქვრივივით“ ვჩემობთ,
     მე იმ სამშობლოს უბერებელ მთების შვილი ვარ,
     და, წარსულიდან ნაბოძები სიმდიდრით ვმზეობ.
იმ სამშობლოში, შენს ისდიდეს, რომ ვეღარ უძლებ,
და, შეშლილი ხარ პოეზიის უკვდავი სულით,
იმ სამშობლოში, ცის პერანგი მუდამ ლურჯია,
მტერსაც მოყვრულად დახვედრია ქართული გული.
       გენიოსების უკვდავყოფა გვანდო ბუნებამ,
        ჩემს სამშობლოში დაბადება დიდი ჯვარია,
        და  თქვი ისეთი, საფლავიდან ყური რომ გიგდონ,
         აქყველა ასო მოხაზული, სიტყვის მადლია.
იქნებ, ვიღაცას ჩაეცინოს:- მგონი გაგიჟდა,
ას დრო წარსულმა მიიბარა დიდი ხანია,
არა ბატონი! სულ ცოტა ხნით გავყევით ბურუსს,
არ დაგვაძინებს ის, რაც სულსი სულ ღრმად მარხია.
18.05.2014წ.
    

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge